კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა ინტერვიუ მისცა კათოლიკე მღვდელ ანტონიო სპადაროს, რომელიც ასევე არის მთავარი რედაქტორი იეზუიტური ჟურნალისა ”La Civiltà Cattolica”.

პატრიარქმა საუბრისას ბიზანტიურ მაღალფარდოვან სტილში ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშეა წამოჭრილი. მთავარი სასაუბრო თემა იყო პაპი ფრანცისკე და პატრიარქის შეხვედრა მასთან. კონსტანტინეპოლის ეკლესიის მეთაური აღტაცებულია მისი საქმიანობით. პატრიარქმა ასევე გამოთქვა სურვილი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის დიალოგის გაფართოებისა. ისაუბრა მომავალ საერთომართლმადიდებლურ კრების შესახებ და თანამედროვე მართლმადიდებლურ სულიერებაზე. ტრადიციულად, ”მწვანე პატრიარქმა” დიდი დრო დაუთმო ეკოლოგიურ პრობლემებს და გარემოს დაცვას.

”საბოლოოდ, საჭიროა შეიცვალოს გაუმაძღარი და აღვირახსნილი სიძუნწე, რომელიც დღეს ჭარბობს და რომელსაც გარდაუვალად მივყავართ სოციალურ უსამართლობასთან და უთანასწორობასთან” – განაცხადა პატრიარქმა. ”პავლე მოციქული გვასწავლის, რომ სიხარბეს ჩვენ მივყავართ მატერიალურის გაღმერთებამდე, რომელიც არის კერპთაყვანისცემა და უდიდესი ცოდვა” – დაამატა პატრიარქმა. ”ეკლესია ჩვენ გვასწავლის არა სიხარბეს, არა ხელმომჭირნეობას, არამედ უფრო მარტივი ცხოვრების წესის შემოღებას. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის აქტუალური პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში”.