სამოციქულო ქადაგების გაცხადება
ՑՈՅՑՔ ԱՌԱՔԵԼԱԿԱՆ ՔԱՐՈԶՈՒԹԵԱՆՆ
მთარგმნელი იოანე კაზარიანი
- როდესაც გავიგე, ჩემო საყვარელო მარკიანევ, ღვთივსაპატიო სრბოლისკენ შენი მიდრეკილების შესახებ, რომელიც ერთადერთია მარადიული ცხოვრებისკენ მიმყვანებელი, ვხარობ შენთან ერთად და გევედრები, მტკიცედ შეინარჩუნე რწმენა და ესათნოებოდე შენს შემოქმედს – ღმერთს. ოჰ, ნეტავ შესაძლებელი იყოს, რომ ყოველთვის ერთად ვყოფილიყავით და ერთმანეთისთვის სარგებელი მოგვეტანა, შეგვემსუბუქებინა მიწიერი ცხოვრება და გულმოდგინედ ყოველთვის ერთსულოვან საუბარში გვემეცადინა. მაგრამ, რადგან ამჟამად ხორციელად დაშორებულები ვართ ერთი მეორესგან და მაქვს შენთვის მოკლედ მოწერის საშუალება, დაყოვნების გარეშე რაიმეს თქმისა და დაგიმტკიცო ჭეშმარიტების ქადაგება შენი რწმენის განსამტკიცებლად. გიგზავნი, ერთგვარ, მთავარ სამახსოვრო ჩანაწერს, რათა მცირედში მრავალი მიიღო და ჭეშმარიტების სხეულის ყველა ნაწილი შეიცნო და მოკლედ მიიღო ღვთიურ საგანთა მტკიცებულება, რამეთუ მხოლოდ ასე გახდება შენი ცხონება ნაყოფიერი. და ყველა ცრუდ მოაზროვნეს თვალებს დაახრევინებ და ყოველს, ვინც ჩვენი ჯანსაღი და უმწიკვლო სიტყვის გაგებას მოისურვებს, თამამად შეატყობინებ მას. რამეთუ არსებობს ერთი გზა, რომელიც ყოველ მხედველს აღამაღლებს, განათებულია ზეციური ნათელით, ხოლო უსინათლოთა გზები მრავალგვარი, ბნელი და საძაგელია. იმ გზას ცათა სასუფეველში მივყავართ, ადამიანს ღმერთთან აერთებს, ამათ კი სიკვდილამდე მივყავართ, რადგან ადამიანს ღმერთისგან განყოფენ. მაშასადამე, შენთვის და ყველასთვის, ვინც სულის ცხონებას ცდილობს აუცილებელია განუხრელად და მყარად იდგეთ მტკიცე რწმენაში, რომ არ დაუძლურდეთ და არ დაყოვნდეთ, ხორციელ სურვილებში ჯანსაღნი იყოთ, არ დაიკარგოთ, არ გადაუხვიოთ მართალი გზიდან.
2. და რადგან ადამიანი არის არსება, რომელიც სულისა1 და ხორცისგან შედგება, ამიტომ ორივეს წესიერად შენახვა მართებს და რადგან ორივედან მომდინარეობს ცდუნება, მაშინ სხეულის სისუფთავე საცთურთა დაბრკოლებად იქცევა, ყოველივე მავნებლისგან და უკეთურ საქმეთაგან დაიცავს მათ. ღმერთისადმი სულის სისუფთავე კი სრულ სრულყოფილ რწმენას ინარჩუნებს – არც არაფერს მატებს და არც არაფერს აკლებს მას, რადგან სხეულის წაბილწვა და დაბინძურება კეთილმსახურებას აზიანებს და სამწუხარო არის, მანკიერი და იმსხვრევა; თუ სირცუე სულში ღრმად აღწევს, კეთილმსახურება ვერ იქნება სრულყოფილი. კეთილმსახურება თავის სილამაზესა და ზომას ინარჩუნებს, როდესაც მუდამ ჭეშმარიტება სულშია, სხეულში კი სისუფთავე. რა სარგებელია, თუ სიტყვებით იცი ჭეშმარიტება, სხეულს კი წაბილწავ და ბოროტ საქმეებს იქმ? ან რა სარგებელს მოიტანს სხეულის სისუფთავე სულში ჭეშმარიტების გარეშე? რადგან მათ2 ერთად უხარიათ და ერთიანდებიან და ერთად იბრძვიან, რომ ადამიანი ღვთის