ავტორი – დავით თინიკაშვილი
საქართველო და ჯვაროსნები: სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობა [1]
ქართველები ჯვაროსნულ წყაროებში
ლათინურენოვანი სამყაროსთვის ქართველების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში მთავარი როლი ითამაშა ქალაქ აკრის ეპისკოპოსმა, ჟაკ დე ვიტრიმ. 1217 წელს სწორედ აკრაში შეხვდა იგი ქართველებს, რომლებსაც თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრა.[2] 1225 წელს დაწერილ ნაშრომში ჟაკ დე ვიტრი ქართველებს ამგვარად ახასიათებდა:
„აღმოსავლეთში ცხოვრობს კიდევ ერთი ქრისტიანი ერი. ეს არის მეტად მებრძოლი და მამაცი ერი. ამ ერს ჰყავს მძლავრი აღნაგობის მეომრები და შიშის ზარს სცემს სარკინოზებს. ხშირად ძლევამოსილი გამოდის ბრძოლიდან და თავისი თავდასხმებით დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს. და ეს ერი სახლობს ამ ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული. ამ ხალხს გეორგიანელებს [ქართველებს] უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, რომელიც თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. ქართველები საღვთო წერილს ბერძნულად კითხულობენ და საეკლესიო საიდუმლოებებსაც ბერძნული წესით ასრულებენ. მათ სამღვდელოებას მრგვალი ტონზურები აქვს, ხოლო საერო პირებს — ოთხკუთხედი. [იერუსალმში] უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი, დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და გადასახადს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულ ქართველებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველ წარჩინებულ ქალებს, ამორძალთა მსგავსად, ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული… ქართველებს თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ“[3].
ჟაკ დე ვიტრის ეს ცნობა დასავლელ მემატიანეთა შორის ყველაზე ცნობილი იყო. მაგრამ არსებობს ქრონოლოგიურად ცოტა უფრო ადრე შექმნილი წყაროებიც. ასეთია, მაგ., 1108 წელს იერუსალიმში მოღვაწე მეფსალმუნის, ანსელუსის მიერ პარიზის ეპისკოპოსისადმი გაგზავნილი ეპისტოლე დავით აღმაშენებლისგან გაყრილი ცოლის შესახებ[4]. ასევე 1169-1173 წლებში შექმნილ მატიანეში ლათინი გიიომ ტიროსელიც[5] წერდა ქართველებზე. იგი წუხილს გამოხატავდა, თუ რაოდენ ზიანს აყენებდნენ სპარსელები ჯვაროსნებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ღმერთმა მათ შემწე აღმოუჩინა ქართველების სახით:
„…ადრე იბერებს თვითონ ეშინოდათ ამ ხალხის და ერიდებოდნენ მათ, ეხლა კი ისინი ბევრად აღემატებიან სპარსელებს ძალითა და სამხედრო გამოცდილებით. ამგვარად, სპარსელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თვით შორეულ სამეფოებსაც კი შიშის ზარს სცემდნენ, ეხლა უკვე იმითაც კმაყოფილნი არიან, თავიანთი სამფლობელოების ფარგლებში დროებითი მშვიდობა მაინც თუ ექნებათ. იბერიის სამეფო მდებარეობს ჩრდილოეთში. ის აგრეთვე აფხაზეთის სახელით არის ცნობილი. ისინი სპარსელების მეზობლები არიან. მისი მცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, უაღრესი სიძლიერით და თავიანთი მხედრული თვისებებით. ხშირი ომებით და განუწყვეტელი თავდასხმებით მათ გატეხეს სპარსელთა ძალები“[6].
უილიამ რუბრუკისის მითითებითაც, ქართველებს გეორგიანელები ეწოდებათ, რადგან მიაჩნიათ, რომ თავად წმინდა გიორგი ეხმარება მათ ბრძოლების დროს. ამიტომ ისინი წმინდა გიორგის „ყველა წმინდანზე მეტ პატივს მიაგებენ“[7]. ასევე მეცამეტე საუკუნეში მოღვაწე ბენედიქტე პოლონელი, რომელიც მონღოლებთან ყაენის კარზე პირადად შეხვდა ქართველებს, აღნიშნავს, რომ მონღოლები მათ „გეორგიანელებს უწოდებდნენ, რადგანაც ისინი ბრძოლის დროს წმინდა გიორგის მოუხმობდნენ, მას თავიანთ მფარველად მიიჩნევდნენ და ყველა წმინდანზე მეტად აღიარებდნენ“[8].
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოსაზრება, რომელიც უმთავრესად ჟაკ დე ვიტრის წყაროდანაა გავრცელებული, პირველად ეჭვის ქვეშ დააყენა ფრანსუა-ფერდინანდ დე ტროილომ 1717 წელს, რომელმაც მიუთითა, რომ სახელწოდება Georgiani ქართველებს მაშინაც ჰქონდათ, სანამ წმინდა გიორგი დაიბადებოდა. მან ამ ტერმინის წარმოშობა ბერძნულ სიტყვა Georgos-ს დაუკავშირა, რაც ნიშნავს მიწათმოქმედს.[9]
ქართველთა სამხედრო მამაცობაზე და რელიგიურ კუთვნილებაზე (ქრისტიანობის ბერძნული წესის მიმდევრობა) საუბრობს აგრეთვე ვინსენტ დე ბოვეც[10]. ამ თვალსაზრისით, არსებობს ფრანგი რაინდის, დე ბუას 1211 წლის საინტერესო ცნობა ქართველების სამხედრო სიძლიერეზე, რომელიც ცოტა გადაჭარბებული პათოსით გამოირჩევა:
„ივერიითგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობითა და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელი დახმარებით ძალათა ფრიად აღჭურვილით, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და, აიღეს რა უკვე სამასი ციხე და ცხრა დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს (…) კერძოდ რაღა მოგახსენოთ? ზემო აღნიშნული წმინდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი (ლაშა-გიორგი, რედ.) წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს (მაკედონელი, დ.თ.) ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით“[11].
მეთორმეტე საუკუნიდან მეთხუთმეტე საუკუნემდე ლათინთა მიერ დაწერილ მატიანეებში ნაწილობრივ ან სრულად ჟაკ დე ვიტრის წყაროში მოტანილი ცნობების მსგავსი შინაარსებია ასახული, რომლებშიც საუბარია ქართველთა სამხედრო სიძლიერეზე, ბერძენთა რწმენის მიმდევრობასა და წმინდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემაზე. მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩნდება ქართველების შესახებ ახალი ცნობები დასავლელ ავტორთა შორის, რომლებიც დე ვიტრის აღწერილობისგან განსხვავდება[12].
პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობა საქართველოში
საქართველოს სამეფოს აღორძინება და გაძლიერება დაკავშირებულია მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის სახელთან, რომელიც ნიჭიერი სტრატეგი და პოლიტიკური მმართველი იყო. დავითის მმართველობამ შთამაგონებელი ტერიტორიული ცვლილებები გამოიწვია ამიერკავკასიის პოლიტიკურ რუკაზე. ახალგაზრდა დავითმა ხელისუფლება იმ პერიოდში ჩაიბარა, როდესაც ქვეყანას უკიდურესად მძიმე ხანა ედგა. საქართველოს სამეფოს რეგიონები ცალკეული ქართველი მთავრების მიერ კონტროლირდებოდა, რომელთაც ქუთაისში არსებული ერთი პოლიტიკური ცენტრის ქვეშ გაერთიანება არ სურდათ. სამეფოს ყოფილ დედაქალაქ თბილისში კი მუსლიმი ემირი ბატონობდა. იმავდროულად თურქ-სელჩუკები გამანადგურებელ თავდასხმებს აწარმოებდნენ საქართველოს სამხრეთ ტერიტორიებზე.
დავითს კარგად ესმოდა, რომ თურქ-სელჩუკებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელი იყო ქვეყნის გაერთიანება. კლარჯეთის საერისთავოსა და ქვეყნის ზოგიერთი სხვა რეგიონის შემოერთების შემდეგ, 1099 წელს მან სელჩუკებს შეუწყვიტა ხარკის გადახდა, რითიც საბაბი მისცა ომის წამოწყებას, რომლისთვისაც ქართველები უკვე მზად იყვნენ. ამ დროისთვის დავითს უკვე მოესწრო ჯარის რეორგანიზება და მისი ბრძოლისუნარიანობის მკვეთრი ამაღლება.
მთავარი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო დავითის მიერ სელჩუკების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას, ახლო აღმოსავლეთში მუსლიმების საწინააღმდეგოდ პოლიტიკური ვითარების შეცვლა იყო: ერთის მხრივ, საქართველოს მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა სელჩუკთა იმპერიის სულთნის, მალიქ შაჰის სიკვდილი ისპაჰანში, რის შემდგომაც მის მემკვიდრეებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაიმართა, რამაც სელჩუკთა იმპერიის დასუსტება გამოიწვია. მეორეს მხრივ, ქართველებისთვის სასარგებლოდ მოქმედებდა ლათინების მიერ ორგანიზებული პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ახლო აღმოსავლეთის მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ. მეფე დავითმა ჭკვიანურად გამოიყენა ეს ფაქტორები და წარმატებით შეუდგა სელჩუკთა ბატონობისგან განთავისუფლების საქმეს.
დავითის ისტორიკოსი პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას უკავშირებს საქართველოს გაძლიერებას:
„ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულთანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“[13].
უნდა აღინიშნოს, რომ დავითის მიერ სათურქო ხარკის (ხარაჯის) შეწყვეტა დაკავშირებულია არა უშუალოდ ჯვაროსანთა გამარჯვებებთან 1097-1099 წლებში, არამედ სელჩუკთა დასუსტებასთან. ეს თვალსაზრისი გოჩა ჯაფარიძემ გამოთქვა[14] და ის, ძირითადად, გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში (აქაც გამონაკლისთა შორის იყო სოსო მარგიშვილი). მეცნიერის მითითებით, იმ დროს ჯვაროსნებმა წარმატებას მიაღწიეს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილში, ხოლო „საქართველო პოლიტიკურად დაკავშირებული იყო დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ცენტრალურ ნაწილთან — დასავლეთ ირანთან და ერაყთან, რომელთაც ჯვაროსნული ლაშქრობა არ შეხებია“.[15] მეფე დავითის ისტორიკოსი არ ეხება იმ ხანგრძლივ შიდაბრძოლებს, რამაც დააუძლურა და გამოფიტა სელჩუკები. ამ მიზეზით, მათ საქართველოსთვის უკვე აღარ ეცალათ.[16] ქართველებისთვის ჯვაროსანთა წინსვლას „მორალური მნიშვნელობა“ უფრო ჰქონდა, რადგან მათ მიერ იერუსალიმსა და ანტიოქიაში „პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბების შემდეგ საქართველო მარტოდმარტო აღარ რჩებოდა ისლამურ გარემოცვაში“.[17] უფრო ადრე ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე აღნიშნავდა, რომ ჯვაროსანთა ხსენებული წარმატება უშუალო დადებით გავლენას ვერ ახდენდა საქართველოზე, „მაგრამ რადგან თურქთა მთავარი ყურადღება ახლა მაინც დასავლეთისაკენ იყო მიმართული, მათ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო შესაძლებელი გახდა“.[18]
ლათინების მიერ იერუსალიმის, ანტიოქიის, ტრიპოლისისა და ედესის სამთავროებისა და სახელმწიფოების შექმნამ რეგიონში სელჩუკების არსებობაზე ნეგატიურად იმოქმედა. 1118 წელს დავით მეფემ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა განახორციელა: საქართველოში გადმოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი მათივე ბელადთან, ათრაქა შარაღანის ძესთან ერთად, რომლის ქალიშვილთან, გურანდუხტთან დაქორწინდა. ეს დავითისთვის მეორე ქორწინება იყო (დავითის პირველი ცოლი სომეხი ეროვნებისა იყო). ამრიგად, ქართულ ჯარს ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალა მიემატა[19].
ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი რეგიონების დამორჩილების შემდგომ, 1120 წელს დავითმა მუსლიმთა წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევები დაიწყო. ქართველთა სამხედრო წარმატებებს თავისი ლოგიკური დასასრული ჰქონდა: 1121 წლის დიდგორის ბრძოლა. ქართველთა წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას მეთაურობდა ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი, მარდინის მმართველი. ბრძოლა გაიმართა დიდგორის ვიწრობზე, სადაც მუსლიმებმა ვერ შეძლეს თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება. ამრიგად, დავითის ეფექტური სამხედრო ტაქტიკის წყალობით მათ მარცხი განიცადეს.
დიდგორის ბრძოლაზე მოპოვებული გამარჯვება ჯვაროსნებისთვისაც სასარგებლო იყო, რადგან ისინი ძლიერ ზეწოლას განიცდიდნენ ილ-ღაზის ჯარისგან. როგორც ცნობილია, დიდგორის ველზე ქართველთა მხარეს ჯვაროსნები იბრძოდნენ. აღმოსავლეთში ლათინური სამთავროების მთავარი მტრის დასუსტებით ერთგვარი შვება მიეცათ იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეორის ჯვაროსნებს, რომლებმაც შეტევითი ბრძოლები წამოიწყეს ალეპოსა და დამასკოზე, რადგან ჩრდილოეთ სირიაში მუსლიმები ინტენსიურად უტევდნენ ჯვაროსნებს დიდგორის ბრძოლამდე.
