ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
წიგნიდან: “დიდი მარხვა”
ნაწილი 5–6 (დასასრული)
3. დიდი მარხვის კვირადღეები
დიდი მარხვის ყოველ კვირადღეს ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ყოველი მათგანი იმ რიტმში შედის, რომლითაც მარხვის სულიერი „დიალექტიკა“ ვლინდება. მეორე მხრივ, ეკლესიის ისტორიული განვითარების პროცესმი დიდი მარხვის თითქმის ყოველმა კვირადღემ კიდევ მეორე მნიშვნელობაც მიიღო. ასე მაგალითად, პირველ კვირადღეს აღინიშნება კრება მართლმადიდებლობისა (მართლმადიდებლობის ზეიმი), რითაც მოიხსენიება ხატმბრძოლობაზე გამარჯვება და ხატთაყვანისცემის აღდგენა 843 წელს კონსტანტინეპოლში. ამ დღესასწაულის დიდ მარხვასთან კავშირი მხოლოდ ისტორიულია: მართლმადიდებლობის პირველი ზეიმი სწორედ ამ კვირადღეს აღნიშნეს. იგივე შეიძლება ითქვას იმაზე, რომ დიდი მარხვის მეორე კვირადღე წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას ეძღვნება. მისი მტრების გაკიცხვა და მისი მოძღვრების გამართლება ეკლესიამ XIV საუკუნეში მართლმადიდებლობის მეორე ზეიმად აღიარა და ამიტომაც ამ მოვლენის აღნიშვნა დიდი მარხვის მეორე კვირადღეს დაწესდა. თუმცა ორივე ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მაინც არ უკავშირდებიან დიდ მარხვას, როგორც ასეთს, და ამიტომაც მათ ცალკე არ განვიხილავთ. წმინდა იოანე სინელის (კლემაქსის) ხსენებას მარხვის მეოთხე კვირას და წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენებას მეხუთე კვირას გაცილებით უფრო მჭიდრო და არსებითი კავშირი აქვს დიდ მარხვასთან. ორივე წმინდანში ეკლესია არა მხოლოდ ასკეტიზმის მატარებელს ხედავს, არამედ მის ყველაზე სრულყოფილ ნიმუშსაც. წმინდა იოანე სინელი თავისი ნაწერებით, წმინდა მარიამ ეგვიპტელი კი თავისი ცხოვრებით წარმოგვიდგენს ამ მაგალითს. ამ წმინდანთა ხსენებამ მარხვის მეორე ნახევარში უნდა გაამხნევოს და ანუგეშოს მორწმუნენი მათ სულიერ ბრძოლაში დიდი მარხვის მთელი მოსაგრეობის მანძილზე. და რადგანაც ასკეტიზმის მხოლოდ მოხსენიება კი არა, მისი ცხოვრებაში განუწყვეტელი გამოყენებაა საჭირო, ამ ორი წმინდანის ხსოვნა კი ჩვენს პირად სამარხვო მოსაგრეობას უახლოვდება, ჩვენ ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ წიგნის ბოლო თავში.
დიდი მარხვის კვირადღეთა პირველი და უმთავრესი მნიშვნეღობა სამოციქულოსა და სახარების საკითხავებში ვლინდება. ეს წესი და მიმდევრობა რომ შევიმეცნოთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი მარხვის პირვანდელი კავშირი ნათლისღებასთან, ანუ მარხვის, როგორც ნათლისღებისთვის მომზადების, საზრისი. ხსენებული საკითხავები ნამდვილად ადრეული ქრისტიანული კათაკმევლობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ. ეს საკითხავები ხსნიან და გარკვეულად აჯამებენ კათაკმეველთა მომზადებას ნათლისღების საპასექო საიდუმლოსათვის. ნათლისღება (ნათლობა) ახალი ცხოვრების კარია. რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა. ეს ახალი ცხოვრება ჯერ მხოლოდ განცხადებულია და აღთქმულია კათაკმევლისათვის და იგი იღებს და რწმენით ელოდება მას. კათაკმეველი ძველი აღთქმის ადამიანების მსგავსად აღთქმულის რწმენით ცოცხლობს, თუმც მისი აღსრულება ჯერ არ უნახავს.
ესაა პირველი კვირადღის მნიშვნელობა. წმინდა მოციქული პავლე ძველი აღთქმის ყველა მართალს ჩამოთვლის და ასე ასრულებს: „და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაჲსწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ“ (ებრაელთა 11,39-40).
რას ნიშნავს ეს? პასუხი პირველი კვირადღის სახარების საკითხავში მოიპოვება: „უფროჲსი ამათსა იხილო… ამინ, ამინ გეტყჳთ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“ (ი. 1,43-51).
ეს ნიშნავს: თქვენ, კათაკმეელები, რომლებმაც ქრისტეს მიერ ნათლისღება განიზრახეთ და აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებით, იხილავთ ახალი დროის დადგომას, ყველა აღთქმის შესრულებას, ზეციური სასუფევლის განცხადებას. მაგრამ ყოველივე ამას მხოლოდ მაშინ იხილავთ, თუ ირწმუნებთ და მოინანიებთ, თუ ცხოვრების ხედვას გამოიცვლით, თუ მოისურვებთ და საკუთარ თავზე აიღებთ მოსაგრეობას.
ამას მოგვაგონებს მეორე კვირის სამოციქულოს საკითხავი: „ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ… ვითარმედ ჩუენ განვერნეთ (სამართლიან საზღაურს), უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხოვრებაჲ რომელმან-იგი დასაბამი მიიღო სიტყუად უფლისა მიერ?“ (ებრაელთა 1,10-2,3).
მეორე კვირის სახარების საკითხავი (მკ. 2,1-12) ამ ძალისხმევისა და სურვილის სახედ განრღვეულს (დამბლადაცემულს) წარმოგვიდგენს, რომელსაც ქრისტეს ფერხთით სახლის სახურავიდან ჩაუშვებენ: „და იხილა იესო სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგიტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“.
მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემა იწყება და სახარების საკითხავშიც ვისმენთ (მკ. 8,34-9,1): „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვაღად სულისა თვსისა?“.
ამ კვირადღიდან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვისას იხსნება ქრისტეს მიერ შეწირული მსხვერპლის საზრისი – იმ მსხვერპლისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ზეციური სასუფევლის საფარველს მიღმა, ესე იგი, წმიდათა-წმიდამი შესასვლელ კარს უღებს (იხ. მესამე კვირა – ებრაელთა 4,14-5,6; მეოთხე კვირა – ებრაელთა 6,13-20; მეხუთე კვირა – ებრაელთა 9,11-14), მაშინ როცა მარკოზის სახარებაში მოცემულია ქრისტეს ნებაყოფლობით ვნებათა უწყება: „ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი“. ასევე მკვდრეთით აღდგომაც ცხადდება მეხუთე კვირას: „მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,32-45).
უდიდესი საიდუმლოსათვის მომზადება, კათაკმევლობა მთავრდება და ახლოვდება ის გადამწყვეტი ჟამი, როცა ადამიანი შევა და მიუერთდება ქრისტეს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას.
ჩვენს დროში დიდი მარხვა უკვე აღარაა კათკმეველთა ნათლისღებისთვის მომზდების პერიოდი, მაგრამ ჩვენ, თუმც ნათელღებულნი და მირონცხებულნი, განა გარკვეული აზრით კათაკმეველნი არა ვართ? განა არ უნდა დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას წელიწადში ერთხელ? განა კვლავაც არ ვშორდებით ამ უდიდეს საიდუმლოს, რომელსაც გვაზიარეს? განა საჭირო არაა ქრისტიანული სარწმუნოების ფესვებთან ეს ყოველწლიური დაბრუნება ჩვენი ცხოვრებისთვის, რომელიც, არსებითად, მხოლოდ ქრისტესა და მის სასუფეველს ერთი მთლიანი განშორებაა?
4. დიდი მარხვის განზოგება (გაშუალედება) – წმინდა ჯვარი
დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. ამ დღის ღამისთევისას დიდი დიდებისმეტყველების შემდეგ ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირით ტოვებენ. ყოველი ღმრთისმსახურების შემდეგ სრულდება ჯვრის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჯვარზე ამ კვირადღის ყველა საგალობელი მოგვითხრობს, მაგრამ გვაუწყებს არა ვნებასა და ტანჯვას, არამედ ძლევასა და სიხარულს. უფრო მეტიც, მეორე საკვირაო კანონის ძლისპირები აღებულია საპასექო ღმრთისმსახურებისაგან: „აღდგომისა დღე“ და მთლიანად ეს კანონი სააღდგომო კანონის, ასე ვთქვათ, პარაფრაზს ნარმოადგენს.
ყოველივე ამის საზრისი ცხადია. ჩვენ დიდი მარხვის შუაგულს მივაღწიეთ. ერთი მხრივ, ფიზიკური და სულიერი მოსაგრეობა, თუ ის სერიოზული და თანმიმდევრულია, აუცილებლად იჩენს თავს და იგრძნობა დაღლილობა. ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვესაჭიროება. მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრნყინვალება უფრო ხილვადია. დიდი მარხვა ჩვენი თვითჯვარცმის დროა. ჩვენი, თუნდაც შეზღუდული გამოცდილებაა ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის სახარების საკითხავში ჟღერს: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მკ. 8,34). მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად აიღო. მხოლოდ მისი ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი. მხოლოდ მისი ჯვარი ჩვენს ჯვრებს არა მარტო საზრისს, არამედ ძალასაც ანიჭებს. სწორედ ესაა განმარტებული ჯვრის თაყვანისცემის კვირის სვინაქსარში:
„მესმესა ამას კჳრიაკესა მარხვათასა ვდღესასწაულობთ თაყუანისცემასა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისასა ესევითარისა მიზეზისათჳს; რამეთუ ორმეოცთა ამათ დღეთა შინა მარხვათასა, სახედ ჩუენცა ჯუარცმას და ტანჯვასა მივიღებთ და მოვაკუდინებთ ჴორცთა ჩუენთა, ვინაჲთგან ჟამი არს მწუხარებისა, გლოვისა და სხეულთა დაჭნობისა და მოკუდინებისა; ამისთჳს, რამეთუ ესერა წინამდებარე არს ცხოველსმყოფელი იგი პატიოსანი ჯუარი ქრისტესი, რომელი მხიარულ-გუყოფს გულითა და განგუამტკიცებს სასოებითა კეთილად და მოგუაჴსენებს ვნებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, და ნუგეშინის-გუცემს… გრძელი და საჭირველი გზაჲ თანაგუაც წარვლად. ოდეს შეჰკრი ტჳრთი რაჲმე ძნიად სატჳრთავი მსოფლიოთა ნაღუაწთაგან და ხჳდოდი სიმძიმით შეურვებული, და სადაცა ჰპოვი აჩრდილი ხისა კეთილფურცლოვანი, მუნ განისუენი, და კუალად ხჳდოდი განმჴნობილი, ეგრეთვე უკუე ჟამი ესე მარხვისაჲ არს მწუხარებისა და იწროებისა და ღუაწლისა. ამისთჳს განეწესა დღეთა ამათ შინა წმიდათა მამათაგან ცხოველსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომელი მოგუანიჭებს შუებასა, სიხარულსა და სიმჴნესა და გუყოფს მძიმეთა სუბუქ და უმეტეს ღუაწლთა მიმართ მიგვზიდავს. ვითარცა არს ქუეყნიერთა მეფეთა ჩუეულებაჲ, ოდეს წყობათა შინა მძლე ექმნებიან მტერთა თჳსთა და ნებავნ საყოფელადვე თჳსად მიქცევა, მოაქუნდინ სახე იგი ძლევისა კეთილთა თჳსთა და სკიპტრა იგი მეფობისა, და, მო-რაი-იქცის დიდითა სიხარულითა, უხარის ძლევისა მისთჳს, ეგრეთვე მის თანა მყოფნი ერთბამად იხარებენ და ადიდებენ მას დიდებითა დიდითა. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ინება უძლეველისა და შეუპოვარისა სიკუდილის, რაჲთა ჯუარისა მიერ სძლოს და არცხჳნოს მას და იქმნეს დიდებულ. და გამოვიდა სასძლოჲსა მისგან აღდგომითა თჳსითა და წარგზავნა სკიპტრა თჳთ სამეუფო ნიში, რომელ არს ცხოველსმყოფელი ჯუარი, და მოგუანიჭა გამოუთქუმელი სიხარული და ნუგეშინისცემაჲ, და აღგუავსო ჩუენ მრავლითა კეთილითა და განგუამტკიცებს მზა ყოფად შემძლებელობით შეწყნარებად მეუფისა ძალისაებრ ჩუენისა, რაჲთა ბრწყინვალედ ქებაჲ შეუთხზნეთ ძლევისა მისთჳს“.
