ავტორი – ნიკოლოზ მეტრეველი
მესამე ნაწილი
- ისევ არისტოტელიზმი და აქციდენცია/სუბსტანციის დიქოტომია
- მეტაფიზიკა – წარსულის აჩრდილი
- საღვთო პირველმიზეზობრიობა
ისევ არისტოტელიზმი და აქციდენცია/სუბსტანციის დიქოტომია
კიდე ერთხელ დავუბრუნდეთ არქიმანდრიტ კვიპრიანე კერნის ზემო მოყვანილ ციტატას:
‘’ იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ძღვენის კურთხევა, შემოიტანეს წმინდა მამებისთვის უცნობი ტერმინი ტრანსუბსტანცია და განსხვავება სუბსტანციაციას და აქციდენციებს შორის ევქარისტიულ ელემენტებში.’’ (‘’ევქარისტია’’)
პირველ რიგში, სუბსტანციის და აქციდენციის დიქოტომია რათქმაუნდა პატრისტიკული ეპოქისთვის არამარტო არაა უცხო, არამედ ერთერთი პრინციპული ადგილი უჭირავს. მაგალითად ქალკედონურ და პოსტ-ქალკედონურ ღვთისმეტყველებაში, ის მიემართება განკაცებისას ბუნების უნივერსალურობის საკითხს, რომელიც კონტრარგუმენტი იყო სევეროს ანტიოქიელის მხრიდან და რომლის სილოგიზმის მიხედვით, აქციდენცია, როგორც არაუნივერსალური ელემენტი და ინდივიდუაციის პრინციპი ორი ბუნების განცალკევებით აჩენს ორ სუბიექტს. იგივე პრობლემის შინაარსი შეცვლილი სახით, მოგვიანებით დაბრუნდა ხატთმებრძოლეობის დავებისას. ამის გარდა, იოანე დამასკელი, სუბსტანციის და აქციდენციის განსხვავების შესახებ საკითხს დიდ დროს უთმობს მის მიერ პორფირიოსისგან პრაქტიკულად გადმოკოპირებულ ‘’ფილოსოფიურ თავებში.’’ ამიტომ სუბსტანციის და აქციდენციის მიმართების კონტექსტი არაა რამე ექსკლუზიურად სქოლასტიკური მოვლენა.
მეორე მხრივ, არც მიტროპოლიტ კალისტოს უეარის მიერ, ამ საკითხის არისტოტელისტურად კვალიფიცირებაა სწორი. პირველ რიგში, რაც არისტოტელიზმისთვის აბსურდულია არის ის ფაქტი, რომ ტრანსუბსტანციაცია არის სუბსტანციური ცვლილების ისეთი სახე, რომელიც არ მოიაზრებს განგრძობით სუბიექტს. ამიტომ საკრამენტული კონვერსია არ არის არც ნორმალური სუბსტანციური ცვლილება და არც შესაქმის აქტი, არამედ არის ორივეს მიმართ ანალოგიური და თან განყენებული. მეტიც, არათუ შესაქმის მიმართ ანალოგიურობა, არამედ თვითონ შესაქმის იდეაც – არაფრიდან არსებობაში შემოყვანაც არისტოტელესთვის მიუღებელია, რისი მოკლე ლოგიკაც ისაა, რომ არსებობა ნიშნავს ყოფიერების რეალიზებულ პოტენციას, ანუ მატერიის ფორმაციას – დეტერმინირებას, რის გარეშეც მატერია არის უბრალო პოტენცია, რომელიც შეუძლებელია არსებობდეს წმინდა სახით. ამიტომ ეს – პირველადი მატერია, ანუ დეტერმინირების, რეალიზაციის პოტენცია უნდა იყოს მარადიული, რადგან მისი შექმნა შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ითქვა არსებობა უკვე რეალიზებაა, ამიტომ არისტოტელესთვის შექმნილი პირველადი მატერია, როგორც არააქტუალიზებული აქტუალობა ოქსიმორონია. შესაბამისად ღმერთის პირველმიზეზობრიობა მდგომარეობს მარტო პოტენციის აქტუალიზებაში – მატერიის ფორმირებაში და არა შესაქმეში.
