„სიყვარულის საზრისი“ – ვლადიმერ სოლოვიოვი
(ნაწყვეტი)
რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ
„სიყვარულის მიმართ მარტივი დამოკიდებულება მთავრდება იმ საბოლოო და უკიდურესი გამარტივებით, რომელსაც სიკვდილი ჰქვია.“
„დასაბამისეული საღმრთო ხატი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ადამიანი, შეეხება ადამიანური არსების არა რომელიმე გამოცალკევებულ ნაწილს, არამედ მისი ორი ძირითადი მხარის – მამაკაცურის და ქალურის ჭეშმარიტ ერთობას.
როგორც ღმერთი ეპყრობა თავის ქმნილებას, როგორც ქრისტე ეპყრობა თავის ეკლესიას, ისევე უნდა ეპყრობოდეს ქმარი ცოლს. რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილია ეს სიტყვები, იმდენად ნაკლებადაა გააზრებული მათი მნიშვნელობა. როგორც ღმერთი ქმნის სამყაროს, როგორც ქრისტე ქმნის ეკლესიას, ისევე უნდა ქმნიდეს მამაკაციც მის შემავსებელ ქალურ მხარეს. ის, რომ მამაკაცი წარმოადგენს აქტიურ, ხოლო ქალი პასიურ საწყისს, ის, რომ პირველი აღმზრდელობით გავლენას უნდა ახდენდეს მეორის გონებასა და ხასიათზე, რა თქმა უნდა ანბანური მცნებებია. მაგრამ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა ზედაპირული დამოკიდებულება, არამედ, ის „დიდი საიდუმლო“ რომელზედაც ლაპარაკობს მოციქული.
ეს დიდი საიდუმლო წარმოადგენს არსებით მსგავსებას, თუმცა არა იგივეობას, ადამიანურ და ღვთაებრივ დამოკიდებულებას შორის. უკვე ქრისტეს მიერ ეკლესიის შექმნა განსხვავდება ღმერთის მიერ სამყაროს, როგორც ასეთის, შექმნისაგან. ღმერთი ქმნის სამყაროს არაფრისგან, არსებობის სუფთა პოტენციისაგან ანუ სიცარიელისგან. შესაბამისად სამყარო ღმერთის მოქმედებისგან ივსება და იღებს გონებით შესამეცნებელი რეალური საგნების ფორმებს. მაშინ, როცა ქრისტე ეკლესიას ქმნის უკვე მრავალსახოვნად ჩამოყალიბებული, განსულიერებული, ნაწილობრივ დამოუკიდებელი მასალისგან, რომელსაც მხოლოდ უნდა ეცნობოს ახალი სულიერი ცხოვრების დასაწყისი ახალ, უმაღლესი ხარისხის ერთობაში. მამაკაცს კი, როგორც შემოქმედს ქალის სახით გააჩნია განახლების ხარისხით მისი თანასწორი ქმნილება, რომელთან შედარებითაც იგი სარგებლობს მხოლოდ მოთავის (წამომწყების) პოტენციური უპირატესობით, მხოლოდ პირველი ნაბიჯის უფლებით და მოვალეობით სრულყოფილების გზაზე და არა რეალური სრულყოფილებით.
ღმერთის დამოკიდებულება საკუთარ ქმნილებასთან არის დამოკიდებულება ყველაფრისა არაფერთან ანუ არსებობის აბსოლუტური სისავსის დამოკიდებულება არსებობის სუფთა პოტენციასთან. ქრისტე ურთიერთობს ეკლესიასთან როგორც აქტუალური სრულყოფილება პოტენციურ სრულყოფილებასთან, რომელიც იქცევა რეალურ სრულყოფილებად. დამოკიდებულება ქმარსა და ცოლს შორის კი არის დამოკიდებულება ორ, განსხვავებულად მოქმედ, მაგრამ ერთნაირად არასრულყოფილ პოტენციას შორის, რომელნიც მხოლოდ ურთიერთქმედების პროცესით აღწევენ სრულყოფილებას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ღმერთი თავისთვის არაფერს იღებს ქმნილებისგან, მას არ ემატება ქმნილებისგან არაფერი, არამედ ყველაფერს აძლევს მას. ქრისტეს არ ემატება ეკლესიისგან არაფერი სრულყოფილების გაგებით, არამედ თავად აძლევს მას ყოველგვარ სრულყოფილებას. მაგრამ, ქრისტე ეკლესიისგან იღებს მატებას ეკლესიის შემკრები სხეულის სისავსის კუთხით.
