ავტორი არჩილ მეტრეველი

თანამედროვე პერიოდში, საკუთარი არსით, ისეთმა ნაკლებად მნიშვნელოვანმა საკითხმა, როგორიცაა ქალის მიერ შარვლის ტარება, დიდი ხანია საყოველთაო საეკლესიო პრობლემის სახე მიიღო და თავისი აქტუალობით მრავალჯერ გადააჭარბა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებს. ამ საკითხის მნიშვნელობის ზრდა დაკავშირებულია ერთის მხრივ საეკლესიო კანონმდებლობის განმარტება-განზოგადების პრინციპებისა და მეთოდების არცოდნასთან, მეორეს მხრივ კი კონკრეტულად იმ კანონების ჭეშმარიტი შინაარსის უცოდინრობასთან, რომელთაც მავანნი ქალისათვის შარვლის ტარების აკრძალვის არგუმენტებად იყენებენ. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ შარვლით შემოსილ ქალბატონებს ხშირ შემთხვევაში ღვთის ტაძარში არ უშვებენ და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებასაც კი უკრძალავენ, ზოგიერთ ტაძარში კი პირდაპირ კარიბჭეზეა გაკეთებული წარწერა, რომელიც ასეთი აკრძალვის შესახებ აფრთხილებს ქალბატონებს.
საინტერესოა, მართლა უკრძალავს თუ არა დიდი სჯულის კანონი მანდილოსნებს შარვლის ტარებას და მართლა ასეთი მნიშვნელობის თუა ეს პრობლემა, რომ მის დამრღვევს ეკრძალება ზიარება და ისჯება „შეჩვენებით“, როგორც ეს ტაძრის კარიბჭეზე გაკეთებულ წარწერებშია მითითებული. ასეთი აკრძალვის აპოლოგეტები, საკუთარ არგუმენტებად შემდეგ კანონიკურ განსაზღვრებებს უხმობენ: 1. ძვ. აღთქმის, მეორე რჯულის 22-ე თავის მე-5 მუხლი; 2. ღანგრის კრების მე-13 კანონი; 3. ტრულის კრების 62-ე კანონი. თუმცა, სანამ თითოეული მათგანის განმარტებას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ზოგადად შევეხოთ ისეთ საკითხს, როგორიცაა საეკლესიო კანონმდებლობის განმარტება-გავრცელების პრინციპები და თავისებურებები, რადგან, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, სწორედ ამგვარი ცოდნის არ არსებობა იწვევს მსგავს პრობლემათა წარმოშობას და მათი მნიშვნელობის ზრდას.
მართლმადიდებელ ეკლესიაში, პირველივე საუკუნეებიდან ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ყველა დოგმატის შემუშავებასა და გადმოცემას აუცილებლად უძღოდა წინ რაიმე სახის ერესი. მსგავსადვე ყველა საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები თუ ცალკეული წმ. მამის მიერ შემუშავებული კანონიკური ეპისტოლეები დაკავშირებული იყო ამა თუ იმ პრობლემის კონკრეტულ გამოვლინებასთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა უნიკალურიც კი იყო. ეკლესიის მიერ შემუშავებული და გადმოცემული დოგმატები, როგორც საღვთო გამოცხადებით მიღებული ჭეშმარიტებები, რომელიც თავად ღმერთის არსთან, მის თვისებებთან და ენერგიებთანაა დაკავშირებული, თავისუფალია ყოველგვარი ადამიანური ინტერპრეტაციისაგან და ადგილისმიერი და დროისმიერი პირობების გავლენისაგან. თუმცა, დოგმატებთან დაკავშირებული თეოლოგიური მსჯელობები არ სარგებლობენ ასეთივე თავისუფლებით, პირიქით, ისინი იმდენად არიან დაკავშირებული კონკრეტულ დოგმატურ დავებთან, რომ ამ რეალობის გათვალისწინების გარეშე მათი განზოგადება ხშირ შემთხვევაში ერესამდე მიმყვანებელია. სწორედ ამგვარმა გაუთვალისწინებლობამ მიიყვანა დიოსკორე ალექსანდრიელი მონოფიზიტურ ერესამდე, როდესაც მან წმ. კირილე ალექსანდრიელის ფორმულა „ღმერთი სიტყვის ერთი განხორციელებული ბუნება“ იმ დავის კონტექსტის გარეშე განაზოგადა, რომელსაც წმ. კირილე ნესტორთან აწარმოებდა და რომლის მსჯელობის წინააღმდეგაც მან ეს ფორმულა გადმოსცა. რამდენადაც ნესტორი ქრისტეში ღვათაებრივსა და ადამიანურს ჰიპოსტასურ დონეზე იმგვარად მიჯნავდა, რომ ქრისტეს ერთდროულად ღვთაებრივი და ადამიანური