2014 წლის მარტში, კონსტანტინოპოლში გამართულ ადგილობრივი ეკლესიების პრიმატთა სინაქსისზე განისაზღვრა რა წმინდა და დიდი კრების ჩატარების თარიღი, კრებისწინა საერთომართლმადიდებლურ კომისიას გადაეცა შემდგომი განხილვისა და დაზუსტებისათვის ათი დოკუმენტი, რომელთაგანაც თითოეული კრების ერთ საკითხს შეეხებოდა. ათი დოკუმენტიდან შეთანხმება შედგა მხოლოდ ექვსზე:
- მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში;
- მართლმადიდებლური დიასპორა;
- ავტონომია და მისი აღიარების (მინიჭების) ხერხები;
- ქორწინების საიდუმლო და მისი შემაფერხებელი ფაქტორები;
- მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს;
- მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან;
ხოლო ოთხი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
2016 წლის იანვარში, შამბეზიში გამართულ სინაქსისზე, ადგილობრივ ეკლესიათა პრიმატებმა ხელი მოაწერეს აღნიშნულ 6 დოკუმენტს. საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ ხელი მოაწერა მხოლოდ ხუთს, „ქორწინების საიდუმლო და მისი შემაფერხებელი ფაქტორები“ დარჩა ხელმოუწერელი სქართველოს და ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან. როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, გალიის მიტროპოლიტმა ემანუელმა რუსეთში, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ორგანიზებით გამართულ სემინარზე აღნიშნა საქართველოსა და ანტიოქიის ეკლესიათა მხრიდან დოკუმენტთა ხელმოუწერლობა სხვადასხვა პრინციპებითაა მოტივირებული, შესაბამისად საქართველოსა და ანტიოქიის ეკლესიათა პოზიციები, როგორც მავანს შეიძლება ეგონოს, თანხვედრაში სულაც არ არის (ანტიოქიის ეკლესიის პოზიციის ასახსნელად მეუფე ემანუელის მხრიდან გაკეთდა მინიშნება ანტიოქიის საპატრიარქოსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის მიმდინარე კონფლიქტზე).
სინაქსის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საპატრიარქომ უარყო დოკუმენტთა ნაწილი, დაემატა რა 2016 წლის თებერვალში საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის განჩინებაში აღწერილი მიზეზები, თუ რატომ არ მოაწერა საქართველოს ეკლესიამ ხელი აღნიშნულ დოკუმენტს, თუ რა შენიშვნები აქვთ სხვა დოკუმენტებთან მიმართებაში, ასევე აღნიშნული სინოდალური დოკუმენტის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს, რამდენიმე უცხოენოვანი (რუსული, ბერძნული, ინგლისური, რუმინული) საიტის მხრიდან მოჰყვა ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველოს ეკლესია პრინციპული წინააღმდეგია კრების გამართვისა და კატეგორიულად არ ეთანხმება დოკუმენტებს.
ამ დეზინფორმაციას საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა დასავლეთ ევროპაში ცნობილი ღვთისმეტყველი, დოქტორი თამარა გრძელიძე, სინოდალურ დოკუმენტსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით განმარტა რა, რომ უცხოენოვან საიტებზე გავრცელებული ინფორმაციის გენერალური და კატეგორიული ხასიათი სინამდვილეს არ შეესაბამება და როგორც ჩანს ის პროვოცირებულია რუსული საინფორმაციო საშუალებებით, საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ კი ხელი არ მოაწერა მხოლოდ ერთ დოკუმენტს, სხვა ზოგიერთ დოკუმენტს კი განხილვისა და დისკუსიის საგნად მიიჩნევს.
2016 წლის 5 მარტს ბერძნულ საინფორმაციო საშუალებებში გაჩნდა მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი პროტოპრესვიტერის, დოქტორ გიორგი ცეცისის პუბლიკაცია „სიმართლე თუ „პროვოკაცია“ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?“ – სადაც იგი ეხმაურება საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ასევე დოქტორ თამარა გრძელიძის პოსტს (ყურადღებას ამახვილებს დოქტორ გრძელიძის შენიშვნაზე, რომ აჟიოტაჟიის წყაროდ რუსული საინფორმაციო საშუალებები იქცნენ) და მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს ეკლესიის უახლოეს წარსულს სხვადასხვა ეკუმენურ ორგანიზაციებთან მიმართებაში და მკითხველს აცნობს საერთაშორისო სივრციდან დანახულ საქართველოს ეკლესიის შიდა მდგომარეობას, როგორც ეკლესიისა, რომლის მართვის სადავეებიც ფანატიკოსებმა ჩაიგდეს ხელში.
