ავტორი – მ. ლეონიდე ებრალიძე
XX საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი თავის ტრიოლოგიაში „სამი საუბარი ომზე, პროგრესისა და საყოველთაო ისტორიის დასასრულზე“ ურთავს მცირე მოთხრობას ანტიქრისტეს შესახებ, რომელიც სხვადასხვა მინიმალური მოდიფიკაციებით ლეგენდად იქცევა და მოგვიანებით, XX საუკუნის, არაერთი „სტარეცი“ წარმოთქვამს მას, როგორც გარდაუვალ წინასწარმეტყველებას, ისე, რომ მათ უმრავლესობას არც კი ეცოდინება მისი წარმომავლობა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა ანტიქრისტეს შესახებ, გარკვეული თვალსაზრისით, მართლაც შეიცავს წინასწარმეტყველურ ელემენტებს.
მასში მოქმედება მიმდინარეობს XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, რა დროსაც, დიდი ნაციონალისტური იდეოლოგიების ეპოქას (პანსლავიზმი, პანგერმანიზმი, პანელინიზმი, პანმოღოლიზმი) მოჰყვება დიდი ომები, შესაბამისად, სისხლისგან დაცლილი კაცობრიობა გადაღლილი და რწმენადაკარგულია. სწორედ ამ პირობებში ჩნდება იდეალური ადამიანი, „კაცი ასკეტი, ფილანთროპი, სპირიტუალისტი“, არის „უზადო მორალურობისა და აღმაფრთოვანებელი გენიალურობის მქონე“, რომელსაც მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: გულის სიღრმეში ის ხვდება, რომ იესო ქრისტე მასზე სრულყოფილია და შურს მისი. თავის მისიას განიხილავს კიდეც ქრისტეს მისიის სრულყოფად, თითქოს ქრისტე არის პირველი გამოცხადება, თავად კი არის მეორე და სრულყოფილი: „ქრისტემ მოიტანა მახვილი (შდრ. მთ. 10:34), მე კი მოვიტან მშვიდობას“.
33 წლის ასაკში იდეალური ადამიანი პირველად შეხვდება პირისპირ სატანას. ეს უკანასკნელი, პირველს გამოაცხადებს რა თავის ძედ, ჩასახლდება მასში და გადასცემს მთელს ძალაუფლებას. შთაგონებული კაცი იწყებს წიგნის წერას, რომელსაც შემდეგი სახით დაასათაურებს: „გზა საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ“, რომელიც გამოქვეყნებიდან სულ მცირე ხანში მსოფლიო ბესტსელერად იქცევა. ამ წიგნის წყალობით, რომელიც იდეალურ სოციო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ–რელიგიურ პროგრამას წარმოადგენს, ავტორს, სატანის მიერ სახელდებულ ძეს, არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ ევროპის მმართველად და რომის იმპერატორად. ახლადგამოცხადებული იმპერატორი მსოფლიოს ხალხს მიმართავს: „ვერავითარი ხელისუფლება ვერ გაბედავს თქვას ომი, როდესაც მე ვამბობ მშვიდობას“. მცირე ხანში, რომის იმპერატორი თავს მსოფლიოს მმართველად გამოაცხადებს და დაუმორჩილებს კიდეც თავის ძალაუფლებას დიდ ომებს გადარჩენილ ხალხებს და ერებს. და აი, ბოლოს და ბოლოს, შეუძლია თქვას: „მშვიდობა თქვენდა, მსოფლიოს ერებო“.
სოლოვიოვი შესანიშნავად ხატავს ანტიქრისტეს ფიგურას, არა იმდენად ეკლესიის ტრადიციებთან, მორალთან და ფასეულობებთან, არამედ კონტრასტში იესო ქრისტეს პიროვნებასთან. ამ პიროვნულ კონტრასტს ეხება სწორედ მშვიდობის თემა. იესო ქრისტე, თავის მოწაფეებთან საუბრისას ანსხვავებს ორ მშვიდობას, ღმერთისგან ბოძებულს და ქვეყნისგან შემოთავაზებულს: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა“ (ინ 14:27). იესოსეული მშვიდობის საფუძველში დგას ახალი მცნება – ერთმანეთის სიყვარული, რომლითაც იცნობიან მისი მოწაფეები (ინ. 13:34-35), მაშინ, როდესაც სოლოვიოვისეული ანტიქრისტეს მშვიდობა ეფუძნება იდეოლოგიურ ერთობას, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ჩაგვრას, უსამართლობას, ტერორს, დაშინებას, ჭირს, ზოგადად იმ არაგულწრფელ ქცევას, რომელიც უცხო არ არის წმინდა წერილისათვის, რადგან, ფსალმუნის თანახმად, არსებობენ სიყალბის მქნელები, რომლებიც მოყვასთან მშვიდობაზე საუბრობენ, გული კი სიავით აქვთ სავსე (ფს. 27:3).