ამიტომ თომა აქვინელის საწყისი ანტი-არისტოტელისტური რწმენა ეხება პირველადი მატერიის მარადიულობის იდეას, სადაც მართალია ის შეუძლებელია შეიქმნას როგორც განყენებული ფენომენი, მაგრამ პოტენციაც და აქტიც მთლიანად ღმერთის მიზეზობრიობაზეა დამოკიდებული, რადგან არაფრიდან შექმნა ეს არ არის უპოტენციო მდგომარეობიდან გაჩენა. ანალოგიურად თუ სუბსტანციური ცვლილება, არისტოტელესთვის ეს არის მატერიის ერთი ფორმირების მოშლა და სხვა ფორმაციის მიღება, ანუ მატერიის პოტენციის სხვა ფორმის მიმართ რეალიზება, ამისგან განსხვავებით საიდუმლოს ძღვენში არ არსებობს მატერიის პოტენცია სუბსტანციის ამ სახით ცვლილებისთვის და ის პირდაპირ ღმერთის აქტზეა დამოკიდებული (და ამ გაგებითაა შესაქმის ანალოგიური მოვლენა).
მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად სუბსტანციის და აქციდენციის ცნებების არისტოტელისტურ შინაარსს, უნდა ითქვას, რომ ის ეხება რეალობის ზოგადი მოცემულობის რეფლექსიას, რომელსაც უბრალოდ დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში კატეგორიზება სისტემური სახით პირველად არისტოტელემ გაუკეთა. ყოფიერების ფაქტი, რომ არსებობს საგანი, რომელიც გარკვეული მოდიფიკაციების მიუხედავად მაინც ინარჩუნებს იგივეობას – აჩენს კონცეპტუალური დიქოტომიის საკითხს, რომელზეც ყველა თანხმდება. რაც ინტერპრეტაციის საგანია – ეს არის ამ დიქოტომიის რეალურობის ან ილუზორულობის ხასიათი. ამიტომ რაც აქ არისტოტელისტურია ეს შეიძლება იყოს ინტერპრეტაცია და ტერმინები, მაგრამ არა თვითონ ფაქტი. რაც შეეხება საიდუმლოს შესახებ უდავო ფაქტს – ესაა წმინდა ძღვენის ატრიბუტების უცვლელობა, ამიტომ თუ გარდაარსების დოქტრინისთვის მნიშვნელოვანია ცვლილების იდენტობა, ეს ავტომატურად აჩენს სუბსტანციის და ატრიბუტების/აქციდენციების დიქოტომიის საკითხს. ამიტომ პრობლემა დოქტრინის მიერ არა ამ საკითხის წამოწევაში, არამედ თვითონ ინტერპრეტაციაში მდგომარეობს, კონკრეტულად არის თუ არა არქაული ლოგიკა დღევანდელი მეცნიერული ცოდნის პირობებში ისევ მოქმედი. აქვე, მორიგი კლიშე რაც დოქტრინის მიმართ არსებობს, ეს არის საიდუმლოს მეცნიერულ დონეზე ახსნა, ანუ სუბსტანციის ცვლილება მიკროსკოპულ, ატომურ დონეზე, რაც დოქტრინის კარიკატურაა. მაგრამ მეორე მხრივ, თუ რეალობის კონსტრუქციის კრიტერიუმი განიხილება მათ შორის მიკროსკოპულ დონეზე, მაშინ სირთულე ზუსტად ამ კრიტერიუმების კვალიფიცირების საკითხშია.