თავად წერილის შინაარსიცა და ის ფაქტიც, რომ დოქტორი ცეცისი არ არის მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსი, იმის საფუძველს იძლევა, რომ პუბლიკაციაში მოცემული მოსაზრება არ იქნეს აღქმული მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად, არამედ მხცოვანი სწავლული პროფესორისა და პროცესებში მონაწილე მღვდლის პირად შენიშვნებად, მაშინ როდესაც დოქტორ ცეცისის წერილზე გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას პასუხი, რომელიც 25 მარტს გამოაქვეყნა და რომელშიც ცდილობს პუნქტობრივად უპასუხოს მხცოვან ღვთისმეტყველს, შედარებით ოფიციალური ხასიათისაა და საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიციის ნიშნებს შეიცავს.
იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციისაებრ გახსნილია დისკუსიისათვის, რასაც ითვალისწინებს კიდეც მისი სინოდალური ბუნება, ამ კონტექსტში ვიმედოვნებთ რომ მოცემული დისპუტი ჯდება მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის ჩარჩოებში და არ წარმოადგენს ეკლესიათაშორის კონფლიქტს და არსებული დაძაბულობა მალევე გადაილახება და ჩვენი ეკლესია, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებთან ერთად დიდ კრებაში მონაწილეობას მიიღებს.
წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
***
გთავაზობთ ორივე ტექსტს, რომელთა ქართული თარგმანებიც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სიმართლეა თუ „პროვოკაცია“ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?
გაკვირვებას (თუ სხვა რაიმეს არა) იწვევს და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ფართოდ გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოს ეკლესიამ, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მიერ მიღებული
დოკუმენტის: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ უარყოფის შესახებ. აგიხსნით რატომაც: ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველი მღვდელმთავრები და მღვდლები – სწორედ ისინი, ვინც თან ახლდნენ საქართველოს უნეტარეს პატრიარქ ილია II-ს მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა ამასწინანდელ შეხვედრაზე ჟენევაში (21-28 იანვარი 2016) – აქტიურად მონაწილეობდნენ საგანგებო კომისიის სხდომებში, რომელსაც, მართლმადიდებელ წინამძღოლთა 2014 წლის გადაწყვეტილებით, დავალებული ჰქონდა წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების გადახედვა და რედაქტირება. ისინი ასევე ძალზედ აქტიურობდნენ V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მსვლელობისას 2015 წლის ოქტომბერში, სადაც როგორც იტყვიან „სული ამოგვხადეს“, სანამ არ მიაღწიეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში შესულიყო არაერთი ცვლილება მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან, რაც მათ მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნდათ.
იგულისხმება, რომ თბილისში დაბრუნებულმა საქართველოს დელეგატებმა მოახსენეს საკუთარი ეკლესიის პატივცემულ წინამძღოლსა და წმინდა სინოდს V კრებისწინა საერთომართლმადიდებლურ შეკრებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ და გააცნეს იქ მიღებული დოკუმენტები. თუკი საქართველოს ეკლესია მართლაც არ ეთანხმებოდა ამ კონკრეტულ დოკუმენტს, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა წმინდა და დიდი კრების წინ გამართულ მართლმადიდებელ წინამძღოლთა უკანასკნელ შეხვედრაზე. იქ კი, არათუ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, არამედ პირიქით, საქარათველოს პატრიარქი დაეთანხმა დოკუმენტს და დანარჩენ წინამძღოლებთან ერთად მოაწერა მას ხელი. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – რას ნიშნავს ამგვარი უკანდახევა, თანაც ასეთი უხერხული „უმოქმედობა“ [опустошение] კარგი და კეთილი ილია მეორისა?