წინაშე წარადგინონ. ამიტომ ამბობს სული წმიდა დავითის მიერ: “ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა” (ფსალ. 1, 1), ანუ ეს არის ზრახვა ხალხთა, რომელთაც ღმერთი არ უწყიან, რადგან უკეთურნი არიან, რომლებიც სრულიად არ სცემენ თაყვანს მარადიულ ღმერთს. ამიტომ სიტყვა3 ეუბნება მოსეს: „მე ვარ მყოფი“ (გამ. 3, 14), შესაბამისად, რომელნიც მარადიულ ღმერთს4 არ სცემენ თაყვანს, უკეთურნი არიან. „და გზასა ცოდვილთასა არა დადგა“ (ფსალ. 1, 1), და ცოდვილნი არიან ისინი, რომელნიც უწყიან ღვთის შესახებ და არ იცავენ მის მცნებებს, ამგვარად, ზიზღით უგულებელმყოფელნი არიან. „და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა“ (ფსალ. 1, 2), ხოლო უსჯულონი5 კი ისინი არიან, რომელნიც არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ბილწავენ ბოროტმავნებელი და მრუდი მოძღვრებით. რადგან საყდარი კათედრის6 მნიშვნელობას ატარებს, ამიტომ ასეთნი არიან ყველა უცხო რწმენისანი – იკავებენ ვერაგთა კათედრას და განხრწნიან მათ, ვინც მათი მოძღვრების შხამს მიიღებს.
3. შესაბამისად, ამგვარი რამ რომ არ გადავიტანოთ, ვალდებულნი ვართ უცვლელად შევინარჩუნოთ სარწმუნოების წესი და ღვთის მცნებები შევასრულოთ, გვწამდეს და გვეშინოდეს მისი, რადგან ის უფალია და გვიყვარდეს ის, რადგან ის არის მამა. ამიტომ, საქმე რწმენიდან წარმოიშვება, რადგან „თუ არ გწამთ“, ამბობს ესაია, “და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ” (ეს. 7, 9); რწმენას კი ჭეშმარიტება გვგვრის, რადგან რწმენა ჭეშმარიტად მყოფს7 ეფუძნება, რომ მყოფის გვწამდეს ისე, როგორც ის არის და შესაბამისად, რომ ვიწამებთ მყოფს, როგორც ის მარად არის, მტკიცე დარწმუნება გვქონდეს მასში. ამგვარად, რადგან რწმენა არის ჩვენი ცხონების მტკიცე მცველი, მასზე ბევრი უნდა ვიზრუნოთ და ღირსეულად გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რომ მყოფის ჭეშმარიტი გაგება გაგვაჩნდეს. მაშასადამე, რწმენა ჩვენში აღნიშნულის მიზეზად იქცევა როგორც უხუცესებმა8, მოციქულთა მოწაფეებმა, გვიანდერძეს. უპირველეს ყოვლისა ის (რწმენა) გვმოძღვრავს, რომ ნათლობას ცოდვათა მიტევებისთვის ვიღებთ სახელითა მამა ღმერთისათა და იესო ქრისტესითა, ღვთის ძისა განკაცებულისა, მომკვდარისა და აღმდგარისა და ღვთის წმიდა სულისათა. ხოლო ეს ნათლობა მარადიული ცხოვრების ბეჭედია და ღმერთში აღორძინებაა, რომ ჩვენ არა მოკვდავი ადამიანების შვილები ვიყოთ, არამედ უსასრულო და დაუსრულებელი ღმრთისა, რომ მარადიული და უცვალებელი ღმერთს შეუერთდეს, რომელიც თითოეული ქმნილების თავზეა9 და ყოველივე მორჩილებდა მას და ყველა მას დამორჩილებული მისთვის გახდეს, რომ ღმერთი არა სხვისაზე, არამედ თავისაზე10 მეუფებდეს და უფალი იყოს, რადგან ყოველივე არსებული ღვთისაა. ამისათვის ყოვლისმპყრობელია ღმერთი და ყველაფერი ღმერთისგან არის.
