
დაპირებისამებრ გთავაზობთ საეკლესიო პირველწყაროებს თემაზე. ამჯერად წარმოვადგენთ ამონარიდებს წმინდანთა საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ ადრეული ხანის საეკლესიო ისტორიკოსთა და ჰაგიოგრაფთა ნაწარმოებებიდან.
საეკლესიო ისტორია
წიგნი I
თავი XI
თხრობა წმინდა სპირიდონის შესახებ;
მისი ზომიერებისა და სიმშვიდის შესახებ.
თუ როგორ იქცეოდა სტუმრების მიღებისას, ჩანს აქედან. უკვე ორმოცეული იდგა, როცა ერთი კაცი მივიდა მასთან მოგზაურობიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩვევად ჰქონდა შინაურებთან ერთად მარხვის დაცვა და საკვებს არ იგემებდა დათქმულ დღემდე, მანამდე კი უჭმელი იყო. როდესაც ნახა, რომ უცხოელი ძალიან დაღლილი იყო, ქალიშვილს უთხრა: `წადი, დაბანე ფეხები და მიეცი საჭმელი~. როდესაც ქალწულმა მიუგო, რომ არც პური ჰქონდათ და არც შვრიის ფქვილი (რადგან მარხვის გამო ზედმეტი იყო მათი მომარაგება), მან ჯერ ილოცა და შენდობა ითხოვა, შემდეგ ქალიშვილს უბრძანა ღორის ხორცი, რაც კი მოიპოვებოდა სახლში დამარილებული, შეეწვა. როცა შეწვა, დაჯდა სტუმართან ერთად, დადო ხორცი და ჭამა, და ამ კაცსაც სთხოვა მისთვის მიებაძა. მან უარი უთხრა და თქვა, რომ ქრისტიანი იყო. მან კი მიუგო: `ამიტომ უფრო არ არის უარსაყოფი. რამეთუ საღვთო სიტყვა წარმოაჩენს, რომ განწმენდილთათვის ყველაფერი წმინდაა~ (ტიტ. 1, 15). ეს ითქვა სპირიდონის შესახებ.წიგნი III
თავი XVI
წმინდა ეფრემის შესახებ.
. . .
ადგილობრივი მკვიდრნი ყვებიან მის მიერ ჩადენილ მრავალ საქმეს, მაგრამ ვფიქრობ, ღირსახსოვარი არის ერთი მის აღსრულებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ნაქმნარი, და მას აღვწერ აქ. როდესაც შიმშილობა ეწვია ქალაქ ედესას, მან დატოვა მისი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ის ფილოსოფოსობდა, და გაკიცხა მდიდრები, რათა არ უგულებელეყოთ მათი თანამემამულე, რომელსაც ღუპავდა აუცილებელი საზრდოს არარსებობა, მაშინ როცა ისინი თავიანთ სიმდიდრეს გულმოდგინედ ინახავდნენ, თავიანთი სულის საზიანოდ და სასჯელად, რომელიც ყოველგვარ სიმდიდრეზე და თვით სხეულზე და სხვებზეც უფრო პატივსაცემია. ეს მან თავისი ფილოსოფოსობით უჩვენა მათ. მათ, რომლებიც არ გაიღებდნენ მოწყალებას, საქმით ამხილებდა. მათ, რომლებიც პატივს სცემდნენ ამ კაცს და მის სწავლებებს, მიუგეს: ` ჩვენთვის არ ვზრუნავთ ქონებაზე, მაგრამ არ ვიცით ვის მივანდოთ ეს საქმე, რადგან თითქმის არავინ აღარ იღწვის სასარგებლო საქმისათვის და ყველა თაღლითობს.” მან ჰკითხა: `ჩემზე რას ფიქრობთ?