თავად ემირი ილ-ღაზი გეგმავდა საქართველოსკენ წამოსვლას. ამიტომაც სურდა მას დროებითი ზავის დადება იერუსალიმის ლათინ მეფესთან. ზუსტად ამ დროს დავით მეფე აქტიურად აფართოებს საქართველოს სამეფოს საზღვრებს, შეავიწროვა რა სელჩუკები ყველა მიმართულებით სამხრეთის საზღვრებისკენ, რამაც გამოიწვია ილ-ღაზის საპასუხო რეაქცია. ილ-ღაზის ორი მიზანი ჰქონდა დასახული: ჯერ საქართველოს დამორჩილება, შემდეგ კი ჯვაროსნებისთვის ანტიოქიისა და იერუსალიმის წართმევა, რის შესახებაც წერს ანტიოქიელი კანცლერი გოტიე[20]. ქართველი ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ „საქართველოზე ლაშქრობით ის იმედოვნებდა ჯვაროსანთა ამ მოკავშირის განადგურებას“.[21] ილ-ღაზის უპირველესად საკუთარი რეპუტაციის აღდგენა სურდა, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა 1119-1121 წლებში განცდილი სამხედრო წარუმატებლობის შედეგად.
ჯვაროსნების სამხედრო დახმარება ქართველებს
ანტიოქიაში მყოფ ქართველებსა და ფრანკებს ეცოდინებოდათ საქართველოს წინააღმდეგ ამ მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ამას ადასტურებს ანტიოქიელი გოტიეს ინფორმირებულობაც დაგეგმილი ლაშქრობის შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ ამ გარემოებამ აიძულა ფრანკები საკუთარი მეომრები გამოეგზავნათ საქართველოში, რომლებიც ქართველებს ეხმარებოდნენ დიდგორის ბრძოლაში.
ამ ჯარისკაცთა რაოდენობაზე სხვადასხვა წყაროში განსხვავებული ინფორმაციაა. დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ფრანკების (ჯვაროსნების) შესახებ ორი წყარო გვაუწყებს: სომეხი მემატიანე, მათე ურჰაელი (ედესელი) 100 ფრანკის შესახებ საუბრობს[22]. ლათინი გოტიე კი 200 ფრანკი მეომრის შესახებ გვატყობინებს, რომლებიც დავით მეფეს დამრტყმელ ძალად გამოუყენებია, განალაგა რა ისინი საკუთარი ჯარის წინა რიგებში: „ორასი ფრანგის მეომარი რომ ჰყავდა, მოწინავეში დააყენა, პირველ დაკვრათა მისაცემად (…) პირველ შეტაკებისთანავე ბრმავდებიან [დავითის მტრები, დ.თ.] და ფრანგთა მიერ გაქცეულნი იფანტებიან“.[23] ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჯვაროსნებს სელჩუკებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ.
სხვა ინფორმაცია ამ ჯვაროსანი მეომრების შესახებ ჩვენამდე მოღწეული არ არის, თუ არ ჩავთვლით მოგვიანო ავტორს სმბატ სპარაპეტს, რომელიც 500 ფრანკს ასახელებს[24]. მაგრამ აღნიშნული სომეხი ავტორი (სომხ. Սմբատ Սպարապետ; ინგლ. Sempad the Constable), ჯერ ერთი, მათე ედესელისგან იღებს ამ ინფორმაციას და მეორეც, ის მეცამეტე საუკუნის ავტორია და არა დიდგორის ბრძოლის თანამედროვე, როგორც მათე ედესელი.
ძნელია იმის დაზუსტებით განსაზღვრა, თუ ვინ იყვნენ ისინი: იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეორის (რომელიც იმავდროულად ანტიოქიასაც მართავდა 1119-1123, 1124-1126 წლებში) წარმოგზავნილნი, თუ უბრალოდ დაქირავებული მეომრები. თუმცა შესაძლებელია იმის თქმა, რომ ისინი უფრო მეტად ქართველების მოკავშირე ჯვაროსნები იყვნენ, ვიდრე უბრალოდ დაქირავებული მეომრები (მოქირავნეები), რომელთათვისაც სულ ერთია ვის წინააღმდეგ იბრძვიან. აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ ორივე მხარეს (ჯვაროსნებს და ქართველებს) ჰყავდა საერთო მტერი – თურქ-სელჩუკები. (ბალდუინ მეორისა და ქართველების ურთიერთობის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ხსენებულმა ჯვაროსანმა მეფემ წმინდა მიწაზე მოღვაწე ცნობილი ბერი, საბა ქართველი, სავარაუდოდ, 1118 წელს თავის თანმხლებ პირად დანიშნა აღმოსავლური საქრისტიანოს ტერიტორიებზე[25]).
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ საკითხზე განსხვავებული აზრიც გამოთქმულა. მაგ., სოსო მარგიშვილმა ეჭვის ქვეშ დააყენა ჯვაროსნების მიერ ქართველების დახმარება დიდგორის ომში. მისი აზრით, მათე ურჰაელისა და უალტერ გოტიეს მიერ ნახსენებ „ფრანკებში“ სულაც არ იგულისხმებიან ჯვაროსნები[26], რადგან „ფრანკი“ ზოგადად დასავლეთ ევროპელ მეომარს ნიშნავდა და ისინი, მაგ., ალ-ჰუსაინის ცნობით, საქართველოს არმიის შემადენლობაში ჯერ კიდევ 1068 წელს ბაგრატ მეოთხესა და ალფ-არსლანის ომების დროს იბრძოდნენ[27]. „ფრანკი“ მოქირავნეები ხშირად მუსლიმთა სამსახურშიც ჩნდებოდნენ, უფრო მეტიც, ავტორის მითითებით, „ნიკეის იმპერიის არმიაში საკმაოდ ბევრი იყო მოქირავნე ‘ფრანკი’, რომელთა მეშვეობითაც ნიკეის იმპერატორები უპირისპირდებოდნენ ‘ფრანკ’ ჯვაროსნებს“[28].
მარგიშვილის პოზიცია მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან ამ დროისთვის ანუ მეთორმეტე საუკუნეში ყველა ლათინი იწოდება ფრანკად და ტერმინი „ჯვაროსანი“ არ არსებობდა არც ლათინურ და არც არალათინურ წყაროებში; მეცამეტე საუკუნეში სომხურ წყაროებში ჩნდება ტერმინი խաչազգեստկ – „ხაჩაზგესტკ“, რაც ნიშნავს „სამოსელზე ჯვარგამოსახულნი“. მათე ედესელის და გოტიეს მსგავსად, სიტყვა „ჯვაროსანს“ არ იყენებდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც, რომელიც ფრანგებად იხსენიებს ჯვაროსნებს, როცა წერდა, რომ მათ ანუ ფრანგებმა „აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია“.[29] ამრიგად, ფრანგებად იხსენიებოდნენ აგრეთვე ჯვაროსნებიც „იმ დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მახლობელ აღმოსავლეთში“[30]. როგორც ცნობილია, ტერმინი „ჯვაროსანი“ მე-18 საუკუნიდან გამოიყენება.[31]
სხვათა შორის, დავითის ისტორიკოსი ჯვაროსნებს უნდა გულისხმობდეს, როდესაც ზოგადად მეფის ირგვლივ შემოკრებილ მეზობელ ხალხებს შორის ფრანგებსაც ასახელებდა. იგი წერს, რომ დავითის „აჩრდილსა შეკრებილ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაღეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი“.[32]
მარგიშვილის აზრით, ჯვაროსნებს არ შეეძლოთ (ან მათთვის „უაღრესად ძნელი იქნებოდა“) მუსლიმებით მოცული მტრული ტერიტორიის გამოვლა, რომელიც საქართველოსა და ჯვაროსანთა მიერ დაარსებულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის არსებობდა.[33] ამიტომაც, იგი მიიჩნევდა, რომ დიდგორზე მოსული მცირე რაზმი შედგებოდა ფრანკი მოქირავნეებისგან. ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი გოჩა ჯაფარიძე შემდეგს შენიშნავდა: „თუ ჯვაროსნებისთვის ძნელი იყო გადაელახათ დიდი მანძილი და შემოსულიყვნენ საქართველოში თუნდაც საზღვაო გზით, როგორღა მოახერხეს ეს მოქირავნე ფრანკებმა? ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს“.[34] მარგიშვილის წიგნში თითქოს არსებობს ამაზე პასუხი, რომლის მიხედვითაც, „ბიზანტიური თუ სომხური წერილობითი წყაროების მიხედვით, ფრანკი მოქირავნეები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყვნენ კონცენტრირებულნი აღმოსავლეთ ანატოლიისა და სომხეთის ტერიტორიებზე მე-11 საუკუნის შუახანებისთვის“, საიდანაც, ავტორის აზრით, მათ შეეძლოთ საქართველოში მოხვედრა.[35] რატომღაც ამის დამადასტურებელ სათანადო წყაროებს მარგიშვილი არ ასახელებს მოცემულ ადგილას და თუნდაც ამგვარი წყაროები დასახელებულიყო, კონკრეტულად მეზობელი ტერიტორიებიდან (მაგ., სომხეთიდან) საქართველოში გადმოსული ფრანკი მოქირავნეების შესახებ წყაროებიც არ სახელდება. ამიტომ, ესეც ვარაუდად უნდა იქნეს მიჩნეული.
მარგიშვილის სკეპტიკური თვალსაზრისის წინააღმდეგ დამატებითი არგუმენტები გამოთქვა ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც კარგად აჩვენა, რომ დავით აღმაშენებელს არა მხოლოდ სურვილი ექნებოდა ჯვაროსნებთან სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობისა, არამედ ამგვარი კავშირები მას ჯვაროსან ლიდერებთან სინამდვილეშიც ჰქონდა. თუკი გვიან შუა საუკუნეებში ქართველი მეფეები დასავლეთ ევროპის მონარქებს დახმარებას სთხოვდნენ მუსლიმური იმპერიების წინააღმდეგ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მეფე დავითსაც ექნებოდა ამგვარივე სურვილი? მათ წინაშე არსებობდა არსებობდა საერთო მუსლიმი მტერი, რომლისთვისაც, ისტორიკოს ზურაბ პაპასქირის შენიშვნით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამარცხება, რადგან სელჩუკთა საკმაოდ ფართო კოალიციას სათავეში „მთელ ისლამურ სამყაროში ყველაზე სახელოვანი მხედართმთავარი“, ილ-ღაზი ჩაუდგა, რომელმაც ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული. ილღაზის მიზანი საქართველოს სახით ბრძოლის მეორე ფრონტის მოშლა იყო.[36]
რაც შეეხება რეალურ კონტაქტებს: თუკი ქართველებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ კონსტანტინეპოლთან და მე-11 საუკუნეშიც სტუმრობდნენ ამ ქალაქს, რატომ არ ექნებოდათ გარკვეული სახის ურთიერთობები მაინც ტერიტორიულად უფრო ახლოს (700-800 კილომენტრის მანძილზე) მდებარე ანტიოქიასა და ედესაში მყოფ ჯვაროსნებთან?[37] ავტორი იქვე სამართლიანად უთითებს დავით მეფის მონაწილეობაზე დატყვევებული ჯვაროსანი ლიდერების განთავისუფლების საქმეში და ასევე ჯვაროსნების მონაწილეობაზე დიდგორის ველზე.[38]
თუკი არსებობდა შესაძლებლობა საქართველოდან კონსტანტინეპოლის გავლით მცირე რაზმის გაგზავნისა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისთვის (რომლის მარშრუტიც ჯ. სამუშიამ დაწვრილებით აღწერა[39]), მაშინ რატომ უნდა გამოვრიცხოთ იგივე გზით, თუმცა შებრუნებულად, რომ ჯვაროსნები მოსულიყვნენ საქართველოში კონსტანტინეპოლის გავლით, რათა დიდგორის ომში მიეღოთ მონაწილეობა? მართალია, ამ დროს ანტიოქიის საგრაფოსა და საქართველოს შორის არსებული პირდაპირი გზა თურქ-სელჩუკებს ეკავათ. ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ტაო-კლარჯეთიდან შემოსულიყვნენ, რადგან მისი მომიჯნავე სომხეთის მთიანეთი თურქებს ეკავათ. ბერნარდ ჰამილტონის მითითებითაც, ამ დროს კონსტანტინეპოლზე გამავალი საზღვაოსნო გზა ერთადერთი საშუალება იყო საქართველოსთან დასაკავშირებლად.[40]
ამრიგად, საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ჯვაროსანი რაინდების[41] მონაწილეობა დიდგორის ბრძოლაში ქართველებსა და ლათინებს შორის დამყარებულ მეგობრულ ურთიერთობასა და მოკავშირეობაზე მიუთითებს ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქაში.
ქართველების სამხედრო დახმარება ჯვაროსნებს
შემონახულია ცნობები არა მხოლოდ ჯვაროსნების მხრიდან ქართველების სამხედრო დახმარებისა. როგორც ჩანს, ქართველები პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც მონაწილეობდნენ. ეს მოსაზრება ეფუძნება ქართულ და არაქართულ წყაროებს.
ქართული წყარო დაკავშირებულია თამარ მეფის ისტორიკოსთან, რომელიც აღნიშნავს, რომ ახალი დავითის ჯარი დავით წინასწარმეტყველის მეომრებთან „იერუსალიმს ერთობდეს“[42]. ამ ერთგვარი ალეგორიული გამოთქმის ერთ-ერთი პირველი განმმარტებელი კორნელი კეკელიძეა, რომლის აზრით, დავით წინასწარმეტყველის რაზმში იგულისხმებიან ჯვაროსნები, რომლებსაც ბიბლიური მეფე დავითის სატახტო ქალაქი, იერუსალიმი უნდა გაენთავისუფლებინათ. ამ ჯართან კი გაერთიანებული იყო „ახალი დავითის“ ანუ დავით აღმაშენებლის რაზმიც. მრავალი ქართველი ისტორიკოსი იზიარებდა კეკელიძის მოსაზრებას.