4. რამეთუ, გვმართებს, რომ ჩვენ, რაიმე დიდი მიზეზით წარმოქმნილებს, არსებობის საწყისი გვქონდეს, ხოლო ღმერთი ყოველივეს დასაწყისია, რადგან ის არ წარმოქმნილა რაიმესგან, არამედ მისგან წარმოიქმნა ყოველივე. და, უპირველეს ყოვლისა, ამის გამო გვმართებს და ღირს არს ვაღიარებდეთ, რომ ღმერთი ერთია, მამაა, რომელმაც ყოველივე შექმნა და წარმოქმნა, არარსებული არსებობაში შემოიყვანა და წვდება რა ყველაფერს, თავად მიუწვდომელია. ამ ყოველივეში11 კი ჩვენი სამყაროა, სამყაროში კი ადამიანი, შესაბამისად ეს სამყაროც ღმერთის შექმნილია.
5. მაშასადამე, წარმოგვიდგება ასე: ერთი ღმერთი, მამა, წარმოუქმნელი, უხილავი, ყოველივეს შემოქმედი, რომლის თავზეც არ არის სხვა ღმერთი და რომლის შემდეგაც არ არის სხვა ღმერთი და რადგან ღმერთი გონიერი არს და ამიტომ სიტყვით შექმნა წარმოქმნილი. და ღვთის სულმა, შედეგად, სულით შეამკო ყოველივე, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: „ უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით – მთელი მისი საკრებულო“ (ფსალ. 32, 6). შედეგად, რამდენადაც სიტყვა ამტკიცებს, ხოლო ზუსტადაც რომ სხეული ქმნის და ქმნილებისკენ მიილტვის ამაღლებით, სული კი აწესრიგებს და ძალთა გარჩევას წარმოქმნის, მაშინ, ჭეშმარიტად და სამართლიანად სიტყვას ძე ეწოდა, სულს კი ღვთის სიბრძნე. მაშასადამე, პავლეც, მისი მოციქული, კარგად ამბობს: „ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული“ (ეფეს. 4, 6). რამეთუ, ყველას თავზე მამა არს, ყველასთან კი სიტყვა, რადგან მის მიერ წარმოიშვა ყოველივე მამისაგან, ყველა ჩვენგანში კი სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“ (გალ. 4, 6) და ადამიანი ღმერთის მსგავსებამდე მიჰყავს. მაშასადამე, სული გვიჩვენებს სიტყვას და ამიტომ წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველები ძე ღვთისას, მაგრამ სიტყვა სულს სახებას აძლევს და ამიტომ ის წინასწარმეტყველთა შთამაგონებელია და ადამიანი მამასთან მიჰყავს.
6. და ეს არის ჩვენი რწმენის წესის მოძღვრება, ნაგებობის ფუნდამენტი და სვლის სიმტკიცე: ღმერთი, მამა, წარმოუქმნელი, მიუწვდომელი, უხილავი, ერთი ღმერთი – ყოველივეს შემოქმედი, – ეს ჩვენი რწმენის უპირველესი თავია. მეორე თავი ღვთის სიტყვაა, ღვთის ძე, ქრისტე იესო, უფალი ჩვენი, რომელიც წინასწარმეტყველებს ეცხადებოდა მათი წინასწარმეტყველების სახის შესაბამისად და მამის განსაზღვრებას მიყვებოდა; რომლის მიერ შეიქმნა ყოველივე და რომელიც ჟამთა აღსასრულს, ყოველივე სრულყოფილებამდე რომ მიეყვანა და გაეერთიანებინა, განკაცდა კაცთა შორის, შეიქნა ხილული და შეხებადი, რომ გაენადგურებინა სიკვდილი და ეჩვენებინა სიცოცხლე და წარმოექმნა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა. და მესამე თავი – სული წმიდა, რომლის მიერაც წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ და მამებმა ღვთაებრივი ისწავლეს, რომლითაც მართლები სიმართლის გზებზე ხელმძღვანელობდნენ და რომელიც ჟამთა აღსასრული მოახლოებისას ახალი სახით გარდამოვიდა კაცობრიობაზე და მთელს წუთისოფლეში ღვთის ხალხს განაახლებდა.