~ როდესაც მათ ერთობლივად აღიარეს, რომ მასზე ფიქრობდნენ როგორც სანდო, მეტად სათნო და კეთილ კაცზე, მან უთხრა: `ამრიგად, თქვენს გამო ნებაყოფლობით დავადგენ ჩემს თავს ამ საქმისთვის~. მიიღო რა ვერცხლი მათგან, დაახლოებით სამასი საწოლი დადგა საჯარო თავშესაფარში. უვლიდა შიმშილობისგან დასნეულებულთ, უცხოთ, ღებულობდა საზრდოს ნაკლებობის გამო სოფლებიდან ჩამოსულებს. მაგრამ როდესაც შეწყდა შიმშილობა, უკან დაბრუნდა თავის სამოღვაწეო ადგილას, სადაც მანამდე ცხოვრობდა. რამოდენიმე დღე იცხოვრა და აღესრულა. მან დიაკვნის სასულიერო ხარისხამდე მიაღწია, მაგრამ სათნოებით არა ნაკლებ სახელგანთქმული იყო, ვიდრე ისინი, რომლებიც კეთილი ცხოვრების მოქალაქობითა და მღვდლობით გამოირჩეოდნენ; იგი ასევე განათლებითაც აღაფრთოვანებდა ხალხს. ეს იყო ეფრემის სათნოების წარმომჩენელი საქმეები. მაგრამ ღირსეულად თქმა და ყველაფრის შესახებ საუბარი, თუ როგორ ცხოვრობდა და მოქალაქობდა ეს კაცი და ყველა, ვინც იმ დროს ფილოსოფოსობდა სხვადასხვა ერებში, მოითხოვს ისეთ მწერალს, როგორიც იგი იყო. მე კი არ ძალმიძს ამის მიმოხილვა, სიტყვიერების უძლურებისა და თვით იმ კაცთა და მათ წარმატებათა უმეცრების გამო. რადგან ზოგი მათგანი უდაბნოებში იმალებოდა, ზოგი კი ქალაქის ბრბოში ცხოვრობდა, თავს ძალიან უბრალოდ აჩვენებდნენ და მრავალთაგან არ გამოირჩეოდნენ. სათნოების მოქმედნი ფარავდნენ მათ შესახებ ჭეშმარიტ ცოდნას, რათა სხვებს არ შეექოთ. გონებას მიაპყრობდნენ მომავალ სიკეთეთა საზღაურს, თავიანთი ღვაწლის მოწმედ მხოლოდ ღმერთს ხდიდნენ, ხოლო გარეშე დიდება აზრადაც არ მოსდიოდათ.
წიგნი IV
თავი XXV
წმინდა კირილე იერუსალიმელის განყენების მიზეზები.
მათთან ერთად განაყენეს კირილე იერუსალიმელიც, როგორც ევსტათისთან და ელპიდიოსთან თანაზიარი, რომლებიც ცდიობდნენ, მელიტინში გამართულ კრებას შეწინააღმდეგებოდნენ, რომლებთან ერთად თვითონაც მონაწილეობდა კრებაში. ასევე იგი პალესტინაში განყენების შემდეგ თანაზიარებას ამყარებდა ბასილისთან და ლაოდიკიის ეპისკოპოს გიორგისთან. როდესაც მას ჩააბარეს იერუსალიმის საეპისკოპოსო, სამიტროპოლიტო უფლებების გამო უთანხმოება ჰქონდა კესარიის ეპისკოპოს აკაკისთან, აცხადებდა, რომ იგი იყო სამოციქულო საყდრის წინამძღვარი. აქედან აღიძრა მათ შორის შუღლი და ერთმანეთს ცილს სწამებდნენ, რომ საღი რწმენა არ ჰქონდათ ღმერთზე. ორივე მათგანზე მანამდეც იყო ეჭვი: აკაკი არიოზის შეხედულებებს იზიარებდა, კირილე კი მამისადმი ძის მსგავსარსობის მიმდევარი იყო. ასეთი აზრი ჰქონდა რა აკაკის, მან პროვინციაში მის თანამოაზრე ეპისკოპოსებთან ერთად დაასწრო და განაყენა კირილე შემდეგი საბაბით. როდესაც შიმშილობა ჩამოვარდა იერუსალიმში და მის მხარეებში, ეპისკოპოსს მიმართეს გაჭირვებაში მყოფმა ხალხმა, რომელმაც არ იცოდა საიდან მოეპოვებინა აუცილებელი საკვები. როდესაც ფული არ იყო იმისათვის, რითაც მათ უნდა დახმარებოდა, გაყიდა საგანძური და წმინდა კრეტსაბმელი. აქედან გაჩნდა გადმოცემა, რომ ერთმა კაცმა იცნო თავისი შეწირულობა საკურთხევლისთვის, რომელიც ემოსა ერთ ქალს. როდესაც გამოიკვლია, თუ საიდან ჰქონდა, აღმოაჩინა, რომ ვაჭარს მიეყიდა მისთვის, ხოლო ვაჭრისთვის ეპისკოპოსს. აკაკიმ იგი განაყენა ამ მიზეზის სააშკარაოზე გამოტანით. ეს ამბები, როგორც გვსმენია, იყო ასე.