ამგვარად გამხნევებულნი და ნუგეშცემულნი შევდივართ დიდი მარხვის მეორე ნახევარში. კიდევ შვიდი დღე და დიდი მარხვის მეოთხე კვირის სახარების საკითხავში გვესმის: „…ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი; და მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 9,31). ამგვარად, ის ძირითადი აქცენტი, რომელიც ადრე ჩვენს მონანიებასა და მოსაგრეობაზე მოდიოდა, ახლა „ჩვენთჳს, კაცთათჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს“ მომხდარ მოვლენებზე გადაინაცვლებს.
|
უფალო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ მიწევნად დღესასწაულსა ამას, დღესა, რომელი-ესე წინა ბრწყინავს ბრწყინვალედ, წმიდისა შჳდეულისა, რომელი-იგი ადიდე აღდგინებითა მეგობრისა შენისა ლაზარესითა, ყოვლად საკჳრველითა და განსაკრთომელითა, შიშსა შენსა შემსჭუალენ ჴორცნი ჩემნი, და მოგუმადლე, მჴსნელო, მორწმუნეთა შენთა ყოველსავე ამას ჟამსა წმიდისა მარხვისასა სათნოდ სრულ-ყოფად, მარხვითა და ლოცვითა.ჟამი ესე ღმრთივბრწყინვალე წმიდათა მარხვათაჲ ესერა განვაზოგეთ, აწ კუალად დასაბამი კეთილი ვაჩუენოთ და სრულყოფად სათნოებათა ავმაღლდეთ, რაჲთა მივემთხჳნეთ უკუდავსა ცხორებასა მოღუაწებითა ძლიერითა.
|
წმიდა შვიდეულის (ვნების შვიდეულის) წინ დიდებულად ბრწყინავს ეს დღესასწაული, ყოვლად საკვირველი და განსაკრთომელი, რომელიც შენს მიერ განდიდებულ იქმნა შენი მეგობრის, ლაზარეს აღდგინებით. უფალო, რომელმაც ღირსი გაგვხადე ჩვენ, მორწმუნენი, ამ დღესასწაულის მოღწევისა, მოგვანიჭე მთელი მარხვის ჟამის სათნოდ დასრულება, მარხვითა და ლოცვით.აი, უკვე გავანახევრეთ ღმრთის მიერ გაბრწყინებული ჟამი წმიდა მარხვისა. კვლავ კეთილად განვაგრძოთ იგი, ავმაღლდეთ სათნოების სრულყოფით, რათა ძლიერი მოღვაწეობით უკვდავი ცხოვრება მოვიპოვოთ.
|
მეხუთე კვირის ოთხშაბათის ცისკარზე კვლავ იკითხება ანდრია კრიტელის დიდი კანონი, მაგრამ ამჯერად მთლიანად. თუ დიდი მარხვის დასაწყისში ეს კანონი სინანულის გზის მემღები კარის მოვალეობას ასრულებდა, ახლა იგი სინანულის შეჯამებად და აღსრულებად ჟღერს. თუ მარხვის დასაწყისში ჩვენ მხოლოდ ვისმენდით კანონს, ახლა მისი სიტყვები ჩვენს სიტყვებად, ჩვენს ტირილად, ჩვენს სასოებად და თვით საკუთარი მოსაგრეობის შეფასებად იქცა; სინამდვილეში რას მივაღწიეთ ამ მარხვის განმავლობაში? სადამდე მივედით სინანულის გზაზე? რადგანაც ამ დღეს ყოველივე, რაც ჩვენი პიროვნულია, თავის დასასრულს უახლოვდება. ჩვენ უკვე ქრისტეს მოწაფეებს მივდევთ, როცა ისინი იერუსალიმის გზას ადგნენ და ქრისტე მიუძღოდა მათ. სწორედ ამ დროს უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „აჰა, ესერა აღვალ იერუსალემდ, და ძე კაცისაჲ მიეცესმღვდელთმთავართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,33-34). ეს მეხუთე კვირიაკის სახარების საკითხავია.
სამარხვო ღმრთისმსახურებათა ტონი იცვლება. თუ მარხვის პირველ ნახევარში ჩვენი ძალისხმევა საკუთარი თავის განწმენდაზე იყო მომართული, ახლა ჩვენ გვიხსნიან, რომ ეს განწმენდა არაა თვითმიზანი, არამედ მან უნდა შეგვიყვანოს ჯვრისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს ჭვრეტაში, წვდომასა და ათვისებაში. ჩვენი მოსაგრეობის საზრისი უკვე ამ საიდუმლოში მონაწილეობად იხსნება ჩვენს წინაშე. ამ საიდუმლოებას კი ისე მივეჩვიეთ, რომ გვავიწყდება კიდეც მისი მნიშვნელობა და, როცა უფლის მოწაფეებთან ერთად მივდევთ მას იერუსალიმის გზაზე, ჩვენ გვიკვირს და გვეშინია.
5. ბეთანიისა და იერუსალიმის გზაზე
დიდი მარხვის მეექვსე და უკანასკნელი კვირა ბზობის კვირიაკედ იწოდება. ლაზარეს შაბათის წინამორბედი ექვსი დღის განმავლობაში საეკლესიო ღმრთისმსახურება თითქოს საშუალებას გვაძლევს მივსდიოთ ქრისტეს იმ დროს, როცა იგი ჯერ თავისი მეგობრის, ლაზარეს სიკვდილს გვაუწყებს, შემდეგ კი იწყებს აღსვლას ბეთანიაში და შემდეგ იერუსალიმში. ამ კვირის საერთო ტონი და თემა კვირადღის მწუხრის ლოცვაზე გვეძლევა:
|
მეექუსესა ამას შჳდეულსა წმიდათა მარხვათასა აწ შემავალთა, უფლისა გალობაჲ წინა დღით შევწიროთ ბაიაობისა, რამეთუ მოვალს შემუსრვად ყოვლად ძლიერი სიკუდილისა ძალსა…
|
წმიდა მარხვის ამ მეექვსე შვიდეულში შესვლისას უფლის მიმართ აღვავლინოთ ბაიაობის (ბზობის) გალობა, რადგანაც ყოვლადძლიერი მოდის, რათა შემუსროს სიკვდილის ძლიერება.
|
ყურადღების ცენტრშია ლაზარე, მისი სნეულება და სიკვდილი, ნათესავების გლოვა და ის, თუ როგორ აღიქვამს ქრისტე ყოველივე ამას.
ორშაბათს ვისმენთ გალობას:
|
დღეს ეუწყების მეუფესა წიაღ-იორდანესა სალმობაჲ ლაზარესი…
|
დღეს იორდანეს გაღმა მყოფ ქრისტეს აცნობეს ავადმყოფობა ლაზარესი…
|
სამშაბათს:
|
გუშინ და დღეს სალმობაჲ ლაზარესი ეუწყა ქრისტესა…
|
გუშინ და დღეს აცნობეს ქრისტეს ავადმყოფობა ლაზარესი…
|
ოთხშაბათს:
|
დღესა ამას ლაზარე მოკუდა და დაეფლვის, და ტირილით იგლოვენ დანი იგი მისნი…
|
ამ დღეს მოკვდა და დამარხეს ლაზარე, ტირილით იგლოვენ მას დები…
|
ხუთშაბათს:
|
ორდღეობს დღეს ლაზარე საფლავსა შინა…
|
უკვე მეორე დღეა, რაც ლაზარე საფლავშია…
|
და ბოლოს, პარასკევს:
|
ცისკარსა მსთუად მოვალს ქრისტე აღდგინებად მკუდრეთით ძმისა მართას და მარიამისსა…
|
დილით ადრე მოდის ქრისტე, რათა მკვდრეთით აღდგინოს ძმა მართასი და მარიამისა…
|
ამგვარად, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ სულიერად ვუჭვრეტთ ქრისტეს მომავალ შეხვედრას სიკვდილთან – ეს ჯერ მისი მეგობრისა ლაზარეს სიკვდილია, მერე კი – მისი საკუთარი. ახლოვდება ჟამი ძისა კაცისა, რომლის შესახებაც იგი ასე ხშირად გვაუწყებდა და რომლისკენაც იყო მიმართული მთელი მისი ამქვეყნიური მსახურება. ჩვენ უნდა ვიკითხოთ: რა მნიშვნელობა აქვს ამ მჭვრეტელობას დიდი მარხვის ღმრთისმსახურებაში? როგორაა ის დაკავშირებული ჩვენს სამარხვო მოსაგრეობასთან?
ეს შეკითხვები კიდევ ერთ საკითხს გულისხმობს, რომელსაც მოკლედ მაინც უნდა შევეხოთ. როცა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფნის საქმეებს იხსენებს, ეკლესია ყოველთვის თუ არა, ხშირად მაინც ცვლის წარსულ დროს ახლანდელით. მაგალითად, შობის დღესასწაულზე ვგალობთ; „ქალნული დღეს შობს…“, დიდ პარასკევს – „დღეს იგი (ქრისტე) დგას პილატეს წინაშე“, ბზობის კვირას – „დღეს შედის იგი იერუსალიმში…“ რას ნიშნავს დროის ამგვარი ცვლილება, ეს საღმრთისმსახურო „დღეს“?
ეკლესიურ მორწმუნეთა დიდი უმრავლესობა ამაში მხოლოდ რიტორიკულ მეტაფორას, ხატოვან პოეტურ გამოთქმას ხედავს. ღმრთისმსახურებისადმი თანამედროვე მიდგომა ან რაციონალისტურია, ან სენტიმენტალური. რაციონალისტურ მიდგომას ღმრთისმსახურების საზრისი იდეებამდე დაჰყავს. ამგვარი მიდგომის ფესვები იმ თეოლოგიაშია, რომელიც მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში დასავლური ღმრთისმეტყველების გავლენით განვითარდა წმინდა მამათა შემდგომ ეპოქაში. ამ ტიპის თეოლოგიისათვის ღმრთისმსახურება, უკეთეს შემთხვევაში, ნედლი მასალაა წმინდად ინტელექტუალური კონსტრუქციების ასაგებად. ის, რაც ღმთისმსახურებაში ვერ განისაზღვრება როგორც ინტელექტუალური რეალობა, „პოეზიად“ იწოდება, ესე იგი, იმად, რისი სერიოზულად მიღება არ შეიძლება. და რადგანაც წინასწარვე გასაგებია, რომ ეკლესიის მიერ მოხსენიებული მოვლენები წარსულს განეკუთვნება, ამ საღმრთისმსახურო „დღეს“ სერიოზული მნიშვნელობა არ მიენიჭება. სენტიმენტალური მიდგომა ინდივიდუალური ეგოცენტრული ღმრთისმოსაობის შედეგია, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ინტელექტუალურ თეოლოგიას უპირისპირდება. ამ ტიპის ღმრთისმოსაობისათვის ღმრთისმსახურება პირადი ინდივიდუალური ლოცვის სასარგებლო ჩარჩოა, შთამაგონებელი ფონია, რომლის დანიშნულება ჩვენი გულის „გათბობა“ და მისი ღმრთისკენ მიმართვაა. ღმრთისმსახურებათა შინაარსი და მნიშვნელობა, საღმრთისმსახურო ტექსტები, რიტუალები და მოქმედებანი აქ მეორეხარისხოვან მნიშვნელობას იძენს. ისინი სასარგებლოა და თავის შინაარს ამართლებს იმდენად, რამდენადაც ლოცვას გვაიძულებს! ამგვარად, საღმრთისმსახურო აწმყო სხვა საღმრთისმსახურო ტექსტების მსგავსად აქ ქრება ერთგვარ არადიფერენცირებულ, მოწიწებულად შთაგონებულ პირად ლოცვაში.
ჩვენი საეკლესიო ცნობიერების ამ ორ „მიდგომას“ შორის, ხანგრძლივი პოლარიზაციის გამო, ძალიან ძნელია ვაჩვენოთ, რომ ჭეშმარიტი ღმრთისმსახურება არ დაიყვანება არც ერთ ამ „მიდგომაზე“- არც იდეებზე და არც პირად ინდივიდუალურ ლოცვაზე. არ შეიძლება იდეების განდიდება! რაც შეეხება პირად ლოცვას, განა სახარებაში არაა ნათქვამი: „ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (მ. 6,6). თვით საღმრთისმსახურო მოხსენიების ცნება ერთდროულად გულისხმობს გარკვეულ მოვლენასაც და ჩვენს ერთობლივ, კრებით რეაქციას მასზე. ღმრთისმსახურების აღსრულება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანები ერთად იკრიბებიან და ამარცხებენ თავიანთ ბუნებრივ განცალკევებულობასა და გათიშულობას, ერთი ორგანიზმის, ერთი პიროვნების მსგავსად რეაგირებენ რომელიმე მოვლენაზე (გაზაფხულის დადგომაზე, ქორწილზე, დაკრძალვაზე, გამარჯვებაზე და ასე შემდეგ). ყოველგვარი დღესასწაულის ბუნებრივი სასწაული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს დღესასწაული თუნდაც დროებით სძლევს, ტრანსცენდენტულ დონეზე ამაღლებს როგორც იდეებს, ასევე ინდივიდუალიზმსაც. მართლაც, ღმრთისმსახურების დროს სრულიად განსაკუთრებულად და განუმერებლად ივიწყებ საკუთარ თავს და უერთდები სხვებს. მაშ როგორია ზემოთქმულის შუქზე იმ საღმრთისმსახურო აწმყოს მნიშვნელობა, რომლის მეშვეობით ეკლესიას მოვლენათა არსში შევყავართ? რა აზრით მოიხსენება წარსულის მოვლენები დღეს მომხდარად?