საყურადღებოა, რომ ხმაურიანი ცნობა აღნიშნული დოკუმენტის მიუღებლობის შესახებ, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ყველა სახის მოწინააღმდეგენი დიდი კრების ჩატარებისა, უარყო ქართველმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველების დოქტორმა, ქალბატონმა თამარ გრძელიძემ, რომელიც წლების მანძილზე (2001-2013) იყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს კომისიის „სარწმუნოება და მოწყობა“-ს წევრი, ამჟამად კი, გახლავთ საქართველოს ელჩი ვატიკანში. საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე იგი წერს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ არ მომხდარა არცერთი დოკუმენტის უარყოფა, უბრალოდ გადაწყდა მოცემული დოკუმენტის (ისევე, როგორც „ქორწინების საიდუმლო“-ს) შემდგომი შესწავლა ღვთისმეტყველთა ჯგუფის მიერ, რომლებიც აღდგომის შემდეგ წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს იერარქიას.
საინტერესოა ქალბატონ გრძელიძის შენიშვნაც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დამახინჯებული სახით პირველად გამოჩნდა რუსულ მედიაში, რაც გახდა საფუძველი მსგავსი პუბლიკაციებისა ბერძნულ, რუმინულ და ინგლისურენოვან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ასე რომ, ლოგიკურად იბადება კითხვა: რას ემსახურება შექმნილი აჟიოტაჟი, კრების მოწინააღმდეგეთა ზეიმი და ხმამაღალი განცხადებები წმინდა და დიდი კრების მოწვევის წინა პერიოდში? რა არის ეს – ჩვეულებრივი „პროვოკაცია“, თუ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა? გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოს ეკლესია ოფიციალური განცხადებით აცნობებდა მსოფლიოს სიმართლეს.
ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომისიებში მონაწილე ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი. თუმცაღა, აღნიშნული შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას იმ უბედურებებით, რაც თავს დაატყდა საქართველოს ეკლესიას ბოლო 25 წლის მანძილზე, როგორც შედეგი შეტაკებებისა და გეოპოლიტიკური არეულობებისა აფხაზეთში, ოსეთში და ზოგადად არასტაბილურ კავკასიაში. დროა ბოლო მოეღოს მითს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა (ბულგარეთთან ერთად) მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგული დამცველი და წარმოადგენს „მისაბაძ მაგალითს“ დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიათათვის.
მართლაც, საქართველოს ეკლესია ყოველთვის კონსერვატიული იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყოველგვარი ვიწროდ აზროვნების, ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის გარეშე. იგი თავისი ნებით, 1962 წელს, გაერთიანდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში საგანგებო ცერემონიალით, რომელსაც ესწრებოდა მხცოვანი პატრიარქი მელქისედეკ I. ხუთი წლის მანძილზე (1979-1983) საქართველოს ამჟამინდელი პატრიარქი გახლდათ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თანამიმდევრული თავმჯდომარე, „მისმა მარჯვენა ხელმა“, სოხუმის ცხონებულმა მიტროპოლიტმა დავითმა კი, დატოვა კეთილი ხსოვნა ამ ქრისტიანთაშორისი ორგანოს ცენტრალური კომისიის აქტიური და ჰუმანურობით აღსავსე წევრისა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გასვლამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, პატრიარქი ილია მეორეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ ორგანიზაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს ეკლესიისათვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელსაც ორი წლის მანძილზე უკვე აფინანსებდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ხელშეწყობითაც, „საერთაშორისო მართლმადიდებლური დახმარების ფონდი“-სა და საქართველოს ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს მონაწილეობით.
