ავტორი: თემურ ბუაძე

ქრისტიანობა განკაცებული ღმერთის რელიგიაა. ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენი ბუნება გამოეხსნა და ისევ დაგვბრუნებოდა მადლისმიერად ღმერთად ქცევის შესაძლებლობა, ანუ მიგვეღწია იმ მიზნისთვის, რისთვისაც შემოქმედმა ამ სოფლად მოგვიყვანა.

წმინდა წერილი იოანე ღვთისმეტყველს უფლის უსაყვარლეს მოციქულად მოიხსენიებს. თუ ღმერთის სრულყოფილებას გავითვალისწინებთ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იგი მოციქულთაგან ყველაზე მეტად ჩაწვდა და ეზიარა ღვთაებრივი სიყვარულის საიდუმლოებას. სწორედ ეს მოციქული გვამცნობს, რომ ღმერთი სიყვარულია. არსად, ისეთი სიცხადით არ მჟღავნდება ეს ჭეშმარიტება, როგორც ქრისტიანობაში. არც ერთი სხვა რელიგია არ ლაპარაკობს ცისა და ქვეყნის შემოქმედზე, რომელმაც ისე შეიყვარა მისი მცნებების უარმყოფელი, ცოდვით დაცემული ადამიანი, რომ საკუთარი ძე მოავლინა მის გამოსახსნელად. ღმერთმა არა მარტო ჯოჯოხეთისგან იხსნა კაცობრიობა, არამედ სამარადისოდ შეინარჩუნა ადამიანური ბუნება და მამის მარჯვენით მისი ამაღლებით, მადლისმიერი სრულყოფილებით აზიარა ღმერთის მარადიულ ყოფას, დიდებას, ძალებსა და ქმედებას.

სრულყოფილი სიყვარულით ნაკარნახები კაცობრიობის გამოხსნის ღვთაებრივი იკონომიის უმთავრესი იარაღი ქალწული მარიამია; ამიტომაცაა, რომ ქმნილებათაგან არსად ისეთი სისრულით არ ვლინდება ღმერთის სიყვარული, სიწმინდე, სიბრძნე და ყველა სხვა სათნოება, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში. ყოვლადწმინდა ქალწულმა სრულყოფილი, ამსოფლიური გონებისთვის მიუწვდომელი პიროვნული სიწმინდის, თავმდაბლობის, მორჩილების და რაც მთავარია, სიყვარულის გამო, უკვე მიაღწია მადლისმიერ ღმრთეებას. იგი ადამიანად დარჩა, მაგრამ იმდენად დიდია ყოვლადწმინდა ქალწულის ძალმოსილება და ღვთისმიერი კადნიერება ძის წინაშე, რომ ეკლესია მას არა მარტო ჩვენს შეწევნას, არამედ თვით ცხონებასაც კი ევედრება.

