სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II – ის განცხადებით, მუსულმანური სამყარო მეზობელზეც უფრო მეტად ახლობელია ქართველებისთვის. ამის შესახებ უწმინდესმა რელიგიური ტოლერანტობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბაქოში ეუთოს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, გარკვეული ძალები ცდილობენ მიზანმიმართულად შექმნან დაპირისპირების კერები და დაარღვიონ საუკუნოვანი ტოლერანტული სივრცე, რელიგიის ლიდერების ვალია, პასუხი გასცენ ამ პროვოკაციებს და ერთობლივად გადადგან პრევენციული ნაბიჯები.
კონფერენციის მონაწილეებისადმი უწმინდესის მიმართვა:
„თქვენო აღმატებულებავ, ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარევ, შეიხ-ალ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე,პროექტის კოორდინატორო და ეუთოს ელჩო ქ.ბაქოში, ბატონო ალექსი ჩაჰთაჰთინსკ, გულითადად მოგესალმებით თქვენ და აქ დამსწრეთ, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთათვისაც ძვირფასია ჭეშმარიტი შემწყნარებლობა. მე ვარ იმ ქვეყნის სულიერი ლიდერი, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, 20 საუკუნეა ცხოვრების წესად არის ქცეული ღვთის მცნება: ,, შეიყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. . . და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი,“ რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავივით უნდა შევიყვაროთ ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად რწმენისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა და ასაკისა. . .მაგალითად, საყოველთაოდ იყო ცნობილი, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობოდა საქართველოს უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი ჩვენთან მცხოვრებ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს; უწესებდა მათ გარკვეულ შეღავათებს, ხელს უწყობდა ადათ-წესების დაცვაში და სხვა. ეს არ იყო გამონაკლისი პერიოდი საქართველოს წარსულისა. ამ პრინციპით იცხოვრა ჩენმა ხალხმა და მიგვაჩნია, რომ სწორედ ღვთისაგან დალოცვილი მოსიყვარულე გულის გამო გადაურჩა იგი ისტორიის ქარტეხილებს. ამგვარმა დამოკიდებულებამვე განაპირობა საქართველოში მკვიდრი სხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენელთა კეთილგანწყობაც ქართველებისადმი და ისიც, რომ ორივე მხარე მუდამ უფრთხილდებოდა და პატივს სცემდა სხვის სარწმუნოებას და ურთიერთმეგობრობას, რაც ქმნიდა უნიკალურ ტოლერანტულ გარემოს.ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ჩვენ თბილი დამოკიდებულება გვაქვს საქართველოში მცხოვრებ სხვა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და მათ ხელმძღვანელებთან; განსაკუთრებით ხშირია ჩვენი შეხვედრები და ვიზიტები მუსლიმთა სულიერ და პოლიტიკურ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ქუვეითში, იორდანიაში, პალესტინაში. . . საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს გააჩნიათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სრულიად თავისუფალნი არიან თავის საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტებიც, რაც ურთიერთდაახლოებას უწყობს ხელს. ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ქართველი ერის ერთი ნაწილი მუსლიმურ რელიგიას აღიარებს, რომელთაგან უმრავლესნი თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, ნაწილი კი, – აზერბაიჯანსა და ირანში. ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი მუსლიმი ქართველების , – გურჯების, ლაზების, ფერეიდნელების, მაზანდარელების, ინგილოების, იგივე ჰერების, – გამო ზოგადად მუსულმანური სამყარო მეზობელზეც უფრო მეტად ახლობელი არის ჩვენთვის.თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ნათელი დადასტურებაა მუსლიმებისადმი ჩვენი კეთილი დამოკიდებლებისა.მაგრამ, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ მიზანმიმართულად შექმნან დაპირისპირების კერები და დაარღვიონ საუკუნოვანი ჩვენი ტოლერანტული სივრცე. ჩვენი, რელიგიის ლიდერების, ვალია, პასუხი გავცეთ იმ პროვიკაციებს, რომელიც სარწმუნოების ნიადაგზე სხვა და სხვა ნიადაგზე იჩენს ხოლმე თავს. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი, ალბათ, ისიც არის, რომ გაერთიანებული ძალით ვიმოქმედოთ, რათა არსებული პრობლემები დავძლიოთ და პრევენციული ნაბიჯებიც გადავდგათ. მე მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო მის აღმატებულებას, შეიხ-ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადევს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს, მან არაერთხელ ითამაშა დიდი როლი კრიზისული სიტუაციების განმუხტვაში და ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში. იგი ამიტომაც დაჯილდოვდა საქართველოს ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით. ასევე გამორჩეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება, ბატონ ილხამ ალიევის როლი ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ვიმედოვნებთ, მათი მზრუნველობა მომავალშიც არ მოაკლდებათ აქ მცხოვრებ ქართველებს, – როგორც მუსლიმებს, ისე მართლმადიდებლებს და დაკმაყოფილდება მათი რელიგიური მოთხოვნილებები.ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა პატივისცემა ამ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორის, ეუთოს მიმართ და შეხვედრის მონაწილეებისადმი და გისურვოთ დიდი წარმატებები თქვენს ღვთისსათნო საქმიანობაში“,- ბრძანა უწმინდესმა.
20 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში კი სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ებრაელ ხალხს მომხდარის გამო უსამძიმრებს.
„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი წუხილი და შეშფოთება 18 ნოემბერს იერუსალიმში, ებრაული რელიგიური სასწავლებელის სინაგოგაში, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც ხუთი პიროვნება გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი რაბინი, არიან დაშავებულებიც. ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას და გულითადად ვუსამძიმრებთ განსვენებულთა ოჯახებსა და მთელ ებრაელ ხალხს. დიდად სამწუხაროა ისიც, რომ, რელიგიურ ნიადაგზე საერთოდ გახშირდა პროვოკაციული ქმედებები და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება დაპირისპირების კერების შექმნა.
შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს კეთილგონიერება და მშვიდობა“,- ნათქვამია უწმინდესის განცხადებაში.
წყარო: Frontnews