7. და ამიტომ ჩვენი აღორძინების ნათლობა ხსენებული სამი თავის მიერ მიედინება, – მამა ღმერთი, აღორძინებაში, თავისი ძის მიერ სული წმიდით მადლს გვანიჭებს. რამეთუ სული წმიდის დამტევნელნი სიტყვასთან, ანუ ძესთან, არიან მოყვანილნი, ძე კი მათ მამას წარუდგენს, მამა კი მათ უხრწნელების მოხვეჭას ანიჭებს. შესაბამისად, სულის გარეშე ვერ ვიხილავთ ძეს ღვთისას, ძის გარეშე კი ვერავინ მიეახლება მამას, რამეთუ მამის შეცნობა – ძეა, ღვთის ძის შეცნობა კი სული წმიდის მიერ არის, სულს კი მამის ნებით ძე ანიჭებს მათ, თავისი მსახურების შესაბამისად, ვისთვისაც და როგორც ისურვებს მამა.
8. მამა კი სულისგან უზენაესად, ყოვლისმპყრობელად და მხედრობების უფლად იწოდება, რომ ჩვენ შევიცნოთ ღმერთი, რომ ის არის მთელი სამყაროს შემოქმედი, ცისა და დედამიწის, ანგელოზებისა და ადამიანების შემოქმედი და ყოველთა უფალი, რომლისგანაც ყოველი წარმოიშვა და რომლითაც ყოველი იკვებება – მოწყალე, სახიერი და ძლიერი, კეთილი, მართალი, ღმერთი ყოველთა – იუდეველთა და წარმართთა და მორწმუნეთა, მაგრამ მორწმუნეთა მამის მსგავსად, რადგან ჟამთა აღსასრულს ძეობის აღთქმა გახსნა12. იუდეველთა (ღმერთი) კი, როგორც უფალი და რჯულმდებელი, რადგან ჟამთა შუახანს კაცობრიობამ დაივიწყა და დაუფარავად აღუდგა და განუდგა ღმერთს, (რომელმაც) მსახურებაში მოიყვანა ის რჯულის მიერ, რათა ესწავლათ, რომ უფლის სახით შემქმნელი და შემოქმედი ჰყავთ, რომელიც სიცოცხლის სუნთქვას იძლევა და დღე და ღამე მას უნდა სცენ თაყვანი. ხოლო წარმართთა (ღმერთია), როგორც დამფუძნებელი და შემოქმედი და ყოვლისმპყრობელი, მაგრამ ამავე დროს ყველასათვის არის როგორც მკვებავი და მარჩენალი, მეფე და მსაჯული, რამეთუ ვერავინ დაიმალება და ვერ გაექცევა მის სამსჯავროს – ვერც იუდეველი, ვერც წარმართი და ვერც მორწმუნე, რომელმაც შესცოდა და ვერც ანგელოზი. ხოლო ვინც ახლა არ არის მისი სახიერებით დარწმუნებული, სამსჯავროზე გაიგებენ მის ძალას, ნეტარი მოციქულის თანახმად, რომელიც ამბობს: „და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ? შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას“ (რომ. 2, 4-6). ეს არის ის, რომელსაც რჯულში აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი და იაკობის ღმერთი ეწოდა – ცოცხალთა ღმერთი და მიუხედავად ამისა მისი – ღმერთის – სიდიადე და სიმაღლე გამოუთქმელია.
9. მაგრამ სამყარო შვიდი ზეცით არის გარშემორტყმული13, რომლებშიც ძალნი და ანგელოზები და მთავარანგელოზები ცხოვრობენ და ყოვლისმპყრობელსა და ყოველივეს შემოქმედ ღმერთისადმი თაყვანისცემის მსახურებას აღასრულებენ არა როგორც (აღნიშნულის) საჭიროების მქონეს, არამედ რომ თავად არ იყვნენ ამაოდ და უნაყოფოდ და უმადლოდ. და ამიტომ სული წმიდა მრავალგვარია მოქმედებით და ესაია წინასწარმეტყველის მიერ განგების შვიდი სახით აღიწერება, (რომლებმაც) ღვთის ძეზე, ანუ სიტყვაზე დაივანეს მისი ადამიანად მოსვლისას, რამეთუ, ამბობს, „დაივანებს“ მასზე „სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა14 და ღმრთისმსახურებისა, სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი“ (ესაია. 11, 2-3). შესაბამისად, ზემოდან პირველი ზეცა, რომელიც სხვებს იტევს სიბრძნის (ზეცაა), და მეორე, მისი მსგავსი – გულისხმის-ყოფის (ზეცაა), და მესამე კი – განზრახვისა, და მეოთხე, გამოითვლება ზემოდან, – ძლიერებისა, და მეხუთე – მეცნიერებისა, და მეექვსე – ღმრთისმსახურებისა, და მეშვიდე კი, ჩვენი აზრით – (ზეცის) მყარია, სულის15, ზეცის განმანათლებლის, შიშით აღსავსე. რამეთუ (ეს) იდეა მოსემ შვიდტოტიანი შანდალის სახედ გამოიყენა, რომელიც უშრეტად ანათებს საწმიდარში, რადგან (ამგვარი) ღმრთისმსახურების სახე (მან) ზეციდან მიიღო, ამასთან, სიტყვა16 უებნება მას: „იხილე, ჰქმნე წესისაებრ ჩუენებულისა შენდა მთასა ზედა“ (გამ. 25, 40).