როგორ მოხდა, რომ ამ ყოველივეს სულ რაღაც ერთ წელიწადში წერტილი დაესვა? ამაზე პასუხს იძლევა თავად პატრიარქი, მის 1997 წლის 22 მაისის ლაკონურ წერილში მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს სამდივნოსადმი, რომლითაც აცნობა საქართველოს ეკლესიის გასვლა ორგანიზაციიდან. იგი წერს: „მსურს გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც ჩვენთან წარმოიშვა. საუბარია ჩვენს ეკლესიაში ბოლო წლების მანძილზე არსებულ უარყოფით დამოკიდებულებაზე ეკუმენისტური მოძრაობისადმი. საქმე იმგვარადაა, რომ არსებობს სქიზმის წარმოშობისა და სამღვდელოებასა და მრევლს შორის დაპირისპირების საფრთხე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, 1997 წლის 20 მაისს იმსჯელა ჩვენი ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში მონაწილეობის თაობაზე და დაადგინა, რომ „ვინაიდან, ხშირ შემთხვევებში არ ხდება მართლმადიდებელთა ინტერესების გათვალისწინება[1] და ბოლო ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია ორგანიზაციისათვის გარკვეული ეკლესიოლოგიური ხასიათის მინიჭებისა, საქართველოს ეკლესია მიზანშეწონილად მიიჩნევს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გასვლას“.დღესავით ნათელია და ცხადად ჩანს მოცემული წერილის პირველივე ლამის თავისმართლებითი პარაგრაფიდან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება შეურყვნელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და გარდამოცემის დაცვას. იგი გახლავთ შედეგი იმ ეთნოფილეტიკური და პოლიტიკური პროცესებისა, რომლებიც აზანზარებდნენ ქვეყანას კომუნიზმის დაცემის შემდეგ და უკავშირდება ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის „აჯანყებას“, რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ძველმესტილეების „კვიპრიანეს სქიზმის“ არაფორმალური „კანონიკური საფარქვეშ“, პოლიტიკური წრეებისაგან წაქეზებულნი, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმებში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია II-ს გადაყენება. არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ პატრიარქის წერილი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში გაგზავნილ იქნა საპატრიარქოში შეიარაღებული მეამბოხეების მივარდნიდან სულ რაღაც ორი დღის შემდგომ.
დაბეჯითებით არავინ უწყის იმ ქართველი მამების გეგმებისა და განწყობების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წმინდა და დიდი კრების მუშაობაში. გამორიცხული არაა გააგრძელონ თავიანთი ცნობილი ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ კრებისწინა მოსამზადებელ პერიოდში, ანუ განაცხადონ: „არ ვაძლევთ ხმას, ვინაიდან აღნიშნული არ გამოხატავს ჩვენი ეკლესიის პოზიციას“, რითაც ძირს გამოუთხრიან კრებას, ვინაიდან მასზე გადაწყვეტილებების მიღება მართლმადიდებლობისათვის აქამდე უცხო წესით – კონსენსუსით მოხდება [2].
ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუკი ის მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნიდნენ შეტყობინებას თბილისში, რომ რაც არ უნდა ტყვეობაში იმყოფებოდეს რომელიმე ეკლესია ფუნდამენტალისტური წრეებისა, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყანის შუასაუკუნეებში დაბრუნება, მაინც არ არის ძმური საქციელი მძევლად იყოლიო 13 ეკლესია და 300 მილიონ მორწმუნეზე მეტი.
[1] განა ფონდ „ლაზარე“-ს დახმარების პროგრამა არ ემსახურებოდა მართლმადიდებელი საქართველოს საჭიროებებსა და ინტერესებს?
[2] მართლმადიდებლურ სინოდალურ ტრადიციაში კონსენსუსის პრინციპს რომ ემოქმედა, მაშინ საბერძნეთის ეკლესიას დღეს ერთი ეპისკოპოსიც კი არ ეყოლებოდა, ვინაიდან არცერთის არჩევა არ ხდება ერთხმად!
პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი
5.03.2016
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას პასუხი აღნიშნულ წერილზე
2016 წლის 3 მარტს, საეკლესიო ამბების სააგენტოს „Amen.gr“-ს ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებულ იქნა მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერის გიორგი ცეცის სტატია სათაურით: „სიმართლეა თუ „პროვოკაცია“ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?“ და ვინაიდან მე გახლავართ საქართველოს დელეგაციის ერთერთი „სქოლასტიკოსთაგანი“, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო გარკვეული კომენტარი.
უპირველეს ყოვლისა გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კრების წინამოსამზადებელ ყველა შეხვედრაზე ჩადიოდა და მათში მონაწილეობას ღებულობდა ძმობის, ერთობისა და ყველა ეკლესიასთან თანამშრომლობის სულისკვეთებით. სულისკვეთებით მსოფლიო საპატრიარქოსადმი მხარდაჭერისა, რომელმაც ათწლეულების მანძილზე სხვებზე მეტად იშრომა და იტვირთა უმთავრესი სიმძიმე წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში.
თუმცაღა, მივუბრუნდეთ სტატიას. დასაწყისშივე მამა გიორგი აცხადებს, რომ ქართველმა დელეგატებმა V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე მათ „სული ამოვხადეთ“, სანამ არ მივაღწიეთ იმას, რომ დოკუმენტში„მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ შესულიყო არაერთი ცვლილება ჩვენი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან.