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის მთელი ცხოვრება ერთ უწყვეტ მოგონებასა და მოხსენიებას წარმოადგენს. ყოველი ღმრთისმსახურების ბოლოს ჩვენ ჩამოვთვლით ყველა წმინდანს, რომლის „ხსენებას ვყოფთ“ დღეს. უპირველეს ყოვლისა, მთელი ეკლესია ქრისტეს მოხსენიებაა. სრულიად ბუნებრივი თვალსაზრისით, მეხსიერება ორმნიშვნელოვანი უნარია. მოგონება ვინმესი, ვინც გვიყვარდა და ვინც უკვე აღარ არის, ორ განსხვავებულ რაიმეს ნიშნავს. ერთი მხრივ, მეხსიერება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის ცოდნა, რაც იყო. როცა მამაჩემს ვიგონებ, მას ვხედავ. ჩემს მეხსიერებაში იგი ინახება არა როგორც ყოველივე ის, რაც მის შესახებ ვიცი, არამედ როგორც ცოცხალი რეალობა. ამავე დროს, ეს რეალობა მაიძულებს მკაფიოდ ვიგრძნო, რომ იგი უკვე აღარ არის, რომ ამ ცხოვრებაში და ამქვეყნად ვეღარასოდეს შევეხები მის ხელს, რომელსაც ასე ცხადად ვხედავ ჩემს მეხსიერებაში. ამგვარად, მეხსიერება ადამიანის ყველაზე საოცარი და ამავე დროს ყველაზე ტრაგიკული უნარია, რადგანაც არაფერი ისე აშკარად არ გვიჩვენებს ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ნაკლულ ხასიათს, იმას, რომ ადამიანს არ ძალუძს რაიმეს რეალური შენარჩუნება და შენახვა, ამქვეყნად რაიმეს რეალური ფლობა. სწორედ მეხსიერება გვიცხადებს, რომ სიკვდილი და ჟამთასვლა ბატონობს დედამიწაზე. მაგრამ იმის გამო, რომ მეხსიერება მხოლოდ ადამიანს ახასიათებს, ქრისტიანობა მეხსიერებაში იდგამს ფესვებს, რადგანაც ქრისტიანობის გულში ერთი ადამიანის, ერთი მოვლენის ერთი ღამის ხსოვნა ინახება, – ღამისა, როცა ჩვენს მიმართ ითქვა: „ამას იქმოდეთ მოსაჴსენებელად ჩემდა!“. და აჰა, ხდება სასწაული! ჩვენ ვიხსენიებთ მას და იგი აქ არის, არა როგორც წარსულის ბუნდოვანი ხატი, არა როგორც სევდიანი „აღარასოდეს“, არამედ სიახლოვის ისეთი სიძლიერით, რომ ეკლესიას უწყვეტად შეუძლია იმეოროს ის, რაც მოწაფეებმა წარმოთქვეს ემაუსში მისი გამოცხადების შემდეგ: „…ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის…?“ (ლ. 24,32).
ბუნებრივი მეხსიერება, უპირველეს ყოვლისა, არყოფნის ყოფნაა, რადგანაც, რაც უფრო ახლოს იმყოფება ის, ვისაც ვიხსენებთ, მით უფრო მძიმეა მისი არყოფნის ტკივილი. მაგრამ ქრისტეს მიერ მეხსიერება კვლავ იღებს ჟამთასვლის განკურნების უნარს, რომელიც ცოდვამ, სიკვდილმა, სიძულვილმა და გულმავიწყობამ მოგვაკლო. და ამ საღმრთისმსახურო დღესასწაულის, ამ საღმრთისმსახურო აწმყოს გული სწორედ ეს განახლებული მეხსიერებაა, რომელსაც დროის დამორჩილების ძალა შესწევს. ეს მეხსიერება დგას ლიტურგიული აწმყოს საღმრთისმსახურო აღნიშვნის ცენტრში. რა თქმა უნდა, ყოვლადწმიდა ქალწული დღეს არ შობს ყრმას, „ფაქტობრივად“ პილატეს წინაშეც არავინ დგას. „ფაქტის“ სახით ეს მოვლენები წარსულს მიეკუთვნება, მაგრამ დღეს ჩვენ ამ ფაქტების ხსენებას ვყოფთ, ეკლესია კი, უპირველეს ყოვლისა, ამ მოხსენიების ნიჭი და ძლიერებაა, რომელიც წარსული ფაქტებს მარადიულად მნიშვნელოვან მოვლენებად აქცევს.
ამგვარად, საღმრთისმსახურო აღნიშვნას კვლავ შეჰყავს ეკლესია მოვლენაში და ეს ნიშნავს, რომ შეჰყავს არა მარტო მოვლენის „იდეაში“, არამედ მის სიხარულსა და სევდაში, მის ცოცხალსა და კონკრეტულ რეალობაში. ერთია იცოდე, რომ, როცა ჯვარცმულმა ქრისტემ შესძახა – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე“, – მან გამოავლინა თავისი „კენოზისი“, თავისი სიმდაბლე. მაგრამ სულ სხვაა, როცა ჩვენ ყოველწლიურად, ერთადერთ პარასკევს ვიხსენებთ ამ სიტყვებს და ყოველგვარი ინტელექტუალური დაძაბვის გარეშე, დარწმუნებით ვიცით, რომ ერთხელ წარმოთქმულნი, ეს სიტყვები მარადიულად ინარჩუნებენ თავიანთ ქმედითობას, რომ ვერავითარი დიდება და გამარჯვება, ვერავითარი სინთეზი ვერ წაშლის მათ. ერთია – განმარტო, რომ ლაზარეს აღდგინება იყო საყოველთაო მკვდრეთით აღდგომაში დარწმუნება და მისი დასტური. მაგრამ სულ სხვაა ამ მოვლენის ყოველდღიური მოხსენიება მთელი კვირის განმავლობაში, რომელიც ნიშნავს სიცოცხლისა და სიკვდილის თანდათანობით შეხვედრას ერთმანეთთან, ამ შეხვედრის ნაწილად ქცევას, საკუთარი თვალებით მის ხილვას, მთელი არსებით მის შეგრძნებას და შეგნებას იმისა, რასაც იოანე მახარებლის სიტყვები გვეუბნება: „…და ცრემლოოდა იესო“ (ი. 11,33-35). ჩვენთვის ეს ყოველივე დღეს ხდება. ჩვენ მაშინ არ ვყოფილვართ ბეთანიაში, არ ვმდგარვართ ლაზარეს საფლავთან მოტირალ დებთან ერთად. ჩვენ მხოლოდ სახარებიდან ვიცით ამის შესახებ. მაგრამ დღეს, ღმრთისმსახურებაში ეს ისტორიული ფაქტი ჩვენთვის მოვლენად იქცა, ჩვენს ცხოვრებას ძალად, ხსოვნად და სიხარულად შეეძინა. თეოლოგია ვერ წავა იდეის, აზრის მიღმა. იდეისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით კი რაღა საჭიროა ეს ხანგრძლივი ხუთი დღე, როცა ასე მარტივია თქვა: „ეს მოხდა საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დასადასტურებლად“? მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ, თავისთავად, ეს ფრაზა არაფერს ამტკიცებს. ჭეშმარიტი მტკიცება ამ ხუთდღიანი ღმრთისმსახურებიდან მომდინარეობს, როცა ჩვენ მოწმესავით ვესწრებით სიკვდილისა და სიცოცხლის ცხარე ბრძოლას და იმდენად გაგებას კი არ ვიწყებთ, არამედ მონაწილეობას და ჭვრეტას იმისა, როგორ ამარცხებს იესო სიკვდილს.
ლაზარეს აღდგინება ამ ერთადერთი შაბათის საოცარი დღესასწაული, უკვე დიდი მარხვის ფარგლებს გარეთაა. წინადღით, პარასკევს ჩვენ ვგალობთ: „სულისა ცხოველმყოფელნი ორმეოცნი სრულ-იქმნნეს აწ“. საღმრთისმსახურო ტერმინებში ლაზარეს შაბათი და ბზობის კვირადღე უკვე „ჯვრის წინადასაწყისია“. დიდი მარხვის უკანასკნელი კვირა, არსებითად, უკვე ამ დღეთა უწყვეტი წინადღესასწაულია და, აქედან გამომდინარე, დიდი მარხვის მნიშვნელობის უკანასკნელი გამოცხადება. ამ წიგნის დასაწყისში უკვე ვთქვით, რომ დიდი მარხვა აღდგომის დღესასწაულისთვის მომზადებაა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენს ჩვეულებრივსა და ჩვეულ ცხოვრებაში ეს მომზადება ნომინალური და განყენებულია. დიდი მარხვა და აღდგომა ერთად დგანან, მაგრამ მათი ჭეშმარიტი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება ხშირად არ ესმით. მაშინაც კი, როცა დიდი მარხვა არ განიხილება როგორც უბრალოდ აღსარებისა და ზიარების ყოველწლიური რელიგიური მოვალეობის (წელიწადში ერთხელ!) აღსრულების პერიოდი, მას მაინც განიხილავენ როგორც პირადი, ინდივიდუალური მოსაგრეობის დროს. სხვა სიტყვებით, დიდი მარხვის ჩვეულ გამოცდილებაში სრულიად აღარ დარჩა ფიზიკური და სულიერი ძალისხმევა, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მარადიულ აწმყოში მიგვაღებინებს მონაწილეობას, რომელიც, სხვა სიტყვებით, მიმართულია არა აბსტრაქტული მორალისკენ, არა პირად გამოსწორებას ან ვნებათა დაოკებას, ან თუნდაც სრულყოფას ესწრაფვის, არამედ ქრისტეს უზენაეს და საყოველთაო აწმყოში მონაწილეობას. ქრისტიანული სულიერება, რომელიც ამ მიზანს არ ესწრაფვის, შეიძლება ფსევდოქრისტიანულად გადაიქცეს, რადგანაც საბოლოო ჯამმი ის საკუთარ თავზეა მიმართული და არა ქრისტეზე. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ როცა გულის „ტაძარი“ განწმენდილია, დალაგებულია და გათავისუფლებულია მასში მცხოვრები უწმინდური სულისაგან, ის ცარიელი რჩება და უწმინდური სული ბრუნდება მასში, თანაც „მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი უბოროტესნი მისსა და შევიდის დაიმკჳდროს მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (ლ. 11,26). ამქვეყნად ყველაფერი, თვით სულიერებაც კი შეიძლება იყოს ეშმაკეული. ამიტომაც ესოდენ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დიდი მარხვის მნიშვნელობა და ზრდა, როგორც აღდგომის დღესასწაულის დიადი აწმყოსათვის მომზადება. ახლა უკვე ვიცით, რომ დიდი მარხვა ორი ნაწილისაგან შედგება. ჯვრის თაყვანისცემის კვირამდე ეკლესია მოგვიწოდებს საკუთარ სულზე დაუნჯებას (კონცენტრირებას), მოგვიწოდებს ხორცთან და ვნებებთან, ბოროტებასთან და ცოდვებთან საბრძოლველად. მაგრამ მაშინაც კი ეკლესია განუწყვეტლივ მოგვიწოდებს, ვისწრაფოთ წინ, გავზომოთ და დავაფუძნოთ ჩვენი მოსაგრეობა რაღაც უფრო უკეთესით, რაც მომავალში გველის. შემდეგ კი სამარხვო მოსაგრეობის საფუძველი ქრისტეს ვნებათა, მისი ჯვრისა და სიკვდილის საიდუმლოება ხდება, თვით მარხვა კი იერუსალიმში ამაღლებად გადაიქცევა.