ჰიპოსტასების მატარებლად წარმოაჩენდა, ხოლო ქალწულ მარიამს არა ღმერთის (ღვთის), არამედ ადამიანის (ქრისტეს) მშობლად, წმ. კირილემ ამ გამიჯვნის საპირისპიროდ შეიმუშავა ზემოთ ხსენებული ფორმულა („ერთი განხორციელებული ბუნება“), რომელიც დავის კონტექსტის გათვალისწინებით, სრულიად მართლმადიდებლურია. დიოსკორეს მიერ ამ ფორმულის საღვთისმეტყველო დავიდან ამოგლეჯვამ და ისე განზოგადებამ კი მას მონოფიზიტური გაგება მიანიჭა. ამ მაგალითის განხილვით თვალსაჩინო ხდება თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო აზრის განზოგადებისას იმ დავის კონტექსტის გათვალისწინებას, რომლის წიაღშიც და რომლის მიმართაც იგი იქნა შემუშავებული და გადმოცემული. თუკი ღვთის არსისა და ენერგიების გადმომცემი დოგმატური ღვთისმეტყველაება საჭიროებს კონტექსტურ გაგებასა, რამდენად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ასეთი გაგება ეკლესიის კანონიკურ-სამართლებრივი განსაზღვრებებისათვის. კანონი, რამდენადაც ის საღმრთო ჭეშმარიტების ეკლესიაში (ადამიანთა კრებულში) გატარებას უზრუნველყოფს, არა თუ თავისუფალი არაა ადამიანური ინტერპრეტაციისაგან, არამედ სავალდებულოც კია, რომ ის ითვალისწინებდეს ყველა რეალობას, ადგილისმიერი და დროისმიერი პირობების ჩათვლით. ეკლესიაში დღეს მოქმედი ყველა კანონი ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით იქნა შემუშავებული და მიღებული. ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემები ისეთ უნიკალურ ხასიათს ატარებენ, რომ რაიმე მსგავსის მოძიება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც კონკრეტული კანონის გამოყენება გვინდა, პირველ რიგში ის უნდა გავარკვიოთ ზედმიწევნით, თუ რა სახის პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად მისი შემუშავება, ანუ რა იყო მისი წინაპირობა, პირვანდელი და მიმდინარე წინაპირობები ერთმანეთს შევადაროთ და მხოლოდ მათი დამთხვევის შემთხვევაში გამოვიყენოთ მოცემული კანონი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი შედარება ცხადყოფს, რომ სრულიად მსგავსი შემთხვევები არ არსებობს (განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ დიდი სჯულის კანონოთა კოდექსში შემავალი კანონები მრავალი საუკუნის წინაა შემუშავებული). ამ დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ლოგიკით, რაც კანონიკურ სამართალს მთლიანობაში გააჩნია და რაც ამ კონკრეტული კანონის მიღების დროს იქნა გამოყებული. უნდა დავსვათ შემდეგი კითხვა: რატომ არ განიხილავს კანონმდებელი ამ შემთხვევას, იმიტომ, რომ უმნიშვნელოა (ანუ პრობლემას, ცოდვას არ წარმოადგენს), თუ იმიტომ, რომ მას არ შეეძლო ამ კონკრეტული შემთხვევის წარმოდგენა. თუკი ასეა, მაშინ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოიქცეოდა კანონმდებელი თუკი ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ მსგავსი სიღრმისეული ცოდნა და მსჯელობაა საწინდარი იმისა, რომ ესა თუ ის კანონი ზედმიწევნით ზუსტად იქნას გაგებული, განზოგადებული და შეფარდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია საფრთხე, რომ იმან, რაც სამკურნალოდაა გათვალისწინებული, არა თუ ჯანმრთელობას შეუწყოს ხელი, არამედ, პირიქით – სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ჩვენს შემთხვევაში კანონის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ერთის მხრივ ქალის მიერ შარვლის ტარება, როგორც დღევანდელი რეალობა, მეორეს მხრივ კი ზემოთ მოყვანილი კანონებით აკრძალული ქალის მიერ მამაკაცის სამოსელით შემოსვა, როგორც მოცემულ კანონთა პირვანდელი წინაპირობა. არის თუ არა ეს ორი იდენტური მოცემულობა?
