ავტორი – ეპისკოპოსი ილარიონი (ალფეევი)
ამონარიდი წიგნიდან “რისი სწამთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს?”
სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა
როცა მართლმადიდებელი ეკლესია ჯოჯოხეთში ტანჯვას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოგმატად აღიარებს, ის ამით არ ამბობს, რომ ეს ტანჯვა გარდაუვალია ყველა ცოდვილისათვის. პირიქით, ის ლოცულობს “„შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა“ და სწამს, რომ პატიება არა კაცთაგან არის, არამედ “რომელი ეწყალის ღმერთსა” (რომ. 9:16). ღმერთსა, “რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ”(I ტიმ. 2:4) რომელსაც სურს “ყოველთა სინანულად მოსვლაჲ”(I პეტრ. 3:9) და მისთვის შეუძლებელი არაფერია: ეკლესიის ლოცვითა და თავისი წყალობით მას ჯოჯოხეთიდან იმგვარი ადამიანების ამოყვანაც კი შეუძლია, ვინც სიცოცხლეში უარყოფდა და უპირისპირდებოდა მას.
დასავლურ ტრადიციაში არსებობს სწავლება, რომელიც ზოგიერთი ლათინი ეკლესიის მამის მოსაზრებებზეა დაფუძნებული, სადაც ნათქვამია, რომ საიქიოსმიერი ტანჯვა ცოდვილთათვის, შესაძლებელია იყოს განმწმენდელი და გამომხსნელი. „ის, ვისაც წინა საუკუნეში (ანუ მიწიერი ცხოვრების დროს) , არ მოუტანია ნაყოფი მოქცევისა, უწინარეს ყოვლისა უნდა განიწმინდოს განმწმენდელი ცეცხლისაგან და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცეცხლი არ იქნება მარადიული, გასაოცარია რამდენად მძიმე შეიძლება იყოს იგი“ – წერდა ნეტარი ავგუსტინე. ხოლო წმინდა ამბროსი მედიოლანელი თვლიდა, რომ გარდაცვლილი ცოდვილი შეიძლება გადარჩეს, „მაგრამ ის გაივლის ჯოჯოხეთის ცეცხლს, რათა განიწმინდოს ცეცხლით , გადარჩეს და აღარ იტანჯოს სამარადისოდ“. დასავლეთელ მამათა სწავლება, სიკვდილის შემდეგ განმწმენდელი ცეცხლის შესახებ, დაედო საფუძვლად კათოლიკურ დოგმატს, რომელიც სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის მდებარე შუალედურ მდგომარეობას გამოხატავს, სადაც ადამიანი განიცდის ტანჯვას, თუმცა მხოლოდ დროებითს და არა მარადიულს.
აღმოსავლური ტრადიცია უარყოფს სწავლებას განსაწმენდელის შესახებ და მართლმადიდებლური დოგმატიკა, კათოლიკურისგან განსხვავებით, არ აკეთებს მკაცრ განყოფას განსაწმენდელის დროებით ტანჯვას, რომლისგანაც შესაძლებელია თავის დაღწევა და ჯოჯოხეთის ტანჯვას შორის, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს „შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა“, სწამს რა, რომ შესაძლებელია ჯოჯოხეთური ტანჯვისგან გათავისუფლება. ზოგიერთ აღმოსავლელ მამასთანაც ვხვდებით განმწმენდელი ცეცხლის იდეას: „ისევე როგორც განმწმენდელი ცეცხლიგან ნადგურდება უვარგისი მატერია, ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი, ზუსტად ამგვარად საჭიროა რომ სულიც, რომელიც ერთობაშია სიბილწესთან, იყოს ცეცხლში მანამდე, სანამ სრულად არ განადგურდება ეს სიბილწე, უწმინდურობა და უვარგისობა“. თუმცა, აქ საუბარი არის არა განსაწმენდელის, არამედ ჯოჯოხეთის შესახებ , რომლისგანაც შესაძლებელია თავის დაღწევა.
ამგვარად, პირველ რიგში, ეკლესიის ლოცვა „შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა“, მეორე მხრივ, იმედი იმისა რომ დასრულდება ჯოჯოხეთური ტანჯვა და მესამე აღმდგარი ქრისტეს მიერ ყოველთა ჯოჯოხეთისგან გამოხსნა – აი, ის იდეები, რომლებიც არ აძლევს მართლმადიდებელ ქრისტიანს სასოწარკვეთის ნებას, რაჟამს გაიფიქრებს საიქიო ცხოვრების შესახებ, რომ ხსნა მხოლოდ მართალთათვის არ არის შესაძლებელი, არამედ იმ ცოდვილთათვისაც, რომლებმაც ვერ დაიმკვიდრეს სასუფეველი გარდაცვალების შემდგომ.