და ბოლოს, ამ მომზადების უკანასკნელ კვირას ჩვენ თვით საიდუმლოს ხსენებას ვყოფთ. სამარხვო მოსაგრეობამ საშუალება მოგვცა, გვერდზე გადაგვედო ყველაფერი, რაც, ჩვეულებრივ, ჩვენი სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის მთავარ მიზანს გვაშორებს. თითქოსდა თვით დრო აღსასრულს მიუახლოვდა. ახლა დრო უკვე ჩვენი ჩვეულებრივი საქმეებითა და საზრუნავით კი არ იზომება, არამედ იმით, რაც ბეთანიის და, კიდევ უფრო შორს, იერუსალიმის გზაზე ხდება. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ეს რიტორიკა არაა. ყველასათვის, ვინც კი ღმრთისმსახურების ჭეშმარიტ გამოცდილებას შეუერთდა, – თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ, თუნდაც არასრულყოფილად, – ცხადი ხდება, რომ იმ წუთიდან, როცა ჩვენ გვესმის „იხარებდე, ბეთანია“და მემდეგ „ცისკარსა მსთუად მოვალს ქრისტე“, გარე სამყარო თითქოსდა რეალობას კარგავს და მის ამაოებასთან გარდაუვალი შეხება ტკივილსაც კი გვაყენებს. რეალობა უკვე ეკლესიაშია, სადაც დღითი-დღე სულ უფრო მძაფრად შევიგნებთ, რას ნიშნავს მოლოდინი და რატომაა ქრისტიანული სარწმუნოება, ყველაზე უფრო მეტად, სწორედ მოლოდინი და მომზადება. ამგვარად, როცა პარასკევს მწუხრის ლოცვაზე ჩვენ ვგალობთ: „სულისა ცხოველმყოფელნი ორმეოცნი სრულ-იქმნნეს აწ“, – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევასრულეთ ყოველწლიური ქრისტიანული „მოვალეობა“, არამედ მთელი სულით მივიღეთ სიტყვები, რომლებსაც მეორე დღეს ვიგალობებთ:
|
ლაზარეს მიერ შენ ქრისტემან აწვე დაგჴსნა, სიკუდილო; სადა უკუე არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი?
|
ქრისტემ ლაზარეს აღდგინებით უკვე დაგამარცხა შენ, სიკვდილო; მაშ სადღაა ჯოჯოხეთო შენი გამარჯვება?
|
დიდი მარხვა ჩვენს ცხოვრებაში
1. მარხვის „სერიოზულად“ მიღებისათვის
აქამდე ჩეენ ვსაუბრობდით მარხვის შესახებ ეკლესიურ სწავლებაზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სამარხვო ღმრთისმსახურებაში გადმოგვეცემა. ახლა ჩვენს წინაშე დგება კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მოძღვრება ცხოვრებაში? როგორ უნდა ვაქციოთ დიდი მარხვა ჩვენი არსებობის არა მარტო ნომინალურ, არამედ რეალურ მამოძრავებელ ძალად? ჩვენი ცხოვრება (საჭიროა კი ამის გახსენება?) ხომ იმდენად განსხვავდება იმ ცხოვრებისაგან, რომლითაც ამ სტიქარონებისა და კანონების შემქმნელი, საღმრთისმსახურო წესებისა და ტიპიკონის დამდგინებელი ადამიანები ცხოვრობდნენ. ისინი ჯერ საკმაოდ მცირერიცხოვან თემებად ცხოვრობდნენ, ქალაქგარეთ, ორგანულად მართლმადიდებლურ სამყაროში. თვით მათი ცხოვრების წესი ეკლესიასთან შესაბამისობაში იყო მოყვანილი. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ვეებერთელა ურბანისტულ და ტექნოლოგიურ საზოგადოებაში, რომელიც პლურალისტურია რელიგიური რწმენის მიმართ, სეკულარულია თავისი მსოფლმხედველობით, სადაც ჩვენ, მართლმადიდებლები, უმნიშვნელო უმცირესობას წარმოვადგენთ. დიდი მარხვა აქ უკვე ისეთ გარეგნულად მკაფიო ადგილს ვეღარ იკავებს, როგორც, მაგალითად, რუსეთსა ან საბერძნეთში. ამიტომაც ჩვენი შეკითხვა ძალიან აქტუალურია: შეგვიძლია თუ არა ჭეშმარიტად შევინახოთ მარხვა და არ შემოვიფარგლოთ, როგორც ეს ხშირად ხდება, ჩვენი ყოფის ორი ან სამი „სიმბოლური“ ცვლილებით?
ცხადია, რომ ყოველი მორწმუნისათვის დიდი მარხვის უკლებლად ყველა ღმრთისმსახურებაზე დასწრება შეუძლებელია. მათი უმრავლესობა ეკლესიაში კვირაობით სიარულს განაგრძობს, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, საკვირაო ლიტურგია, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, არ ასახავს დიდი მარხვის ღვთისმსახურებას (არ გამოირჩევა სხვა კვირადღეების ღვთისმსახურებისაგან), და ამგვარად, მასზე დასწრებით შეუძლებელია სამარხვო ღმრთისმსახურების განსაკუთრებულ თვისებათა „შეგრძნება“, დიდი მარხვის სულის მიღება. და რადგანაც გარშემო არსებული ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, არაფრით ირეკლავს დიდ მარხვას, გასაკვირი არაა, რომ დიდ მარხვასთან ჩვენი დამოკიდებულება უარყოფით გაგებამდე დაიყვანება და მარხვა ჩვენს შეგნებაში წარმოჩინდება როგორც დრო, რომლის განმავლობაში აკრძალულია ზოგი რამ, მაგალითად, ხორცი, ცხიმი, ცეკვები და გართობა. ჩვეულებრივი შეკითხვაა; „რაზე ამბობთ უარს მარხვისას?“ – და ეს ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითია. დადებითი თვალსაზრისით დიდი მარხვა განიხილება როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ („არაუგვიანეს ბზობის კვირისა“ – როგორც მე ერთ სამრევლო უწყებაში ამოვიკითხე). ამ „მოვალეობის“ შესრულების შემდეგ დიდი მარხვა სრულიად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას.
ამგვარად, აშკარაა, რომ თანდათანობით წარმოიქმნა ღრმა შეუსაბამობა, ერთი მხრივ, დიდი მარხვის სულისკვეთებასა და „თეორიას“ – რომელთა ახსნას შევეცადეთ ჩვენ სამარხვო ღმრთისმსახურებათა მაგალითზე – და, მეორე მხრივ, მარხვის საყოველთაო მცდარ გაგებას შორის, რომელსაც ზოგჯერ თვით სამღვდელოება უჭერს მხარს და იზიარებს. ყოველთვის უფრო ადვილია ფორმალურამდე დავიყვანოთ ყოველგვარი სულიერი საწყისი, ვიდრე ფორმალურს მიღმა ვეძიოთ სულიერი. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუმცა მარხვას ჯერ კიდევ „ინახავენ“, მან მაინც დაკარგა ჩვენს ცხოვრებასთან უშუალო შეხება, ის უკვე აღარაა სინანულისა და განახლების ის განბანვა, როგორიც უნდა იყოს ეკლესიის საღმრთისმსახურო და სულიერი მოძღვრების თანახმად. შეგვიძლია თუ არა, დავიბრუნოთ დიდი მარხვის ეს დაკარგული მნიშვნელობა, კვლავ სულიერ ძალად და ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ ის? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად და, მე ვიტყოდი, მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გვსურს თუ არ გვსურს სერიოზულად მოვეკიდოთ დიდ მარხვას. როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ახლანდელი ცხოვრების პირობები წარსულისაგან, რა რეალურიც არ უნდა იყოს თანამედროვე ცხოვრების მიერ შექმნილი სიძნელეები და დაბრკოლებები, არც ერთი მათგანი არ შეიძლება გახდეს აბსოლუტურ დაბრკოლებად და ვერაფერი აქცევს დიდ მარხვას ჩვენთვის შეუძლებლად. სინამდვილეში ჩვენს ცხოვრებაზე დიდი მარხვის რეალური ზეგავლენის დაკარგვის საფუძველი გაცილებით უფრო ღრმაა. ეს საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ნებაყოფლობით თუ უნებლიეთ, დაგვყავს რელიგია ზედაპირულ ნომინალიზმამდე ან სიმბოლიზმამდე, რაც საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ გვერდი ავუქციოთ და გაგება შევუცვალოთ რელიგიის მიერ ჩვენი ცხოვრებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მოსაგრეობისა და ძალისხმევის სერიოზულობას. უნდა დავსძინოთ, რომ ამგვარი რედუქცია განსაკუთრებით მართლმადიდებლებს ახასიათებს. დასავლელი ქრისტიანები, კათოლიკეები და პროტესტანტგრი, როცა აწყდებიან რაიმეს, რაც „შეუძლებლად“ მიაჩნიათ, უფრო ადვილად შეჰყავთ ცვლილება თვით რელიგიაში, რათა იგი ცხოვრებისათვის „მოსახერხებელი“ გახდეს. სულ მცირე ხნის წინათ მოწმენი გავხდით, თუ როგორ დაიყვანა მინიმუმამდე მარხვა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და შემდეგ როგორ გააუქმა იგი. ჩვეულებრივ, მარხვის ამგვარ „მისადაგებას“ ცხოვრებისეული პირობებისადმი ჩვენ გულწრფელი და სამართლიანი რისხვით ვხვდებით, როგორც ქრისტიანული გადმოცემის ღალატს, როგორც ქრისტიანული სარწმუნოების მინიმალიზაციას. მართლაც, დიდება და პატივი მართლმადიდებლობას, მაგრამ არა ჩვენ, მართლმადიდებლებს. გუშინ და დღეს კი არა, დიდი ხნის წინათ ვიპოვეთ ჩვენ საშუალება, ჩვენს ადამიანურ სისუსტეს შევურიგოთ საეკლესიო წესები, თანაც ამ დროს არა თუ არ ვკარგავთ საკუთარი ღირსების გრძნობას, არამედ თავს ვიმართლებთ კიდეც და მიგვაჩნია, რომ სინდისი წმინდა გვაქვს. ეს ხერხი მდგომარეობს საეკლესიო მოთხოვნათა სიმბოლურ შესრულებაში. სიმბოლური ნომინალიზმი ახლა უკვე მთელს ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას მსჭვალავს. მაგალითად, ჩვენ აზრადაც არ მოგვდის ჩვენი ლიტურგიისა და სამონასტრო წესდების შეცვლა, – ღმერთმა დაგვიფაროს! – უბრალოდ, ერთი საათის ხანგრძლივობის ღმრთისმსახურებას ჩვენ კვლავ „ღამისთევას“ ვუწოდებთ და ამაყად განვმარტავთ, რომ ეს ისეთივე წესია, რომელსაც საბა განწმენდილის ლავრაში აღასრულებდნენ ბერები IX საუკუნეში. რ
აც შეეხება დიდ მარხვას, იმის მაგიერ, რომ არსებითი კითხვები დავსვათ – „როგორ უნდა ვიმარხულოთ?“, ან „რა არის დიდი მარხვა?“ – ჩვენ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით. საეკლესიო ჟურნალებსა და ცნობის ფურცლებში ჩნდება რეცეპტები; „გემრიელი სამარხვო კერძები“. ზოგიერთი სამრევლო შემოსავალსაც კი ზრდის „გემრიელი სამარხვო სადილის“ კარგად მოთავსებული განცხადებით. ჩვენს ეკლესიებში იმდენი რამ განიმარტება სიმბოლურად როგორც საინტერესო, თავშესაქცევი ან სანახაობრივი წეს-ჩვეულება და ტრადიცია, რომელიც არა მარტო წინაპრებთან, არამედ ღმერთთან და მის მიერ ახალ ცხოვრებასთანაც გვაკავშირებს, რომ ამ რელიგიური ფოლკლორის მიღმა სულ უფრო ძნელია რელიგიის ღრმა და სერიოზული საზრისის განჭვრეტა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სხვადასხვანაირ წეს-ჩვეულებებში თავისთავად არაფერი ცუდი არ არის. მათი წარმოქმნის ჟამს ისინი ადამიანებს ემსახურებოდა როგორც რელიგიისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოხატვის ხერხი. ეს სიმბოლოები კი არა, თვით ცხოვრება იყო. მაგრამ ცხოვრება შეიცვალა და სულ უფრო შემცირდა მისი არსებითი კავშირი რელიგიასთან, ზოგი წეს-ჩვეულება კი შენარჩუნდა, როგორც წარსული ცხოვრების „სიმბოლო“. თანაც, შენარჩუნდა ის, რაც უფრო სანახაობრივი და, ამავე დროს, ადვილად შესასრულებელი გახდა. სულიერი საშიშროება აქ იმაში მდგომარეობს, რომ თანდათანობით თვით რელიგიას უყურებენ როგორც რაღაც სიმბოლოებისა და ადათების ერთობლიობას; არ ესმით, რომ ეს უკანასკნელნი ძალისხმევისა და განახლებისკენ უნდა მოგვიწოდებდნენ. გაცილებით უფრო მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს, რომ სანამ საერო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები კვლავ არ შეუერთდება მათ წარმომშობ ცხოვრებისადმი რელიგიურ დამოკიდებულებას, სანამ სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება არასერიოზულია, თვით ეკლესიაც დარჩება ცხოვრებისაგან მოწყვეტილი, ცხოვრებაზე გავლენის არმქონე. ამრიგად, წარსული მემკვიდრეობის სიმბოლიზაციის მაგიერ ჩვენ კვლავ უნდა დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში მისი ჩართვა.
მარხვისადმი სერიოზული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლოსა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას გონების შესაძლებლად უღრმეს დონეზე აღვიქვამთ – აღვიქვამთ, როგორც სულიერ მოწოდებას, რომელიც ჩვენგან პასუხს, გადაწყვეტილებას, მუდმივ მცდელობას ითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამიტომ დააწესა ეკლესიამ დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი რამდენიმე კვირა. სწორედ ესაა პასუხისა და გადაწყვეტილების დრო. ამისათვის საუკეთესო და ყველაზე ადვილი გზაა ეკლესიის ხელმძღვანელობას დამორჩილება, თუნდაც გარკვეული დაფიქრება სახარების ხუთი საკითხავის საზრისზე, რომელთაც ეკლესია დიდი მარხვის წინ ხუთი მოსამზადებელი კვირის განმავლობაში გვთავაზობს: სურვილი (ზაქე), სიმდაბლე (მეზვერე და ფარისეველი), დევნილებიდან დაბრუნება (უძღები შვილი), მსჯავრი (საშინელი სამსჯავრო) და მიტევება (მიტევების კვირა). ეს სახარების საკითხავები არა მარტო უნდა მოვისმინოთ ტაძარში, არამედ შინაც მივიტანოთ და საკუთარ ცხოვრებას, ოჯახურ ყოფას, პროფესიულ მოვალეობებს, ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ზრუნვას, ჩვენს გვერდით მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა შევუპირისპიროთ.