10. მაშასადამე, ეს ღმერთი თავისი სიტყვით იდიდება, რომელიც არის მისი მარადიული ძე; და სული წმიდაში, რომელიც არის ყოველთა მამის სიბრძნე; ხოლო ძალა მათი – სიტყვისა და სიბრძნისა, რომელთაც ქერუბიმები და სერაფიმები ეწოდებათ, დაუღალავად ღმერთს ხოტბას ასხავენ ღაღადით და ყოველი შემადგენლობა (კავშირი)17, რომელიც არის ზეცაში, დიდებას აღავლენს ღმერთს, ყოველთა მამისადმი. მან მთელი სამყარო სიტყვით გამოსახა, ამ სამყაროში კი ანგელოზებიც არიან, და მთელ ამ სამყაროს კანონები დაუწესა, რომ ყოველი (არსება) თავისაში მკვიდრობდეს და ღვთის განჩინებით არ გადადიოდეს ზღვარს, რომ მისთვის დაწესებულ ყოველ საქმეს აღასრულებდეს.
1 ტექსტში წერია յանձնէ, ანუ անձն [andzn] – ტერმინი, რომელიც სომეხი მთარგმნელებისთვის შუა საუკუნეებში იპოსტასს აღნიშნავდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მთარგმნელი ფიქრობს,რომ ამ შემთხვევაში სული იგულისხმება.
2 ანუ, სული და სხეული.
3 ტექსტში წერია բանն [bann], ანუ ღვთის იპოსტასური სიტყვა, ღვთის ძე. წმ. ირინეოსის აზრით, ქორების მთაზე ღვთიური გამოცხადებისას მოსეს ღვთის ძე ესაუბრებოდა, სიტყვა-ღმერთი. წმინდა მამის ეს აზრი კარგად ჩანს მის დიდ ანტიგნოსტიკურ ნაშრომში „ერესების წინააღმდეგ“, სადაც (წიგნი IV, თავი 10, 1) მას ძველ აღთქმაში ღვთის სიტყვის მართლებისადმი გამოცხადების მაგალითები მთელი რიგი მოჰყავს და კერძოდ, ქორების მთაზე მოსესთვის სიტყვის გამოცხადებას ახსენებს (შეად. იოანე. 5, 39-40; 45-46).
4 წმ. ირინეოსი გულისხმობს, რომ უკეთურები იმიტომაც არიან ასეთნი, რომ მარადიულ, ცოცხალ ღმერთს არ სცემენ თაყვანს.
5 ტექსტში წერია ժանտք [zhantk’], რაც ვერაგებს, ბოროტებს და სხვ. ნიშნავს.
6 კათედრა საეკლესიო მნიშვნელობით, ანუ საეკლესიო მოძღვრობის კათედრა, რადგან ტექსტში წერია ტერმინი վարդապետարան [vardapetaran].