ნათელი სურათის დასახატად, თხრობა იმის აღწერით უნდა დავიწყოთ, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურთა 2014 წლის მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი საგანგებო მოსამზადებელი კომისიის სხდომები. მით უფრო, რომ ამ საკითხს წერილის ავტორიც ეხება, როდესაც ბრძანებს: „ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომისიებში მონაწილე ქართველი ძმების ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი“.
1. მოგეხსენებათ, რომ ხსენებულ კომისიას დაევალა 1982-1986 წლებში მიღებული სამი ტექსტის გადახედვა („მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენისტური მოძრაობა“, „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ და „მართლმადიდებელი ეკლესის წვლილი მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის გავრცელების საქმეში და რასობრივი და სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრაში“) სამის კი, რედაქტირება („ერთიანი კალენდრის შესახებ“, „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები“ და„მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს“), მათი V კრებისწინა საერთომართლმადიდებლურ შეკრებაზე დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით. მიუხედავად დავალების სიცხადისა, პატივცემული თავმჯდომარე არ აძლევდა კომისიის წევრებს განსახილველად გამოტანილ დოკუმენტებში „არსებითი ხასიათის ცვლილებების“ შეტანის საშუალებას იმ საბაბით, რომ აღნიშნული ტექსტები თავის დროზე მიღებული იყო კომისიაზე ზემდგომი ორგანოს (ანუ, სხვადასხვა წლების კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების) მიერ, რასაც ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, რადგან საგანგებო კომისიას გააჩნდა აღნიშნული უფლებამოსილება (მისი ეს განცხადება ეხებოდა ექვსივე დოკუმენტს). არაერთი ეკლესიის წარმომადგენელთა მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, მან საკუთარი პოზიცია არ შეცვალა. თუმცაღა, ეს აკრძალვა რატომღაც არ ვრცელდებოდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ან თავად თავმჯდომარისგან იქნა ინიცირებული, ან მის მოწონებას იმსახურებდა. ასე მაგალითად, მოხდა ორი დოკუმენტის გაერთიანება, მათგან სხვადასხვა კონფესიებთან მიმდინარე დიალოგთა შეფასებების ამოღება და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა.
ასე რომ, სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა, თუ არა დავლოდებოდით V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებას, რათა იქ მიგვეღწია სასურველი ცვლილებების შეტანისათვის. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ორი დოკუმენტი:„ერთიანი კალენდრის შესახებ“ და „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები“, რომლებზეც ეკლესიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, საქართველოს დელეგატებმა კი უარი განვაცხადეთ მათ ხელისმოწერაზე. რაზეც გვიპასუხეს, რომ ვინაიდან 1982 წელს ისინი მიღებული ჰქონდა III კრების წინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებას, ამიტომ ავტომატურად მოხდებოდა მათი ძველი რედაქციით დიდ კრებაზე გატანა. საქართველოს ეკლესია აღნიშნულ მიდგომას კატეგორიულად არ დაეთანხმა და ოფიციალური წერილებით ითხოვდა მსოფლიო საპატრიარქოსგან მოცემული თემების ან საერთოდ ამოღებას წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგიდან, ან მათ განსახილველად გამოტანას. რასაც მივაღწიეთ კიდეც 2016 წლის შამბეზის წინამძღოლთა შეკრებაზე (მსგავს მოთხოვნას აყენებდა კიდევ რამდენიმე ეკლესია). 2. საგანგებო კომისიის მუშაობის შედეგების გაცნობის შემდგომ, საქართველოს ეკლესიიდან, კათოლიკოს-პატრიარქის სახელით, გაიგზავნა წერილი მსოფლიო პატრიარქისადმი, რომელშიც, სხვასთან ერთად, გამოთქმული იყო შემდეგი მოსაზრებები და შენიშვნები მოსამზადებელ ტექსტებთან დაკავშირებით:
ა.≪დიდი კრებისათვის მოსამზადებელ ტექსტებში მკაფიოდ და ცალსახად უნდა იყოს ხაზგასმული, რომ, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, სადაც არსებობს მოციქულებრივი ხელდასხმა, აღესრულება ჭეშმარიტი ნათლობა, ევქარისტია და ქრისტიანული ეკლესიის სხვა საიდუმლოებები.
