ავტორი: გიორგი მაჩაბელი
წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის ბატონი გიორგი მაჩაბლის სტატიას, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი საიტისთვის დაწერა, რისთვისაც მთელი ცენტრის სახელით მადლობას ვუხდით მას.
ეწინააღმდეგება თუ არა ბუნებისმეტყველება ღვთისმეტყველებას?
“ღმერთის ქმნილების შემეცნებით შემქმნელის დიდებას ემსახურები” რენე დეკარტი.
მიმაჩნია, რომ ფიზიკის ყველაზე დახვეწილი იდეების სათავეს ღრმა რელიგიური გრძნობები წარმოადგენს და, რომ ამ გრძნობების გარეშე ეს იდეები ვერ იქნებოდა ნაყოფიერი” ალბერტ აინშტაინი.
ბატონმა ზაზა ოსმანოვმა შემომთავაზა დამეწერა ჩემი მოსაზრება სათაურში გამოტანილ შეკითხვაზე. ამაზე შეიძლება სულ მოკლედ გავცეთ პასუხი – არა.
ქვემოთ მოვიტან მაგალითებს, რომლიდანაც ჩანს, რომ მეცნიერება რელიგიური აზროვნების წიაღშია შექმნილი და მისი მთავარი საზრუნავი ღმერთზე ფიქრი იყო.
რელიგია ეთიკურ, ესთეთიკურ და სხვა დანარჩენ უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან ერთად არკვევდა საკითხებს კაცობრიობის წარმოშობის, მისი გარემოსა და სამყაროს შესახებ. ეს უკანასკნელი სწორედ ასტრონომიისა და ფიზიკის კვლევის საგანს წარმოადგენს. ძირითადი განსხვავება კვლევის მეთოდებშია. მეცნიერება კვლევისთვის იყენებს დაკვირვებებს, ექსპერიმენტს და მათემატიკას. მათემატიკა იძლევა რეფლექსიის საშუალებას. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დოიჩი თვლის, რომ გალილეო გალილეის კამათი ინკვიზიციასთან ძირითადად ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ეხებოდა და არა პლანეტების მოძრაობის გეოცენტრული და ჰელიოცენტრული სისტემების შედარებას.
გალილეის მიაჩნდა, რომ სამყაროს ღვთაებრივი წიგნი მათემატიკური სიმბოლოებითაა დაწერილი. ადამიანს კი შეუძლია მათემატიკური შედეგი შეამოწმოს მრავალჯერადი ცდით, რაც რეალობის განჭვრეტის შესაძლებლობასა ჰქმნის.
ინკვიზიციის არგუმენტებიც მეტად ლოგიკურად გვეჩვენება დღეს. ინკვიზიტორებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის აზროვნება შეზღუდულია,- არსებობს ზღვარი რომლის მიღმაც ადამიანის ტვინი უძლურია. ამას ფილოსოფიაში სოლიფსიზმს უწოდებენ. სოლიფსიზმი ავლებს ზღვარს აზროვნებასა და რეალობას შორის.
ინკვიზიცია თვლიდა, რომ დედამიწის მოძრაობის შემეცნება ადამიანის აზროვნების შესაძლებლობის მიღმაა. და ამიტომ უნდა ვენდოთ უდიდეს მოაზროვნეს არისტოტელეს. უნდა ითქვას, რომ კეპლერის მასწავლებელი, თანამედროვე ასტრონომიის ფუძემდებელი ტიხო ბრაგეც გეოცენტრული სისტემის მომხრე იყო. მას მზისა და პლანეტების მოძრაობის მეტად დახვეწილი სისტემა ჰქონდა წარმოდგენილი. მისი სისტემა საკმაო სიზუსტითაა სამართლიანი დედამიწის ათვლის სისტემაში. თანამედროვე ადამიანისათვის კამათი გეო და ჰელიოცენტრული სისტემების შესახებ, რომელმაც უდიდესი კვალი დაამჩნია კაცობრიობის აზროვნებას, დადის იმაზე თუ რომელი ათვლის სისტემაში უნდა აღიწეროს პლანეტების მოძრაობა.