მეტაფიზიკა – წარსულის აჩრდილი
სტანდარტული არისტოტელისტური ინტერპრეტაციით სუბსტანცია და აქციდენცია წარმოიდგინება როგორც ორი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განყენებული ერთეული, სადაც
აქციდენციებს გააჩნიათ დამოკიდებული ყოფიერების ფორმა (ens per aliud), ხოლო სუბსტანცია არის თვითონ ამ დამოკიდებულების სუბიექტი, შესაბამისად ის არის ყოფიერი სუბიექტის გარეშე (ens non in subjectum). აქედან გამომდინარე, აქციდენცია სუბსტანციისგან განსხვავებით არის ყოფიერი მეორეხარისხოვანი გაგებით (ens secundum quid) და რათქმაუნდა ეს ყველაფერი თანამედროვე მეცნიერული კატეგორიებისთვის ზედმეტად დრამატიზირებულია. მაქსიმალური საზღვარი, რომელიც შეიძლება მეცნიერულ კატეგორიებთან ახლოს მივიდეს არის ქვემდებარე სუბიექტის გაიგივება ნაწილების და ატრიბუტების კომპლექსთან, როგორც სუბსტრატული ერთობის (რომელთანაც ყველაზე ახლოს ე.წ ‘’კვანძის თეორიები’’ დგას). ამიტომ რა უკიდურესობებიც შეიძლება გამოვლინდეს არის სუბსტანციის როგორც მეცნიერებისგან ტრანსცენდენტალურად განყენებული კატეგორიის იდეიზირება, როგორც რაღაც ‘’ფანტომური’’ მოვლენის, ან პირიქით – ნიჰილისტური პოზიცია, სადაც სუბსტანცია აღქმულია როგორც ერთმანეთთან ნაკლებად მყარი, ან ილუზიური ფენომენი – ატრიბუტების განგრძობითი კავშირის საფუძველზე.
აქედან მთავარი რაც ეკლესიის რწმენის არტიკულაციის შუქზე ჩანს, ქალკედონის მაგალითზე, არის ის, რომ აქციდენციების უბრალო აგრეგატი არაა საკმარისი სუბსტანციის განსაზღვრებისთვის. ამიტომ, სუბსტანციის, როგორც სუბსტრატული ერთობის განსაზღვრებით შემოფარგვლის შემთხვევაშიც, თვითონ ეს ერთობა დეტერმინირებულია განსაკუთრებული ონტოლოგიური სტატუსით – პირველ რიგში საღვთო შემოქმედებით. ეს დეტერმინიზაციის პრინციპი არქაული კატეგორიებით არის სუბსტანციური ფორმის ექვივალენტური და ის დაკავშირებულია უნივერსალიების სადავო საკითხთან, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც შესაძლებელია სარწმუნოებრივი აზრის გამოთქმა მეცნიერების და მეტაფიზიკის რადიკალური დუალიზმის შემოტანის გარეშე.
ამ ყველაფრის მოკლე კონსტრუქცია ესეთია: ყოველი მატერიალური საგნის სტრუქტურულად დეტერმინიზირებად საერთო პატერნას (დაწყებული უმცირესი ნაწილაკიდან – რთულ ორგანიზმამდე) რომელიც განსაზღვრავს საგნის რაობას, შეიძლება ეწოდოს სუბსტანციური იდეა/ფორმა. ეს სტრუქტურა მოაიზრებს ატრიბუტების სახეობრივად განსაზღვრისთვის აუცილებელ კონკრეტულ კომბინაციას და აქედან გამომდინარე სუბსტანცია არის სუბიექტი, რომელიც მოიცავს ამ კომბინაციურ ერთობას (რაც ვლინდება ფიზიკური რეალობის სხვადასხვა ასპექტში: მაგ. ქიმიური ბმის, უჯრედულ, ქსოვილურ, ორგანულ და ა.შ კავშირით). მაგრამ აღნიშნული სტრუქტურა კონკრეტულ, დრო-სივრცულ ობიექტში თანამყოფობს შანსობრივი მახასიათებლებლის გარკვეულ სპექტრტთან ერთად, რომელთა კომბინაციაც არ მიემართება მეორადი – საერთო სუბსტანციის ცნებას.
