ავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი
მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი
(გაგრძელება იხ: I-II ნაწილი)
ღმერთს მოკრძალებითა და უბრალოებით უნდა მივუახლოვდეთ. აი, რას ამბობს ბრძენი სოლომონი: «შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი. რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი.» (სიბრძ. 1, 1-2). უბრალოება ნიშნავს წმიდა თვინიერებას, ანუ ქრისტესადმი სრულ ნდობას. მივაბაროთ უფალს ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ ხომ ღვთიური ლიტურგიის დროს ასე ვლოცულობთ: «და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ!»
დიდი ხნის წინ ერთი მეუფე მესტუმრა. როცა ლოცვაზე ვსაუბრობდით, შევეკითხე:
– მეუფეო, ბოლომდე გესმის აზრი სიტყვებისა “ მოკრძალება“ და ‘’უბრალოება“? მაინც რას ნიშნავს «მოკრძალებითა და გულისმიერი უბრალოებით ლოცვა»?
– მესმის!
– მე კი არ მესმის, რადგან ეს საიდუმლოებაა და მხოლოდ ღვთიური მადლით მიიღწევა.
– დიახ, ბოლომდე მართლაც არ მესმის, – მითხრა მან. – მადლობა, რომ ამას მიმახვედრე.
იღვაწეთ უბრალოდ, რბილად, დაძაბულობის გარეშე. უბრალოება და შინაგანი სიმშვიდე – სულიერი ცხოვრების წმიდა საშუალებებია, მაგრამ მათი გარედან მიღება შეუძლებელია. ის ჩვენმა სულმა საიდუმლოდ და უჩინრად უნდა შეიგრძნოს. მაგრამ, როცა ამის მიღწევა გვინდა, მაშინვე იგებს სატანა და უამრავ ჯებირს გვიგებს. აღასრულეთ უფლის მცნება: «დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა» (მთ. 6. 3). თუ უბრალოებისა და სულიერ სიმშვიდის მოსაპოვებლად დაჟინებით ვძალადობთ უფალზე, არც არაფერი გამოვა. ადამიანთან ეს მდგომარეობა მოდის «იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის» (მთ. 24, 50). ამაშია საიდუმლოება, რომლის უკეთ განმარტება, სამწუხაროდ, არ შემიძლია თქვენთვის.
თუ ღვთის მადლი დაგტოვებთ, ნუ მოიმოქმედებთ ნურაფერს ზედმეტსა და განსაკუთრებულს. მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და მოღვაწეობა, სანამ არ დაბრუნდება თქვენს გულში სიყვარული, მოშურნეობა და ქრისტეს წყურვილი. და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, გადმოვა თქვენზე ღვთიური მადლი და გაიხარებს თქვენი სული.
ღვთისმსახურებაზე დასწრება – მადლიანი ნუგეშია, საოცარი საიდუმლოებაა. მთელი ძალისხმევით ჩაერთეთ, ჩაუღრმავდით მას, რათა შეივსოთ. ილოცეთ უფლისადმი გაშლილი ხელებით. ღვთიური მადლი უხილავად აღავსებდა წმიდანებს, როცა ლოცვისას ხელებს შლიდნენ.
ეკლესიის მამები ყველაზე შედეგიანად იესოს ლოცვას მიიჩნევდნენ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! სულიერი ცხოვრების გასაღები ლოცვაა. მას ვერავინ გვასწავლის: ვერც წიგნები, ვერც მოძღვარი, ვერც სხვა რამ. ლოცვის ერთადერთი მასწავლებელი ღვთიური მადლია. რამდენიც არ უნდა გველაპარაკონ, რომ თაფლი ტკბილია და ბევრი კარგი თვისება აქვს, მანამ ვერ გავიგებთ მის გემოს და სარგებელს, სანამ თავად არ გავსინჯავთ. ასევეა ლოცვასთან დაკავშირებით: მე რომც დაგარიგოთ, როგორ მოიქცეთ, აგისხნათ, რას იგრძნობთ, თქვენ ვერ მიხვდებით, რამეთუ სხვა ვერაფრით ილოცებთ, “თუ არა სულით წმიდით”, (1კორ. 12.) მხოლოდ სულიწმიდას, ღვთის მადლს, შეუძლია ლოცვითი აღმაფრენა მოგვანიჭოს.
ლოცვა თავად არ არის რთული, მაგრამ მის სწორად წარმართვას ჩვენს არსებაში დარჩენილი ძველი ადამი უშლის ხელს. და თუ მადლის ატმოსფეროში არ შევალთ, ლოცვის აღვლენა შეუძლებელია. როგორც კი ვინმე გვაწყენინებს, მაშინვე ვბრაზდებით, ხოლო თუ გვაქებენ, ვხარობთ და ვზეიმობთ. ასე არ არის? აქედან ჩანს, რომ არ გვაქვს სულში ლოცვისთვის აუცილებელი პირობები, მზად არა ვართ მისთვის. ღვთიური მადლის მოსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა სიყვარული და თვინიერებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯებირი მას სულში არ შეუშვებს.
რომ მივაღწიოთ საჭირო სულიერ მდგომარეობას, უნდა დავიწყოთ მორჩილებით. მორჩილებაში ნელ-ნელა მოვიპოვებთ თვინიერებას. როცა უფალი ამას დაინახავს, გამოგვიგზავნის ღვთიურ მადლს, რასაც თავისთავად, ძალდაუტანებლად მოჰყვება ლოცვა. თუ არ ვასრულებთ მორჩილებას და არა გვაქვს თვინიერება, ლოცვა არ მოვა და უარესიც – ხიბლში ჩავარდნის დიდი საშიშროება გვექმნება.