კამათის არსი სამყაროს მოწყობას და ამ სამყაროში ადამიანის ადგილს ეხებოდა. ამას, ჩემი აზრით რელიგიასთან კავშირი არა აქვს. ინკვიზიტორებიც მეცნიერები იყვნენ, მათ რიცხვში საკმაოდ წარმატებულებიც. პრობლემა ინკვიზიციის უსზღვრო ძალაუფლებაში იყო. ამას კი პოლიტიკა ჰქვია და არა რელიგია.
სოლიფსიზმს ყავს თანამედროვე მიმდევრები – კრეაციონისტები.
კრეაციონისტებს მიაჩნიათ, რომ დედამიწა შეიქმნა ექვსი ათასი წლის უკან, როგორც ეს ბიბლიიდან გამომდინარეობს (იმ დაშვებით, რომ ბიბლიაში ნახსენები წელი იგივე ხანგრძლივობისაა, რაც ჩვენი წელი). მათი აზრით უფრო ადრინდელი პერიოდი ლოგიკურად დაუსაბუთებულია. ამრიგად, კრეაციონისტები დროით ზღვარს ავლებენ რეალობასა და აზროვნებას შორის.
მსგავს იდეებსა ვხვდებით ფსიქოლოგიაში. კერძოდ, ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულება ბიჰევიორიზმი გვასწავლის: ადამიანის ყოფაქცევის ახსნა მისი შინაგანი ფსიქიური პროცესებით შეუძლებელია, საჭიროა მხოლოდ გარე გამაღიზიანებლებზე ადამიანის რეაქციის შესწავლა. ბიჰევიორიზმის მიმდევრები ავლებენ ზღვარს შეგნებასა და რეალობას შორის.
სოლიფსიზმის წინამორბედი
ითვლება, რომ თანმედროვე აზროვნების წინამორბედი პითაგორა ცხოვრობდა მეექვსე საუკუნეში ქრისტეს შობამდე. მას მიაჩნდა, რომ ნებისმირი საგნის არსი გამოიხატება რიცხვებით. ყველაფერი რაც ფასეულია – შერწყმულია უმაღლეს ღვთაებასთან. რეალური სამყარო კი – ილუზორულია, ყალბია ბნელით მოცული გარემოს მსგავსად. ჭეშმარიტება რეალობაში განიბნევა როგორც ღვთური სხივი წყვდიადსა და ბურუსში. ყველაფერი რაც ხდება აუცილებლად მეორდება. ამდენად, ახალი ამ ქვეყნად არაფერია. იგივე აზრსა ვხვდებით ბიბლიაში: “რაც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს”(ეკლ.3;15).
აბსტრაგირებული რიცხვი მუდმივია. ის არ იცვლება და ამიტომ მხოლოდ რიცხვების მაგიითაა შესაძლებელი მუდმივი ფასეულობების შემეცნება. პითაგორას თეორემის დანიშნულება რიცხვითი მაგიის შემეცნების ცდაა. ის ღვთიური ჰარმონიის ნათელ მაგალითს წარმადგენს.
პითაგორამ აზროვნებაში პირველმა შემოიტანა მათემატიკური ლოგიკის ელემენტები. სიმების ზომის მიხედვით პითაგორელების მიერაა შექმნილი სანოტო სისტემა, რომლითაც ადამიანთა მოდგმა დღემდე სარგებლობს. პითაგორელები გაერთიანებულნი იყვნენ კომუნაში, სადაც ყველაფერი საერთო იყო, მათ რიცხვში ფილოსოფიური იდეები. მსგსვს იდეებს ვხვდებით ქრისტიანობაშიც. კესარიელი ეპისკოპოსი წმინდა ბასილ დიდი ადამს ძვირფას ჭურჭელს ადარებს, რომელიც პირველი ცოდვის გამო დაიმსხვრა. ეს ნამსხვრევები ჩვენ,- ადამიანები ვართ. მისი ძმა წმინდა გრიგოლ ნოსელი აგრძელებს ამ აზრს: ქრისტეს (მეორე ადამის) მოსვლამ საშულება მოგვცა კვლავ გავერთიანდეთ (ის აღწერს იმ ნეტარ მდგომარეობას როდესაც ამ გაერთიანების შედეგად ადამიანთა მოდგმის გულებში დაისადგურებს მშვიდობა და ყოფაში კი წესრიგი). ბასილ დიდის მიერ ჩამოყალიბებული მონასტრები სწორედ ასეთი საზოგადოების მოდელი უნდა ყოფილიყო.