აქედან გამოდმინარე, სუბსტანცია არის აქციდენციებისგან განსხვავებული მინიმუმ როგორც მთელი ნაწილისგან, მაგრამ ის ორივე შემთხვევაში მოიცავს კონკრეტული აქციდენციების ერთობას. აქციდენციების ეს ტიპი არის ყოფიერების სახეობრივად აუცილებელი ან უნიკალურად დამახასიათებელი პოტენციური თვისებები (propria), ხოლო ყოფიერების კერძო, ინდივიდუალური მოდიფიკაციები (აქციდენციები ვიწრო გაგებით) მოიაზრება სახეობრივი სუბსტრატისგან განცალკევებით (ეს შეიძლება იყოს ინდივიდისთვის პერმანენტული ატრიბუტი მაგ. თვალის ფერი – რასაც წარმოადგენს პორფირიოსის ‘’განუყოფელი აქციდენციის’’ ცნება, ან ნებისმიერი ტემპორალური თვისება/მდგომარეობა).
ამის ილუსტრაციის კლასიკური მაგალითია სამკუთხედი, სადაც არსობრივი თვისებების პარალელია: სამი მონაკვეთის ერთობა, კუთხეების ჯამის 180 გრადუსიანობა; აქციდენციური თვისებების სპექტრი: ტოლგვერდობა, ტოლფერდობა, მართკუთხობა; და ამ აქციდენციური სპექტრის საზღვრები ანუ არსობრივი განყოფა (ბერძ. diaphora ousiodis), მაგ. ორი გვერდის მართკუთხობა.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით, დღევანდელი პერსპქტივიდან რაც შუასაუკუნეებში ფორმულირებული დოქტრინის მიმართ უცნაური ჩანს არის პირველ რიგში პურის და ღვინის სუბსტანციად მოხსენება, არა მარტო ამ ტერმინის ვიწრო ქიმიური მნიშვნელობის მიზეზით, არამედ იმ ფაქტის გამო, რომ ამ პროდუქტებს, როგორც მიქსტურებს არ გააჩნიათ ორგანული ერთობა. ანუ არქაული კატეგორიებით, ესეთი ტიპის ერთობა კვალიფიცირდება არა სუბსტანციურ, არამედ აქციდენციურ ფორმად, რაც დისონანსურ შთაბეჭდილებას ქმნის როცა ლაპარაკია პურის და ღვინის სუბსტანციის გარეშე აქციდენციების შენარჩუნებაზე.
ამიტომ ეს ყველაფერი აღქმულია როგორც ტერმინოლოგიური ანაქრონიზმი, რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციული მანიპულაციების მიზეზს იძლევა. მაგალითად თუ პური და ღვინისთვის ტერმინ სუბსტანციას რჩება ეფემერული როლი, მაშინ ჩნდება სპეკულაციური სივრცე ტრანსფინალიზაციის მსგავსი თეორიებისთვის, სადაც სუბსტანცია იგივდება მის ფუნქციურ დანიშნულებასთან. ამიტომ სუბსტანციური ცვლილება განიხილება როგორც საგნის ფუნქციური ცვლილება კორპორალური საკვებიდან სულიერ/ზეციერ საკვებამდე.
მაგრამ იმ არსებულ ფაქტს, რომ ტერმინ სუბსტანციას პურის და ღვინის მიმართ ვეღარ ექნება პირდაპირი მნიშვნელობა, არ ნიშნავს რომ ეკარგება ქმედითი კონცეპტუალური სიმყარე. პირველ რიგში, ამ პროდუქტებს ისტორიული, ან ბიბლიური განგებულებითი/სიმბოლურის გარდა, აქვთ თვისობრივი კონკრეტიკა (მაგ. ვერ შესრულდება საიდუმლო თუ ფერმენტაცია არასრულყოფილია, ან პირიქით გადაჭარბებულია – დაძმარებულია). ამიტომ ეს ფაქტი დოქტრინას არ უკარგავს ვალიდურობას, რადგან მისი ჭეშმარიტება აქ მიმართულია საიდუმლოს მატერიალის განსაზღვრულ, სპეციფიურ მთლიანობაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ პური და ღვინო, როგორც ჰომოგენური მიქსტურები ყოფით დონეზე აღიქმება ერთ სუბსტანციად – ერთ მთლიანობად. ამას გარდა, განსხვავებით სხვა აქციდენციური ფორმებისგან (მაგ. სახლი, მაგიდა, სკამი…) პური და ღვინო როგორც მთლიანობა მიიღება ბუნებრივი, ამ შემთხვევაში ქიმიური პროცესების შინაგანი მონაწილეობით, რის გამოც თომა აქვინელი პურს და ღვინოს განიხილავს როგორც სუბსტანციურ ფორმებს. ამიტომ ამ მოცემულობების გათვალისწინებით, რელევანტურია ტერმინი სუბსტანციის გამოყენება პურის და ღვინის მიმართ მინიმუმ როგორც მეორეხარისხოვანი მნიშნელობით.