თუ ამ ფიქრს კიდევ მოსამზადებელი კვირების ლოცვას („სინანულისა კარი გამიღე“) და 136-ე ფსალმუნს დავუმატებთ, მივხვდებით, რას ნიშნავს ეკლესიასთან ერთად ცხოვრება და როგორ ამკობს ჩვენს ცხოვრებას დიდი მარხვის საღმრთისმსახურო თავისებურებანი. დიდი მარხვის განმავლობაში სასარგებლო იქნებოდა რელიგიური შინაარსის მქონე წიგნის წაკითხვა. ამგვარი კითხვის მიზანი არა მარტო ჩვენი რელიგიური თვალსაწიერის გაფართოებაა, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი გონების განწმენდაა ყველაფრისაგან, რაც კი მას, ჩვეულებრივ, ანაგვიანებს. წარმოუდგენელია, რამდენადაა ჩვენი გონება დაკავებული სხვადასხვანაირი საზრუნავით, ინტერესებით, შფოთვითა და შთაბეჭდილებებით. რაოდენ ძნელიაყოველივე ამაში გარკვევა. რელიგიური შინაარსის წიგნის კითხვა, როცა გონება კონცენტრირებულია ჩვეულებრივი აზრებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ საგნებზე, თავისთავად ქმნის განსაკუთრებულ გონებრივ და სულიერ ატმოსფეროს. ეს ყველაფერი არ უნდა მივიჩნიოთ რაღაც მზა რეცეპტად. შესაძლოა, არსებობდეს დიდი მარხვისათვის მოსამზადებელი სხვა ღირსეული საშუალებებიც. ამ მოსამზადებელ პერიოდში მთავარი ისაა, რომ ჩვენ დიდი მარხვის ლოდინს ვიწყებთ. იგი თითქოსდა შორიდან გვიახლოვდება, ან, შეიძლება, თვით ღმერთი გვიგზავნის მას როგორც სახეცვლილების, განახლების, საკუთარი თავის გაღრმავების შესაძლებლობას, და რომ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ შესაძლებლობას. ისე, რომ, როცა მიტევების კვირადღეს შინიდან გამოვდივართ და მწუხრის ლოცვაზე ვეშურებით, მზად უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება, უფრო გულწრფელად შევიგნოთ და შევიგრძნოთ დიდი წარდგომის სიტყვები, რომლებიც დიდი მარხვის დასაწყისს აღნიშნავენ:
ნუ გარე-მოქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე; მსთუად შეგესემინ ჩემი; მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი.
2. დიდი მარხვის ღმრთისმსახურებებზე დასწრება
როგორც უკვე ვთქვით, დიდი მარხვის ყველა ღმრთისმსახურებას ვერავინ დაესწრება. მაგრამ თითოეულს შეუძლია, ზოგიერთ მათგანს მაინც დაესწროს. დიდი მარხვის დროს, უპირველეს ყოვლისა, უფრო ხშირად უნდა ვიაროთ ეკლესიაში და მონაწილეობა მივიღოთ საეკლესიო წესების შესრულებაში. არ ეპატიება მათ, ვინც ამას უგულებელყოფს. რა თქმა უნდა, აქაც სხვადასხვა პირად გარემოებას შეიძლება შევხვდეთ, – ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და შეუძლებლობებს, რომლებიც სხვადასხვანაირ გადაწყვეტილებებს განაპირობებს, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მივიღოთ. აუცილებლად უნდა მივმართოთ რაღაც ძალისხმევას და შევინარჩუნოთ ქცევის გარკვეული უწყვეტობა და თანმიმდევრულობა. საღმრთისმსახურო თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ქვემოთ მოყვანილი მინიმუმი, რომლის მიზანია არა აღსრულებულ მოვალეობათა სულიერად გამანადგურებელი გრძნობა, არამედ სამარხვო ღმრთისმსახურების არსებითი ნაწილის შეთვისება.
პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სამრევლო ეკლესიებში მწუხრის აღსრულებას მიტევების კვირადღეს. ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ძალიან ბევრ ეკლესიაში ამ ღმრთისმსახურებას ან სრულიად ტოვებენ, ან კიდევ საჭირო ყურადღებისა და რუდუნების გარემე აღასრულებენ. ეს მწუხრი სამრევლო ეკლესიაში წელიწადის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა იქცეს და შესაბამისად უნდა იქნეს მომზადებული. ეს უნდა აღინიშნოს სამრევლო გუნდის რეპეტიციებით, ქადაგებებსა და სამრევლო ცნობის ფურცლებში ამ დღის მნიშვნელობის განმარტებით, მრევლის წევრთა უმრავლესობისათვის ეკლესიაში მოსასვლელად ხელსაყრელი დროის შერჩევით. ერთი სიტყვით, ეს მწუხრის ლოცვა ნამდვილ სულიერ მოვლენად უნდა ვაქციოთ. რადგანაც – კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ეს მწუხრის ლოცვა ყველაზე უფრო ღრმად და ნათლად გვიხსნის დიდი მარხვის მნიშვნელობას: სინანულის, შერიგებისა და სამარხვო გზის თანხმობით დაწყებას.
ამ მწუხრის ლოცვის შემდეგი პირველი ადგილი ეკუთვნის მარხვის პირველ კვირას. განსაკუთრებულად უნდა ვეცადოთ, რომ ერთხელ ან ორჯერ მაინც მოვისმინოთ წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. როგორც უკვე ითქვა, ამ პირველ დღეთა ღმრთისმსახურების ძირითადი მიზანია დიდი მარხვის საერთო ატმოსფეროში ჩვენი შეყვანა – ატმოსფეროში, რომელსაც ჩვენ „ნათელი სევდა“ ვუწოდეთ.
ამის შემდგომ, მთელი დიდი მარხვის განმავლობაში სრულიად აუცილებელია, კვირაში ერთი დღე მაინც მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურგიას მასთან დაკავშირებული ყველა სულიერი განცდით; მარხვით, თუნდაც ერთი დღის ქცევით განკითხვისა და სიხარულის ნამდვილ მოლოდინად. აქ უკვე აღარ გამოგვადგება არანაირი თავის მართლება ცხოვრებისეული გარემოებებით, დროის უკმარობითა და ასე შემდეგ. რადგანაც, თუ ჩვენ მხოლოდ იმას შევასრულებთ, რაც „მოსახერხებელია“ ჩვენი ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სამარხვო მოსაგრეობის თვით ცნებაც კი ყოველგვარ აზრს დაკარგავს. სინამდვილეში არა მარტო ჩვენს დროში, არამედ ადამ და ევადან მოყოლებული სოფელი ესე ყოველთვის აბრკოლებდა ღმრთის მცნებათა აღსრულებას. ამიტომ თანამედროვე ცხოვრების წესშიც, არსებითად, არაფერია ახალი და განსაკუთრებული. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კვლავ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზულად ვართ განწყობილნი რელიგიის მიმართ. თუ მართლაც სერიოზულნი ვართ ჩვენს არჩევანში, მაშინ ეკლესიაში რვაჯერ თუ ცხრაჯერ წასასვლელად მინიმალური ენერგია დაგვეხარჯება. მაგრამ თუ საკუთარ თავს ეკლესიაში ამ რვა თუ ათ მისვლას წავართმევთ, ამით არა მარტო სამარხვო ღმრთისმსახურების მშვენიერებასა და სიღრმეს მოვაკლდებით, არამედ, როგორც შემდგომ თავში გავიგებთ, – მოვაკლდებით ყოველივე იმას, რაც ჩვენს მარხულობას საზრისს ანიჭებს და ქმედითად აქცევს.
3. ლოცვითა და მარხვით
არ არსებობს დიდი მარხვა მარხულობის გარეშე. მაგრამ დღეს, ადამიანები ან არასერიოზულად ეკიდებიან მარხულობას, ან არასწორად იგებენ მის ჭეშმარიტ სულიერ საზრისს. ერთნი ფიქრობენ, რომ მარხვა რაღაცაზე სიმბოლური უარის თქმაა. მეორენი დარწმუნებულნი არიან, რომ მარხვის ყველა წესი უნდა შეინახონ კეთილსინდისიერად, ესე იგი, მხოლოდ სამარხვო საჭმელი მიიღონ. და მაინც, ორივე შემთხვევაში მარხულობა იშვიათად განიხილება საერთო სამარხვო მოსაგრეობის შემადგეწელ ნაწილად. ამიტომ აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, თავდაპირველად მარხვის შესახებ ეკლესიური მოძღვრების გაგებას უნდა ვეცადოთ, მერე კი შემდეგი კითხვა დავსვათ: როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მოძღვრება საკუთარ ცხოვრებაში?
მარხულობა ანუ გარკვეული საჭმლისგან თავისშეკავება მხოლოდ ქრისტიანული პრაქტიკა არაა. ის არსებობდა და დღესაც არსებობს სხვა რელიგიებსა და რელიგიის გარეშეც, მაგალითად, როგორც სპეციალური თერაპია. ახლა ადამიანები მარხულობენ (ან, უფრო სწორად, თავშეკავებას მისდევენ) განსხვავებული მიზეზების გამო, მაგალითად, პოლიტიკური მოსაზრებებით. ამიტომაც უნდა გავარკვიოთ მარხვის სპეციფიკურად ქრისტიანული საზრისი. ეს საზრისი ჩვენს წინაშე, უპირველეს ყოვლისა, ბიბლიაში მოთხრობილი ორი მოვლენის ურთიერთკავშირში იხსნება. ერთი მოვლენა ძველი აღთქმის დასაწყისშია მოცემული, მეორე კი – ახალი აღთქმის დასაწყისში. პირველი მოვლენა ისა, რომ ადამმა ედემში „მარხვა დაარღვია“ და აკრძალული ხის ნაყოფი იგემა – ასე იხსნება ჩვენს წინაშე პირველყოფილი ცოდვა. მეორე მოვლენაა: ქრისტემ, ახალმა ადამმა, თავისი მსახურება მარხვით დაიწყო. ქრისტე განცდილ იქნა სატანისაგან და გაუძლო განსაცდელს. ადამის ცოდვით დაცემის შედეგი იყო მიწიერი სამოთხიდან განდევნა და სიკვდილი. ქრისტეს გამარჯვების შედეგებია სიკვდილის მოსპობა და სამოთხეში ჩვენი დაბრუნება. ადგილის უკმარისობა საშუალებას არ გვაძლევს, უფრო დაწვრილებით განვმარტოთ ამ პარალელიზმის საზრისი. მაგრამ უკვე ნათქვამიდანაც საკმაოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ მარხვა რაღაც გადამწყვეტს წარმოადგენს. ეს უბრალო წეს-ჩვეულება ან ვალდებულება არაა. მარხვა სიცოცხლისა და სიკვდილის, ცხოვნებისა და წარწყმედის საიდუმლოს უკავშირდება.