პითაგორელებს მიაჩნდათ, რომ სული უხრწნადია. ერთი არსების სიკვდილის შემდეგ სული გადადის სხვა არსებაში. ამ თვალსაზრისით ყველა ცოცხალი არსება ენათესავება ერთმანეთს. ცოცხალი არსების გარსიდან სულის დახსნის ერთადერთ გზად მათ ჭეშმარიტების – მათემატიკური ჰარმონიის, დადგენა მიაჩნდათ.
მეჩვიდმეტე – მეთვრამეტე საუკუნეების მოაზროვნეთა კამათის მთავარი თემა ღმერთის, როგორც შემოქმედის არსს შეეხებოდა. მათ რიცხვში იყვნენ კარტეზიანელები (დეკარტის მიმდევრები. კარტეზიუსი დეკარტის სახელის ლათინური ფორმაა), ჰენრი მორი, ეპისკოპოსი ჯორჯ ბერკლი, ნიუტონი, ლაიბნიცი და მრავალი სხვა.
რენე დეკარტი
დეკარტამდე ითვლებოდა, რომ ღმერთი არსებობს მის მიერვე შექნილ ყველა საგანში. დეკარტის ფილოსოფიაში კი ღმერთსა და სამყაროს შორის არ არის ანალოგია – ღმერთი ყოველთვის შემქმნელია. ერთადერთი რაც აკავშირებს ღმერთს სამყაროსთან ეს ჩვენი სულია – “წმინდა გონება”, რომელსაც შესწევს უნარი შეიცნოს უსასრულობის ანუ ღმერთის იდეა. ეს მისი აზრით სულის თანდაყოლილი თვისებაა, რომელსაც უსასრულო თავისუფლების ნება მიეცა. ამდენად, ღმერთი გვაძლევს ნიჭს გონებით შევიმეცნოთ ჭეშმარიტება.
დეკარტეს მიხედვით ქვეყანა მეტად სუბიექტურია, ჩვენ ხომ მას აღვიქვამთ მხოლოდ ჩვენი შეგრძნებების საშუალებით. ამიტომ ის განსხვავებული და ცვალებადია. ჭეშმარიტია მხოლოდ სივრცე (“განვრცობითობა”) და მოძრაობა. “სხეულთა ბუნება არ განისაზღვრება არც ფერით, არც სიმძიმით, არც სიმყარით, … , არამედ მხოლოდ განვრცობით”. დეკარტისათვის ნებისმიერი სხეული ესაა სუბსტანცია, რომელიც განვრცობილია სიგრძეში, სიგანესა და სიმაღლეში. ე. ი. მხოლოდ ისაა ჭეშმარიტი, რაც შეიძლება გაიზომოს. დეკარტის მსჯელობა ჩვენი შეგრძნებების არასრულფასოვნებაზე ძალიან წააგავს ჩინელი მოაზროვნის ლაო – ძის სენტენციებს, კერძოდ ასეთს: ლაო-ძის დაესიზმრა, რომ ის პეპელაა. გაიღვიძა და დაიწყო ფიქრი: ეს ლაო-ძის დაესიზმრა, რომ ის პეპელაა თუ ის პეპელაა, რომელსაც სძინავს და ესიზმრება, რომ ის ლაო-ძია.
დეკარტი ამტკიცებს, რომ ყველაფერში უნდა შეიტანო ეჭვი. უეჭველია მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვეჭვობთ ე.ი. ვაზროვნებთ. აზროვნება კი ისაა რაც გვაკავშირებს ღმერთთან და ამდენად ვარსებობთ -Cogito ergo sum! (მე ვაზროვნებ, ე.ი.ვარსებობ!)
დეკარტის აზრით სივრცე და მატერია ერთი და იგივეა; სივრცე უწყვეტი გარემოა. ის უარჰყოფს სიცარიელეს: მისი აზრით დემოკრიტე, ლუკრეციუსი და სხვა ატომისტები, ვინც სცნობს სიცარიელეს, შეცდომის მსხვერპლნი არიან.