ლოცვისთვის მოემზადეთ დინჯად, მშვიდად და აუჩქარებლად. ილოცეთ გონებით, რადგან რაც გონებაშია, იგივეა გულშიც, მაგრამ ლოცვა მხოლოდ ღვთიური მადლის დახმარებითაა ჭეშმარიტი, მის გარეშე კი შეუძლებელია. გაიხსენეთ ზირაქის ძის სიბრძნე: «ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას.» (სიბრძ.ზირაქ. 15,10). ანუ ვინც ღვთიურ სიბრძნეს ფლობს, მხოლოდ მას ძალუძს სათანადოდ ადიდოს უფალი. უფლის მიერ ბოძებულ მადლთან ერთად მოდის სიყვარული – ქრისტეს წყურვილი – და მას თავისი საფეხურები აქვს. სიყვარული სულიერი სრულყოფილების მოპოვების გზაა და ამით ცოცხლობ არა მარტო მაშინ როცა ფხიზლობ, არამედ მაშინაც კი, როცა გძინავს. ქრისტეს სახელი ჟღერს სულში და მისით აღივსება გონება და გული. ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით, შევიგრძნოთ იგი! დე ყველა ჩვენი მოქმედების მიზანი ის იყოს! აღვივსოთ ღვთისადმი მადლიერებით და ასე აღვასრულოთ ნებისმიერი საქმე.
ნუ გვექცევა წარმატება თვითმიზნად. ნუ დავიქადნით: ”დავიწყებ მოსაგრეობას, რომ სამოთხე დავიმსახურო.” ნუ ვიოცნებებთ ზეციურ ჯილდოზე, ვილოცოთ ყოველგვარი ფარული ანგარების, ყოველგვარი ანაზღაურების მოლოდინის გარეშე. ლოცვაში ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სინაზე, სიყვარული, გულანთებული სურვილი და მაშინ ის არ მოგვეჩვენება დამთრგუნველად, სრულ სიმშვიდეს მოგვანიჭებს, როგორც სიტყვები: “დედა” “მამა”. ასე, რომ არ არის დიდი ძალისხმევა საჭირო, რათა ლოცვის მადლი მოვიპოვოთ.
სამოთხეში მოხვედრის სურვილით თუნდაც ათასი მეტანია გავაკეთოთ, ღვთის წინაშე ამას ფასი არა აქვს. თუ გული ცარიელია, უაზროა მეტანიების რიცხვი, საათობით ლოცვა არაფერს მოგვიტანს. უმჯობესია მხოლოდ ოცჯერ ან თხუთმეტჯერ მოვიდრიკოთ მუხლი, მაგრამ მთელი გრძნობით და უფლისადმი სიყვარულით, მისი ღვთიური მცნებების შესაბამისად.
თუ უფალი ინებებს და ჯოჯოხეთში შეგვიყვანს, დე იყოს ისე, როგორც მას სურს! აი, ასეთი უანგარობით თანდათან ცხრებიან ვნებანი, უკუიქცევიან ცოდვანი და რბილად, გადამეტებული ძალისხმევის გარეშე შევალთ ლოცვით მდგომარეობაში. რა გზითაც არ უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში სიყვარულის ნაპერწკალი, არ უნდა გავუშვათ იგი იქიდან, რადგან ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია, რომ ლოცვა პირად გამოცდილებად გვექცეს, წინ წავიწიოთ და ლოცვა ჩვენთვის აღარ იყოს მხოლოდ სიტყვები, რომლებიც გონებას ესმის, არამედ მოხდეს რაღაც სხვა, რასაც ჩვენში ვიგრძნობთ და რაც ჩვენი ძალისხმევის გარეშე მოვიდა. ეს “რაღაცა” არის ღვთიური მადლი, რომელსაც ქრისტე გვჩუქნის.
რა არის გულაჩუყება? ამას წმიდა წერილით უკეთ აგიხსნით: “ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.” (იოან. 19,34). ბერძნულ ენაში სიტყვას (νυττω, κατανυττω – ჩხვლეტა, დაჭრა) აქვს იგივე ფუძე, რაც სიტყვა გულაყუჩებას (κατανυξη). ზმნა κατανυττω ნიშნავს დანით მრავალრიცხოვანი ჭრილობის მიყენებას. ხოლო როცა ლაპარაკია სულზე, მაშინ ზმნა κατανυττουμαι (გული მიყუჩდება) ნიშნავს, რომ ღვთის სიყვარულით დაიჭრა ჩემი გული. ესე იგი გულაჩუყება თვითდაძალების გარეშე მოსული წმიდა ვნებაა, ღრმა გულისმიერი ტკივილია. შევადაროთ იგი ცხოვრებისეულ სიტუაციას: შეყვარებულისთვის აუტანელია განშორება. სატფოს ხატება ერთნაირად, მთლიანად მოიცავს მის გონებასა და გულს. მისი დანახვისას გული გამალებით უძგერს და ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება. სიხარულისგან ტირის, როცა მის გვერდით აღმოჩნდება, თავად ვერც ამჩნევს, როგორც იძირება გულაყუჩებისა და სიხარულის ცრემლებში. სულიერი გულაყუჩებაც ასეთივეა, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი: მოშურნეობა, სიყვარული ღვთიურია და არა ვნებიანი. ეს სიყვარული მშვიდია, მაგრამ უფრო მძაფრია და ბევრად ღრმა. სამწუხაროდ, ჩვენი ცრემლები ქრისტეს სიყვარულით გულაჩუყების ნაცვლად, უმეტესწილად მხოლოდ ადამიანური უძლურების შედეგია.
იხილეთ წმიდა პორფირი კავსოკალიველის სხვა შრომები :