თავი XII
« გრძელებად » წოდებული ოთხი ასკეტი ძმის შესახებ,
რომელთაც მტრად მოეკიდა თეოფილე.
ჩანდა, ეს ძიება მაშინ ჩაცხრებოდა, უკვე შეწყვეტილი პირადი მტრობით რომ არ აღეძრა თეოფილეს. მან შეთქმულება მოაწყო « გრძელებად » წოდებულთა, ამონიოსის, დიოსკორეს, ევსების და ევთიმეს წინააღმდეგ. ისინი ძმები იყვნენ. ზემოთ ითქვა, რომ მათ სკიტში მოღვაწე ფილოსოფოსთა შორის სახელი ჰქონდათ განთქმული. ისინი თეოფილეს მიერ ეგვიპტელ მონაზონთა შორის განსაკუთრებით პატივცემული იყვნენ, იგი ხშირად საუბრობდა და სტუმრობდა მათ. ერთი მათგანი, დიოსკორე კი ჰერმოპოლისის ეპისკოპოსად დაადგინა. მათ მიმართ სიძულვილი გაუჩნდა ხუცეს ისიდორესადმი შუღლის გამო, რომლის ხელდასხმასაც ესწრაფოდა ნექტარიოსის შემდეგ კონსტანტინოპოლში. ზოგიერთები ამბობენ, როდესაც ერთი ქალი მანიქეველთა მწვალებლობიდან გადავიდა კათოლიკე ეკლესიაში, ის გამოუძიებლად აზიარეს საიდუმლოებებს სანამ უარყოფდა წინა მწვალებლობას. თეოფილემ ბრალი დასდო მთავარხუცესს, რადგან მას სხვა რამის გამოც ემტერებოდა. მაგრამ პეტრე (ასე ერქვა მას) დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მან ეკლესიის კანონის და თეოფილეს ნების თანახმად აზიარა ეს ქალი. და ამის მოწმედ ისიდორეს უხმობდა. ისიდორეს მაშინ რომში მოუწია გამგზავრება, ხოლო როცა დაბრუნდა, დაამოწმა, რომ პეტრე სიმართლეს ამბობდა. თეოფილე, რომელიც ცილისმწამებელი გამოდიოდა, განრისხდა და ორივე ეკლესიიდან განდევნა. ასე ამბობს ზოგიერთი. ამ მონაზვნებთან მყოფთაგან ერთი სარწმუნო კაცისგან გვსმენია, რომ თეოფილეს ორმაგი მიზეზი ჰქონდა ისიდორესადმი შუღლისთვის. მისთვის და პეტრე ხუცესისთვის საერთო იყო ის, რომ მათ უარი თქვეს თეოფილეს დისთვის ანდერძით მემკვიდრეობის გადაცემის დამოწმებაზე; ხოლო პირადად მის წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ მასთან ბევრი ფული მიიტანეს როგორც გლახაკებზე მზრუნველთან, თეოფილემ კი სცადა მათი წაღება, თითქოს ეკლესიათა მშენებლობისთვის, ხოლო მან არ მისცა. ისიდორემ უთხრა: `უმჯობესია სათანადო მსახურებებით გამოჯანმრთელდნენ ტანჯულთა სხეულები, რომლებიც უფრო მართებულად უნდა გავიაზროთ ღვთის ტაძრებად და რომელთა გამოც იქნა ფული ბოძებული, ვიდრე კედლები ავაგოთ~. ამ მიზეზით თუ სხვა რამის გამო თეოფილემ ზიარებისგან დააყენა ისიდორე. ისიც წავიდა სკიტში, რადგან იყო იქაური მონაზვნების მეგობარი.