ბ. უფრო მკვეთრად უნდა დაფიქსირდეს აზრი, რომ თავისი ონტოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა შეუძლებელია დაირღვეს და რომ იგი დიალოგს სხვადასხვა დენომინაციებთან აწარმოებს მათი ეკლესიის წიაღში დაბრუნების მიზნით.
გ. დოკუმენტი: „მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებთან აქამდე მიმდინარე დიალოგთა შეფასებებს, ვინაიდან უშუალოდ წმინდა და დიდი კრების კომპეტენციას განეკუთვნება მათთან მიმართებაში ჩვენი შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრა.
დ. მიუღებლად მიგვაჩნია „ერთიანი კალენდრისა“ და „ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა“ შესახებ დოკუმენტების დღეს არსებული სახით კრებაზე გატანა, რადგან იგი ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკასა და ტრადიციას≫.
აქვე იყო მოთხოვნა იმ დოკუმენტების გასაჯაროების თაობაზე, რომელთაც უკვე გავლილი ჰქონდათ ყველა წინამოსამზადებელი სტადია, რათა ეკლესიის სისავსეს მისცემოდა საკმარისი დრო მათი შესწავლისა და საკუთარი შენიშვნების გამოთქმისათვის.
3. სწორედ ამგვარი დავალებითა და კონსტრუქციული სამუშაო განწყობით ჩავედით საქართველოს დელეგატები V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქაც სიურპრიზები გველოდა სხდომის გახსნისთანავე თავჯდომარემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ჩვენ 1982-1986 წლებში მიღებული დოკუმენტების ტექსტებს კვლავ ვერ შევეხებოდით და მხოლოდ იმის უფლებამოსილება გაგვაჩნდა, რომ შეგვეტანა ცვლილებები ჩვენს მიერვე საგანგებო კომისიის ფარგლებში შეტანილ ცვლილებებში! ხოლო როდესაც საქმე დოკუმენტის „მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ განხილვაზე მიდგა, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების წარმომადგენლებს არ მოგვეცა წესდებით გარანტირებული საკუთარი პოზიციების დაფიქსირების უფლება იმ მოტივით, რომ წინასწარ, წერილობითი ფორმით, არ გვქონდა წარდგენილი წინადადებები ტექსტებში შესატან ცვლილებებზე. ძალზედ შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, როდესაც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის სრულფასოვანი ჩართულობის საკითხი სხდომების მუშაობაში საერთო კენჭისყრაზე იქნა დაყენებული. საბოლოოდ, ეს უფლება „მოგვენიჭა“, თუმცაღა, ამ კონკრეტული დოკუმენტის მხოლოდ ნაწილის განხილვაში შევძელით სრულყოფილად მონაწილეობის მიღება.
თუკი ამას, „ხისტი და სქოლასტიკური ქცევა“ ეწოდება, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს კომისიის თავმჯდომარის საქციელს, რომელიც შვიდი საათის განმავლობაში ცდილობდა „დაერწმუნებინა“ ეკლესიათა დელეგატები ერთი პარაგრაფის მისთვის სასურველი სახით მიღებაზე?!
4. წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის შემდგენი კომისიის შეკრების წინ (ათენი, 2015 წლის 15-19 დეკემბერი), საქართველოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე, მსოფლიო საპატრიარქოსადმი გაგზავნილ წერილში, აღწერდა რა V კრებისწინა საერთო მართლადიდებლურ შეკრებაზე განვითარებულ სამწუხარო მოვლენებს, წერდა: „მიუხედავად ამისა, თანამშრომლობის სულით აღვსილმა ჩვენი დელეგაციის წევრებმა მაინც მოაწერეს ხელი დოკუმენტების უმრავლესობას. თუმცაღა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერ არ მიუღია სინოდალური გადაწყვეტილება დიდ კრებაზე გასატან საკითხებზე (ველოდებოდით რა მათ საბოლოო ვარიანტებს). ვფიქრობთ, სხვა ეკლესიებიც მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან. ამდენად, დიდი კრების რეგლამენტი აუცილებლად უნდა იძლეოდეს დოკუმენტების პუნქტობრივი განხილვისა და დამტკიცების საშუალებას“.
