ავტორი: იეროდიაკონი ლეონიდე ებრალიძე
431 წელს ეფესოს მსოფლიო კრებაზე მიღებული მარიოლოგიური დოგმა, რომლის მიხედვითაც ეკლესია თაყვანს სცემს ღვთისმშობელს (Θεοτόκος), იყო ეკლესიის რეაქცია არა მხოლოდ ქრისტოლოგიურ ერესზე, არამედ იმ უძველესი ლიტურგიული ტრადიციის უარყოფით გამოწვეული აღშფოთებაც, რომელიც ქრისტიანობის არსებობის პირველივე საუკუნეებში იღებს სათავეს…
1917 წელს მანჩესტერში, John Rylands ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ეგვიპტური პაპირუსი, რომელიც 1938 წელს პირველად გამოქვეყნდა.
რამდენადაც აღმოჩენასა და გამოქვეყნებას შორის პერიოდი თითქმის ორ ათეულ წელს სცილდება, ვარაუდობენ, რომ ბრწყინვალე პაპიროლოგი კოლინ რობერტსი აყოვნებდა მის გამოქვეყნებას, რამდენადაც რეფორმატორ ღვთისმეტყველთა მიერ ღვთისმშობლის კულტი გვიანი ხანის მოვლენად იყო მიჩნეული, ხოლო თავად ბატონი რობერტსი პროტესტანტი გახლდათ. სავარაუდოდ მის რელიგიურ თვალთახედვას უკავშირდება იმის მტკიცებაც, რომ ტექსტი ეფესოს კრების შემდეგ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ დღეს მკვლევარები ერთსულოვნად ათარიღებენ მას III საუკუნით (დაახლოებით დეკიუსის დევნის პერიოდი).
იგი წარმოადგენს ბერძნული, უნციალური დამწერლობით შესრულებულ ათ რიგიან პატარა ფურცელს (14×9,4სმ), რომელის მარჯვენა მხარეც მორღვეულია, თუმცა ტექსტი მაინც გასაგებად იკვეთება:
[…]πὸ[…]
εὐσπλ[…]
καταφε[…]
Θεοτόκετ[…]
ἱκεσίαςμὴπαρ
ίδῃςἐνπεριστάσει[…]
ἀλλἐκκινδύνων
[…]ρωσαιἡμᾶς
μόνη[…]
[…]ηεὐλογημένη[…]
რომლის ბერძნული ორიგინალი ასე იკითხება:
Ὑπὸ τὴν σὴν εὐσπλαγχνίαν,
καταφεύγομεν, Θεοτόκε.
Τὰς ἡμῶν ἱκεσίας,
μὴ παρίδῃς ἐν περιστάσει,
ἀλλ᾽ ἐκ κινδύνων λύτρωσαι ἡμᾶς,
μόνη Ἁγνή, μόνη εὐλογημένη.
აღნიშნული ლოცვა ლათინურ ლიტურგიაში ორი ვერსიით არის შემორჩენილი, პირველი რომელიც ორიგინალ ტექსტთან ყველაზე ახლოსაა, ამბროსიანულ ლიტურგიკულ ტრადიციაში დღემდე გამოიყენება:
Sub tuam misericordiam confugimus
Dei Genitrix
(ut) nostram deprecationem ne inducas
in tentationem
sed de periculo
libera nos
sola casta
et benedicta
ხოლო რომანულ ტრადიციაში ასევე დღემდე გამოყენებადი ტექსტი, რომელიც რომის ეკლესიაში პირველად IX საუკუნის ერთერთ ხელნაწერში წმ. წერილის წინ საგალობელ ანტიფონადაა წარმოდგენილი, ასეთი სახით გამოიყურება:
Sub tuum praesidium confugimus,
Sancta Dei Genetrix.
Nostras deprecationes ne despicias
in necessitatibus,
sed a periculis cunctis
libera nos semper,
Virgo gloriosa et benedicta.
ქართული ვერსია:
„მოწყალებასა შენსა მოვილვტვით, წმიდაო ღვთისმშობელო, ვედრებასა ჩვენსა ნუ უგულებელჰყოფ, არამედ ღელვათა და ჭირთაგან გვიხსენ ჩვენ, მხოლოო კურთხეულო.“
ეს უძველესი ლოცვა ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში ეგვიპტის ეკლესიებში საშობაო ლიტურგიაში იყო ჩართული, თუმცა ლიტურგიკოსთა შორის დღემდე დავის საგანია მისი წარმომავლობა კოპტურ-ალექსანდრიულია თუ ბერძნული. თუმცა კი ფაქტია, რომ რომ „მოწყალებასა შენსა მოვილვტვით“ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ყველაზე ძველი, არა წმინდაწერილისეული ჰიმნია, რომელიც გვხდება თითქმის ყველა უძველესი ეკლესიის ლიტურგიკულ ტრადიციაში.
P.S. სურათზე: ღვთისმშობლის ყველაზე ძველ გამოსახულებად მიჩნეული ფრესკა პრისკილას კატაკომბებიდან (რომი II- III საუკუნეები). ქალწულ მარიამს ყრმა იესო უზის კალთაში, ბროწეულის ხის ქვეშ, წინ კი სავარაუდოდ წინასწარმეტყველი ისაიაა, რომელიც ზეცისკენ მიანიშნებს ხელით.