და ამის მიუხედავად, მაინც შეუძლებელია საუბარი სუბსტანციის მარტო მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობით ცვლილებაზე. აქვინელისთვის მეცნიერებამდელი ფიზიკისთვის რათქმაუნდა უცნობი იყო, რომ პურს და ღვინოს არ გააჩნია შინაგანი უნიტარიული ერთობის სუბიექტი, რასაც ემყარება მსჯელობის შინაარსი, ამიტომ თუ ფიგურირებს ტერმინ სუბსტანციის პირდაპირი მნიშვნელობაც მაშინ პურის და ღვინის სუბსტანციური ცვლილება უნდა შეეხოს პროდუქტებში შემავალ ქიმიურ სუბსტანციებს. ეს ერთი შეხედვით გამოიყურება როგორც ე.წ ‘’ნაივური რეალიზმი’’, რაც არის დოქტრინის ერთერთი კლიშე, იმ გაგებით რომ მისი შინაარსი ეხება მიკროსკოპულ დონეზე ცვლილებას, მაგრამ სინამდვილეში კურსი სხვა მხარესაა.
საღვთო პირველმიზეზობრიობა
რეალური მყოფობის მოკლე აღწერა არის რწმენითი სასწაული, ანუ ყოფიერების სასწაულებრივი ცვლილება, რომელიც არაა დაკვირვებადი. ამის გათვალისწინებით, ტრანსუბსტანციაციასთან ყველაზე ახლო ანალოგია არის ისეთი ყოფით დონეზე არაობსერვირებადი სუბსტანციური ცვლილება, როგორიცაა მაგალითად ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილი, როცა ახლადგარდაცვლილი ცხოველი ემპირიულად შეიძლება არაფრით განსხვავდებოდეს ცოცხალი (მძინარე) ცხოველისგან, არამარტო ვიზუალურად, არამედ რაღაც გარდამავალი პერიოდი ცალკეულ, მაგალითად უჯრედულ დონეზე ისევ ფუნქციონირებდეს. მაგრამ ამის მიუხედავად, ორგანოებს, ძვლებს, უჯრედებს და ნაწილაკებს მომენტალურად დაკარგული აქვს ცხოველის სხეულის სუბსტანციური იდეისმიერი შინაგანი კავშირი, ამიტომ მათი ძველი არსობრიობის პერსპექტივიდან ეს სივრცული ერთობა დეკომპოზირებულად ითვლება, იმის მიუხედავად, რომ დაკვირვებადი რეალობისთვის არსობრივად არაფერი შეცვლილა.
მაგრამ მეორე პრობლემა რაც აქ ჩნდება არის ზუსტად ის, რომ ამ ანალოგიისგან განსხვავებით, სადაც სუბსტანციურ მთლიანობაში რაღაც კომპონენტი მაინც ირღვევა, ანუ რაღაც ატრიბუტი იკარგება, ამ ფაქტს საკრამენტული ცვლილებისას არ აქვს ადგილი. ამიტომ არცერთი თვისება, არც ვიზუალურ და არც შინაგან – სტრუქტურულ დონეზე არ იცვლება საიდუმლოში. აქედან გამომდინარე, თუ სუბსტანციის იდენტიფიცირებას მოვახდენთ კონკრეტული ატრიბუტების სტრუქტურასთან, მაშინ იდეა ქვემდებარე რეალობის გარეშე მყოფ ატრიბუტებზე (accidentia sine subjecto), ერთი შეხედვით აბსოლუტურად იგივენაირად თვითგამომრიცხავი გამოვა, როგორც ზემოთ აღნიშნული ‘’პირდაპირი მნიშვნელობის, მაგრამ არაბუნებითი’’ ფორმულირება, რადგან ეს სუბიექტი თავის განსაზღვრებით მოიცავს ატრიბუტების სუბსტრატულ ერთობას.