წერილში კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული მიღებული დოკუმენტების გასაჯაროების საჭიროება და ნათქვამი იყო, რომ: „თავად მსოფლიო კრებების დადგენილებათა სავალდებულოებაც კი, წმინდა მამათა სწავლებასთან მათ სრულ თანხვედრასთან ერთად, საჭიროებდა ეკლესიის სისავსის მიერ ამ გადაწყვეტილებათა აღიარებასაც“.
5. წერილის ბოლოს, მამა გიორგი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია იმყოფება „ფუნდამენტალისტური წრეების ტყვეობაში“ და მოუწოდებს ეკლესიებს, „რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომლებსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში)“, შეაცვლევინონ პოზიცია საქართველოს ეკლესიას. ჩვენთვის გასაგებია მხცოვანი მღვდელმსახურის, ისევე როგოც პროცესების მონაწილე სხვა ადამიანების გულისწყრომა, რომელთაც თავიანთი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დიდი კრების მომზადებასა და სხვადასხვა კონფესიებთან დიალოგებს მიუძღვნეს და რისთვისაც დიდი შრომა გასწიეს, ამიტომ შევეცდებით სტატიაში გაჟღერებულ შეურაცხყოფებს მოთმინებით მოვეკიდოთ და მხოლოდ ფაქტებით ვუპასუხოთ.
პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ არც „ფუნდამენტალისტური წრეების ტყვეობაში“ ვიმყოფებით და არც არანაირი ეკლესიები სარგებლობენ ჩვენზე „გარკვეული ზეგავლენით“, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის დელეგატების პოზიციას წინამოსამზადებელ სამუშაოთა სხვადასხვა სტადიებზე, მოგახსენებთ, რომ: შამბეზის 2016 წლის ეკლესიათა მეთაურთა შეკრებაზე ხელი მოვაწერეთ V კრებისწინა საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე ჩვენს მიერ უარყოფილ დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“, მხოლოდ მას შემდეგ რაც მასში შეტანილ იქნა ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოგმატური შენიშვნები (ასევე მოიქცა რუსეთის ეკლესია); დოკუმენტს „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ხელი არ მოაწერა (ისევე, როგორც ანტიოქიის ეკლესიამ) დოგმატური უთანხმოების გამო (აღსანიშნავია, რომ დოკუმენტები „ერთიანი კალენდრის შესახებ“ და„ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები“ ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბერს უარყო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა).
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის უკანასკნელ სხდომას, რომელზეც მოხდა დიდი კრებისათვის მომზადებული ტექსტების განხილვა, გაცნობებთ, რომ დოკუმენტმა „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ დაიმსახურა მწვავე, ცალსახა კრიტიკა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარკვევით ბრძანა შამბეზის ბოლო შეხვედრაზე, რომ იქ მიღებული დოკუმენტები, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინებოდა წმინდა სინოდს.
როგორც ცნობილია, ეკლესიათა წინამძღოლთა შამბეზის შეკრების შემდგომ შედგა რუსეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის ეკლესიათა იერარქიის კრებებიც, რომლებზეც იმსჯელეს და შეფასება მისცეს მიღებულ დოკუმენტებს.
6. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებას, იგი გამოვაქვეყნეთ ქართულ ენაზე. მისი შემდგომი გავრცელების თანმიმდევრობაზე კი, ვერაფერს მოგახსენებთ, ვინაიდან აღნიშნული სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს.
7. მამა გიორგი უკმაყოფილებას გამოთქვამს გადწყვეტილებათა ერთხმად მიღების პრინციპის გამოც, რომელიც ათწლეულებია რაც მოქმედებს წმინდა და დიდი კრების მზადების პროცედურებთან მიმართებაში, ეკლესიათა მეთაურებმა კი, თავიანთი 2014 წლის მარტის გადაწყვეტილებით იგი თავად კრებაზეც განავრცეს, რისი კრიტიკის უფლებასაც ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ.