მართლმადიდებელი მოძღვრების თანახმად, ცოდვა არა მარტო რომელიმე წესის დარღვევაა, რომელიც სასჯელს მოითხოვს, – ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის მიერ მოცემული ცხოვრების დამახინჯებაა. ამიტომაც პირველყოფილი ცოდვის ისტორია მოცემულია, როგორც ჭამასთან დაკავშირებული მოქმედება. საკვები აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმისთვის, რადგანაც მასში სიცოცხლეს ინარჩუნებს. მაგრამ სწორედ აქ დგება მთავარი კითხვა: რას ნიშნავს, იყო ცოცხალი? რას ნიშნავს თვით სიცოცხლე? ჩვენს დროში ეს სიტყვა, ძირითადად, თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობით განიხილება: სიცოცხლე სწორედ ისაა, რაც მთლიანად დამოკიდებულია საკვებზე და, საზოგადოდ, ყოველივე ცოცხალის ფიზიკურ მხარეზე. მაგრამ საღმრთო წერილისა და ქრისტიანული გადმოცემის შუქზე, ამგვარი სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება, სიკვდილს უიგივდება, რადგანაც სიკვდილის საწყისი ყოველთვის იმყოფება და მოქმედებს მასში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. იგი სიცოცხლის მომნიჭებელია. როგორღა იქცა სიცოცხლე მოკვდავად? რატომაა სიკვდილი და მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილი ყოველივე ცოცხალის არსებობის აბსოლუტური პირობა? ეკლესია პასუხობს: იმიტომ, რომ ადამიანმა უარყო სიცოცხლე, რომელიც შესთავაზა და აჩუქა მას ღმერთმა, ადამიანმა არჩია სიცოცხლე, რომელიც ღმერთზე კი არა, „მხოლოდ პურზე“ არის დამოკიდებული. ადამიანი არა მარტო არ დამორჩილდა ღმერთს, რისთვისაც დაისაჯა, არამედ შეცვალა თავისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან. უეჭველია, რომ ქვეყნიერება ადამიანს მიეცა როგორც საკვები, ანუ სიცოცხლის საშუალება. მაგრამ სიცოცხლე უნდა ყოფილიყო ღმერთთან ურთიერთობა. სიცოცხლეს ღმერთში არა მარტო თავისი დაგვირგვინება უნდა ჰქონოდა, არამედ თავისი სრულყოფილი სისავსეც. „მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (ი. 1,4). ქვეყნიერება და საკვები იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანს მათი მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა შესძლებოდა და მხოლოდ ღმრთის რწმენით მიღებული საკვები ყოფილიყო სიცოცხლის მომცემი. თავისთავად საკვები სიცოცხლეს არ შეიცავს და არ შეუძლია მისი კვლავწარმოება. მხოლოდ ღმერთი ფლობს სიცოცხლეს, იგია თვითონ სიცოცხლე. თვით საკვებშიც კი სიცოცხლის საწყისი ღმერთია და არა კალორიები. ამგვარად, ჭამა ანუ ცოცხალ არსებად ყოფნა, ღმერთის ცოდნა და მასთან ურთიერთობა – ეს ყველაფერი ერთი და იგივე რეალობაა. ამიტომაც ადამის უსაზღვრო ტრაგედია იმაში მდგომარეობას, რომ მან აღიქვა საკვები როგორც „სიცოცხლე თავისთავად“. უფრო მეტიც, მან საკვები იგემა ღმრთისგან დაფარულად, მის გარეშე და იმ მიზნით, რომ ღმრთისაგან დამოუკიდებელი გამხდარიყო. ეს კი იმიტომ ჩაიდინა, რომ ირწმუნა, თითქოს საკვებს თავისთავადი სიცოცხლე ჰქონოდეს, და თითქოს მისი ჭამით თვით ადამი შესძლებდა ღმერთად გახდომას, ესე იგი, საკუთარ თავში სიცოცხლის ფლობას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამმა ირწმუნა საკვები, მაშინ როცა რწმენისა და ნდობის ერთადერთი საგანი ღმერთი და მხოლოდ ღმერთია. მიწიერი სამყარო საკვები იქცა ადამის ღმერთად, მისი სიცოცხლის წყაროდ და საწყისად თვით ადამი კი მათი მონა გახდა. „ადამი“ ებრაულად კაცს ნიშნავს. ეს ჩემი სახელია, ჩვვნი საერთო სახელია. და კაციც ადამად, ესე იგი საკვების მონად რჩება. ის შეიძლება ირწმუნებოდეს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ მისთვის ღმერთი უკვე აღარაა მისი სიცოცხლე, მისი საზრდო, მისი არსებობის ყოვლისმომცველი შინაარსი. ის შეიძლება ირწმუნებოდეს, რომ ღმრთისაგან იღებს სიცოცხლეს, მაგრამ უკვე აღარ
ცხოვრობს ღმრთის მიერ და ღმრთისათვის. ადამიანის ცოდნა გამოცდილება და საკუთარ თავში დარწმუნებულობა ერთსა და იმავე პრინციპს ემყარება: „პურითა მხოლოდ“. ჩვენ ვჭამთ, რომ ვიცოცხლოთ მაგრამ ღმრთის მიერ აღარ ვცოცხლობთ. ყველა ცოდვათა შორის ეს უმძიმესია. ამ ცოდვით ჩვენი სიცოცხლე სასიკვდილოდაა განწირული.
ქრისტე ახალი ადამია. იგი მოვიდა იმისათვის, რომ მოსპოს სნეულება, რომელიც ძველმა ადამმა სიცოცხლეში ჩაასახლა, რომ ჭეშმარიტი სიცოცხლისათვის აღადგინოს ადამიანი. ამიტომ ქრისტეც თავის მიწიერ მსახურებას მარხვით იწყებს: „და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია“ (მ. 4,3). შიმშილი ის მდგომარეობაა როცა ჩვენ შევიგნებთ, რომ რაღაც გარეგანზე ვართ დამოკიდებული, როცა სასწრაფოდ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება საკვები. სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ჩვენში არ არსებობს თვითკმარი სიცოცხლე. ეს ის ზღვარია, რომლის მიღმა მე შიმშილით ვკვდები, ან სხეულის საკვებით გამხნევების შედეგად კვლავ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. სხვა სიტყვებით, ეს ის საბოლოო მომენტია, როცა ჩვენს წინაშე დგება შეკითხვა: რაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე? და რადგანაც ეს განყენებული კითხვა არაა, რადგანაც მის გადაწყვეტაზე ჩემი ხორციელი სიცოცხლეა დამოკიდებული, ეს მომენტი იქცევა ცდუნებად. სატანამ ადამს სამოთხეში მიაკითხა, ქრისტეს კი – უდაბნოში. ორმა მშიერმა კაცმა გაიგონა სატანის სიტყვები: ჭამე, რადგანაც შენი შიმშილი გიჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე საკვებზე ხარ დამოკიდებული, რომ შენი სიცოცხლე საკვებშია. ადამმა დაიჯერა და ჭამა. ქრისტემ უარყო ეს ცდუნება და თქვა, რომ არა პურითა მხოლოდ ცოცხლობს კაცი, არამედ ღმრთითაც. მან უარყო ეს მსოფლიო ტყუილი, რომელიც სატანამ მთელს ქვეყნიერებას შთააგონა და ყოველნაირ განხილვაზე მაღლა მყოფ ცხად ჭეშმარიტებად, მთელი საკაცობრიო მსოფლმხედველობის, მეცნიერების, მედიცინისა და, შესაძლოა, თვით რელიგიის საფუძვლად აქცია. ამ სიცრუის უარყოფით ქრისტემ აღადგინა საკვებს, სიცოცხლესა და ღმერთს შორის ჭეშმარიტი დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება, რომელიც დაარღვია ადამმა და რომელსაც ჩვენც ვარღვევთ ყოველდღე.
მაშინ რაღას ნიშნავს მარხვა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის? ეს თვით ქრისტეს სამარხვო გამოცდილებაში მონაწილეობაა, – იმ გამოცდილებაში, რომლითაც მან გაგვათავისუფლა საკვების, მატერიისა და ამა სოფლის მონობისაგან. მაგრამ ეს გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება სრული. ჩვენ ჯერ კიდევ დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ძველი ადამის სამყაროა. და რადგანაც ჩვენც მისი ნაწილი ვართ, დღემდე ჩვენი სიცოცხლე საკვებზეა დამოკიდებული. მაგრამ რადგანაც სიკვდილი, რომელშიც ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს, ქრისტეს სიკვდილის მიერაა დათრგუნული და ახალ სიცოცხლეში გადასვლად იქცა, საკვები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, და სიცოცხლე, რომელსაც ეს საკვები ინარჩუნებს, შეიძლება გახდეს სიცოცხლედ ღმერთში და ღმრთისთვის. ჩვენი საკვების ნაწილი უკვე იქცა „უკვდავების საზრდოდ“ – თვით ქრისტეს ხორცად და სისხლად. მაგრამ თვით ყოველდღიური „პური არსობისა“, რომელსაც ღმრთისგან ვღებულობთ, უკვე ამ სიცოცხლეში, ამა სოფელში შეიძლება იქცეს იმად, რაც ამყარებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას და არა გვაშორებს მას. ამ გარდაქმნის უზრუნველყოფა კი მხოლოდ მარხვას შეუძლია, მხოლოდ მარხვას შეუძლია მოგვცეს დამაჯერებელი მტკიცება იმისა, რომ ჩვენი დამოკიდებულება საკვებსა და მატერიაზე არაა საბოლოო, არაა აბსოლუტური და რომ ლოცვასთან, მადლთან და ღმრთის სამსახურთან შეერთებულ ამ დამოკიდებულებას თვითონ სურს იქცეს სულიერებად. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მართებულად.
მთელი თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით გაგებული მარხვა არის ერთადერთი საშუალება ადამიანის პირველადი ბუნების აღსადგენად. ეს თეორიული კი არა, პრაქტიკული გამოწვევაა იმ უდიდესი სიცრუისა, რომელმაც დაგვაჯერა, თითქოს მხოლოდ პურზე ვიყოთ დამოკიდებული და ამ სიცრუეზე ააგო მთელი საკაცობრიო ცოდნა, მეცნიერება და არსებობა. მარხვა ამხელს ამ სიცრუეს. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ქრისტე სატანას სწორედ მარხვის დროს შეხვდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ, ეს იმ ყოვლისმომცველი კანონის წინააღმდეგ ნასროლი გამოწვევაა, რომელიც სატანას „ამა სოფლის თავადად“ აქცევს. თუ ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს ძალა, არ დამორჩილდეს ამ შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით, აქციოს შიმშილი სულიერი ძლიერებისა და გამარჯვების წყაროდ, მაშინ არაფერი რჩება ნახსენები დიდი სიცრუისაგან, რომელშიც ადამის დროიდან მოყოლებული ვცხოვრობთ.
რა შორს წავედით ჩვენ მარხვის ჩვეული გაგებისაგან, რომლის თანახმად ის უბრალოდ დიეტის ცვლილებაა, როგორ დავშორდით იმაზე გაუთავებელ მსჯელობას, თუ რა შეიძლება მარხვისას და რა არის აკრძალული, როგორ დავცილდით ამ ზედაპირულ ფარისევლობას! საბოლოო ჯამში ხომ მარხვა ერთი რამეა: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს, ანუ უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და შიმშილის საშუალებით აღმოვაჩინოთ, რომ ეს დამოკიდებულება არაა ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება, რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის მიმშილია. ადრეულ ეკლესიაში მარხვა საჭმლისაგან სრულ თავშეკავებას ნიშნავდა, ესე იგი შიმშილის მდგომარეობას. რომელსაც სხეული ბოლო ზღვრამდე მიჰყავს. მაგრამ სწორედ აქ გვესმის ჩვენ, რომ მარხვა, როგორც საჭმელზე ფიზიკური უარი, სრულიად უსარგებლოა მისი მეორე, სულიერი მხარის გარეშე. „მარხვითა და ლოცვით“ – ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სულიერი ძალისხმევის გარეშე, საღმრთო რეალობით საკუთარი თავის გაუმაგრებლად, იმის შეუგნებლად, რომ ჩვენი არსება სრულად ღმერთზე და მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, ფიზიკური მარხვა თვითმკვლელობად იქცევა. თუ ბოროტი თვით ქრისტეს აცდუნებდა მარხვისას, ჩვენ არანაირი საშუალება არა გვაქვს, ცდუნებას დავაღწიოთ თავი. ფიზიკური მარხვა, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, არათუ უაზრო, სახიფათოც კი ხდება, თუ არ შეუერთდა სულიერ ძალისხმევას, ლოცვას, ღმერთში ფესვგადგმულ ფიქრს. მარხვა ხელოვნებაა, რომელსაც სრულყოფილად იყვნენ დაუფლებულნი წმინდანები. ჩვენი მხრიდან სახიფათო და ამპარტავნული წამოწყება იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ეს ხელოვნება შესაბამისი სულიერი განსჯისა და სიფრთხილის გარეშე ავითვისოთ. მთელი სამარხვო ღმრთისმსახურება განუწყვეტლივ გვახსენებს სიძნელეებს, დაბრკოლებებსა და ცდუნებებს, რომლებიც იმის წინაშე დგება, ვინც საკუთარ ძალებს ენდობა და არა ღმერთს.
ამიტომაცაა აუცილებელი სამარხვო მოსაგრეობის სულიერი მომზადება. ის მდგომარეობს, ჯერ ერთი, საღმრთო შეწევნის თხოვნაში, მეორე – იმაში, რომ მთელი ჩვენი მარხვა ღმერთზე იყოს კონცენტრირებული და ღმრთისაკენ მიმართული. ჩვენ ღმრთისთვის უნდა ვიმარხულოთ. ჩვენს სხეულში უნდა ვიგრძნოთ მისი არსებობა, უნდა ვიხილოთ, როგორ იქცევა ჩვენი სხეული მის ტაძრად. ამიტომაც სხეულს, საჭმელს და მთელს ჩვენს ცხოვრებას რელიგიური მოწიწებით უნდა მოვეპყრათ. ყოველივე ამას შეიძლება მარხვის დაწყებამდე მივაღწიოთ, რომ მარხვას უკვე სულიერად შეიარაღებული შევხვდეთ სულიერი ბრძოლისა და გამარჯვების წინასწარი განზრახვით.