7 ჭეშმარიტად მყოფში აქ ცხოველი ღმერთი მოიაზრება. მთარგმნელი, მოცემულ შემთხვევაში, Է ასოს იყენებს, რაც სომხურ ენაში ღმერთის აღმნიშვნელია; ასო, ასევე, ნიშნავს: არსებას, არსებობას ან იმას, რაც თავისთავად არსებობს და ა. შ. აღსანიშნავია, რომ “ჭეშმარიტად მყოფის” ცნება (τὸ ὄντως ὄν) ფილოსოფიურია. ამ მცნებას ფილონ ალექსანდრიელი განმარტავდა, რომელიც ღმერთს მყოფს – ὁ ὤν – უწოდებდა. ეს მისთვის ფილოსოფიური ეპითეტის – τὸ ὄν (მყოფი/არსებული) ან τὸ ὄντως ὄν (ნამდვილად და ჭეშმარიტად არსებული) ტოლფასი იყო. ფილონი აქ სინაის გამოცხადებისა (გამოსვლა 3, 14) და “ჭეშმარიტად მყოფის” ფილოსოფიური ჭვრეტის თანხვედრას ხედავს (Philo. De mut. Nom. 11-12; De Abrah. 121). ეს ხედვა კი პარმენიდედან მოდის, რომელიც შემდგომში პლატონმა და არისტოტელმა შეითვისეს (Слинин Я. А. Мудрость Парменида. Альманах молодых философов. Вып. 2. СПб.: Санкт-Петербургское философское общество, 2003. С.41-47).
8 უხუცესები, პრესვიტერების გაგებით, ბერძნ. πρεσβύτερος-დან – პრესვიტერი, უხუცესი.
9 აქ წმ. ირინეოსი ღვთის აბსოლუტურ მეუფებას გამოხატავს, რომელიც მარადიულობაზეც ვრცელდება, რაც მოცემული თავის მეორე ნაწილის მთელი კონტექსტიდან კარგად ჩანს. ამავე გაგებით გადმოსცემს ის ღვთის ძეობის აზრს, რომელსაც ჩვენ ნათლობის მიერ ვიღებთ და შედეგად, მარადიულ ცხოვრებაში შევდივართ და ამ მარადისობაში ღმერთს ვუერთდებით: „ნათლობა მარადიული ცხოვრების ბეჭედია და ღმერთში აღორძინებაა“ (შეად. 1 კორ. 15, 28)
10 აქ, წმ. ირინეოსი (ისევე, როგორც მოცემული ნაწარმოების რამოდენიმე სხვა ადგილას) გნოსტიკოსების წინააღმდეგ პოლემიკაში, რომლებიც ძველი აღთქმის ღმერთს და ახალი აღთქმის ღმერთს არაიდენტურად მიიჩნევდნენ, აჩვენებს, რომ ღვთის განკაცებული სიტყვა ადამიანების სამყაროშო არა როგორც რაიმე უცხო სამკვიდრებელში მოვიდა, არამედ როგორც თავის სამკვიდრებელში და ცხონება მოგვანიჭა, როგორც ჩვენმა მხსნელმა. აღნიშნულ აზრს წმ. ირინეოსი პირდაპირ გამოთქვამს ნაშრომში „ერესების წინააღმდეგ“ (წიგნი V, თავი 2, 1).
11 ანუ, წარმოქმნილში.
12 იგულისხმება ახალი აღთქმა
13 შვიდი ზეცის შესახებ სწავლება ძველი იუდაური გადმოცემიდან მოდის, რომელსაც ჩვ. წ. აღ.-ის III საუკუნეში გადმოგვცემს და ჩაიწერს იუდეველი რაბინი შიმონ ბენ ლაქიში (რეშ ლაქიში). თალმუდში (განაყოფი მოედ, ტრაქტატი ჰაგიგა, 12ბ) რაბინი აღნიშნულ შვიდ ზეცას ჩამოთვლის: ბილონი, რაკია, შხაკიმი, ზებული, მაონი, მახონი, არაბოთი. ცნობილია, რომ გნოსტიციზმი სინკრეტიკული რელიგია იყო და იუდეური გადმოცემის ზოგიერთ ასპექტსაც შეიცავდა, რომლებიც, მაგალითად, ვალენტინელი-გნოსტიკოსების სწავლებაში შევიდა, თუმცა სახეშეცვლილი; შვიდ ზეცაზე წერს წმ. ირინეოსი (ადრეული ეკლესიის სხვა ავტორების მსგავსად) თავის ნაშრომში „ერესების წინააღმდეგ“ (წიგნი. I, თ. 5, 2). წმინდა მამა წერს ვალენტინელი გნოსტიკოსების შვიდ ზეცაზე, რომ ისინი „იმავე შვიდ ზეცაზე ამბობენ, რომ ისინი გონიერნი არიან და მათ ანგელოზებად მიიჩნევენ“, თუმცა თვითონ წმ. ირინეოსი ხსენებულ ნაწარმოებში