8. საქართველოს ეკლესიის წევრობაზე მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, რომელშიც მაშინ გაერთიანებული იყო ყველა მართლმადიდებლური ეკლესია, ვიტყვით, რომ ეს გახლდათ მოძმე ეკლესიებთან და ზოგადად, გარე სამყაროსთან, ურთიერთობის თითქმის ერთადერთი შანსი რკინის ფარდის მიღმა მყოფი ჩვენი ეკლესიისათვის. დიახ, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II, 1979 წელს ხუთი წლის ვადით არჩეულ იქნა მის თავმჯდომარედ (როგორც მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციას 8 თავმჯდომარე ჰყავს, რომლებსაც ხანგრძლივი ვადით ირჩევენ, რეალური მმართველი კი, გენერალური მდივანი გახლავთ). რაც შეეხება იქიდან გამოსვლას, თავად მამა გიორგის მიერვე მოყვანილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის ფრაგმენტიდან ნათლად ჩანს დოგმატური მიზეზი „ვინაიდან ხშირ შემთხვევებში არ ხდება მართლმადიდებელთა ინტერესების გათვალისწინება და ბოლო ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია ორგანიზაციისათვის გარკვეული ეკლესიოლოგიური ხასიათის მინიჭებისა, საქართველოს ეკლესია მიზანშეწონილად მიიჩნევს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გასვლას“.
9. როდის ყოფილა ქრისტეს ეკლესია ამა სოფელში დალხინებული? დღესაც, ბევრ მოძმე ეკლესიას მტრულ გარემოში უწევს არსებობა. თუმცაღა ღვთის მადლით, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს საპატრიარქოში შეიარაღებულ პირთა მივარდნის ფაქტი და აღნიშნულ ცნობას მხოლოდ დეზინფორმაცია შეიძლება ეწოდოს. ეს თუნდაც იმიტომ ვერ მოხდებოდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს უდიდესი საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით.
10. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც საქართველო იღებდა ზემოხსენებული ორგანიზაციის დახმარებით, ჩვენ ძალზედ მადლიერნი ვართ, პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-სა, რომელიც გამოირჩევა სიბრძნითა და კაცთმოყვარეობით და ასევე ყველა ადამიანისა, ვინც იმ უმძიმეს წლებში ქართველ ხალხს გვერდში ამოგვიდგა. ამასთან, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია გაწეული დახმარების უადგილო შეხსენება და აქვე ვსვამთ კითხვას: განა მატერიალური დახმარების სანაცვლოდ მორალურ პრინციპებზე უარის თქმა მიღებული წესია?
11. სამწუხაროა, რომ როდესაც პატივცემული პროტოპრესვიტერი საქართველოს ეკლესიის მიერ კრებისათვის „ძირის გამოთხრის“ საშიშროებაზე საუბრობს, იგი რატომღაც არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესიამ, დიდი კრების არ დაბრკოლებისათვის, საკუთარი კეთილი ნებით, ჟენევის წინამძღოლთა შეკრებაზე განაცხადა, რომ თანახმაა, ჩვენთვის ძალზედ არსებითი, დიპტიქების თემის დიდი კრების დღის წესრიგიდან ამოღებაზე და მასზე მსჯელობის კრების შემდგომ პერიოდში გადატანაზე, რის გამოც, კრიტიკაც კი დაიმსახურა!
12. მამა გიორგი ბრძანებს, რომ „დროა დაინგრეს მითი იმის შესახებ, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა მართლმადიდებლობის დამცველი“. თუკი მსგავსი მითი მართლაც არსებობს, ჩვენ პირველნი ვუერთდებით აღნიშნულ მოთხოვნას!
* * *
დღეს საქართველოს ეკლესია ემზადება წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად კრეტაზე გასამგზავრებლად და სრულიად ბუნებრივია, რომ მიმდინარეობს დოკუმენტების სიღრმისეული შესწავლა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა და მორწმუნე მრევლის საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომაც ვითხოვდით დოკუმენტების დროულად გამოქვეყნებას, ისევე როგორც დიდ კრებაზე მართლმადიდებელი მონაზვნობის, სამღვდელოებისა და ღვთისმეტყველთა მონაწილეობას სიტყვის უფლებით.
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ყველა არსებული ნაკლი გამოსწორებული იქნება და სულიწმინდის მადლით აღვსილნი, წმინდა და დიდი კრების მონაწილენი, როგორც კათოლიკე ეკლესიის ერთიანი ხმის გამომხატველნი, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად დაამოწმებენ მარადიულ ჭეშმარიტებებს, რომელთა ერთგულიცაა ეკლესია დღიდან მისი დაარსებისა!
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია
25.03.2016