ნიუტონის აბსოლუტურად ინერციული სისტემა
“ნატურალური ფილოსოფიის მატემატიკური პრინციპები”, ნიუტონმა წარუდგინა სამეფო საზოგადოებას 1785 წელს. ნიუტონი წერს: “ფილოსოფიური კვლევისას ჩვენ ვალდებულები ვართ გავემიჯნოთ ჩვენ გრძნობებს და განვიხილოთ საგნები მათგან დამოუკიდებლად, სენსორული საზომის გარეშე”. ასე, მაგალითად, “…დრო უნდა გამოვყოთ იმისგან, რაც წარმოადგენს მის გრძნობად საზომს… აბსოლუტური, ჭეშმარიტი და მათემატიკური დრო მიედინება თანაბრად, დამოუიდებლად ყოველივე გარეგანისაგან, საკუთარი თავიდან და თავისი ბუნებიდან გამომდინარე”.
(აშკარაა, რომ ნიუტონი იცნობდა წმინდა ავგუსტინეს “აღსარებას” და მის მსჯელობას დროის შესახებ).
ნიუტონის მიხედვით, იგივე ეხება სივრცესაც: “აბსოლუტური სივრცე დამოუკიდებელია ყოველი გარეგანისაგან, ყოველთვის ერთნაირი და მუდმივია”. აბსოლუტურის გარდა არსეობს ფარდობითი სივრცე. ის ცვალებადია. აქ საქმე გვაქვს ჩვენ შეგრძნებებთან და სივრცეს აღვიქვამთ ფარდობითად, სხვა სხეულებთან მიმართებაში. ამავე დროს მას შემოჰყავს განსაზღვრება: “აბსოლუტური მოძრაობა ესაა გადაადგილება ერთი აბსოლუტური ადგილიდან მეორე აბსოლუტურ ადგილზე”.
აქ ისმის ბუნებრივი კითხვა: რის მიმართ ხდება ნიუტონის მიერ აღწერილი აბსოლუტური გადაადგილება?
1689 ნიუტონმა აღწერა უმარტივესი ესპერიმენტი, რომელიც დღემდე გააფთრებულ კამათს იწვევს. წყლიანი ვედრო ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო . ცდიდან ჩანს, რომ პირველ ხანებში წყალი გაჩერებულია. ბრუნავს მარტო ვედრო. მაშინ წყლის ზედაპირი ბრტყელია. როცა კი წყალი აჰყვება ჭურჭლის ბრუნვას წყლის ზედაპირი მიიღებს ჩაზნექილ ფორმას. მუდმივი სიჩქარისას ჩვენ ვერ ვგრძნობთ მოძრაობას. სიჩქარის ცვლილებისას კი ვგრძნობთ ჩვენზე მოქმედ ძალას. ეს, ნიუტონის თანახმად, იმიტომ ხდება, რომ ჩვენ აჩქარებულად ვმოძრაობთ (ვბრუნავთ) აბსოლუტური სივრცის მიმართ: ”შედეგი, რომელიც განასხვავებს აბსოლუტურ და ფარდობით მოძრაობას, ესაა ძალა, რომელიც გადახრის სხეულებს მათი ბრუნვის ღერძის მიმართულებიდან”. ანალოგიების გარდა რას ეყრდნობა ცნებები აბსოლუტურის შესახებ? – მხოლოდ და მხოლოდ რწმენას.
დეკარტისგან განსხვავებით ნიუტონის აბსოლუტური სივრცე მატერიისგან განსხვავდება. ის ეთანხმება ჰენრი მორს, რომ სიცარიელე, რომელიც იქმნება მატერიებს შორის, შევსებულია სულით. ამავე დროს ამატებს, რომ ეს სული მატერიის მოძრაობაზე არ მოქმედებს. ამიტომაა, რომ კომეტები თავისუფლად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოძრაობენ. ამას ეხმაურება მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსის პოლ დირაკის იდეა, რომლის თანახმადაც ვაკუუმი ესაა ვირტუალური ნაწილაკების ოკეანე. ამ იდეას ექსპერიმენტული დასაბუთებაც გააჩნია.
ნიუტუნისეული სივრცის განმარტებას არ იზიარებდა ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ეპისკოპოსი ჯორჯ ბერკლი. მისთვის აბსოლუტური სივრცე რეალობაა. თუ მისი აღქმა შეგრძნებებით შეუძლებელია, მაშინ ის შეუცნობადი რეალობაა, რაც ბერკლის უაზრობად მიაჩნია.