საერთო ჯამში, რეალობის კატეგორიების მიმართ დამოკიდებულება, მეცნიერების და მეტაფიზიკის ერთმანეთისგან განყენებით საკრამენტულ რეალიზმთან მიმართებაში ორ რადიკალურ პოზიციაში ვლინდება. პირველის მიხედვით ეს არის თანამედროვე მეცნიერების შუქზე მეტაფიზიკური ცნებების სრული გაბანკროტება, რაც გამოიხატება მაგალითად მეოცე საუკუნის ღვთისმეტყველ ე. სქილებექსის მაგალითზე და მეორე მხრივ, მეტაფიზიკის და მეცნიერების ისეთი გამიჯვნით, სადაც მეტაფიზიკურ კატეგორიებს (ამ შემთხვევაში სუბსტანციას) ეფემერული შინაარსი ეძლევა, რასაც ამ საკითხის შესახებ კამათის ისტორიაში ადგილი ქონდა მაგალითად ეპისკოპოს კარლო კომონდოს შემთხვევაში, მისი სუბსტანციის ცნების ‘’ტრანსფიზიკური’’ ინტერპრეტაციის სახით. რაც შეეხება მეცნიერებასა და საიდუმლოს შორის ისეთი ზომიერი მიდგომით, როგორც ერთერთი კათოლიკე თეოლოგის ტერენს ნიკოლსის ‘’სუბსიდირებადი სუბსტანციების’’ იდეაა, ეს იგივე საკრმაენტული ასიმილაციაა.
მაგრამ ერთადერთი, რაც მეცნიერების ობსერვირებისგან განყენებულია არის რწმენა საღვთო პირველმიზეზობრიობის შესახებ. რეალობის კონსტრუქციის ნებისმიერი მეცნიერული კატეგორია, მატერიის და ენერგიის ფორმირების ყველანაირ არსებულ კონტექსტში – იქნება ეს კვანტური მექანიკის თუ ქიმიური სტრუქტურის პერსპექტივიდან, კლასიკური თეიზმის მიხედვით, ყოველთვის დამოკიდებულია ღმერთის პირველმამოძრავებელ მოქმედებაზე. მეორე მხრივ, ეკლესიისთვის ისეთი რადიკალური ფორმა, როგორიც ოკაზიონალიზმია, სადაც ქმნილება მთლიანად გამორიცხულია მიზეზობრიობის რეალური პროცესისგან, უცხოა როგორც სტანდარტი, მაგრამ მისაღებია ის ფაქტი, რომ მას, როგორც ერთეულ, სასწაულებრივ მოვლენას რათქმაუნდა შეიძლება ქონდეს ადგილი ღმერთის ნებიდან გამომდინარე. თომა აქვინელი ზუსტად ამ ფაქტორზე დაყრდნობით განიხილავს იმ მოცემულობას, რომ ყოფიერების აქციდენციური ფორმა საიდუმლოში მეორადი პრინციპის – სუბიექტის გარეშე დამოკიდებულია მარტო საღვთო მიზეზობრიობაზე. თანამედროვე კონტექსტში დომინიკანელი თეოლოგი – ჰერბერტ მაკკაბი ახდენს ამ აზრის პერსპექტივის საწყის ფაქტორად აქცენტირებას მეცნიერულ კატეგორიებთან მიმართებაში.