ამ ყალბ, ტრაფარეტულ მშვიდობას, რომელიც შორს დგას ღმერთისგან შექმნილი მრავალფეროვნების, ადამიანის ხელშეუვალი თავისუფლების პატივისცემისა და სიყვარულისაგან, აშიშვლებს ანტიქრისტეს გამოაშკარავების სცენა: სოლოვიოვის თანახმად, მშვიდობის ლოზუნგით გამეფებული ანტიქრისტე მალევე შეუდგება ფრიად ეფექტურ სოციალურ საქმიანობასაც, თავისი მმართველობის მეოთხე წლის დასაწყისს რელიგიური პრობლემის, კერძოდ კი მსოფლიოში დარჩენილი მცირერიცხოვანი ქრისტიანების მოთვინიერების საკითხითაც კავდება. იერუსალიმში მოიწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებას: მართლმადიდებლებს „სტარეცი“ იოანეს ხელმძღვანელობით, კათოლიკეებს პაპი პეტრე მეორეს ხელმძღვანელობით და პროტესტანტებს პროფესორ ერნსტ პაულის ხელმძღვანელობით. თითოეულს, მათი დენომინაციის მიხედვით, ფრიად მზრუნველი, კეთილისმყოფელი და მშვიდობიანი მმართველის იმიჯით სთავაზობს სხვადასხვა სიკეთეებს: კათოლიკეებს – რომის კურიის გამართვას და დევნილი პაპის რომში დაბრუნებას; მართლმადიდებლებს – მსოფლიოს ყველა ქრისტიანული სიძველის, ხატების და სხვა სიწმინდეების შეკრებას კონსტანტინოპოლში, დიდ მუზეიმში; პროტესტანტებს – ტუბინგენში ბიბლიის შემსწავლელი უზარმაზარი ინსტიტუტის გახსნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინსტრუმენტი.
ქრისტიანთა ნაწილი ამ სიკეთეებით მოიხიბლება და შეუერთდება მსოფლიოს მმართველს, მცირე ნაწილი კი, ჩამოთვლილ წინამძღოლებთან ერთად, მისგან მოითხოვს იესო ქრისტეს ღმერთად აღსარებას. იესოს ღვთაებრიობის აღიარების მოთხოვნით გამძვინვარებული მმართველში „სტარეცი“ იოანე (ქარიზმა) შეიცნობს ანტიქრისტეს და ამხელს მას, პაპი პეტრე (ინსტიტუცია) განკვეთავს მას ეკლესიის ერთობიდან, ხოლო პროფესორი პაული (ინტელექტი) გააფორმებს უკანასკნელი კრების აქტებს.
გამძვინვარებული და მხილებული ანტიქრისტე, ცრუწინასწარმეტყველის – ეპისკოპოს აპოლონის დახმარებით არა თუ დაპირებული მშვიდობით, არამედ ქრისტიანთა ლიდერების დახოცვით დაასრულებს მსოფლიო კრებას, საიდანაც იწყება აპოკალიფსური ფინალი კაცობრიობის ისტორიისა. „მშვიდობის პროგრამით“ გამეფებულ ანტიქრისტეს ებრაელები აუჯანყდებიან: „რაზე ეშვება ფარდა ამ ისტორიულ დრამაში? ომზე […] ამრიგად ჩვენი საუბრის დასასრული უბრუნდება მის დასაწყისს“.
ზეცაში გამოჩენილი, მზით შემოსილი ქალი კი, რომელსაც თავზე 12 ვარსკვლავის გვირგვინი ადგას (გამოც. 12:1), ქრისტიანთა გადარჩენილ მცირე სამწყსოს გაუძღვება სიონის მთისაკენ.