აი, თვით მარხვაც დგება. ზემოთქმულის თანახმად, ის ორ დონეზე უნდა აღვასრულოთ: ჯერ ერთი, ასკეტური მარხვის დონეზე და, მეორეც, სრული მარხვის დონეზე. ასკეტური მარხვა მდგომარეობს საჭმლის საგრძნობ შემცირებაში, რათა განუწყვეტელი შიმშილის მეტ-ნაკლები შეგრძნება ღმრთის ხსოვნად და ამ ხსოვნის შენარჩუნებისაკენ მიმართულ ძალისხმევად აღვიქვათ. ყველამ, ვისაც კი ამგვარი მარხვა შეუნახავს, იცის, რომ ასკეტური მარხვა, იმის მაგიერ, რომ დაგვასუსტოს, სიმსუბუქის, მიზანმიმართულობის, სიფხიზლის, სიხარულისა და სიწმინდის გარკვეულ შეგრძნებას გვიქმნის. საკვებს მართლაც ღმრთის ძღვენსავით ვღებულობთ. მუდამ იმ შინაგან სამყაროზე ვართ მომართულნი, რომელიც იდუმალი ხერხით გვკვებავს. აქ არ ვიმსჯელებთ საჭმლის რაოდენობასა და თვისებრიობაზე, ასკეტური მარხვისას მის დღის განმავლობაში განაწილებაზე. ეს ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალურ თვისებებზე, ცხოვრებისეულ პირობებზეა დამოკიდებული. მაგრამ პრინციპი აშკარაა: ეს უნდა იყოს ნაწილობრივი შიმშილის მდგომარეობა, რომლის „უარყოფით“ ბუნებასაც ლოცვა, ღმრთის გახსენება, ყურადღება და კონცენტრირება დადებით ძალად გარდაქმნის.
რაც შეეხება სრულ მარხვას, მისი ხანგრძლიობა უნდა შევზღუდოთ ევქარისტიასთან შესაბამისად, რადგანაც ამგვარი მარხვა საზიარებლად გვამზადებს. ჩვენი ცხოვრების პირობებში ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველშეწირულის ლიტურგიის აღსრულების დღეა. ვმარხულობთ ჩვენ ადრე დილიდან, თუ მხოლოდ შუადღიდან, სრული მარხვის მიზანი ერთია: გავატაროთ ეს დღე მოლოდინში, სასოებაში, რომ საბოლოოდ თვით ღმერთთან ურთიერთობით განვძღებით. ესაა სულიერი კონცენტრაცია მოლოდინზე, მომავალში მისაღებ საღმრთო ნიჭზე, რომლის გულისთვის მზად ვართ, უარვყოთ ყველა სხვა ძღვენი.
მაგრამ ყოველივე ზემოთქმული შემდეგაც უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი მარხვა, თუ ეს ნამდვილი მარხვაა, აუცილებლად მოჰყვება ცდუნება, სისუსტე, ყოყმანი, გაღიზიანება. სხვა სიტყვებით, მარხვა იქნება ბრძოლა, რომელშიც, როგორც ეტყობა, ჩვენ არაერთხელ დაგვამარცხებენ. მაგრამ თუ ჩვენი მარხვა თავისი არსებით ნამდვილია, მასში აუცილებლად იჩენს თავს ჩვენი ქრისტესმიერი ცხოვრება – ცხოვრება ბრძოლისა და მოსაგრეობისა. რწმენა, რომელსაც ეჭვი და ცდუნება არ დაუმარცხებია, იშვიათადაა ნამდვილი რწმენა. ქრისტიანულ ცხოვრებაში ზრდა წარმოუდგენელია ცდომილებათა და დაცემათა მწარე გამოცდილების გარეშე. რა ხშირად ხდება, რომ ადამიანები ენთუზიაზმით იწყებენ მარხვას, მაგრამ პირველივე დამარცხების შემდეგ უარს ამბობენ მასზე. მე ვიტყოდი, რომ რწმენის ნამდვილი გამოცდა პირველი დაცემით იწყება. თუ ამგვარი მარცხის შემდეგ, როცა მიმშილსა და ვნებებს დავუთმეთ, ჩვენ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენი შეცდომა დაგვიშვია, ადრე თუ გვიან ასეთი მარხვა თავის სულიერ ნაყოფს გამოიღებს. სიწმიდესა და იმედგაცრუების ცინიზმს შორის ძევს უდიდესი საღმრთო სიქველე – მოთმინება, უპირველეს ყოვლისა, მოთმინება საკუთარი თავის მიმართ. სიწმიდისაკენ შემოკლებული გზები არ არსებობს. ჩვენ ყოველი ნაბიჯის, ყოველი საფეხურის სრული საფასური უნდა გადავიხადოთ. ამიტომაც უფრო უსაფრთხო მინიმუმიდან დაწყება იქნება, რაც ჩვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს მხოლოდ ოდნავ აღემატება. ამის შემდეგ თანდათანობით გავაძლიეროთ მარხვა. ასე აჯობებს, ვიდრე თავიდანვე ავიდეთ თვალუწვდენელ სიმაღლეზე და იქიდან მიწაზე ჩამოვარდნისას დავიღუპოთ.
ამრიგად, სიმბოლური და ნომინალური მარხვისაგან ჭეშმარიტ მარხვას უნდა დავუბრუნდეთ. იყოს იგი შეზღუდული და მოკრძალებული, მაგრამ თანმიმდევრული და სერიოზული. პატიოსნად უნდა შევაფასოთ ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობათა შესაბამისად მოქმედების უნარი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მარხვისას არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი შესაძლებლობების სიმცირისა, არამედ უნდა დავინახოთ საკუთარ სიცოცხლეში იმის საღმრთო მტკიცებულება, რომ ადამიანისთვის შეუძღუბელი ღმრთისათვის შესაძლებელია.
4. დიდი მარხვის შესაფერი ყოფა-ცხოვრება
ჩვენ ვესწრებით საეკლესიო ღმრთისმსახურებას, გარკვეულ დროს ვმარხულობთ და ვლოცულობთ, მაგრამ სამარხვო მოსაგრეობა ამით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ ეს ყოველივე ნამდვილად ქმედითი და ნაყოფიერი იქნეს, საჭიროა მხარდაჭერა მთელი ჩვენი ცხოვრების მხრიდან. სხვა სიტყვებით, საჭიროა გარკვეული „ყოფა-ცხოვრება“, რომელიც არ იქნებოდა მარხვის საწინააღმდეგო და ორად არ გახლეჩდა ჩვენს არსებობას. წარსულში, მართლმადიდებელ ქვეყნებში თვით საზოგადოება ქმნიდა დიდი მარხვის შესაფერ ატმოსფეროს, როგორც პირად, ასევე კოლექტიურ წეს-ჩვეულებათა ერთობლიობის მეშვეობით. ეს უზრუნველყოფდა საჭირო ყოფა-ცხოვრებას. დიდი მარხვის განმავლობაში მთელი საზოგადოება ემორჩილებოდა ცხოვრების გარკვეულ რიტმს, წესებს, რომლებიც განუწყვეტლივ ახსენებდა საზოგადოების ცალკეულ წევრებს დიდი მარხვის შესახვბ. რუსეთში, მაგალითად, ამის განუწყვეტელი მოხსენიება იყო საეკლესიო ზარების განსაკუთრებული სამარხვო რეკვა: თეატრები იხურებოდა, წყდებოდა მაღალი საზოგადოების მეჯლისები და მიღებები. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს გარეგანი წესები ვერ აღძრავდნენ ადამიანში სინანულს, ვერ მიმართავდნენ მას უფრო აქტიური რელიგიური ცხოვრებისაკენ. მაგრამ იქმნებოდა განსაკუთრებული სამარხვო ატმოსფერო, რომელიც აადვილებდა პირად, ინდივიდუალურ ძალისხმევას. ჩვენ სუსტები ვართ, ჩვენ გვესაჭიროება გარედან შეხსენება, სიმბოლოები, ნიშნები. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ გარეგნული სიმბოლოები თავისთავად იქნება მიჩნეული მარხვის აღსრულების საკმარის პირობად და იმის მაგიერ, რომ გვამცნონ დიდი მარხვის შესახებ, თვითონ დაჩრდილავენ მის ჭეშარიტ მნიშვნელობასა და საზრისს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ საშიშროებაზე, როცა განვიხილეთ ის ვითარება, როცა გარეგანი წეს-ჩვეულებები ცვლიან ჭეშმარიტ პირად მოსაგრეობას. მაგრამ სწორი მიდგომისას ხედავ, რომ ეს წესები რაღაც გადამცემი ღვედის მსგავსი რამაა, რომელიც სულიერ მოსაგრეობას ცხოვრების დარჩენილ ერთიანობასთან აკავშირებს.
ჩვენ მართლმადიდებელ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. ამიტომაც ჩვენი დროის საზოგადოებრივ ცხოვრებას არ ძალუძს სამარხვო ატმოსფეროს შექმნა. ჩვენი გარემომცველი სამყარო, სამყარო, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, დიდი მარხვით არ იცვლის სახეს. ამიტომაც ჩვენგან ახალი ძალისხმევა მოითხოვება – საჭიროა, კიდევ ერთხელ ჩავფიქრდეთ რელიგიურ კავშირზე გარეგან და შინაგან ცხოვრებას შორის. სეკულარიზმის, ჩვენი ცივილიზაციის ეკლესიისაგან დაშორების სულიერი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ნამდვილ რელიგიურ შიზოფრენიაში ვვარდებით: ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – რელიგიურად და საეროდ. ამ ნაწილებს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ამიტომაც გარეგანი მეხსენებებისა და სიმბოლოების შესაცვლელად ჩვენს დროში განსაკუთრებული სულიერი ძალისხმევა გვმართებს. სქემატურად ეს ძალისხმევა შეიძლება განვიხილოთ, ჯერ ერთი, ჩვენი შინაური ცხოვრების თვალსაზრისით, და მეორე, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მხრიდან.
მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის თანახმად, შინაური ცხოვრება, ოჯახი ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს, ქრისტიანული პრინციპების ყოველდღიურ განხორციელებას წარმოადგენს. ქრისტიანული მსოფლმხედველობის საფუძვლებს ჩვენ სწორედ შინ გვინერგავენ, ოჯახურ ყოფა-ცხოვრებასა და სულისკვეთებაში. არა სკოლაში და არა ეკლესიაში, არამედ ოჯახში წარმოიქმნება ის მსოფლმხედველობა, რომელიც თავდაპირველად შეუგნებელიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იქცევა მთელი ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად. ბერი ზოსიმა, დოსტოევსკის რომანის „ძმები კარამაზოვების“ გმირი, ამბობს: „ადამიანს ადრეული ბავშვობის მოგონებებზე ძვირფასი არა გააჩნია რა…“ ეს მოგონებები აცხოვნებს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოსიმა ამას ამბობს მაშინ, როცა იხსენებს, როგორ დაჰყავდა იგი დედას ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ის იხსენებს ამ ღმრთისმსახურებისა და მისი გალობის მშვენიერებას. ჩვენს საეკლესიო სკოლებში ახლა შესანიშნავი მუშაობა მიმდინარეობს ბავშვების რელიგიური განათლებისათვის, მაგრამ მასაც მცირე ნაყოფის გამოღება შეუძლია განათლების შინაური, ოჯახური საფუძვლების გარეშე. რა უნდა გაკეთდეს და რისი გაკეთებაა შესაძლებელი დიდი მარხვის დროს შინაურ, ოჯახურ ცხოვრებაში? რადგანაც შეუძლებელია ერთბაშად განვიხილოთ ყველაფერი, რაც ოჯახში ხდება, მე მხოლოდ ერთ საკითხზე შევჩერდები.