მარტივი პარალელის სახით, მაგალითად წვის პროცესში, სადაც ცეცხლის შინაგანი ბუნებრივი მოქმედებაც – სიმხურვალეც და საწვავის პასიური პროცესიც – არის ქმნილების რეალური, ბუნებრივი, მაგრამ მეორეხარისხოვანი მიზეზობრიობა, რომლებსაც პირველმიზეზის სახით, ორივე მათგანის – აქტიური და პასიური პროცესის რეალიზაცია ხდება საღვთო მოქმედებით. ოკაზიონალისტური პრინციპით შეიძლება, რომ ნებისმიერი პროცესი, ჟანგვა-აღდგენა, ხის დეჰიდრატაცია და დანახშირება, რეალურად მოხდეს ქმნილი ზეგავლენის გარეშე, მაგრამ ემპირიულად, ყველა ბუნებრივი, ქიმიური პროცესი მიუთითებს ქმნილი საგნების კანონზომიერებით როლზე. ანალოგიურად, თუ სუბსტანციას განვიხილავთ ნაწილაკების ატრიბუტების თანამოქმედების კონკრეტულ ერთობად, მაშინ საიდუმლოში ოკაზიონალისტური პრინციპით ამ ერთობას არ გააჩნია შინაგანი მიზეზობრიობა. ანუ პირობითად წყალში აღარ არსებობს მეორადი ქმნილი მიზეზობრიობა – ატომური ბმა, ისე რომ ემპირიული კონფიგურაცია რჩება ქიმიური რეაქციის შესაბამისი. ამიტომ დოქტრინის შინაარსი გულისხმობს რაღაც ანალოგიურ, მთლიანობაში ყოფიერების აქტის სასწაულს, რომელიც არ ეკუთვნის არც ემპირიულ კონფიგურაციას და არც ცვლილების დოკეტისტურ, მოჩვენებით ფორმას.
მაგრამ ამის მიუხედავად დოქტრინა არ საუბრობს ანალოგიის კონკრეტულ ტიპზე და არ აკონკრეტებს თუ რეალობის კონსტრუქციული იერარქიის რომელ ჯაჭვში და როგორ მოიაზრება გარდაქმნა. რაც დოქტრინისთვის გადამწყვეტია არის ის რომ ეს გარდაქმნა არაა მარტო მეტაფორული, არამედ რეალური. ამიტომ, პირველ რიგში აქციდენციის და სუბსტანციის დიქოტომია არის დოქტრინის გადმოცემის პირობა და არა თვითმიზანი. თვითონ საკითხი სუბიექტის და ატრიბუტის მიმართებაზე არის რეალობის ზოგადი პრინციპული სტრუქტურის რეფლექსია და ამიტომ არაა ცალკეულად არისტოტელისტური ან არაარისტოტელისტური. რასაც არისტოტელისტური შეიძლება ეწოდოს ესაა მარტო ამ ყველაფრის ინტერპრეტაცია და ტერმინოლოგია, რომელსაც დოქტრინისთვის მარტო ინსტრუმენტალური ხასიათი აქვს.
რათქმაუნდა საიდუმლოს შინაარსს აქვს უფრო მეტი ასპექტი და დანიშნულება, ვიდრე უბრალოდ სქოლასტიკური ფორმულირებით შემოფარგვლაა. მაგრამ ეს საკითხის სხვა კონტექსტია, რომელიც თვითონ ფაქტს არ უკარგავს ვალიდაციას. ამიტომ ზემოთაღნიშნულ ავტორებთან თვითონ კონცეპტუალურ მხარეზე იყო ლავირებადი კრიტიკა რომელიც გადადიოდა არა აზრის, არამედ აქცენტის კრიტიკაში – თუ რაზე არ საუბრობს დოქტრინა. საბოლოო ჯამში, დოქტრინის საწყისიც და საბოლოო სათქმელიც არის ის, რომ ზეციური სამეფოს ტრაპეზი არა მარტო არ არსებობს მეფისგან განცალკევებულ სუფრაზე, არამედ ეს ტრაპეზი თვითონაა ზეციერი მეფე ჭეშმარიტად.