და ბოლოს, მამაკაცი და მისი ქალური „მეორე მე“ (alter ego) აღწევენ რა სრულყოფილებას მხოლოდ ურთიერთქმედებით, ერთმანეთს ავსებენ არა მარტო რეალური, არამედ იდეალური გაგებითაც. მამაკაცს, როგორც შემოქმედს შეუძლია აღადგინოს ღვთის ხატება მისი სიყვარულის ცოცხალ საგანში მხოლოდ იმგვარად, რომ იმავდროულად თავის თავშიც აღადგენდეს იგივე ხატებას. ამისათვის მას თავის თავში ძალა არ გააჩნია. რომ გააჩნდეს, მაშინ არც დასჭირდებოდა მისი აღდგენა. რადგან არ გააჩნია თავის თავში, ღმერთისგან უნდა მიიღოს ეს ძალა. შესაბამისად, მამაკაცი (ქმარი) თავის ქალურ შემავსებელთან მიმართებაში არის შემოქმედებითი, შემქმნელი საწყისი არა თავისთავად, არამედ როგორც შუამავალი ან გამტარი ღვთაებრივი ძალისა. თვითონ ქრისტეც ეკლესიას ქმნის არა რაღაც განცალკევებული, საკუთარი ძალით, არამედ იგივე საღმრთო, შემოქმედებითი ძალით. რადგან თავად ღმერთია, ფლობს იგი ამ ძალას ბუნებითად და რეალურად (actu), ჩვენ კი ვფლობთ მას მადლით და მიმღებელობით, გაგვაჩნია რა ჩვენში მისი მიღების შესაძლებლობა (პოტენცია).
შევუდგები რა ჭეშმარიტი სიყვარულის განხორციელების, რაც იგივეა, ადამიანური არსებობის ინტეგრაციის ანუ მასში ღვთის ხატების აღდგენის პროცესში ძირითადი მომენტების გადმოცემას, წინასწარ ვხედავ მრავალი ადამიანის გაოცებას: რა საჭიროა ისეთი უბრალო საკითხის გამო, როგორიც სიყვარულია ასეთ მიუწვდომელ და ფანტასტიკურ სიმაღლეებზე ასვლა? მე რომ ფანტასტიკურად ვთვლიდე სიყვარულის რელიგიურ ნორმას, რა თქმა უნდა, არ შემოგთავაზებდით მას. ასევე, მხოლოდ „მარტივ სიყვარულს“ ე.ი. სქესებს შორის ჩვეულებრივ, საშუალო ურთიერთობას რომ ვგულისხმობდე ანუ იმას, რაც ხდება და არა იმას, რაც უნდა იყოს, მაშინაც თავს შევიკავებდი ამ საკითხზე ყოველგვარი მსჯელობისგან. უჭვსგარეშეა, რომ ასეთი უბრალო ურთიერთობანი ისეთ რამეებს მიეკუთვნება, რომელებზეც ითქვა: ცუდია ამის კეთება, მაგრამ უარესია ამაზე საუბარი.
მაგარამ, პირიქით სიყვარული ისეთი, როგორიც მე მესმის უკიდურესად რთული, ბნელით მოცული და აბურდული საქმეა, რომელსაც სავსებით გააზრებული განხილვა და გამოკვლევა სჭირდება. ამ დროს სიმარტივეზე კი არა ჭეშმარიტებაზე ფიქრი გვმართებს… უდავოდ, დამპალი კუნძი ბევრად მარტივია, ვიდრე მრავალტოტიანი ხე და გვამიც ბევრად მარტივია, ვიდრე ცოცხალი ადამიანი. სიყვარულის მიმართ მარტივი დამოკიდებულება მთავრდება იმ საბოლოო და უკიდურესი გამარტივებით, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. „მარტივი“ სიყვარულის ეს გარდაუვალი და არადამაკმაყოფილებელი დასასრული აღგვძრავს იმისათვის, რომ ვეძებოთ მისი სხვა, უფრო ღრმა დასაწყისი. “
ვლადიმერ სოლოვიოვი „სიყვარულის საზრისი“
Владимир Соловьев „СМЫСЛ ЛЮБВИ“
1892-93