აქ უნდა დაისვას შეკითხვა: იყო თუ არა ეს რაზმი უშუალოდ დავით აღმაშენებლის მიერ პალესტინაში გაგზავნილი? თუკი ასე იყო, მაშინ რატომ არაფერს წერს ამის შესახებ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი? ის ხომ სიხარულით აღნიშნავდა ფრანგების ანუ ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებით გამოწვეული ირიბი სასარგებლო შედეგის — საქართველოს გაძლიერების შესახებ? მაგრამ ამავე მიმართულებით დავით მეფის მიერ შეტანილ სამხედრო წვლილზე რატომ არაფერს წერდა? წარსულში ზოგი ქართველი ისტორიკოსი (მაგ., ვ. კოპალიანი) ფიქრობდა, რომ დავითმა „საქართველოდან ლაშქარი გაგზავნა იერუსალიმის განთავისუფლებისათვის“.[43]
ამ საკითხის გარკვევას ეძღვნება ლელა ქურდაძის სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1099 წელს დავით მეფე ვერ შეძლებდა სამხედრო ძალის გაგზავნას სირია-პალესტინისკენ, რადგან 1089 წელს ახალგაზრდა მეფემ მტრისგან ძალიან დასუსტებული ქართული სამეფო ჩაიბარა. სამხედრო რეფორმების გატარებას შესაბამისი დრო დასჭირდა, რის შემდეგაც მეფე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე 1103 წლიდან გადადის ანუ გამეფებიდან 14 წლის შემდეგ.
მაშ, ვინ იყვნენ ის ქართველები, რომლებიც ჯავროსნებს ეხმარებოდნენ? მკვლევრის ვარაუდით, ესენი იყვნენ იერუსალიმში მცხოვრები ქართველები. შესაბამისად, ავტორის დასკვნით, ის, რაც „სამეფო კარზე არ დაგეგმილა და არ განხორციელებულა, მეფის მატიანეში, ცხადია, არ დაფიქსირდებოდა“.[44] ასე და ამრიგად, საბოლოოდ, ქართველების მონაწილეობა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ისეთივე სიმბოლური აღმოჩნდა, როგორც ჯვაროსნებისა იყო დიდგორის ომში. მაგრამ, ცხადია, ლათინთა ამ მასშტაბურ კამპანიაში საზღვარგარეთელი ქართველების ასეთი მცირერიცხოვანი მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ისტორიკოს მამუკა წურწუმიას აზრით კი, ეს ქართველები იყვნენ არა იერუსალიმიდან, არამედ კონსტანტინეპოლიდან, სადაც ქართული კოლონია საკმაოდ მძლავრი იყო მე-11 საუკუნეში, განსაკუთრებით ბიზანტიის დედოფლად მარიამ ბაგრატის ასულის გამორჩევის შემდეგ. შესაბამისად, აქაურ ქართველებს სამხედრო რაზმის ჩამოყალიბება თავისუფლად შეეძლოთ, როგორც ამას ბერძენი მემატიანე, ნიკიტა ხონიატეც მოწმობდა.[45] მაგრამ ისტორიკოს ჯაბა სამუშიას აზრით, არასწორი იქნებოდა გამოგვერიცხა თავად დავით აღმაშენებლის მიერ მცირე რაზმის (და არა ლაშქრის) გაგზავნა საქართველოდან კონსტანტინეპოლში, რადგან არ იქნებოდა „მართებული ჯვაროსნებთან ქართველების თანამშრომლობა დავიყვანოთ მხოლოდ კონსტანტინეპოლში იმხანად მყოფი ქართველების მოღვაწეობის დონემდე“.[46] გასაგებია, რომ ძველი ქართველი მემატიანე არ საუბრობს არც თავად დავითის და არც მისი მრავალრიცხოვანი არმიის მონაწილეობაზე პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. თუმცა, ჯ. სამუშიას აზრით, რამდენიმე ასეული ქართველის კონსტანტინეპოლში წარგზავნა პრობლემა არ იქნებოდა, იქვე ვრცლად განიხილავს რა მარშრუტს, რომლის გავლაც თავისუფლად შეეძლებოდათ ქართველებს.[47]
საინტერესოა, გვაქვს თუ არა ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია არაქართულენოვან წყაროებში? საბედნიეროდ, გვაქვს.
ბალდუინ პირველის კაპელანი, ფულხერიუს შარტრელი (1059-1128) 1097 წელს ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილე ოცამდე ეთნიკური ჯგუფის ჩამოთვლისას ახსენებს იბერებსაც[48]. „იბერებში“ აქ არა ესპანელი, არამედ კავკასიელი იბერები იგულისხმება. მართალია, „იბერებს“ ფულხერიუსი თავის ჩამონათვალში აპულიელებსა (იტალია) და ბრეტონელებს (ბრიტანეთი) შორის იხსენიებს, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ისინი ესპანელი იბერები არიან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩამონათვალის რიგითობას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ფულხერიუსი არეულად ასახელებს ამ ხალხებს. ზოგადად კი, ესპანელები ნაკლებად მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში[49]. მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ გამოვრიცხავთ ესპანელთა მცირე რაზმის მონაწილეობას ამ ლაშქრობებში.
სიტყვა „იბერებში“ რომ ქართველები იგულისხმებიან, ამ ვერსიის სასარგებლოდ, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ გარემოებას ენიჭება, რომ ჯვაროსნულ დოკუმენტებში ესპანელებს „იბერებად“ არ იხსენიებდნენ. მათ ამ წერილობით წყაროებში ეწოდებათ hispani და catalani[50]. სამაგიეროდ გვაქვს წყაროები, რომლებშიც ქართველები იბერებადაც იხსენიებიან[51]. ამრიგად, გადაჭარბებულად არაა მურმან პაპაშვილის მიერ მტკიცებითი ფორმით გამოთქმული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „დამტკიცებულია, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქარი ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალიმისთვის“[52].
გარდა ლათინური წყაროსი, ხშირად მიუთითებენ ასურული ქრონიკის ავტორს, აბულ-ფარაჯს[53]. თუმცა მასთან არსად გვაქვს შეხედულება, რომ ქართველები მონაწილეობდნენ იერუსალიმის აღებაში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს[54]. (ალბათ, რ. მეტრეველი თავის წიგნში ამიტომ არ იმოწმებს პირველწყაროს, კერძოდ, აბულ-ფარაჯის ნაშრომს, როცა ამ მოსაზრებას აბულ-ფარაჯისეულად წარმოგვიდგენს). აბულ-ფარაჯი ქართველების შესახებ საუბრობს მხოლოდ დიდგორის ბრძოლასთან კავშირში, რის შემდგომაც ის აღარ ახსენებს ქართველებს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის კონტექსტში ანუ 1099-დან 1137 წლამდე[55].
ასევე ამ ავტორთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ის, შესაძლოა, საერთოდ ვერ ახერხებდა ქართველების სათანადო იდენტიფიკაციას. მაგ., მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი ორიენტალისტი, ბარტელები დ’ერბელო დე მოლენვილი (D’Herbelot de Molainville), რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ებრაულ, სირიულ, არაბულ, სპარსულ, თურქულ ენებს, წერს: „აბულ-ფარაჯს სურს, რომ გურჯები, ანუ ქართველები ხაზარები იყვნენ, მაგრამ ეს ხომ ორი ძალზე განსხვავებული ნაციაა. ხაზარები ცხოვრობენ კასპიის ზღვის ჩრდილოეთით და ემიჯნებიან აღმოსავლეთ თურქებს, ანუ თათრებს. არაბული ნუსხის მიხედვით მათი ქვეყნის დედაქალაქია ბალანჯარი, ხოლო ქართველების სამეფო ქალაქი ტფილისია“[56].
* * *
დიდგორის ბრძოლა ქართულ-მუსლიმური დაპირისპირების კულმინაციას წარმოადგენდა, რასაც მოჰყვა თბილისის განთავისუფლებაც 1122 წელს[57]. მალე დავითმა თავისი სამეფოს დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა. თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ქართველების წარმატებული ბრძოლის შესახებ საკმაოდ მალე შეიტყვეს დასავლეთშიც[58]. უკვე 1130-1135 წლებში ცნობილი სწავლული, ჰიუგო სენ-ვიქტორელი (Hugues de Saint-Victor), როდესაც მსოფლიო ტოპოგრაფიის შესახებ ლექციებს კითხულობდა პარიზში, კავკასიის ტერიტორიაზე ახსენებდა Toflit-საც, რომელიც სწორედ თბილისს ნიშნავს[59]. 1121-1122 წლების წარმატებული ბრძოლების შემდეგ ლათინები ქართველებში ჯვაროსნების ძლიერ მოკავშირეს ხედავენ[60]. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე (1125წ.) დავითი სომხეთის დედაქალაქს – ანისსაც ათავისუფლებს მახლობელი ტერიტორიებთან ერთად.
დავითის შვილი, დემეტრე აღარ აწარმოებდა დაპყრობით ომებს. ის ცდილობდა შეენარჩუნებინა მამის მემკვიდრეობა. დასავლელი ავტორებისთვის ქართველები კვლავ ფრანკების მნიშვნელოვანი მოკავშირეები იყვნენ. მემატიანე რიჩარდ პოიტერელი, როდესაც 1172-1174 წლებში თავის ნაშრომს წერდა, ქართველთა მეფეს (rex de Avesguia) უწოდებდა „ერთ-ერთ აღმოსავლელ ქრისტიან მონარქს, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ახლო აღმოსავლეთში მყოფ მუსლიმურ გაერთიანებას“[61]. ასევე ქართველი მეფეების რომის პაპთან შემდგომი კონტაქტებიც ადასტურებს, რომ დასავლელი ქრისტიანები ქართველებს ჯვაროსნების მოკავშირეებად განიხილავდნენ. ამრიგად, მცდარია ს. მარგიშვილის ცალსახა და კატეგორიული მტკიცება, რომ ჯვაროსნების მხრიდან ქართველები თითქმის არასოდეს აღიქმებოდნენ მოკავშირეებად მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლაში[62].
ბალდუინ მეორესა და დავით აღმაშენებელს შორის კავშირები
იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში („კალმასობა“) წერდა, რომ მეფე დავითის მიერ ლორეს აღების (1118 წ.) მეორე წელს ქართლში ფარულად ჩამოვიდა მეფე ბოლდუინი[63]. ზოგ ქართველ ისტორიკოსს (თ. ნატროშვილი, შ. მესხია, მ. ვაჩნაძე, ვ. გურული, ზ. თოიძე, ი. ბერაძე და სხვები) ამ უწყებაზე დაყრდნობით სიმართლედ მიაჩნია ეს მოვლენა. გვაუწყებენ, რომ ვინაიდან ამ დროს ქართული სამეფო ძლიერი იყო, ამიტომ „არაფერია გასაოცარი და საეჭვო იმაში, რომ იერუსალიმის მეფე დახმარების სათხოვნელად ჩამოსულიყო საქართველოში 1119 წლის დამლევს“[64].
მაგრამ ძალიან ძნელია მეფე ბოლდუინ მეორის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მოსაზრების გაზიარება შემდეგი მიზეზებით: 1) ის ეფუძნება მხოლოდ გვიანდელ, კერძოდ, მეცხრამეტე საუკუნის ავტორის შეხედულებას მაშინ, როცა შუა საუკუნეების მემატიანეებთან სრული დუმილია ამ საკითხზე; 2) ბალდუინ მეორე იმ მომენტისთვის აქტიურ ბრძოლებს აწარმოებდა სელჩუკების წინააღმდეგ. ამიტომ ის ვერ შეძლებდა რამდენიმე თვით დაეტოვებინა საკუთარი სამეფო შორეულ საქართველოში ვიზიტისთვის; 3) საქართველოსა და აღმოსავლეთის ლათინურ სახელმწიფოებს შორის არსებული ტერიტორია თურქ-სელჩუკების კონტროლის ქვეშ იყო; 4) ჩრდილოეთის მიმართულებით უკიდურესი წერტილი, სადაც ბალდუინ მეორე დიდგორის ბრძოლამდე იყო ნამყოფი, ედესის საგრაფოა.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ისტორიკოს ირაკლი ბერაძის აზრით, „თუ გინდ ეს მოვლენა ისტორიული ფაქტიც არ იყოს, მაინც გარკვეულად მეტყველებს იერუსალიმის მეფესა და დავით აღმაშენებლის მეგობრულ ურთიერთობაზე“.[65]
დავით აღმაშენებლისა და ჯვაროსნების (კერძოდ, უშუალოდ ბალდუინ მეორეს) ურთიერთკავშირის კონტექსტში აღსანიშნავია მე-12 საუკუნის ლათინი მემატიანის, ორდერიკ ვიტალისის მოწმობა[66], რომლის თანახმადაც დავით ქართველთა მეფემ (ლათ. Dauid Georgiensis regis) და კილიკიის სომხეთის მთავარმა, თოროს პირველმა მონაწილეობა მიიღეს ჯვაროსანთა ორი დიდი მეთაურის, ედესის გრაფის, ჟოსელენისა და იერუსალიმის მეფის, ბალდუინ მეორის განთავისუფლებაში, რომლებიც მუსლიმებს რამდენიმე თვე ჰყავდათ დატყვევებული.[67] (აქვე აღსანიშნავია, რომ ჟოსელენს ცოლად ჰყავდა თოროსის და).[68]
ინსიგნიებისა და საჩუქრების მიმოცვლა
დავით აღმაშენებელსა და მეფე ბალდუინ პირველს შორის გამორჩეული მეგობრული ურთიერთობა არსებობდა, რაც დასტურდება აღნიშნული ლათინი მეფისადმი მიძღვნილი პანეგირიკით, რომელიც მეფე დავითის მიერ ბალდუინისადმი გაგზავნილი ინსიგნიების შესახებ მოწმობს.[69] მასში ნათქვამია: „დავით სომეხთა, აფხაზეთის მეფე, ხშირად უგზავნიდა მას ინსიგნიებს“.[70] მკვლევარი მამუკა წურწუმია დაწვრილებით აანალიზებს ამ პანეგირიკს და ასკვნის, რომ ინსიგნიებში იგულისხმებოდა არა სამეფო სიგელები, ბეჭდები ან გერბები, არამედ დროშები, თანაც არა ქართული, არამედ მუსლიმი მტრებისთვის ბრძოლის ველზე წართმეული დროშები: „საერთო მოწინააღმდეგისათვის წართმეული დროშების საჩუქრად გაგზავნა თავისთავად მრავლისმთქმელია და საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის გარკვეულ ალიანსზე და, შესაძლოა, სამხედრო თანამშრომლობაზეც მეტყველებდეს: დროშების ყოველი ასეთი გაგზავნის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ დავით მეოთხე თავის წილ ვალდებულებას ასრულებდა (რისი უტყვი მოწმეც მუსლიმთა დროშები იყო) და საპასუხო ქმედებისაკენ აგულიანებდა მოკავშირეს“.[71] მკვლევრის მართებული დასკვნით, დავითსა და ბალდუინს შორის არსებული ამგვარი ურთიერთობა „სცილდება ჩვეულებრივი დიპლომატიური თავაზიანობისა და ეტიკეტის ფარგლებს“ და სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეობაზე მოწმობს.