მახის პრინციპი
მეცხრამეტე საუკუნის ავსტრიელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ერნსტ მახი ორი საუკუნის შემდეგ 1870 იან წლებში უბრუნდება ნიუტონის ვედროს მაგალითს: ნიუტონმა ვედრო დაატრიალა ჩვეულებრივ ყოფით პირობებში და ამიტომ მას ჰქონდა უამრავი ორიენტირი, რომლის მიმართაც ბრუნავდა ჭურჭელი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სრულ სიცარიეალეში, სადაც შორეული ვარსკვლავებიც კი არა გვაქვს, თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს ჭურჭელი. ჭურჭლის კედელზე მიბმულია მგრძნობიარე ხელსაწყო. ნიუტონის თანახმად ხელსწყომ უნდა იგრძნოს კედლის მიზიდვა. მახმა კი დაუშვა, რომ ამ დროს მიზიდვას არ უნდა ჰქონდეს ადგილი რადგანაც ამ პირობებში უძრაობას და ბრუნვას ვერ განასხვავებ ერთმანეთისგან. ამ იდეის განვითარების შედეგად მახი და მისი მიმდევრები მივიდნენ იმ დასკვნამე, რომ აჩქარებას ადგილი აქვს მხოლოდ კოსმოსში არსებული მატერიის საშუალო განაწილების მიმართ.
ამ იდეის შემოწმება უშუალოდ შეუძლებელია. მახის პრინციპი ეწინააღმეგება ნიუტონისეულ სივრცის განმარტებას და კვლავ უბრუნდება დეკარტისა და ლaიბნიცის იდეებს. თანამედროვე თვალსაზრისით მახის იდეები შეიძლება დავუკავშიროთ გრავიტაციას. ამით დაინტერესდა ალბერტ აინშტაინი. ამ დროს ის მუშაობდა ზოგადი ფარდობითობის თეორიაზე. თითქმის ათი წლის განმავლობაში ის ცდილობდა მახის პრინციპის ჩართვას თავის თეორიაში, მაგრამ ბოლოს უარი თქვა მასზე. აინშტაინის თანახმად სივრცისა და დროის განხილვას უერთმანეთოდ არა აქვს აზრი. დროცა და სივრცეც ცალ-ცალკე ფარდობითია, მაგრამ გაერთიანებული დრო-სივრცე აბსოლუტურია. ეს კი ნიშნავს, რომ დრო-სივრცის მიმართ გვაქვს ინვარიანტული სიდიდეები, რომლებიც ათვლის სისტემის არჩევაზე არ არიან დამოკიდებულები.
შეიძლება ითქვას, რომ ნიუტონის ვედროს მაგალითში დევს ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის მთავარი იდეა, – ექვივალენტობის პრინციპი, რომლის დედაზრი ისაა, რომ გრავიტაცია გამოწვეულია აჩქარებით.
ნიუტონისა და ლაიბნიცის კამათი
1715 წელს გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცმა მისწერა წერილი ინგლისის მეფის გეორგ I- ის დას, უელსის პრინცესა ვილჰელმინა კაროლინა ბრანდერბურგ- ასპახელს. ლაიბნიცი წერს, რომ მატერიალიზმმა და უღმერთობამ წალეკა ინგლისი იმდენად, რომ სერ ისააკ ნიუტონი და მისი მიმდევრები ღვთის სიბრძნისა და ყოვლისშემძლეობის შესახებ ავრცელებენ მეტად უღირს და მდაბიურ მოსაზრებებს: “სერ ისააკ ნიუტონი ამბობს, რომ სივრცე ორგანოა რომელსაც იყენებს ღმერთი საგნების აღსაქმელად და რაკი ღმერთს სჭირდება რაღაც ორგანო ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელად არსებობს და არ არის მის მიერ შექმნილი. აგრეთვე სერ ისააკ ნიუტონს და მის მიმდევრებს მეტად უცნაური შეხედულებები აქვთ ღვთის შემოქმედებაზე. მათი აზრით ყოვლისშემძლე ღმერთი ვალდებულია დრო და დრო დაქოქოს თავისი საათი: წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მოძრაობა გაჩერდება. თითქოს მუდმივი მოძრაობის შექმნისთვის მას არ ყოფნის წინადახედულება. ის, თავისი ღვთიური ჩარევის მეშვეობით ვალდებულია მესაათესავით გაწმინდოს და შეაკეთოს თავისი ქმნილება… ჩემი აზრით კი ძალაცა და ენეგიაც მუდმივად რჩებიან სამყაროში და გადადიან მატერიის ერთი ნაწილიდან მეორეში ბუნების კანონებისა და წინასწარ განსაზღვრული შესანიშნავი წესრიგის თანახმად”.