ეკლესიის წმინდა გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის მიძინებიდან მესამე დღეს, როცა მოციქულებმა საფლავი გახსნეს, რათა ერთ-ერთ მათგანს დაგვიანებით მაინც შეძლებოდა მისი ყოვლადწმინდა ნაწილებისთვის თაყვანისცემა, მისი სხეული იქ აღარ დახვდათ. ეკლესიას სწამს, რომ ღმერთმა ქალწული მარიამის სულთან ერთად მისი სხეულიც აღამაღლა ზეცაში. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეკლესია ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლას „მიძინებად“ მოიხსენიებს და არა გარდაცვალებად. შემთხვევითი არაა, რომ წმინდა გრიგოლ პალამა – რომელიც ღვთაებრივი განგებულებით, ერთ-ერთი იმ უდიდეს მამათაგანია, რომელმაც ყველაზე სრულად გამოთქვა ადამიანის განღმრთობის და ღვთაებრივი ენერგიების შესახებ ეკლესიური სწავლება – სრული სიცხადით გვამცნობს (P. G. 151, 465.), რომ ღვთისმშობლის სხეულს არ განუცდია ხრწნილება, რომ ის ღმერთმა სულთან ერთად აღამაღლა ზეცად და რომ ეკლესია მიძინების დღესასწაულზე არა მარტო ყოვლადწმინდა ქალწულის სულის ზეცად ამაღლებას დღესასწაულობს, არამედ მისი სხე ულისაც. თესალონიკის დიდი მღვდელმთავარი ამ კონტექსტში ბერძნულ სიტყვებს „συνανίσταται“ და „μεταβίωσις“ იყენებს, რომლებიც ქართულად შესაბამისად თანააღდგინებას და სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავს. ცხადია, აქ წმინდა გრიგოლ პალამა ყოვლადწმინდა ქალწულის სხეულზე საუბრობს და მის სულთან ერთად ზეცად ამაღლებას მიანიშნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგუმენაა, რადგან ეს ერთ-ერთი (თუმცა, არა ერთადერთი) საღვთისმეტყველო საფუძველია იმისა, რომ ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სერაფიმებსა და ქერუბიმებზე მეტად განადიდებს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი მამა, მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი და სხვები ადამიანს რაღაც ასპექტით ანგელოზებზე მაღლა აყენებენ. ამის საფუძველი ისაა, რომ ადამიანს ანგელოზისგანგანსხვავებით, რთული, იერარქიული ბუნება გააჩნია, იგი ორი _ სულიერი და ხორციელი ბუნებისგან შედგება. ის, რომ ადამიანი სულიერი და ხორციელი ბუნებისგან შედგება, ამაში მამები მისი შემოქმედებითობის უნარის და „შესაქმის გვირგვინის“ წმინდა წერილისეული წოდების საფუძველს ხედავენ; ამის გამო მიიჩნევს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომ ადამიანს მთელი სამყაროს ღმერთთან მიმყვანებლის მისია აკისრია. ღვთისმშობელი სხეულებრივად ამაღლდა ზეცად და მხოლოდ მის შემთხვევაში გამოვლინდა კაცობრივი ბუნების აღმატებულობა ანგელოზურზე. იგივე აზრს ვხედავთ XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რუს ღვთისმეტყველ ვლადიმერ ლოსკისთანაც („ხატისებრობა და მსგავსებისებრობა“). დიდი თეოლოგი აღნიშნავს, რომ რაკი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მისი განსაკუთრებული პიროვნული სიწმინდის გამო ღმერთის მუცლადღების ღირსი გახდა, მან კაცთაგან პირველმა იგემა სრულყოფილი გაღმრთობა როგორც სულით, ასევე ხორციელად. ყოვლადწმინდა ქალწული არა მარტო ყოვლისშემძლე მეოხი და მფარველია კაცობრიობის, არამედ იგი ღვთაებრივი წინდია (ნიშანი), გარანტია იმისა, რომ უფალი პარუსიის შემდეგ, მართლებსაც ისევე მიმადლებს გაღმრთობას, როგორც ეს საკუთარი დედისთვის გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნებში არაერთი სიმბოლური მინიშნებაა, ქალწული მარიამის განსაკუთრებულ მისიასა და მნიშვნელობაზე, ახალი აღთქმის წიგნები უშუალოდ მასზე ბევრს არ საუბრობს. ეს გასაგებია; სახარებები, მოციქულთა საქმენი და ეპისტოლეები უპირველეს ყოვლისა ღმერთის განკაცების, მისი ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებათა მოციქულებრივი ქადაგების ეკლესიური დამოწმებაა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა კი ეს ჭეშმარიტებანი მოციქულებისგან კი არა, მათზე ადრე, თავად განკაცებული ღმერთისგან შეიტყო. წმინდა წერილი მრავალგზის ამოწმებს, რომ ქალწულმა მარიამმა ადრევე დაიმარხა გულში სიტყვები, რომლებიც მოციქულებმა სულთმოფენობის შემდგომ მთელ სამყაროს მოჰფინეს. სახარებების იმ ადგილთაგან, რომლებიც ღვთისმშობელს ეხება, ცხადია უაღმატებულესი მნიშვნელობა ხარებას ენიჭება. აქ ზეციური მშვენიერებითა და საოცარი მისტიური სიღრმითაა გადმოცემული ქალწული მარიამის განსაკუთრებული მისია, მისი სულიერი სიმაღლე, თავმდაბლობა, შემოქმედისადმი მორჩილება და ღვთაებრივი ნებისადმი ადამიანური ნების სინერგიული თანამოქმედების აუცილებლობა. ხარებიდან მალევე იწინასწარმეტყველა ღვთისმშობელმა, რომ ადამიანთა მოდგმა დაუსრულებლად განადიდებდა მას. პირველი, ვინც ეს გააკეთა, ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფი უფლის წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი და მისი დედა _ მართალი ელისაბედი იყო, რომელმაც ადამიანთაგან პირველმა უწოდა ქალწულს ღვთის დედა.