როდესაც თამარ მეფის მამა, გიორგი მესამე (1156-1184) სამხედრო-პოლიტიკური ძალაუფლების მწვერვალზე იმყოფებოდა, იგი აღმოსავლეთის მონარქებისათვის, ასევე ჯვაროსნებისთვის სასურველი მოკავშირე იყო. ამ უკანასკნელთ საკმაოდ სუსტი პოზიციები ეკავათ იერუსალიმში, რადგან სალაჰ ად-დინს მათთვის ეს ქალაქი 1187 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდა. მეცამეტე საუკუნის ქართული მატიანე მრავალ აღმოსავლელ მონარქს ახსენებს, რომლებიც საჩუქრებს უგზავნიდნენ მეფე გიორგი მესამეს მასთან დამეგობრების მიზნით. მათ შორის, დასახელებულნი არიან ლათინი მეფეებიც:
„მას ძღვენს აძლევდნენ და ეძმობილებოდნენ ბერძენთა, იერუსალიმში ალამანების, რომაელთა, ინდოელთა მეფენი და ჩინელები; ასევე ემორჩილებოდნენ ხორასნის, ბაბილონის, სირიის, ეგვიპტისა და იკონიის სულთნები. ამათ შემდგომნი — სკვითები, ხაზარები, ალანები, ხორასნელები, ხვარაზმშა, ბეირუთელები, აბისინიელები, არაბები, მიდიელები, ელამიტელები და შუამდინარეთის მცხოვრებნი, ყველ ენა და მოდგმა — აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე“.[72]
ალამანელ ანუ გერმანელ და ასევე ჰრომთა მეფეებში იგულისხმებიან იერუსალიმის ლათინი მეფეები ბალდუინ მესამე (1143-1162 წწ.), ამორი პირველი (1162-1173) და ბალდუინ მეოთხე (1173-1184), რომლებიც მეფე გიორგის დროს მართავდნენ იერუსალიმს.
ჯვაროსნები და ქართველი ბერები: ლოცვაში მოხსენიება
ქართველი ბერების მიერ ჯვაროსნების, ტამპლიერების სახელების ლოცვაში მოხსენიება (აღაპები) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. პირველი ასეთი ხელნაწერი გოლგოთას სვინაქსარია (1155 წ.) იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან (ხელნაწერი ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შიფრით H-1661). მეორე ხელნაწერი კი პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება (MS géorgien 28), რომელიც აღმოჩენილ იქნა აგრეთვე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში[73]. ტექსტში ვკითხულობთ: „ქრისტე ღმერთო, შეიწყალე ძმაჲ ჩუენი პიერ მარტინე, პიერ გონსალ“ და „უფალო ღმერთო, შეიწყალე ძმანი ჩუენნი კონდოფრე და კოსტანტინე და ბოტიერ“. ამავე პარიზულ ხელნაწერზე წერს ელენე მეტრეველიც[74]. მისი აზრით, ხელნაწერში ნახსენები პირები არიან ევროპელები — ფრანგები და იტალიელები, აანალიზებს რა მათ სახელებს[75]. მოსახსენებელში ნახსენებია, მაგ.,: „ჯ՜რო პ՜ტსნო შეიწყალე ძმაჲ ჩ՜ნი ჯოფრე ფაუსათ“. აქ იგულისხმება ჟოფრუა დე ფუშე (Geoffrey Fulcher), წარმოშობით ფრანგი და ტამპლიერთა ორდენის გამოჩენილი წევრი, ნიჭიერი დიპლომატი, პრეცეპტორი 1164 წელს[76] და სხვები[77]. მათ „ძმებს“ უწოდებენ მოსახსენებლებში.
ღირსსაცნობია, რომ განსხვავებული რწმენის მქონეთა ლოცვაში მოხსენიება არ მიიჩნეოდა პრობლემად მიუხედავად იმისა, რომ რჯულისკანონში არსებობდა კანონები, რომლებიც არამართლმადიდებლებთან როგორც ყოფით, ისე რელიგიურ (ლოცვა) ურთიერთობებს კრძალავდა[78].
როგორც ჩანს, ქართველები იხსენიებდნენ არა მხოლოდ კათოლიკური ორდენების რიგით თუ წამყვან წევრებს, არამედ სხვა ლათინებსაც. თუ რა მიზეზით იხსენიებდნენ ქართველები ლათინებს, ამის შესახებ თავად ელენე მეტრეველი გამოთქვამდა სრულიად ბუნებრივ ვარაუდს, რომ ორდენის წევრები უხვ შესაწირავებს გასცემდნენ ქართველთა მონასტრისთვის, რის პასუხადაც ქართველი ბერები მათ ლოცვებში იხსენიებენ.
საქორწინო კავშირების მცდელობები
დასახელებული ფაქტები ნათლად მოწმობს, რომ უკვე მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებამდე არსებობდა პოლიტიკური, სამხედრო, დიპლომატიური, რელიგიური (ლოცვაში მოხსენიება) და ყოფითი კავშირები ჯვაროსნებსა და ქართველებს შორის. ამგვარი დიპლომატიურ-პოლიტიკური კავშირების გაუმჯობესება შესაძლებელი იყო მათ შორის საქორწინო ურთიერთობითაც. მაგ., თამარ მეფეს დაქორწინებით ანტიოქიის პრინცის, ბოემუნდ მესამის (1160-1201) ერთ-ერთ უმცროს ვაჟთან[79], რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა თამარის ხელის თხოვნისთვის რუს ქმართან განქორწინების შემდეგ. ამრიგად, ხელის მთხოვნელთა შორის ქართულ მატიანეში ბიზანტიის იმპერატორის, მანუელთან ერთად ანტიოქიის ლათინი პრინციც სახელდება:
„მას ძღვენს აძლევდა ყველა მეფე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, მისთვის კარგავდნენ ჭკუას მისი სახებრწყინვალების შესახებ ამბის მცნობელნი. ბერძენთა მეფის მანუელის შვილი, პოლიკარპოს მოყმე, ყველაზე ადრე გაიჭრა და გახელდა [თამარის სიყვარულით], ანდრონიკეს თავისი მეფობისა და ბერძნების ამოწყვეტის დროს რომ არ შეეპყრა და არ დაესაჯა იგი. მსგავსი იყო ასურეთისა და შუამდინარეთის ანტიოქიის მეფის შვილი, მას რომ შესძლებოდა სხვადასხვა ბარბაროსებს შორის გზის გაკვალვა, წამში აქ აღმოჩნდებოდა“.[80]
ასევე ცნობილია, რომ იმპერატორმა ფრიდრიხმა, რომელიც ბულგარეთში ქართული მონასტრის წინამძღვარს თავის დროზე საკმაოდ თბილად შეხვდა, რომელსაც სავარაუდოდ საერთო გეგემებზე ესაუბრებოდა, ორჯერ გამოგზავნა თავისი ელჩობა საქართველოში საკუთარი ვაჟისთვის თამარ მეფის ხელის სათხოვნელად და წმინდა მიწის განთავისუფლებისთვის ქართველებთან მოლაპარაკების მიზნით[81]. (თუმცა თამარ მეფესთან ამგვარი საქორწინო კავშირის დამყარების შესახებ ჟორდანიას მოსაზრების დასაბუთება საკმარისად არ მიიჩნია ისტორიკოსმა ბექა კვაჭაძემ, ამის შესახებ გამოთქვა რა არგუმენტირებული ვარაუდები[82]).
1185 წელს თამარ მეფის ქორწინება გიორგი რუსზე თამარის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა (მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი და სხვები) გამარჯვება იყო, რადგან „ამ ჯგუფმა მოახერხა თამარის ქმრად თავისი სასურველი კანდიდატი გამოენახა და უმაღლეს საერო და საეკლესიო წრეებზე გავლენის მოხდენის შედეგად დაეყოლიებინათ თამარი დაქორწინებულიყო და საქმროც თვითონვე შეარჩია“[83]. მოგვიანებით თამარის მომხრეები განდევნიან გიორგი რუსს საქართველოდან. ასე რომ, ამ მოვლენას ვერანაირად ვერ მივიჩნევთ ლეგიტიმური ქართული ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან კავშირის დამყარების სურვილის გამოვლინებად.თამარ მეფე, საბოლოოდ, დავით-სოსლანს მიჰყვება, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ბაგრატიონთა დინასტიის წევრი იყო.
ტრაპიზონის იმპერიის დაარსება
როგორც ჩანს, ქართველებმა იცოდნენ იმ არასტაბილური და არასასიამოვნო ურთიერთობის შესახებ, რაც ბიზანტიის დედაქალაქის დაცემამდე ბერძნებსა და ლათინ ჯვაროსნებს შორის არსებობდა და რომელიც სულ უფრო მძაფრდებოდა. როგორც ცნობილია, ქართველები მოხერხებულ დროს შეიჭრნენ ბიზანტიის პონტოს ტერიტორიაზე და დაიპყრეს ლაზიკა, ტრაპიზონი, ჭანეთი, სამისონი, სინოპი, კოტიორა და მიაღწიეს ერაკლიამდის[84]. თამარ მეფემ ეს მიწები გადასცა ბერძენ უფლისწულს, ალექსი კომნენოსს, რომელიც „დედის მხრით ქართველ მეფეთა ბაგრატონიანთა მონათესავე და საქართველოში ნამყოფი იყო“[85]. ასე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია.
თამარ მეფის მიერ განხორციელებულ ამ სამხედრო აგრესიას თავისი მიზეზი ჰქონდა. ერთხელ, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების მესვეურები თამარს ეწვივნენ, მეფემ მათ საკმაოდ დიდი ქონება შესწირა, თუმცა ბიზანტიის კეისარმა ეს ქონება ჩამოართვა დაბრუნებულ ქართველებს 1204 წელს. „ასეთი გაუგონარი საქციელისა და კადნიერების დასასჯელად, თამარმა მხედრობა წარგზავნა და ბიზანტიის სახელმწიფოს იმ სანაპიროს შეუსია, რომელიც საქართველოს მოსაზღვრე იყო და რომელშიც ქართველთა მონათესავე ლაზებისა და ჭანების ტომები ცხოვრობდნენ“[86].
ქართველების ამ სამხედრო აქტივობას ივანე ჯავახიშვილი არ უკავშირებს ამავე წელს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის დედაქალაქის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას. არ მოგვეპოვება ცნობები ქართველებისა და ჯვაროსნების მოკავშირეობის შესახებ აღნიშნულ პერიოდში, მაგრამ მათ ობიექტურად აშკარად აერთიანებდათ საერთო ანტი-ბიზანტიური განწყობა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ქართველებმა ბიზანტიას ტერიტორიის ნაწილი წაართვეს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღების დასრულების შემდეგ, კერძოდ, 1204 წლის 14 აპრილს. ჯერ კიდევ 1203 წლის ივლისში, როდესაც ჯვაროსნებმა პირველად აიღეს კონსტანტინეპოლი, თამარ მეფე ამის შემდეგ იწყებს სამხედრო მოქმედებებისთვის მზადებას[87]. ამრიგად, არ არსებობს პირდაპირი მოწმობები, რომ ბიზანტიის ტერიტორიაზე შეჭრისას ჯვაროსნები და ქართველები მოკავშირეები იყვნენ და ერთმანეთს უთანხმებდნენ საკუთარ მოქმედებებს.
ზოგადად, საქართველოს ბიზანტიასთან დაპირისპირება არაერთხელ მოუწია, რადგან ეს უკანასკნელი ქართული ტერიტორიების დაპყრობას ცდილობდა[88]. საუკუნეების მანძილზე ბიზანტია ხშირად “უხეშად ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში, მხარს უჭერდა ქვეყნის ერთიანობის მოწინააღმდეგე ფეოდალებს, მათ ხშირად ფულითა და ლაშქრით ეხმარებოდა. ასეთი ურთიერთობის ფონზე საქართველოც, როცა შეეძლო ანალოგიურად პასუხობდა. ხშირად იფარებდა ბიზანტიიდან დევნილ დიდებულებს და მომხრე იყო ბიზანტიის დასუსტებისა“[89]. უცხოური წყაროებიც მიუთითებენ (სკილიცე-კედერნე, იოანე ზონარა), რომ, მაგ., მეთერთმეტე საუკუნის 30-იან წლებშიც საქართველოს სამეფოს აშკარად ანტიბიზანტიური პოლიტიკა ჰქონდა[90].
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენაა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ხელმძღვანელის, გერმანელი იმპერატორის ფრიდრიხ ბარბაროსასა და ბულგარეთის პეტრიწონის ქართული მონასტრის წინამძღვარს შორის შემდგარი და ზემოთ უკვე ნახსენები ხანგრძლივი მეგობრული საუბარი, რაც „ქართველთა და გერმანელთა ანტიბიზანტიური სოლიდარობის“[91] ერთ-ერთ გამოვლენადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული. აღნიშნული იმპერატორი 1189 წელს, წმინდა მიწისკენ მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორთოდოქსი კლერიკოსებისადმი დაეჭვებული და სიძულვილნარევი დამოკიდებულებისა, ფრიდრიხი დიდი პატივით მოეპყრო ქართველ ბერს და ის თავის ერთ-ერთ მრჩეველადაც კი დაუდგენია[92].