შვიდი ზეცის შესახებ თავის სწავლებას არ გადმოგვცემს. ჩვენს ნაწარმოებში კი („სამოციქულო ქადაგების გაცხადება“, თ. 9) წმ. ირინეოსი შვიდი ზეცის შესახებ სწავლებას გადმოსცემს ქრისტიანული გააზრებით (შვიდი ზეცის თაობაზე, ასევე, იხილეთ კლიმენტი ალექსანდრიელის „სტრომატები“,IV, 25, 159 ან V, 14, 106). საინტერესოა, რომ კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში (12, 2) პავლე მოციქული ახსენებს ზეცაში აღსვლას „მესამე ცამდე“ და ამ მხრივ, „ენოქის მეორე წიგნის“ (თ. 1-38) (ძველი იუდეური აპოკრიფის) თანახმად, სამოთხე, რომელშიც სიცოცხლის ხე იზრდება (შეად. გამოცხადება. 22, 2), ზუსტად, მესამე ზეცაზეა. ცნობილია, რომ მოციქულები თავისუფლად სარგებლობდნენ იუდეური გადმოცემით და ზოგიერთი აპოკრიფით (თუ ისინი ძველი აღთქმისეული იუდეური გადმოცემის ჭეშმარიტებას შეესაბამებოდნენ), მაგალითად, იგივე პავლე მოციქული (1 კორ. 10, 4) სულიერ კლდეზე (ან ქვაზე) საუბრობს, რომელიც უდაბნოში ებრაელებს მიყვებოდა და წყალს აძლევდა: „ სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ“, რაზეც პირდაპირ არის საუბარი თალმუდის ტრაქტატ თაანიტში, 9ა; ასევე, მოციქული იუდა, თავის ეპისტოლეში (იუდ. 1, 14–15), იუდეური აპოკრიფით („ენოქის პირველი წიგნი“, 1, 9) სარგებლობს და პირდაპირ ახსენებს ენოქის წინასწარმეტყველებას. სპეციალისტები ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა შვიდი ზეცის შესახებ სწავლება პავლე მოციქულის მიერ „მესამე ცის“ (და საერთოდ, სამი ზეცის შესახებ) გააზრებას. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად: წმ. ირინეოსის (და ამ პერიოდის ავტორების) შემდეგ შვიდი ზეცის შესახებ სწავლებამ ადრეული ეკლესიის პატრისტიკულ აზროვნებაში გაგრძელება ვერ ჰპოვა. ეს სავსებით გასაგებია, რადგან წმ. ირინეოსისთვის აუცილებელი იყო ამ სწავლების გნოსტიკოსებისგან წართმევა და მისი სწორი მიმართულებით წარმართვა, რაც გააკეთა კიდეც. სავარაუდოდ, წმ. ირინეოსის ამ აპოლოგეტიკურ ილეთს წარმატება მოყვა და ამიტომაც არ ვხვდებით შემდგმოში ამ სწავლების ძლიერ განვითარებას.
14 წმ. ირინეოსის სომხურ ტექსტში ესაია წინასწარმეტყველის ხსენებულ ამონარიდში „სულმან მეცნიერებისა“ – հոգի գիտութեան [hogi gitut’ean], როგორც ეს არის წერილის კანონიკურ ვარიანტში, – არ მოიპოვება, მაგრამ შემდეგ, მოცემული (მე-9) თავის ტექსტში, წმ. ირინეოსი მეცნიერების სულზე საუბრობს (მეხუთე ზეცა). ესაია წინასწარმეტყველის „მეცნიერების სულის“ ხსენებული ამონარიდის სომხურ ტექსტში გამოტოვება, სავარაუდოდ, ან გადამწერის უყურადღებობაა, ანდა არსებობს ალბათობა, რომ წმ. ირინეოსი წმინდა წერილს მეხსიერებით ციტირებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
15 ე. ი. სული წმიდის
16 ტექსტში წერია Բանն նմա ասէ [Bann nma ase], სადაც პირდაპირ გაიგება იპოსტასური ღვთის სიტყვა, ძე ღვთისა. როგორც ვამბობდით, წმ. ირინეოსი მართლებისადმი ღვთის ყველა ძველ აღთქმისეულ გამოცხადებას ღვთის სიტყვის პირთან აკავშირებს.
17 იგულისხმება ანგელოზთა სახეები ან ანგელოზთა კავშირი.