წმინდა მამები ღვთისმშობლის პიროვნებაში ქალწულების უმაღლეს მისტიურ სიმბოლოს ჭვრეტენ. ქალწულისგან უფლის შობა იმის სიმბოლოა, რომ ყოველ ქრისტიანში ახალი ადამიანის ანუ უფლის დაბადება მხოლოდ ღმერთის ქალწულებრივი სიყვარულის, თავმდაბლობის და სიწმინდის პირობებში შეიძლება მოხდეს.

იაკობის პროტოსახარება მოგვითხრობს, რომ ქალწული მარიამი უკვე ხანში შესულ წმინდა იოაკიმესა და ანას შეეძინათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შობა უფლისადმი სასწაულებრივი სასოების შედეგი იყო და მასში ახალგაზრდა ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ხორციელ ვნებებს წილი არ ედო. ქალწული მარიამი უფლის წმინდა სასოებაში დაიბადა. იმავე იაკობის აპოკრიფული სახარების მოწმობით, იგი ყრმობიდანვე წმინდათა წმინდაში შესვლის ღირსი გახდა. წმინდა გადმოცემის ეს თხრობა სულიერი სიმბოლოა იმისა, რომ ღვთისმშობლის სული მისი პატარაობიდანვე გახდა ადგილი, სადაც სამყაროს შემოქმედმა მუდმივად დაივანა. განა ამ ჭეშმარიტების თვალნათელი გამოხატულება არაა კანას სასწაულის ისტორია? ქალწულმა მარიამმა მის სულში მუდმივად დავანებული ღვთაებრივი სიყვარულის, სიბრძნის, ძალმოსილების გამო წინასწარ უწყისყველა ჩვენი განსაცდელი და დედობრივი სიყვარულით ევედრება ღვთაებრივ ძეს ჩვენს ნაკლულევანებათა შევსებას და მიწიერ პრობლემათა სულიერ სიხარულად გადაქცევას.

სახარებები ასევე ამოწმებს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისი განსაკუთრებული სულიერი სიმაღლე მხოლოდ უფლის ხორციელი დედობის გამო არ მიუღია. უფალი დედად და ძმებად მხოლოდ იმ ადამიანებს მიიჩნევს, რომლებიც უფლის სიტყვებსა და მცნებებს მტკიცედ იმარხავენ გულში და აღასრულებენ. უფალმა ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის დასამცირებლად კი არ წარმოთქვა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ ღვთაებრივი სიყვარულის სრულყოფილება ყოველგვარ ფავორიტიმზს გამორიცხავს. მიწიერი ცხოვრებისას ღვთის რჩეულობა, მადლმოსილებასთან ერთად, გამორჩეულად მძიმე ტვირთს და ადამიანურ ტკივილს გულისხმობს. ღვთისმშობლის შემთხვევაში ამ ჭეშმარიტებას სიმეონ მიმრქმელის მისტიური წინასწარმეტყველებით აღბეჭდილი სიტყვები მიანიშნებს, სადაც ის ქალწული მარიამის გულში გამავალ მახვილზე საუბრობს.

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანთა თაყვანისცემის ტრადიცია ორ მიზანს ემსახურება. ის ხაზს უსვამს ჩვენდამი წმინდანთა მეოხებას ღვთის წინაშე და თავიანთი ცხოვრებით უფლისაკენ მიმავალი გზის მისაბაძ მაგალითს გვიჩვენებენ. ქალწული მარიამი ყოვლადწმინდა სამების შემდეგ კაცობრიობის ყველაზე ძლევამოსილი მეოხი და განღმრთობის გზაზე ყველაზე უფრო მისაბაძი მაგალითია.

***

ფოტოზე: უძველესი ფრესკა ღვთისმშობელი ყრმით, მარცხნივ ისაია წინასწარმეტყველი მიანიშნებს ბეთლემის ვარსკლავზე.

პრისცილას (პრიკას) კატაკომბები,
რომი, იტალია