ამის შემდეგ დაიწყო მიმოწერა. ორივე მხრიდან დაიწერა ხუთ – ხუთი წერილი. ამ ორი ბუმბერაზი მოაზროვნის კამათმა საფუძველი ჩაუყარა ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორიცაა იმპულსი, კინეტიკური ენერგია… და მისი შენახვის კანონი. კამათი შეწყდა ლაიბნიცის სიკვდილის გამო.
ნიუტონსა და ლაიბნიცს ამ წერილამდე ჰქონდათ დავა “ფლუქციების” (დიფერენციალური აღრიცხვის) ავტორობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნიუტონს განსაკუთრებით მისეული ღვთისმეტყველური იდეების კრიტიკა აღიზიანებდა. მან არ აღირსა ლაიბნიცს პირადი პასუხი. მით უმეტეს, რომ ნიუტონს ეჯავრებოდა პოლემიკა. ამიტომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმე დაევალა მის მიმდევარს, ნიუტონის “ოპტიკის” გამომცემელს, წარსულში დედოფალ ანას კაპელანს, სენტ-ჯეიმსის კოლეჯის რექტორს, დოქტორ სემიუელ კლარკს. აშკარაა, რომ კლარკის პასუხების სულის ჩამდგმელი ნიუტონი იყო. კლარკი პასუხში ეთანხმება იმ საშინელ ფაქტს, რომ ინგლისში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში არიან პიროვნებები, რომელნიც სრულიად ამახინჯებენ რელიგიას იმის გამო, რომ ვრცელდება ცრუ მატერიალისტური შეხედულებები. მისი დაკვირვებით ამ ცრუ წარმოდგენებს ყველაზე ქმედითად ებრძვის ნიუტონის მათემატიკური ფილოსოფია, რომელიც ამტკიცებს, რომ მატერია უნივერსუმის ყველაზე მცირე და უმნიშვნელო ნაწილია.
სერ ისააკ ნიუტონს არსად არ უთქვამს, რომ აბსოლუტური სივრცე ორგანოა, რომელსაც საგნების აღსაქმელად იყენებს ღმერთი ან, რომ ღმერთს საგნების აღქმისთვის სჭირდება რაიმე საშუალება. პირიქით ის ამტკიცებს, რომ ღმერთი ყველგანაა და ამიტომ ის საგნებს უშუალოდ აღიქვამს იქ სადაც ისინი იმყოფებიან. სერ ისააკ ნიუტონი იმისათვის, რომ გასაგები იყოს მისი აზრი ღმერთის მიერ საგნების აღქმას ადარებს გონებით იდეების აღქმას.
ლაიბნიცის საყვედური ღმერთის ყოვლისშემძლეობის დაკნინებაში იმით, რომ მას “აიძულებენ” საათის გამართვას, – არაა სამართლიანი: პირიქით, მისი მუდმივი ქმედების, – სამყაროს ახალ ახალი ენერგიით მომარაგების გამო ქვეყნიერება არ მიედინება ქაოტური მოძრაობისა და უძრაობისკენ. სწორედ ამით ვლინდება მისი უფლობა ქვეყანაზე და მისი განგების კურთხევა. კარტეზიანული ან ლაიბნიციანული ღმერთი, რომელიც ერთხელ და სამუდამოთ ამარაგებს საათს გარკვეული ენერგიით გამორიცხავს ქვეყნიერებიდან ღვთის განგებასა და უფლობას და სწორედ ეს ასაზრდოვებს წარმოდრენებს ბედსა და მატერიალიზმზე.