ლაშა-გიორგის ჯვაროსნული მზაობა
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში (1217-1221წწ.) ლაშა-გიორგი მეფობს საქართველოში. ამ დროისთვის რომის პაპის ლეგატი, კარდინალი პელაგიუსი საქართველოდან ცნობას იღებს, რომ ქართველები მზად არიან დაეხმარონ ჯვაროსნებს. პელაგიუსმა დაუყოვნებლივ უპასუხა ლაშა-გიორგის. ამ უკანასკნელმა 1220 წელს დამიეტაში გაგზავნა თავისი ელჩები ჯვაროსნების ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. ლაშა-გიორგის დიდ მონდომებაზე აღფრთოვანებით საუბრობს მოვლენათა უშუალო მონაწილე, ოლივერ პადერბორნელი,[93] რომელიც ქართველებზე ასე წერს:
„იმ ერმა, მეტად აღშფოთებულმა და განრისხებულმა, გადაწყვიტა და დაიფიცა, მას შემდეგ, რაც მათმა მეფემ დიდებულები შეყარა, დაეპყროთ სარკინოზების რომელიმე განთქმული ქალაქი, და აგრეთვე თქვეს, რომ მათთვის სირცხვილია იმის ყურება, თუ როგორ მოვიდნენ ფრანკები დიდი და საშიშროებით სავსე ზღვის გავლით ზღვისგადაღმა მხარეებიდან, დედამიწის უკიდურეს განაპირას მდებარე ქვეყნებიდან და აიღეს ასე კარგად გამაგრებული ქალაქი (დამიეტე) ხანგრძლივი ალყის შემდეგ, როდესაც თვითონ, ვისთვისაც გაცილებით ადვილია ურწმუნოებთან ბრძოლა, არ იპყრობდნენ დამასკოს ან სხვა რომელიმე განთქმულ ქალაქს“.[94]
ამრიგად, ქართველები აიუბიანთა დამასკოზე ან მუსლიმთა სხვა რომელიმე სამფლობელოზე შეტევას გეგმავდნენ[95]. მართალია, ქართველებს არ მიუღიათ უშუალო მონაწილეობა ჯვაროსნების მიერ დამიეტის აღებაში, მაგრამ ისინი, გარდა იმისა, რომ პარალელურად მუსლიმთა სხვა სიმაგრეების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობენ, ერთგვარ მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ ჯვაროსნებს.
ლაშა-გიორგის მიერ გამოხატული ჯვაროსნების დახმარების სურვილი ვერ განხორციელდა: საქართველოში მონღოლები შემოიჭრნენ. როგორც რუსუდან მეფისა და ივანე ათაბაგის მიერ რომის პაპისათვის 1223 წელს გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, გიორგი მონღოლთა შემოსევების წინ ჯვაროსანთა ომში მონაწილეობისა და „წმინდა ადგილების დასახსნელად ლაშქრობისათვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს მოადგნენ მონღოლები საქართველოს“[96]. საქართველოში მონღოლთა პირველ სასტიკ შემოჭრას ადგილი ჰქონდა 1220 წელს[97]. მათთან ბრძოლაში ლაშა-გიორგი 1223 წელს[98] გარდაიცვალა[99].
ქართული სამეფოს საზღვრები სულ უფრო ფართოვდებოდა. ბერნარდ ჰამილტონის აზრით, 1209 წელს თამარის მიერ ყარსის შემოერთებიდან „ორი წლის შემდგომ პაპი ინოკენტი მესამე მიმართავს მას [her ანუ თამარს, დ.თ.] ჯვაროსნებისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით”[100]. პიტერ ჰალფტერის აზრით კი, პაპმა ინოკენტი მესამემ წერილი მისწერა არა თამარს, არამედ მის შვილს, ახალგაზრდა ლაშა-გიორგის[101], რადგან შუა საუკუნეებში 16 წლის ვაჟი უკვე ზრდასრულად ითვლებოდა.
ანტიოქიის ლათინი პატრიარქის წარმომადგენლები პაპ ინოკენტის ატყობინებენ ლაშა-გიორგი მეოთხის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ, რომლის მიზანი იყო ჯვაროსნების დახმარება. როგორც ჩანს, ანტიოქიის ლათინმა პატრიარქმა ამის შესახებ იმ ქართველი ბერებისგან შეიტყო, რომლებიც ანტიოქიის საგრაფოს ტერიტორიაზე არსებულ ქართულ მონასტრებში ცხოვრობდნენ. შედეგად რომის პაპი ქართველ მონარქს ანტიოქიის ლათინი პატრიარქის მეშვეობით უგზავნის წერილს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ანტიოქიის ლათინი პატრიარქის იურისდიქციაში იყო, როგორც ანტიოქიის ტერიტორიაზე არსებული ქართული მონასტრები, ისე მცხეთის კათედრაც ამ პერიოდში (უფრო კონკრეტულად 1239 წლამდე)[102].
რუსუდანის, ივანე მხარგრძელისა და გიორგი ბრწყინვალეს მზაობა
მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა პაპმა ჰონორიუს მესამემ 1223 წელს გამოაცხადა. იმპერატორი ფრიდრიხ ბრწყინვალე (Friedrich II Hohenstaufen, 1194-250) 1225 წელს სალაშქროდ ემზადებოდა. თუმცა მან პაპისვე ნებართვით წმინდა მიწაზე გამგზავრება 1227 წლამდე გადადო. ამ დროისთვის, როგორც ვიცით, საქართველოს ლაშა-გიორგის და, რუსუდანი მართავს. 1223-1224 წლებისთვის რუსუდანი ქალაქ ანისის დიოფიზიტ ეპისკოპოსს დავითს რომში აგზავნის წერილით, რომელშიც პაპს ბოდიშს უხდის, რომ მისმა ძმამ ვერ შეძლო[103] დახმარების აღმოჩენა. რუსუდანი პაპ ჰონორიუს მესამეს წერდა:
„დამიეტში მყოფის თქვენის ელჩისგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება თქვენც შეიტყეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენს ერსა და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი…“[104]
ეპისკოპოს დავითს ამ წერილთან ერთად მეორე წერილიც გაატანეს, რომლის ავტორიც ამირსპასალარი (მხედართმთავარი) ივანე მხარგრძელი იყო. ეს უკანასკნელიც გამოხატავდა მწუხარებას მონღოლთა პირველი შემოჭრით განპირობებული დაბრკოლების გამო, თუმცა იქვე აღნიშნავდა:
„აწ გაუწყებთ, რომ თქვენს ბრძანებას ველით და მზათ გახლავართ მთელის ჩვენის ძალით წავიდეთ ქრისტიანების შესაწევნელად. მე თვით მზად ვარ წმინდა ადგილების დასახსნელად წავიდე ორმოცი ათასი მეომრით, სადაც თქვენ ისურვებთ. მზგავსადვე გაუწყებთ, რომ როგორც მე, ეგრეთვე ჩვენის ქვეყნის ყველა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა“[105].
პაპმა ორივე წერილს უპასუხა. რუსუდანისადმი მიმართულ წერილში პაპი აღნიშნავს, რომ ყველა ვინც ამ „წმინდა საქმეში“ მიიღებს მონაწილეობას და პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუწყობს ჯვაროსნებს, ცოდვათა მიტევება და ყველა ის წყალობა და პრივილეგია გადაეცემათ, რომელიც 1215 წლის ლატერანის მეოთხე კრებამ მიანიჭა ჯვაროსნებს. მხედართმთავარ ივანესადმი გამოგზავნილ პასუხში პაპი მასაც უწონებს მზაობას წმინდა მიწის განთავისუფლებისთვის.
ჯვაროსნული ლაშქრობა შეყოვნდა. ფრიდრიხმა მხოლოდ 1227 წლის აგვისტოში მოახერხა აღმოსავლეთამდე მოსვლა. ამ დროისთვის ჯალალ-ედ-დინის ლაშქარი უკვე იყო საქართველოში შემოჭრილი. აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლებთან მარცხის შემდეგ ივანე მხარგრძელის ხელმძღვანელობით სამეფო ტახტი ქუთაისში გადადის (დასავლეთ საქართველოში მონღოლებმა ვერ შეძლეს შესვლა). ჯალალ ედ-დინმა, დაიპყრო რა თბილისი 1226 წელს, საკმაოდ სასტიკი აღმოჩნდა ქართველი ქრისტიანებისადმი. 1227 წელს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს იმისათვის, რომ მათ უარი თქვეს ხატების შეურაცხყოფაზე.
1236 წელს მონღოლები კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში და უფრო მეტი სისასტიკით დაიწყეს მოსახლეობის ჟლეტა (ქალებისა და ბავშვების ჩათვლით). სწორედ, ასეთი გაუსაძლისი ვითარების შემდგომ წერს დედოფალი რუსუდანი ხელმეორედ წერილს, ამჯერად, პაპ გრიგოლ მეცხრეს. რუსუდანის მეორე წერილი ჩვენამდე არ შემორჩენილა, მაგრამ პაპის პასუხიდან ჩანს, რომ რუსუდანი მას მონღოლთა წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს. პაპი თავის საპასუხო წერილში (1240 წ.), აღნიშნავდა, რომ მისი არმიაც მძიმე ვითარებაშია, რადგან „სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდეთ ჩვენს მხედრობას“[106].
1240 წლისთვის მონღოლებს უკვე მთლიანად ჰქონდათ დაპყრობილი აღმოსავლეთ საქართველო, მათთან მეფე რუსუდანმა 1242 წელს ზავი გააფორმა, ხანის ვასალობა აღიარა და ხარკის გადახდის ვალდებულება აიღო.
ზოგჯერ ქართველი მონარქები საყვედურობდნენ კიდეც ევროპელ ლიდერებს ჯვაროსნული ექსპედიციების გადაფიქრებისთვის ან გადადებისთვისაც კი. მაგ., მეფე გიორგი ბრწყინვალე (1286-1346) საფრანგეთის მეფე ფილიპე VI-ს წერდა:
„საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ (საბრძოლველად), მაგრამ (საქმე ისაა, რომ) შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა (ითრევენ რა, მათ (ე.ი. აღმოსავლეთის მეფეებს) ამ მტანჯველ ომში (მარტოდ). ამგვარად, (გთხოვთ) თქვენ დაადგინოთ (გადაწყვიტოთ), როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც (იქ) მიხილავთ, თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი ჯარისკაცით”[107].
დასკვნა
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დავით აღმაშენებლის დროს ქართველებისა და ლათინი ჯვაროსნების ურთიერთობებს არასისტემური მოკავშირეობითი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის დროს ეს ურთიერთობა თანმიმდევრულ და გააზრებულ პოლიტიკურ სახეს იძენს. თუმცა ერთია მოკავშირეობის ძლიერი სურვილი და მეორე მისი იდეალური პრაქტიკული განხორციელება. ალბათ, სწორედ ამის გამო აღნიშნავდა ჰამილტონი, რომ მე-12-13 საუკუნეებში ქართველ მონარქებსა და ჯვაროსნებს ბუნებრივია „სურდათ“ მოკავშირეობა მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ, მაგრამ ეს „არაპრაქტიკული აღმოჩნდა“.[108] ამის მიზეზად ავტორი ასახელებს კონსტანტინეპოლზე გამავალ საზღვაოსნო გზას, რომელიც ერთადერთი საშუალება იყო ქრისტიანი მეომრებისთვის, რადგან სახმელეთო გზები აღმოსავლეთ ანატოლიის მუსლიმი მმართველების ხელში იყო მოქცეული. სწორედ ამის გამო, კოორდინირებული სისტემატური სამხედრო მოქმედებები „თითქმის“ შეუძლებელი შეიქნა.
გარკვეული ქმედებების ერთობლივი განხორციელების ხშირი შეუძლებლობის მიუხედავად, ფაქტია, რომ ჯვაროსნებსა და ქართველებს შორის ინფორმაცია ინტენსიურად მიმოიცვლებოდა. ერთი საყურადღებო ცნობის სათანადო გაანალიზებით, მკვლევარმა მამუკა წურწუმიამ ეს კარგად აჩვენა. კერძოდ, საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შესახებ ცნობების ასახვის საფუძველზე ფულხერიუს შატრელის ქრონიკაში.[109] ამრიგად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარეს შესანიშნავად ეცოდინებოდა ერთმანეთის მისწრაფებები და განზრახვები.
ჯვაროსნებთან მოკავშირეობის სურვილს ქართველები მომდევნო საუკუნეებშიც გამოხატავდნენ. მე-15 საუკუნეში, როდესაც ჯვაროსნული მოძრაობის მიზნები და მთავარი ორიენტირი წმინდა მიწიდან ეგეოსის რეგიონისა და მცირე აზიისაკენ გადაიხარა, საქართველოს, როგორც პოტენციური მოკავშირის საკითხი, არც ახლა კარგავდა აქტუალობას. მაგ., 1459 წელს საქართველოში ჩამოდის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელიც აქტიურად ცდილობდა ამ მხრივ ქართველების ანტიოსმალურ კოალიციების მოძრაობაში ჩაბმას.[110] „მტრის წინააღმდეგ საერთო მიზანმა ქართველი მეფე-მთავრები შეაკავშირა და მათ უფრო ფართო გეგმაც წარმოადგინეს“[111]. ამ მიზნისთვის ქართველები მზად იყვნენ შემდეგი რაოდენობის სამხედრო ძალები გამოეყვანათ: თავად გიორგი მეფეს 40,000 ცხენოსანი, სამეგრელო-აფხაზეთის მთავარ ბედიანს დაახლ. 10,000, ყვარყვარე სამცხის მთავარს 20,000 გურიის მთავარს მამიას და ანაკოფიის ერისთავს კი თავ-თავიანთი ჯარი[112].