პალადიოს ჰელენოპოლელი
« დიალოგი წმ. იოანე ოქროპირზე »
ამის შემდეგ მან გამოიკვლია ეკლესიის მეჭურჭლეს ანგარიშის წიგნები და ნახა, რომ ხარჯს არ მოჰქონდა სარგებელი ეკლესიისთვის. მან ბრზანა, რომ ეს ხარჯები შეეწყვიტათ. ამან ის მიიყვანა მეორე საკითხამდე _ ეპისკოპოსის ხარჯი. მან აქ ნახა განსაკუთრებული უზომობა და მან ბრძანა, რომ დიდი თანხები გადაცემოდა საავადმყოფოს. ვინაიდან დიდი მოთხოვნილება იყო მკურნალობაზე, მან ააშენა დამატებითი საავადმოყოფოებიც, რომლებშიც ზედამხედველებად დანიშნა ორი პატიოსანი მღვდელი, ასევე ექიმები და მზარეულები, მათ დასახმარებლად კი მზრუნველი ქალწულები. ასე რომ, როდესაც უცხოელი ჩამოვიდოდა ქალაქში და იქ ავად გახდებოდა, მას შეეძლო სამედიცინო დახმარების მიღება, რაც იყო კეთილი საქმე როგორც თავის თავად ასევე ღვთის სადიდებლადაც.
თავი VI
ისიდორემ აიღო ფული და ის დახარჯა ღარიბ ქალებზე და ქვრივებზე. თეოფილემ ეს როგორღაც შეიტყო; მას არაფერი გამოეპარებოდა, რაც არ უნდა გაკეთებულიყო ან თქმულიყო, მსტოვართა და დამსმენების მისი ბანდის წყალობით, სხვა ვერაფერს ვუწოდებ მათ. მან მოიხმო ისიდორე და მოჩვენებითი თავაზიანობით ჰკითხა, სიმართლე თუ იყო ეს ამბავი. ისიდორემ არ უარყო ეს და ყველაფერი უამბო. როცა თეოფილემ ეს მოისმინა, შეიცვალა ზნე და ერთი წამის წინ, რომ ასე თავაზიანი და კეთილი იყო, მომდევნო წამში ბრაზისაგან გასივდა.
სოკრატე სქოლასტიკოსი (V ს.)
საეკლესიო ისტორია
წიგნი VII
თავი XXI
სპარსელი ტყვეებისადმი ამიდის ეპისკოპოს
აკაკის კეთილი მოპყრობის შესახებ.
იმ ხანად ამიდის ეპისკოპოსმა აკაკიმ ყველას თვალნათლივ დასანახად ჩაიდინა ერთი კეთილი საქმე. რომაელ სარდლებს არაფრის დიდებით არ სურდათ აზაზენის დარბევისას აყვანილი სპარსელი ტყვეების სპარსელთა მეფისათვის გადაცემა, ტყვეები კი შიმშილით იხოცებოდნენ . მათი რაოდენობა დაახლოებით ხუთი ათასი იყო და ეს ძალიან აწუხებდა სპარსელთა მეფეს. აკაკიმ გულთან მიიტანა ეს ამბავი. მან შემოკრიბა მისი სასულიერო პირები და უთხრა: `კაცნო, ჩვენს ღმერთს არც ფეშხუმი და არც ბარძიმი სჭირდება, რადგან არც ჭამს და არც სვამს, არც არაფერი აკლია. ამ დროს კი ეკლესიას უამრავი ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი აქვს დაგროვილი მის კეთილმოსურნეთა შემოწირულობით. ჩვენ გვმართებს, რომ მათი მეშვეობით გამოვისყიდოთ ეს ტყვეები ჯარისკაცებისგან და დავაპუროთ.~ ეს და სხვა ბევრი რამ ამის მსგავსი თქვა, შემდეგ გადაადნო ჭურჭლები , ტყვეთათვის გამოსასყიდი მისცა ჯარისკაცებს, დააპურა ისინი, შემდეგ მისცა საგზალი და გაუშვა თავიანთ მეფესთან.
აკაკის ამ საოცარმა საქციელმა აღფრთოვანებაში მოიყვანა სპარსელთა მეფე იმით, რომ რომაელებმა გამარჯვება მოიპოვეს როგორც ომით ასევე ქველმოქმედებით. ამბობენ, რომ სპარსელთა მეფეს ეწადა მისი მასთან მოწვევა, ამ კაცის ნახვით რომ დამტკბარიყო, რაც შესრულდა კიდეც იმპერატორ თეოდოსის ბრძანებით.