კამათი გაცხარდა: აღმოჩნდა, რომ ლაიბნიცისათვის სივრცე მხოლოდ საგანთა გარკვეული თანამიმდევრობაა, ალფაბეტის მსგავსად, რომელიც სამყაროს შექმნისას განახორციელა ღმერთმა (რელაცია). რაც შეეხება აბსოლუტორ სივრცეს, რაკი ის მატერიისგან განსხვავდება, მისთვის გაუგებარია რა აუცილებელი მოტივაციითაა განპირობებული ადგილი სადაც შეიქმნა სამყარო. ის იზიარებს დეკარტის აზრს, რომ სამყარო ექვსი დღის განმავლობაში იდეალურადაა შექმნილი. ამიტომ ის აღარ ერევა სამყაროს მოწესრიგებაში. ამავე დროს ის იწუნებს ნიუტონის მაგალითს, რომ ორი ერთმანეთისკენ მიმართული ტოლი მოძრაობის რაოდენობის (იმპულსის) მქონე სხეული დაჯახების შემდეგ ჩერდებიან. ეს იმპულსის შენახვის კანონის მაგალითია, რაც ნიუტონის მესამე კანონის იდენტურია. ლაიბნიცის აზრით ამ მაგალითში მასისა და სიჩქარის ნამრავლის ნაცვლად უნდა იყოს მასისა და სიჩქარის კვადრატი. ამ სიდიდეს მიმართულება არ გააჩნია, ამიტომ ის არ გაქრება და გადადის ერთი სახიდან მეორეში. ამ სიდიდეს ლაიბნიცმა “ცოცხალი ძალა” დაარქვა. ჩვენთვის ეს კინეტიკური ენერგიის ცნებისა და ენერგიის შენახვის კანონის ჩამოყალიბების პირველი ცდაა.
ლაიბნიცს არ სჯერა, რომ მზეს შეუძლია მიიზიდოს სიცარიელეში დედამიწა ყოველგვარი შუამავლის გარეშე. ამას გარდა, მისთვის დაუჯერებელია,რომ სხეული შეიძლება ბრუნავდეს ცენტრალური სხეულის გარშემო და არ მოძრაობდეს მხების გასწვრივ. მისი აზრით, ეს ბუნების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
გავიდა დრო და მიუხედავად კარტეზიანელებისა და ლაიბნიციანელების წინააღმდეგობისა ნიუტონის იდეებმა გაიმარჯვეს.
ბოლოთქმა
ნიუტონის სამყარო რელიგიური ცნებების ახლებურ გააზრებას მოითხოვს. ამის ნათელი დადასტურებაა ვაშინგტონის ეპარქიის ეპისკოპოსის ბასილ როდზიანკოს ლექციების კურსი აპოლოგეტიკაში. კურსი ეხება თანამედროვე კოსმოლოგიას, კერძოდ, “დიდ აფეთქებას და კაპადოკიელი მამების რწმენას”.
1929 წელს ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება. ყოველი დაკვირვებადი გალაქტიკა გვშორდება და ამ დაშორების სიჩქარე მით მეტია რაც უფრო დიდია მანძილი ამ წერტილებამდე.
ამან გადაატრიალა ჩვენი წარმოდრენები სამყაროს შესახებ. ეს აღმოჩენა ოცდამეერთე საუკუნის კოსმოლოგიის ქვაკუთხედია.
მეუფე ბასილის აპოლოგეტიკის კურსი სწორედ დიდი აფეთქების ღვთსიმეტყველურ კონცეფციას გვაცნობს. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში კაპადოკიელი წმინდა მამები ბასილ დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, და გრიგოლ ნოსელი მსჯელობდნენ სამყაროს წარმოშობაზე, მის დასაწყისზე, მის სასრულობაზე… და იმაზე, რომ კოსმოლოგიის სამეცნიერო წარმოდგნა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის მამების ნააზრევს.
ნიუტონის ფუძემდებლური იდეების გავრცელების შემდეგ სწრაფად განვითარდა თეორიული და გამოყენებითი ფიზიკა. ამიტომ დღეს ჩვენ მეტი ვიცით სამყაროს შესახებ.
ჩემთვის, ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ადამიანისთვის, უფრო სარწმონოდ მეჩვენება ღმერთის აბსტრაჰირებული ცნება: ღმერთი შეუცნობადია. ჩვენ მოგვეცა უნარი შევიმეცნოთ მის მიერ მოცემული ფიზიკური მუდმივად და ყველგან მოქმედი კანონები. ამაში გვარწმუნებს თუნდაც გრავიტაციის – მსოფლო მიზიდულების კანონი. ის აღწერს მატერიის ურთიერთქმედებას, მაგრამ, ის არსებობს მატერიის გარეშეც იდეის (სიტყვის) სახით. იოანეს სახარება იწყება ასე: “დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან”.