1453 წელს ოსმალთა მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ პაპი ცდილობდა ჯვაროსნების გაგზავნას აღნიშნული ქალაქის დასაბრუნებლად. ქართველი მეფე გიორგი მერვემ (1446-1465) და იმპერატორმა დავით ტრაპიზონელმა (1458-1461) მოიწონეს ეს განზრახვა, რომელიც „ვერ განხორციელდა ადეკვატური დასავლური დახმარების ნაკლებობის გამო“.[113]
ქართველები შემდგომ პერიოდშიც ზრუნავენ წმინდა მიწის განთავისუფლებაზე: მაგ., 1587 წელს ქართლის მეფე სიმონ პირველი რომის პაპ სიქსტუს მეხუთეს წერილს უგზავნიდა, რომელშიც მათ მოუწოდებს ჯერ კონსტანტინეპოლის და შემდგომ იერუსალიმის განთავისუფლებას თურქთაგან[114]. ასევე ცნობილია 1495 წელს ქართლის მეფე კონსტანტინეს მიერ ესპანეთის დედოფალ იზაბელასთვის[115] იგივე შინაარსის წერილის გაგზავნის ფაქტი.
შენიშვნები:
[1] სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში: Tinikashvili, David. “Georgia and Crusaders: Political and Military Alliance”, The Catholic Historical Review, 110:4, 2024, pp. 656-681. წინამდებარე ქართული თარგმანი ოდნავ გავრცობილია და მის სქოლიოებში დამატებულია რამდენიმე ახალი წყარო (კერძოდ, გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფია (1995) და სტატია (2023), პიტერ გოლდენისა (1984) და მიქელ კურშანსკის (1977) სტატიები), რომელთა მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდი კოლეგას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს, ისტორიკოს ბექა კვაჭაძეს. გამორჩეულად მადლიერი ვარ აგრეთვე ჩემი სხვა კოლეგის, დამოუკიდებელი მკვლევრის, იოანე კაზარიანისა, რომელთან თანაავტორობითაც ათი წლის წინ გამოვაქვეყნე სტატია ამავე თემაზე („ჯვაროსნები და საქართველო: კრიტიკული მიდგომა ქართული ისტორიოგრაფიისადმი“, კადმოსი: ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი 6, 2014, გვ. 7-30), რომელში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება საფუძვლიანადაა გადახედული და კორექტირებული წინამდებარე ნაშრომში.
[2] ჯავახია, ბეჟან. „ჯვაროსანთა ეპოქის ლათინური წყაროები საქართველოს შესახებ“, გივი ჟორდანია 90. რედ.: როინ მეტრეველი. თბ., 2001, გვ. 232.
[3] დე ვიტრის ამ ცნობის თარგმანი ეკუთვნის ალექსანდრე მიქაბერიძეს, იხ. კრებული: მიქაბერიძე, ალექსანდრე (რედ.). ქართველები უცხოელთა თვალით XV-XVII საუკუნეები. (150 ამბავი). გამოსაცემად მოამზადა ალექსანდრე მიქაბერიძემ. თბ., არტანუჯი 2018, გვ. 5-6. (მართალია, ალექსანდრე მიქაბერიძის ეს კრებული არ ითვლება აკადემიურ გამოცემად, მაგრამ ვინაიდან მასში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცნობა ქართულად პირველად ქვეყნდება, აღნიშნული გამოცემის ღირებულება ბევრად იზრდება). ჟაკ დე ვიტრის შვიდი წერილი 2015 წელს ითარგმნა და გამოიცა ვრცელი კომენტარებით: გოგოლაძე, ანდრო, თეა წითლანაძე, თეა ქარჩავა, ნიკოლოზ სილაგაძე. საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით. თბ., მერიდიანი 2015, 352გვ. (ზემოთდამოწმებული პასაჟი იხ. გვ. 106). ციტირებული წერილის ლათინური ორიგინალი, იხ.: Jacobi de Vitriaco. “Historia Hierosolymitana”. Gesta Dei per Francos, sive, Orientalium expeditionum et regni Francorum Hierosolomitani historia. Ed. J. Bongars. Hannoviae, 1611, T. 1. დე ვიტრის წერილის სხვა ქართული თარგმანი იხ.: „აკრის ეპისკოპოს იაკობ დე ვიტრის ცნობა ქართველების ურთიერთობების შესახებ მუსლიმებთან და უფლებრივ პრივილეგიებზე წმინდა მიწაზე (XIII ს–ის პირველი მეოთხედი)“, ქართული დიპლომატიის ისტორია. თბ., 2004, გვ. 185-186.
[4] Anselli Cantoris S. Sepulcri Epistola ad Ecclesiam Parisiensem, MPL, vol. 162, Col. 729-732. წერილის ქართული თარგმანი იხ.: იერუსალიმელი მეფსალმუნის ანსელუსის წერილი ეპისკოპოს გალონისადმი დავით აღმაშენებლის ნაქონი ჯვრის შეძენისა და პარიზში გაგზავნის შესახებ (1108წ.), მეტრეველი, როინ (რედ.). ქართული დიპლომატიის ისტორია. ქრესტომათია. თბ., 2004, გვ. 110-111. იხ. ასევე: ავალიშვილი, ზურაბ. „ერთი ჯვარის გარშემო“, მისივე კრებულში: ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი). თბ., საბჭოთა საქართველო 1989, გვ. 18; Hamilton, Bernard. “Latins and Georgians and the Crusader Kingdom”, Al-Masaq: Islam and the Medieval Mediterranean, Vol. 23, No. 2, 2011, p. 120.
[5] ლათინურად: Guilelmus de Tyro, ინგლისურად: William of Tyre, 1130-1190 წწ. ჯვაროსნული ომების ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიკოსად მიჩნეული გიიომი 1174 წელს მეფე ბალდუინმა იერუსალიმის სამეფოს კანცლერად დანიშნა. უილიამი იერუსალიმის პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატიც ყოფილა, რომელიც იერუსალიმში გარდაიცვალა. მის მიერ დაწერილი ქრონიკის სავარაუდო სათაური იყო „ზღვისგაღმა ქვეყნების ამბავთა ისტორია“ (Historia rerum in partibus transmarinis gestarum) ან „საღვთო ომის ისტორია“ (Historia belli sacri). ქართველების შესახებ ცნობა მოთავსებულია ნაშრომის მეთერთმეტე თავში.
[6] თვარაძე, ალექსანდრე. „იბერები გიიომ ტიროსელის ქრონიკაში“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები 9, 2008, გვ. 185. (წყაროს ინგლისური თარგმანი იხ.: William Archbishop of Tyre. A History of Deeds done beyond the sea. Vol. 1. Transl. E. A. Babcock / Ed. A. C. Krey. New-York: Columbia University Press 1943, გვ. 489-490).
[7] The Journey of William of Rubruck to the eastern parts of the world, 1253-55, as narrated by himself, with two accounts of the earlier journey of John of Pian de Carpine. Translated from the Latin, and edited with an introductory notice, by William Woodville Rockhill. Nendeln: Kraus Reprint, 1967, p. 39.
[8] ჯავახია, ბეჟან. „ცნობები საქართველოსა და ქართველების შესახებ შუა საუკუნეების დასავლეთევროპულ მოგზაურთა წიგნებში (ბენედიტე პოლონელი, ჟან დე მანდევილე)“, საისტორიო კრებული (წელიწდეული). თბ., 2011, გვ. 175. დენის პრინგლის ნაშრომში აღნიშნულია, რომ ქართველებს გეორგიანელები “ეწოდებათ არა მათი თაყვანისცემის გამო წმინდა გიორგისადმი, არამედ იმის გამო, რომ ისინი ქართველთა (გეორგიანთა) სამეფოდან არიან“ (Pringle, Denys. Churches, castles and landscape in the Frankish East. Farnham: Ashgate 2013, Article No. II, p. 163).
[9] გელაშვილი, გია, მზია მგალობლიშვილი, გიორგი პაიჭაძე. „საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინები ევროპულ ენებში“, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. თბ., მეცნიერება 1993, გვ. 302.
[10] ვენსან დე ბოვეს ცნობა საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობის შესახებ (მე-13 საუკუნის პირველი მეოთხედი), ქართული დიპლომატიის ისტორია. ქრესტომათია. თბ. 2004, გვ. 187.
[11] ფრანგი რაინდის დე ბუას წერილი ბეზანსონის არქიეპისკოპოსის ამედე დე ტრემლესადმი (1211წ.), ქართული დიპლომატიის ისტორია. ქრესტომათია. თბ., 2004, გვ. 184-5. (რედ. შენიშვნა: დე ბუას წერილის დედანი ინახება პარიზის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. პუბლიკაცია იხ. ზ. ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან. თბ., 1989).
[12] აღნიშნული ცნობების გაცნობა შესაძლებელია, მაგ., შემდეგ ნაშრომებში: მიქაბერიძე, ალექსანდრე (რედ.). ქართველები უცხოელთა თვალით XV-XVII საუკუნეები. (150 ამბავი). გამოსაცემად მოამზადა ალექსანდრე მიქაბერიძემ. თბ., არტანუჯი 2018, 266გვ.; საქართველო უცხოელთა თვალით XV-XVII სს. (150 ამბავი). გამოსაცემად მოამზადა ალექსანდრე მიქაბერიძემ. თბ., არტანუჯი 2018, 256გვ.
[13] „ცხორებაი მეფეთ–მეფისა დავითისი“ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი პირველი, თბ., 1955, გვ. 325-6. ასევე იხ.: „ცხორებაი მეფეთ–მეფისა დავითისი“, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ. თბ., მეცნიერება 1992, გვ. 168.
[14] ჯაფარიძე, გოჩა. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში. თბ., მეცნიერება 1995, 350გვ.
[15] ჯაფარიძე, გოჩა. „სოსო მარგიშვილი. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ: რეცენზია“, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები 16, 2017, გვ. 391.
[16] ჯაფარიძე, გოჩა. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო. თბ., მეცნიერება 1995, გვ. 24.
[17] ჯაფარიძე, სოსო მარგიშვილი: რეცენზია, გვ. 393.
[18] ლორთქიფანიძე, მარიამ. „დიდგორის ბრძოლა“, მარიამ ლორთქიფანიძე. რჩეული ნაწერები. წიგნი პირველი. თბ., მერიდიანი 2016, გვ. 474.
[19] უფრო ვრცლად, საქართველოში ყივჩაღებთან დაკავშირებით, იხ.: Golden, Peter. “Cumanica I: The Qipčaqs in Georgia”, Archivium Eurasiae Medii Aevii 4, 1984, pp. 45-87.
[20] Galterii Cancellarii. Bella Antiochena, hg. von H. Hagenmeyer. Innsbruck, 1896, გვ. 113. (გოტიეს ეს ცნობა იხ. ასევე ქართულ ენაზე: „ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიე დიდგორის ბრძოლის შესახებ (1121წ.)“, ქართული დიპლომატიის ისტორია. ქრესტომათია. თბ. 2004, გვ. 155).
[21] ჯაფარიძე, გოჩა. „ნაჯმ ად–დინ ილ–ღაზი“, დავით აღმაშენებელი: სტატიების კრებული. რედ.: როინ მეტრეველი. თბ., მეცნიერება 1990, გვ. 217. (ავტორი სქოლიოში ასახელებს ხსენებულ ისტორიკოსთა ნაშრომებს).
[22] «և Ֆըռանկ՝ հարիւր», იხ.: Պատմութիւն Մատթէոսի Ուռհայեցւոյ. Յերուսաղէմ, (=„და ფრანგთა ასი“, მათე ურჰაელის ქრონოგრაფია. იერუსალიმი). 1869, გვ. 438. მიუხედავად იმისა, რომ მათე ედესელი გარკვევით წერს 100 ფრანკის შესახებ, ირაკლი ბერაძე, ეყრდნობა რა ამავე მათე ედესელს, 1,000 ფრანკი მეომრის შესახებ წერს (ბერაძე, ირაკლი. “საქართველოსთან ჯვაროსნების ურთიერთობის საკითხისათვის“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) შრომები, ტ. 87, 1960, გვ. 292).
[23] ავალიშვილი, ზურაბ. „გარშემო ერთის ომისა“, მისივე კრებულში: ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი). თბ., საბჭოთა საქართველო 1989, გვ. 46. გოტიეს წერილი იხ. ასევე ახალ გამოცემაში: „ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიე დიდგორის ბრძოლის შესახებ (1122წ.)“, ქართული დიპლომატიის ისტორია. ქრესტომათია. თბ. 2004, გვ. 156; იხ. პირველწყარო: Walter the Chancellor, The Antiochene War, bk. II, c. 16, trans. Thomas Asbridge and Susan Edgington [Crusade texts in translation 4]. Aldershot: Ashgate 1999, p. 169, ციტირ.: Hamilton, Bernard. “Latins and Georgians and the Crusader Kingdom”, Al-Masaq: Islam and the Medieval Mediterranean, Vol. 23, No. 2, 2011, p. 120.
[24] Смбат Спарапет. Летопись. Перевод с древнеармянского предисловия и примечания А. Г. Галстяна. Ереван 1974, с. 83.
[25] Tsurtsumia, Mamuka. “A Georgian Monk – Steward of a Crusader King: Georgian-Frankish Relations in the Twelfth Century”, Crusades 21:1, 2022, pp. 39, 43.
[26] მარგიშვილი, სოსო. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. თბ., სიესტა 2006, გვ. 110.
[27] მარგიშვილი, მითები და რეალობა, გვ. 112.
[28] მარგიშვილი, მითები და რეალობა, გვ. 112.
[29] „ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი“, ქართლის ცხოვრება, ტომი პირველი, თბ., 1955, გვ. 325-6.