უეჭველია, ყველა დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ყოფა-ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა რადიოსა და ტელევიზიის გავლენით. ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია მსოფლიოში მომხდარ მოვლენათა შესახებ ინფორმაციით. იმის გასაგებად, რაც ქვეყნად ხდება, აუცილებელი აღარაა სადმე გამოსვლა ან გამგზავრება. მთელი მსოფლიო განუწყვეტლივ მდებარეობს ჩვენი მისაწვდომობის არეში. თანდათანობით შინაგანი ცხოვრების ელემენტარული გამოცდილება, ამა ქვეყნის მშვენიერება უბრალოდ ქრება თანამედროვე კულტურიდან. და თუ ტელევიზია არა, მაშინ მუსიკა: მუსიკა უკვე აღარაა ის, რასაც უსმენ, ის საუბრების, კითხვის, სხვადასხვა საქმიანობის უწყვეტ ფონად იქცა. მუსიკის ეს მუდმივი საჭიროება მეტყველებს, რომ თანამედროვე ადამიანმა დაკარგა სიჩუმით ტკბობის უნარი, სიჩუმეს იგი უკვე სრულიად უარყოფითად აღიქვამს, როგორც რაღაცის არყოფნას, და ვერ ხვდება, რომ ეს შეიძლება იყოს ყოველი ნამდვილი სიახლოვის აუცილებელი პირობა. თუ ძველი დროის ქრისტიანები უპირატესად სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებაზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა, თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა უზენაეს რეალობასთან კავშირი იგრძნონ. ამგვარად, რადიოსა და ტელევიზიის პრობლემა დიდი მარხვის განმავლობაში მეორეხარისხოვანი საკითხი კი არა, გარკვეული აზრით, სულიერი სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხია. უნდა შევიგნოთ, რომ შეუძლებელია გავანაწილოთ ჩვენი ცხოვრება სამარხვო ნათელი სევდის განცდასა და მოდური ფილმის ან სპექტაკლიდან მიღებულ შთაბეჭდილებას შორის. ეს ორი შეგრძნება სრულიად შეუთავსებელია და ერთი მათგანი აუციღუბლად გაანადგურებს მეორეს. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ უკანასკნელი მოდური ფილმი ადვილად გაანადგურებს ნათელ სევდას. საპირისპირო მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომაც პირველი სამარხვო წეს-ჩვეულება, რომლის შემოთავაზებაც შეგვიძლია, ეს არის დიდი მარხვის პერიოდში რადიოსადა ტელევიზიის გადამწყვეტი უარყოფა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვბედავთ, სრული მარხვა გირჩიოთ, მაგრამ ასკეტური მარხვის აუცილებლობას დაჟინებით ვამტკიცებთ, რაც, როგორც უკვე ვთქვით, უპირველეს ყოვლისა. ნიშნავს „დიეტის“ ცვლილებასა და თავშეკავებას. მაგალითად, არაფერი ცუდი არაა იმაში, თუ კვლავაც გავაგრძელებთ ინფორმაცის თვალისდევნებას, ან ისეთ სერიოზულ პროგრამებს გავეცნობით, რომლებიც სულიერად და ინტელექტუალურად გაგვამდიდრებს. მაგრამ დიდი მარხვის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეწყდეს ჩვენი მიჯაჭვულობა ტელევიზორთან, ეკრანს მიერთებული ადამიანის მცენარეული ყოფა, ყოველივეს პასიური შთანთქმა. როცა ბავშვი ვიყავი (ეს ტელევიზიის გამოგონებამდე იყო), დედაჩემი კეტავდა როიალის კლავიატურას დიდი მარხვის პირველ, მეოთხე და მეშვიდე კვირის განმავლობაში. ეს ჩემს მეხსიერებას უფრო შემორჩა, ვიდრე ხანგრძლივი სამარხვო ღმრთისმსახურება, და ახლაც კი, როცა დიდი მარხვის დროს რადიოთი გადმოცემული მუსიკა მესმის, ეს თითქმის ისევე შეურაცხმყოფს, როგორც მკრეხელობა. ეს პირადი მოგონება მხოლოდ ილუსტრაციაა იმისა, რა შთაბეჭდილებას ახდენს ბავშვის სულში მოზრდილთა მიერ შეგნებულად მიღებული გარეგნული გადაწყვეტილება. აქ საუბარი არაა, უბრალოდ, ცალკეულ ჩვეულებაზე ან წესზე, არამედ დიდი მარხვის დროის დამცველ ცოცხალ გამოცდილებ
აზე, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რათა არ დავკარგოთ, არ დავამახინჯოთ, არ დავარღვიოთ იგი. მაგრამ აქ, ისევე როგორ სამარხვო საჭმლის მიღებისას, მხოლოდ თავშეკავება არ კმარა: მას უნდა ჰქონდეს დადებითი საპირწონე.
ამქვეყნიური ხმაურის არარსებობით შექმნილი მდუმარება, რომელსაც მხოლოდ დასაშვები საინფორმაციო გადაცემა არღვევს, დადებითი შინაარსით უნდა შევავსოთ. ჩვენი სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ საკვები გონებასაც სჭირდება. სწორედ თანამედროვე ადამიანის გონება იმყოფება ტელევიზიის, რადიოს, გაზეთების, ილუსტრირებული ჟურნალებისა და სხვა მსგავსი მოვლენებისგან განუწყვეტელი დაბომბვის ქვეშ. ჩვენ გთავაზობთ, რომ სულიერი ძალისხმევა რაღაც წმინდად სულიერზე მიმართოთ. ჩვენს ცხოვრებაში იმდენ შედევრს, საკაცობრიო აზრისა და შემოქმედების იმდენ საოცარ ნაყოფს უგულებელვყოფთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ადვილია სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ, როცა ფიზიკურად და გონებრივად დაღლილები ვართ, ტელევიზორი ჩავრთოთ, ან ილუსტრირებული ჟურნალის აბსოლუტურ სიცარიელეში ჩავიძიროთ. კარგი იქნებოდა. წინასწარ შეგვემუშავებინა დიდი მარხვის პროგრამა. წინასნარ შეგვედგინა წასაკითხად სასარგებლო წიგნების სია. არაა აუცილებელი, რომ ყველა ეს წიგნი რელიგიური შინაარსისა იყოს. ყველა ადამიანს როდი აქვს საღმრთისმეტყველო მოწოდება. მაგრამ ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებში იმდენი საღმრთისმეტყველო აზრია ჩაქსოვილი, ხოლო ყველაფერი, რაც კი ჩვენს გონებას გაამდიდრებს, ჭეშმარიტი შემოქმედების ყველა ნაყოფი კურთხეულია ეკლესიისგან, და მისი მართებულად აღქმის შემთხვევაში სულიერ ღირებულებას იძენს. წინა თავში მე ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ მარხვის მეოთხე და მეხუთე კვირადღე ეძღვნება ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ორი მოძღვრის – წმინდა იოანე სინელის („კლემაქსის“ აღმწერელის) და ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენებას. უნდა გავიგოთ, რომ ამ ორი წმინდანის სახით ეკლესია აშკარად მიგვითითებს, რომ დიდი მარხვის შედეგად ის ჩვენგან სულიერ და გონებრივ გამდიდრებას ელის. წიგნების კითხვა და სულიერი გააზრება შინაგანი სამყაროს მოპოვებასა და გამდიდრებაში დაგვეხმარება. თანამედროვე სეკულარული მსოფლიო არ გვაძლევს საშუალებას, შევიგრძნოთ ეს სიხარული, ადამიანის ჭეშმარიტი მოწოდება, რომელიც არა გარეგან, არამედ შინაგან სამყაროში უნდა გამომჟღავნდეს. ამ სიხარულის გარეშე, და თუ მარხვასაც არ გავიგებთ როგორც ჩვენი ადამიანური არსების სიღრმეში მიმავალ გზას, დიდი მარხვა თავის საზრისს დგკარგავს.
გარდა ამისა, რა მნიშვნელობა უნდა შეიძინოს დიდმა მარხვამ, იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როცა ჩვენ შინიდან მოშორებით ვიმყოფებით, საქმიან მივლინებაში, ან სამსახურმი სამუშაო მაგიდასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, კოლეგებთან ან მეგობრებთან შეხვედრისას? აქაც შეუძლებელია რაიმე განსაზღვრული რეცეპტის მოცემა, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი თვალსაზრისის გამოთქმა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მარხვა შესანიშნავი დროა, როცა უნდა განვიხილოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი წარმოუდგენლად ზედაპირული დამოკიდებულება ადამიანებთან, საგნებთან, სამსახურთან. „ყველაფერს ღიმილით შეხვდით“, „გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ“, -აი, რჩევები, რომლებიც სინამდვილეში ლამის მცნებებად იქცა და მათ ხალისით ვემორჩილებით. მაგრამ ეს რჩევები მხოლოდ ერთს ნიშნავს: არ შეზღუდოთ საკუთარი თავი პასუხისმგებლობით, ნუ დასვამთ ზედმეტ კითხვებს, ნუ გააღრმავებთ ადამიანებთან ურთიერთობას. დაიცავით თამაშის წესები, რომლებიც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეახამოთ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა მათდამი სრულ გულგრილობასთან. იფიქრეთ ყველაფერზე მხოლოდ მატერიალური მოგების, შემოსავლისა და კარიერის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, იყავით ამა სოფლის ნაწილი, სოფლისა, რომელიც წამდაუწუმ იყენებს დიად სიტყვებს – „მშვიდობა“, „პასუხისმგებლობა, „სიფრთხილე“ – სინამდვილეში კი მატერიალისტური პრინციპით ხელმძღვანელობს, რომლის თანახმად ადამიანი მისი შემოსავლის მიხედვით ფასდება. დიდი მარხვა საზრისის ძიების დროა: ჩემი პროფესიული ცხოვრებისა და ჩემი პირადი მოწოდების შესაბამისობის, სხვა ადამიანებთან ჩემი ურთიერთობის, მეგობრობის, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის საზრისისა. არ არსებობს სამუშაო ან მოწოდება, რომლის თანდათანობითი გარდგქმნა შეუძლებელი იყოს არა მეტი ნაყოფიერების ან უკეთესი ორგანიზაციის, არამედ ადამიანური ღირებულების თვალსაზრისით. აუცილებელია გავაღრმავოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, რადგანაც ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც (ხშირად შეუგნებლად) იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქეცით, რომლებიც ნელ-ნელა ყოველივე ადამიანურს ანადგურებენ ამქვეყნად. და თუ ჩვენს სარწმუნოებას რაიმე საზრისი აქვს, იგი აუცილებლად უნდა შევუფარდოთ ცხოვრებას მთელი თავისი სირთულით. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებელი ცხოვრებისეული გარდაქმნები მხოლოდ რევოლუციების, ცხოვრებისეული პირობების გარეგნული ცვლილებების წყალობით ხორციელდება. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ სინამდვილეში ყველაფერი შიგნიდან მოედინება – რწმენიდან და სარწმუნოების თანახმად ცხოვრებიდან. როცა ეკლესია ანტიკურ ბერძნულ-რომაულ სამყაროში შევიდა, იგი არ მოუწოდებდა მონათმფლობელური რევოლუციისაკენ. მაგრამ მონობა შეუძლებელი გახდა სარწმუნოების, ადამიანისადა მთელი ცხოვრების ახალი შეფასების წყალობით. ერთ წმინდანს – აქ კი წმინდანი, უბრალოდ, ნიშნავს ადამიანს, რომელიც სერიოზულადაა განწყობილი თავისი სარწმუნოების მიმართ, – უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ათასობით დაბეჭდილ პროგრამას. წმინდანი ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერია ამქვეყნად.
დავუმატოთ ერთი უკანასკნელი შენიშვნაც: დიდი მარხვა ის დროა, როცა ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური ყოველივეს, რასაც ვამბობთ. ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, ჩვენ გამუდმებით ვიძირებით სიტყვებში, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე კი – ძალაც. ქრისტიანობა ჩვენს წინაშე ხსნის სიტყვის-ამ ჭეშმარიტად საღმრთო ნიჭის წმიდათაწმიდა საზრისს. ჩვენს სიტყვას დიდი ძალა აქვს, დადებითიც და უარყოფითიც. ამიტომ ჩვენი სიტყვების მიხედვით განვისჯებით: „ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან გამართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მ. 12,36-37). თუ ვუფიქრდებით და ვწონით სიტყვებს, მაშინ კვლავ შევიმეცნებთ მათ ღრმა და წმიდათაწმიდა აზრს და გვესმის, რომ ზოგჯერ უცაბედად ნათქვამ უმნიშვნელო ხუმრობას შეუძლია მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს, შეუძლია იქცეს უკანასკნელ წვეთად, რომელიც ადამიანური სასოწარკვეთილების თასს აავსებს და საბედისწერო ნაბიჯისაკენ უბიძგებს მას. მაგრამ სიტყვა მოწმობადაც შეიძლება იქცეს. კოლეგასთან სამსახურში შემთხვევით საუბარს შეუძლია ხშირად სამუშაოზე, სხვა ადამიანებზე, ცხოვრებაზე სწორი თვალსაზრისი უკეთესად გადასცეს, ვიდრე ფორმალურ ქადაგებას. სიტყვას შეუძლია ჩვენს გულში ცხოვრებისადმი ახალი მიდგომის შესაძლებლობა, შემეცნების წადილი გაამჟღავნოს. ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, როგორ განუწყვეტელ გავლენას ვახდენთ ერთმანეთზე სიტყვებისა და ჩვენი პიროვნების მთელი აგებულების მეშვეობით. და, ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ღმრთისაკენ იმიტომ კი არ მოიქცევიან, რომ ვიღაცა მათ ბრწყინვალე ახსნას აძლევს, არამედ იმიტომ, რომ მასში ხედავენ იმ სინათლეს, იმ სიხარულსა და სიღრმეს, იმ სერიოზულობასა და სიყვარულს, რომელთა გარდა არაფერი არ ამტკიცებს ამქვეყნად ღმრთის არსებობასა და სიახლოვეს.
ამრიგად, დიდი მარხვა, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ის დროა, როცა ადამიანი თითქოსდა კელავ პოულობს სარწმუნოებას, და თვით სიცოცხლესაც კი მისი საღმრთო მნიშვნელობით, მისი წმიდათაწმიდა სიღრმით. თავს ვიკავებთ საჭმლისგან და კვლავ აღმოვაჩენთ მის გემოს, ვსწავლობთ ღმრთისაგან მის მიღებას სიხარულითა და მადლიერებით. ვამცირებთ გართობას, მუსიკის სმენას, უაზრო საუბრებსა და ზედაპირულ ფიქრებს და კვლავ ვგებულობთ ადამიანებთან, მათ შრომასა და ხელოვნებასთან ურთიერთობის უდიდეს ღირებულებას. ყოველივე ამას კი იმიტომ ვიგებთ, რომ, უბრალოდ, კვლავ ვიპოვეთ თვით ღმერთი, დავუბრუნდით მას, და მასში ყოველივეს, რაც მან მოგვანიჭა უსაზღვრო სიყვარულითა და მოწყალებით.
ამიტომაც ვგალობთ აღდგომის დღესასწაულის ღამეს:
აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაჲ და ქუეყანაჲ და ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესს, რომლითა განვძლიერდით.
არ მოგვაკლო ამ სასოებას, კაცთმოყვარეო!
დასაწყისი(ნაწილი 1)