[30] მეტრეველი, როინ. დავით IV აღმაშენებელი. თბ., 1986, გვ. 292.
[31] Tyerman, Christopher. The Debate on the Crusades. Manchester: Manchester University Press 2011, p. 77.
[32] ქართლის ცხოვრება, I, გვ. 360, ციტირ: კოპალიანი, ვახტანგ. „საქართველოს ურთიერთობა ჯვაროსნებთან და ბიზანტიასთან (მე-11-12 საუკუნეთა მიჯნა)“, თსუ შრომები 125, 1968, გვ. 100.
[33] მარგიშვილი, მითები და რეალობა, გვ. 113.
[34] ჯაფარიძე, სოსო მარგიშვილი: რეცენზია, გვ. 399.
[35] მარგიშვილი, მითები და რეალობა, გვ. 112-113.
[36] პაპასქირი, ზურაბ. „დიდგორის ეპოპეის პირუთვნელი მატიანე შოთა მესხიას ‘ძლევაი საკვირველი’“, წიგნში: შოთა მესხია. ძლევაი საკვირველი: დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერთება. თბ., თსუ უნივერსიტეტის გამომცემლობა 2016, გვ. 29.
[37] სამუშია ჯაბა. „რამდენიმე მოსაზრება სოსო მარგიშვილის ნაშრომის შესახებ: რეცენზია“, მესხეთი: საისტორიო კრებული, 10, 2008, გვ. 160.
[38] სამუშია, სოსო მარგიშვილი: რეცენზია, გვ. 161.
[39] სამუშია, ჯაბა. დიდგორის ბრძოლა: ძლევაი საკვირველი. თბ., პალიტრა ელ 2021, გვ. 57-60.
[40] Hamilton, Latins and Georgians, p. 123.
[41] სხვათა შორის, მარი ბროსეს აზრით, მათე ედესელის მიერ ნახსენები „ფრანგები“ ვარანგები იყვნენ (Brosset, M. Historie de la Georgie, I, 1849, 229).
[42] „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ქართლის ცხოვრება. რედ.: როინ მეტრეველი. თბ., არტანუჯი 2008, გვ. 440.
[43] კოპალიანი, ვახტანგ. „საქართველოს ურთიერთობა ჯვაროსნებთან და ბიზანტიასთან (მე-11-12 საუკუნეთა მიჯნა)“, თსუ შრომები 125, 1968, გვ. 96.
[44] ქურდაძე, ლელა. „პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში საქართველოს მონაწილეობის ზოგიერთი საკითხისათვის“, შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები 4, 2002, გვ. 167.
[45] წურწუმია, მამუკა. „პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და ქართველები“, მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია 1, 2017, გვ. 60.
[46] სამუშია, ჯაბა. დიდგორის ბრძოლა: ძლევაი საკვირველი. თბ., პალიტრა ელ 2021, გვ. 59.
[47] სამუშია, დიდგორის ბრძოლა, გვ. 57-60. სხვათა შორის, სოსო მარგიშვილს თავის წიგნში საერთოდ არ აქვს განხილული ფულხერიუსის ეს მნიშვნელოვანი წყარო (იხ. ჯაფარიძე, გოჩა. სოსო მარგიშვილი: რეცენზია, გვ. 399).
[48] Fulcherii Carnotensis. Historia Iherosolymitana – Recucil des historiens des croisades. T. III, Paris 1866, გვ. 337-338. ფულხერიუს შარტრელის (იგივე ფულხერიუს კარნოტელის) ეს ცნობა პირველად ცნობილი გახდა შემდეგი პუბლიკაციით: სტეფნაძე, მაია. „ქართველთა მდგომარეობა იერუსალიმის წმინდა მიწაზე VII-XVII საუკუნეთა საერთაშორისო აქტების მიხედვით“, ქართული დიპლომატია 5, 1998, გვ. 439. აღნიშნული ცნობა დამოწმებულია ასევე სხვა ქართველი ავტორების პუბლიკაციებში (მაგ.: კეკელია, ვლადიმერ. “იაკობის მონასტრის საკითხი და ჯვაროსანთა ურთიერთობა ქართულ–სომხურ კოლონიებთან იერუსალიმის წმინდა მიწაზე მე-12 საუკუნეში”, ქართული დიპლომატია 11, 2004, გვ. 65-66). ფულხერიუს შარტრელის ნაშრომის ინგლ. გამოცემა იხ.: Fulcher of Chartres. A history of the expedition to Jerusalem, 1095-1127. Translated from Latin into English by Frances Rita Ryan. Knoxville: University of Tennessee Press, 1969, p. 88.
[49] Jaspert, Nikolas. „Eleventh-Century Pilgrimage from Catalonia to Jerusalem: New Sources on the Foundations of the First Crusade”, in: Crusades, vol. 14. Edited by N. Chrissis, B. Kedar, J. Phillips. Ashgate 2015, pp. 4-5; Jean Richard. The Crusades, c. 1071 – c. 1291. Trans. By Jean Birrell. Cambridge 1999, p. 402.
[50] Sigebert von Gembloux. Chronica, Monumenta Germaniae Historica. Scriptores, b. 6, ed. Ludvig Konrad Bethmann, Hanover 1844, p. 367; Ekkehardi, Hierosolymita, Recueil des historiens des croisades. Historiens occidentaux, t. 5, Paris 1895, pp. 16, 37-38.
[51] წურწუმია, მამუკა. „პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა და ქართველები“, მაცნე: ისტორიის არქეოლოგიის ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1, 2017, გვ. 53-57.
[52] პაპაშვილი, მურმან. საქართველო–რომის ურთიერთობა (VI-XX სს.). თბ., 1995, გვ. 74.
[53] მეტრეველი, როინ. დავით აღმაშენებელი. თბ., 1990, გვ. 295.
[54] Aboul-Faradj (=Bar Hebraeus). Chronography. Translated from Syriac by E. A. Wallis Budge (London, 1932). (ინგლისური თარგმანის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://rbedrosian.com/BH/bh31.htm (22.10.2013).
[55] Aboul-Faradj. Chronography…, http://rbedrosian.com/BH/bh33.htm (22.10.2013).
[56] იამანიძე, მანანა. საქართველო ფრანგულ მოგზაურულ ლიტერატურაში (XIII-XVIII სს.). თბ., 2006, გვ. 122.
[57] ბერაძე, ირაკლი. „საქართველოსთან ჯვაროსნების ურთიერთობის საკითხისათვის“, თსუ შრომები, ტ. 87, 1960, გვ. 289.
[58] ბადრიძე, შოთა. საქართველო და ჯვაროსნები. თბილისი, 1973, გვ. 20-21.
[59] La Descriptio Mappe Mundi de Hugues de Saint-Victor, ed. P. Gautier-Dalche. Paris, 1988, 56, ციტირ.: Hamilton, Latins and Georgians, p. 120.
[60] Hamilton, Latins and Georgians, p. 120, 121. რომის პაპების შემდგომდროინდელი კონტაქტები საქართველოს მეფეებთან ადასტურებს, რომ დასავლელ ქრისტიანებს საქართველოს დახმარების იმედი ჰქონდათ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ამრიგად, გადაჭარბებულია ს. მარგიშვილის მიერ იმის წარმოჩენის დაჟინებული მცდელობა, რომ საქართველო არასოდეს (არც დავითის, არც თამარის და არც რუსუდანის დროს) არ განიხილებოდა ლათინი ჯვაროსნების მოკავშირედ ჯვაროსნული ლაშქრობების დროს (იხ.: მარგიშვილი. ს. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ. თბ., 2006, გვ. 104-114).
[61] Richard of Poitou. Chronica, ed. G. Waitz [Monumenta Germaniae Historica Scriptores. Vol. XXVI], Hanover: Hahnsche Buchhandlung, 1882, p. 84, ციტირ.: Hamilton, Latins and Georgians, p. 121.
[62] მარგიშვილი, მითები და რეალობა, გვ. 104-114.
[63] მესხია, შოთა. საისტორიო ძიებანი. ტომი მესამე. თბ., 1986, გვ. 68-69; შოთა მესხია, დიდგორის ბრძოლა. 1974, გვ. 61.
[64] ნატროშვილი, თამაზ. მაშრიყით მაღრიბამდე. თბ., „ნაკადული“ 1991, გვ. 22.
[65] ბერაძე, ირაკლი. „საქართველოსთან ჯვაროსნების ურთიერთობის საკითხისათვის“, თსუ შრომები: ისტორიულ მეცნიერებათა სერია 87, 1960, გვ. 298. ავტორი სტატიაში აცხადებს, რომ შეუძლებელი იყო ბალდუინ მეორე საქართველოში 1119 წელს ჩამოსულიყო, რადგან ის 1118 წლამდე მეფობდა და ამ დროის შემდეგ ცოცხალი აღარაა (იხ. გვ. 298). მაგრამ, როგორც ცნობილია, ბალდუინ მეორე 1118 წლამდე ედესის საგრაფოს მეთაურობს, ხოლო 1118 წლიდან თავის სიკვდილამდე ანუ 1131 წლამდე იერუსალიმის სამეფოს მეფეა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ მომდევნო გვერდზე ავტორი საპირისპიროს წერს: „იონე ბატონიშვილის ცნობა იერუსალიმის მეფის ქართლში ჩამოსვლის შესახებ შესაძლებლად მიგვაჩნია“ (გვ. 299).
[66] The Ecclesiastical History of Orderic Vitalis. Edited and translated by Marjorie Chibnal. Vol. 6, Book 11. New-York: OUP 1978, p. 123.
[67] ჯაფარიძე, გოჩა. „ორდერიკ ვიტალისის ერთი ცნობის შესახებ“, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კრებული „აღმოსავლეთმცოდნეობა“, 2, თბილისი, 2013, გვ. 208-219. ამ სტატიაში საფუძვლიანად არის გაანალიზებული ეს შემთხვევა.
[68] ასევე ამ ფაქტის შესახებ, რაც ადასტურებს დავითსა და ჯვაროსნებს შორის არსებულ კავშირებს, არაფერს წერს სოსო მარგიშვილი (იხ. ჯაფარიძე, სოსო მარგიშვილი: რეცენზია, გვ. 399).
[69] Röhricht, Rheinhold. Geschichte des Königsreichs Jerusalem (1100-1291). Innsbruck: Verlag der Wagnerschen Universitáts-Buchhandlung, 1898, S. 120. Anm. 3, ციტირ.: ავალიშვილი, ზურაბ. „გარშემო ერთის ომისა“, მისივე კრებულში: ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი). თბ., საბჭოთა საქართველო 1989, გვ. 48.
[70] წურწუმია, მამუკა. “დავით მეოთხე იერუსალიმის მეფის პანეგირიკში”, ისტორიანი: სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 80 წლისთავისადმი. თბ., 2019, გვ. 181. (პანეგირიკის ტექსტის პირველი სრული ქართული თარგმანი აღნიშნულ პუბლიკაციაში იხ. 180-185-ე გვერდებზე).
[71] წურწუმია, “დავით მეოთხე იერუსალიმის მეფის პანეგირიკში”, გვ. 190. მკვლევრის შენიშვნით, ვინაიდან პანეგირიკის მიხედვით დავითი ხშირად უგზავნიდა ამ ინსიგნიებს და ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ამიტომ ამ ინსიგნიებში ვერ ვიგულისხმებთ სამეფო სიგელებს, გერბებს და ბეჭდებს, რადგან ბალდუინ პირველი დავით მეოთხეზე დაქვემდებარებული ან მისი ვასალი არ ყოფილა, ქართველთა მეფისგან სამეფო სიგელები, გერბები და ბეჭდები მრავალგზის რომ მიეღო და, მითუმეტეს, ამ ფაქტს ბალდუინის განსადიდებლად არ გამოიყენებდნენ [პანეგირიკის საშუალებით, დ.თ.]“ (გვ. 189).
[72] უცნობი ავტორი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი [ცხოვრება წმინდა მეფე თამარისი]“, კრებულში: ქართლის ცხოვრება. ტექსტები ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე გადმოიტანეს და კომენტარები დაურთეს მაია რაფავამ და გიორგი მაჭარაშვილმა. თბ., ახალი ივერონი 2012, გვ. 17. აღნიშნული ციტატა ძველქართულად იხ. შემდეგ გამოცემაში: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ქართლის ცხოვრება. რედ.: როინ მეტრეველი. თბ., არტანუჯი 2008, გვ. 398. იხ. ამ მატიანის გერმანული თარგმანი: Chroniken der georgischen Königin Tamar, Ausdem Georgischen von Surab Sardshweladse und Heinz Fähnrich, Aachen, 2004, S. 27.
[73] მენაბდე, ლევან. ძველი ქართული მწერლობის კერები. ტომი მეორე, თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1980, გვ. 94-95.
[74] მეტრეველი, ელენე. „ჯვრის მონასტრის კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი ჯვაროსანთა მოსახსენებლებით“, მეტრეველი, ელენე. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. ნაკვეთი 1, თბ., არტანუჯი 2007, გვ. 277.
[75] მეტრეველი, ჯვრის მონასტრის კიდევ ერთი, გვ. 280.
[76] Burgtorf, Jochen. The Central Convent of Hospitallers and Templars: History, Organization, and Personnel (1099/1120-1310). Leiden: Brill 2008, pp. 532-533.
[77] თოიძე, ზინაიდა. „ტამპლიერების ორდენის დამოკიდებულობა საქართველოსთან“, საისტორიო ალმანახი „კლიო“ 27, 2005, გვ. 165; მეტრეველი, ელენე. „იერუსალიმის ერთი ხელნაწერი (მეცნიერული აღწერილობის ცდა)“, აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. 15-B, თბ., 1948, გვ. 37-48; ელენე მეტრეველი პირველი ქართველი მკვლევარია, რომელმაც ამ ხელნაწერში დაცული მოსახსენებლები მაქსიმალური სიზუსტით შეისწავლა. აღნიშნული თემაზე წერდა იოანე კაზარიანი (იხ.: Крестоносцы и Грузия (XII-XIII вв.), 4 апреля 2010, http://deusvult.ru/66-krestonostsy-i-gruziya.html (25.12.2010) და მამუკა წურწუმია: Tsurtsumia, Mamuka. “Commemorations of crusaders in the manuscripts of the monastery of the holy cross in Jerusalem”, Journal of Medieval History 38:3, 2012, pp. 318-334. ჯვაროსნების მოსახსენებლების დაზუსტებული ტექსტები ორივე ქართულ ხელნაწერში გამოქვეყნებული აქვს ვლადიმერ კეკელიას, იხ.: ვლადიმერ კეკელია. „ქართულ სინოდიკონებში დაცულ ჯვაროსანთა მოსახსენებლების პროსოპოგრაფიული შესწავლის საკითხისთვის“, საისტორიო კრებული 1, 2011, გვ. 390-397. იხ. ასევე მანამდე გამოქვეყნებული სტატიაც: მამუკა წურწუმია. „ჯვაროსანთა მოსახსენებლები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხელნაწერებში“, ქართველოლოგია 6, 2010, გვ. 69-95.
[78] თინიკაშვილი, დავით. „ინტერკონფესიური საერთო ლოცვა და მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები“, ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ტ. 13, 2021, გვ. 281-292.
[79] Halfter, Peter. „Von den Kreuzfahrerstaaten in das Königreich Jerusalem“, Le Muséon, 121, 2008, p. 420.
[80] უცნობი ავტორი. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი [ცხოვრება წმინდა მეფე თამარისი]“, კრებულში: ქართლის ცხოვრება. ტექსტები ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე გადმოიტანეს და კომენტარები დაურთეს მაია რაფავამ და გიორგი მაჭარაშვილმა. თბ., ახალი ივერონი 2012, გვ. 30. აღნიშნული ციტატა ძველქართულად იხ. შემდეგ გამოცემაში: „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ქართლის ცხოვრება. რედ.: როინ მეტრეველი. თბ., არტანუჯი 2008, გვ. 416.
[81] ჟორდანია, გივი. „ვინ იყვნენ ‘მეფენი ჰრომთანი’?“, ლიტერატურული საქართველო 24, 11 ივნისი, 1976, გვ. 4.
[82] იხ. სტატია: კვაჭაძე, ბექა. „ფრიდრიხ VI შვაბიელისა და სხვა მონარქთა ვაჟების თამარზე დაქორწინების საკითხის კრიტიკული გააზრებისათვის“, Scientia: სამეცნიერო ჟურნალი 5, 2024 (იბეჭდება).
[83] ცინცაძე, იასე. ძიებანი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XV საუკუნეები). თბ., 1956, გვ. 67-80.
[84] ვრცლად, ამ საკითხზე იხ. კურშანსკის შემდეგი ფრანგულენოვანი სტატია: Kuršanskis, Michel. “L’Empire de Trébizonde et la Géorgie”, Revue des études Byzantines, tome 35, 1977, pp. 237-256.
[85] ჯავახიშვილი, ივანე. ქართველი ერის ისტორია, ტომი 2, თბ., „პალიტრა L”, 2012, გვ. 365.
[86] ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, გვ. 364.
[87] ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი), ზურაბ. ტრაპიზონის იმპერიის დაარსება. თბ., არტანუჯი 2012, გვ. 95.
[88] ასათიანი, ვალერი. ბიზანტიური ცივილიზაცია. თბ., 2006, გვ. 260.
[89] მაჭარაშვილი, ტრისტან. ნარკვევები საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ურთიერთობების ისტორიიდან (XI-XIV სს.). წიგნი I. თბ., 2009, გვ. 86.
[90] სამუშია, ჯაბა. „XI საუკუნის საქართველო–ბიზანტიის ურთიერთობის ისტორიიდან“, ქართული დიპლომატია 9, 2002, გვ. 661.
[91] ბადრიძე, შოთა. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან. თბ., 1984, გვ. 134.
[92] Halfter, Peter. “Georgien und die Georgier in den abendländischen Geschichtsquellen des hohen Mittelalters”, Le Muséon, 125 (2012), ss. 381-383.
[93] ოლივერ პადერბორნელი ზოგჯერ იხსენიება, როგორც ოლივერ კიოლნელი (Cologne), რადგან სანამ პადერბორნის ეპისკოპოსად აკურთხებდნენ, კიოლნის საკათედრო ტაძარში მსახურობდა და იმავე კათედრალის სკოლაში ასწავლიდა. მოგვიანებით ის საბინას კარდინალი ხდება.
[94] Die Schriften des Kölner Domscholasters, späteren Bischofs von Paderborn und Kardinalbischofs von S. Sabina Oliverus, hrsg. V. Hermann Hoogeweg. Tübingen, 1894, ss. 232-233, ციტირ.: თვარაძე, ალექსანდრე. „V ჯვაროსნული ლაშქრობა და ლათინურ–ქართული კონტაქტები XIII საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში“, მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 2, 2012, გვ. 43. იხ. ასევე: Hamilton, Bernard. “Latins and Georgians and the Crusader Kingdom”, Al-Masaq: Islam and the Medieval Mediterranean, Vol. 23, No. 2, 2011, p. 122.
[95] ჯაფარიძე, გოჩა. „’აჯა’იბ ად–დუნია“ აიუბიანთა სახელმწიფოსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ერთი ეპიზოდის შესახებ“, ჯაფარიძე, გოჩა. ძიებანი: საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ტომი I, თბ., 2012, გვ. 221.
[96] კიკნაძე, რევაზ. „მონღოლები და მათი დაპყრობითი ომები“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი III, თავი VIII, პარაგ. I, თბ., საბჭოთა საქართველო 1979, გვ. 399.
[97] Vincent de Beauvais. Speculum historiae, Venise 1624, vol. 2, chap. 95, 1265, ციტ.: თამარაშვილი, მ. ქართული ეკლესია დასაბამიდან… გვ. 479.
[98] ჯაფარიძე, გოჩა. „’აჯა’იბ ად–დუნია“ აიუბიანთა სახელმწიფოსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ერთი ეპიზოდის შესახებ“, ჯაფარიძე, გოჩა. ძიებანი: საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ტ. 1, თბ., 2012, გვ. 231.
[99] მეცამეტე საუკუნის პირველი მეოთხედის ერთი ლათინური წყარო გვაუწყებს: „თამარ მეფეს იერუსალიმში დამკვიდრების აღთქმა ჰქონდა დადებული. ამის გამო მისმა შვილმა, ლაშა-გიორგიმ მისი ცხედარი ნარჩევ ჯართან ერტად წაიღო იერუსალიმში, რომ გარდაცვალების შემდგომ მაინც აესრულებინა დედის სურვილი. ამასთან მას მუსლიმების განადგურების სურვილიც ჰქონდა“ (Histoire littraire de la France, ouvrage commence par des religieux Benedictions de la Congregation de Saint-Maur et continue par des Membres de l’Institut (Académie des Inscriptions et Belles-Lettres). T. XXI. Suite du treizieme siecle depuis l’annee 1296, supplements. A Paris, 1847). ამ წერილში, რომლის ავტორია დე ბუა (G. de Boys) მცდარი მონაცემებია, რადგან სხვა წყაროების ცნობით ლაშა-გიორგიმ ვერ შეძლო ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება-გალაშქრება ჯვაროსნების დასახმარებლად. მეორეს მხრივ, ეს წერილი კიდევ ერთ ირიბ მოწმობას წარმოადგენს, რომ ქართველ მონარქს ჯვაროსნების დახმარების დიდი სურვილი ჰქონდა.
[100] Innocent III, Regesta, ann. XIV, PL, vol. 216, col. 434, ციტირ.: Hamilton, Latins and Georgians, p. 122. გოჩა ჯაფარიძის სიღრმისეული კვლევით გამორკვეულია, რომ თამარ მეფე 1210 წელს გარდაიცვალა (ჯაფარიძე, გოჩა. „თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ“, ძიებანი საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ტომი II, 2023, გვ. 209-223). ამრიგად, ციალა ღვაბერიძის მოსაზრება, რომ თამარი 1207 წელს გარდაიცვალა, არასწორია (ღვაბერიძე, ციალა. „როდის გარდაიცვალა მეფე თამარი?“, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები 9, 2009, გვ. 97-104).
[101] Halfter, Peter. “Von den Kreuzfahrerstaaten in das Königreich Jerusalem”, Le Muséon, 121, 2008, SS. 403-436, esp. S. 404.
[102] Laterani VI kalendas Julii, Anno XII, Archives Vaticanes Reg. 19, fol. 40, no. 199, ციტირ.: თამარაშვილი, მ. ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე. თბ., 1995, გვ. 365.
[103] ამრიგად, ზ. ჭიჭინაძე აშკარად ცდება, როდესაც წერს, რომ რუსუდან მეფის დროს „ქართველნი პაპის თხოვნით, მონაწილეობას იღებენ ჯვაროსანთ ომში, ქართველნი ევროპის ლაშქართან ერთად ომობენ. ბრძოლის შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან“ (ჭიჭინაძე, ზაქარია. კათოლიკთა ეკკლესია საქართველოში. ტფილისი 1903, გვ. 45).
[104] თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან, გვ. 474-475. (წერილის ლათინური ტექსტისთვის ავტორი შემდეგს წყაროს უთითებს: Oderico Rainaldi, Annales ecclesiastici, ab anno 1198. ubi desinit cardinalis Baronius, Accedunt in hac editione notae chronologicae, criticae, historicae, quibus Raynaldi Annales illustrantur, supplentur, emendantur, auctore Joanne Dominicio Mansi, 15 tomes (Lucca, 1747-56), Tomus primus, annus 1224, nrs. 17-18).
[105] თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან, გვ. 476 (წერილის ლათინურ ტექსტისთვის ავტორი შემდეგ წყაროს უთითებს: Raynaldi, Annales ecclesiastici, tome 1, annus 1224, nrs. 19-20).
[106] თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან, გვ. 486
[107] კიკნაძე, ვაჟა. „საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროები“, მნათობი 4, 1983, გვ. 158, ციტირ.: ჯავახიშვილი, მანანა. „საქართველო და დასავლეთ ევროპა მე-14 საუკუნის დასაწყისში“, კადმოსი 8, 2016, გვ. 184.
[108] Hamilton, Latins and Georgians, p. 123.
[109] წურწუმია, მამუკა. „ცნობა საქართველოს შესახებ ფულხერიუს შარტრელის ქრონიკაში“, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, მარიამ ლორთქიფანიძე 95, XII, თბ., 2017, გვ. 156-164.
[110] იხ. ვრცლად ნაშრომში: კვაჭაძე, ბექა. “პაპობა და საქართველო ანტიოსმალური კოალიციების მომზადების კონტექსტში (XV საუკუნის მეორე ნახევარი)”, ნაშრომი შესრულებულია მედიევისტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018, გვ. 107-143.
[111] ლომინაძე, ბადრი. „ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ცდა და მასში საქართველოს მონაწილეობა“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები რვა ტომად. რედაქტორები: ზურაბ ანჩაბაძე, ვიქტორ გუჩუა. ტომი III, თავი XIII, პარაგ. III, თბ., საბჭოთა საქართველო 1979, გვ. 560.
[112] ლომინაძე, ანტიოსმალური, გვ. 560.
[113] Hamilton, Latins and Georgians, p. 124.
[114] პაპაშვილი, მურმან. საქართველო–რომის ურთიერთობა (მე-6-20 სს.). თბ., 1995, გვ. 117; გაბაშვილი, ვალერიან. „ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები მე-16-17 სს–ებში)“, მასალები საქართველოსა და კავკსიის ისტორიისათვის. ნაკვ. 31. თბ., 1954, გვ. 94-96.
[115] კიკნაძე, ზურაბ. „ქართველი მეფეები და პატრიარქები რომთან ურთიერთბაში“, დიალოგი 1, 2005, გვ. 40.
David Tinikashvili
Georgia and Crusaders: Political and Military Alliance
Abstract
Between the crusaders and the Georgians, there were political, military, diplomatic, religious, and social ties. They were reasonably bound by anti-Muslim and (sometimes, anti-Byzantine) solidarity. For instance, the Georgian chronicler associates the success of the First Crusade in Palestine with the strengthening of Georgia. According to Latin and Armenian chroniclers, during one of the prominent wars (at Didgori), where Christian Georgians fought against Muslims, a small crusader detachment assisted the Georgian warriors. The insignia sent to the Latin king, Baldwin I, by King David the Builder should be seen not only as a gesture of diplomatic etiquette, but also as a military cooperation. It is also recognized that King David participated in the liberation of the crusader leaders who were captured by Muslims. It is crucial to note that this kind of military cooperation was not one-sided, as Georgians also assisted the crusaders during the First Crusade, according to Georgian and foreign sources.
Other Georgian kings also expressed a strong desire to help the crusaders. For instance, the King Lasha-Giorgi even sent his ambassadors from Georgia to Damietta to negotiate with Cardinal Pelagius. Unfortunately, the Mongols attacked Georgia soon after, which is the reason this military cooperation with the crusaders could not come to fruition. In short, based on the review of the appropriate sources, it can be said with certainty that there was a great willingness from the Georgians to form a military alliance with the crusaders. This alliance was implemented occasionally, although naturally, in all cases, the fulfillment of this desire seemed impractical due to the scarcity of available (naval or nautical) routes. Precisely because of this fact, joint and coordinated systematic military operations were impossible. However, it is evident that there were close ties between the crusaders and the Georgians, and there was an intense rate of information exchange between them.
Keywords: Georgia, Crusaders, Roman Catholic Church, Orthodox Church of Georgia.
სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში:
დიალოგი: თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების ჟურნალი 8 (17), 2024, გვ. 64-104.