ძვ. აღთქმის რჯულში, კერძოდ მეორე რჯულის წიგნში, 22-ე თავის მე-5 მუხლში ვკითხულობთ: „ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.“ რას გულისხმობს ანუ რას კრძალავს ეს კანონი?
კომენტატორთა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორ ნაწილად იყოფა, თუმცა ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, მეტიც, ერთმანეთიდან გამომდინარეობს. კომენტატორთა ერთი ნაწილი (მაგ: ა. პ. ლოპუხინი ) აწყვილებს რა ამ კანონს ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში გადმოცემულ სხვა კანონებთან, რომელიც ჰომოსექსუალიზმს და ცხოველებთან აღრევას კრძალავს , განმარტავს, რომ ამ კანონით იკრძალება არა უბრალოდ საწინააღმდეგო სქესის სამოსით შემოსვა, არამედ შემოსვა სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით, რასაც ტრანსვესტიზმი ეწოდება .
კომენტატორთა მეორე ნაწილი (შეად: ზ. კიკნაძე ), ისე რომ არ სცილდება ტრანსვესტიზმის პრობლემას, ამ აკრძალვებს აკავშირებს მათ წარმართულ წეს-ჩვეულებით და კულტ-მსახურებით ტრადიაციასთან, რომელიც გავრცელებული იყო ქანაანელთა საკულტო და, შესაძლებელია, საზოგადოებრივ ყოფაში. ანუ რჯული კრძალავს არა იმდენად შეუფერებელი ტანსაცმლის ტარებას, რამდენადაც ყველაფერს, რაც ქანაანელთა რელიგიურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ლევიტელთა ზემოთ ნახსენებ კანონში პირდაპირაა მითითებული ამის შესახებ: „არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმინდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმინდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან“ (ლევ. 18:24). აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მოსეს რჯული, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმას კრძალავს არა უბრალოდ სექსუალური სიამოვნების განცდის მიზნის გარეშე, არც მხოლოდ ასეთი სიამოვნების განცდის მიზნით, არამედ ამ აკრძალვით რჩეულ ერს – ისრაელს მიჯნავს იმ გარშემო მყოფი სოციუმისაგან, რომლის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და განსაკუთრებით კი საკულტო მსახურებაში ტრანსვესტიზმსა და სექსუალურ ორგიებს ცენტრალური ადგილი უკავია.
შესაბამისად მოსეს რჯულის ამ კანონის (II რჯ. 22:5) გამოყენების წინაპირობაა საწინააღმდეგო სქესის სამოსით შემოსვა სექსუალური სიამოვნების განცდის მიზნით, რომელიც წარმართულ კულტმსახურებასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ანუ, თუკი დღეს, რომელიმე მანდილოსანი სწორედ ამ მიზნით იმოსება მამაკაცის სამოსით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოცემული კანონის შეფარდება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მინიმალური იურიდიული ძალა, რომელიც ძველი აღთქმის რჯულმა, ახალი აღთქმის ეკლესიაში შეინარჩუნა, ასევე ისიც თუ რამდენადაა შარვალი ექსკლუზიურად მამაკაცის სამოსი, რაც ჩვენი აზრით არასწორი შეხედულებაა. თუმცა, რადგან ჩვენი მსჯელობის მიზანი მხოლოდ პრობლემის კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზია, ასეთ ზოგად თემებს სიღრმისეულად არ შევეხებით.
შემდეგი კანონიკური ნორმა, რომელიც ამ პრობლემასთან მიმართებაში მოჰყავთ, არის ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების მე-13 კანონი, სადაც ვკითხულობთ: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.“ ამ კანონის წინაპირობაში ზედმიწევნით გასარკვევად საჭიროა რამდენიმე სიტყვით შევეხოთ იმ ერესს, რომლის წინააღმდეგაც იქნა მოწვეული ეს კონკრეტული კრება.
ღანგრის კრების კანონიკური დადგენილების შესავალ ნაწილში პირდაპირაა დასახელებული ერესის სახელწოდება – „მესალიანთა ერესი“ და მისი ერესიარქი – ევსტათი, აქვეა ჩამოთვლილი ის სიმახინჯეები და ცთომილებები, რაც ამ ერესს ახასიათებდა: „ისინი ქორწინებას შეურაცხყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ქორწინებულთაგან არავის უნდა ჰქონდეს ღმერთის იმედი. ბევრნი შეცდომაში შედიოდნენ და შორდებოდნენ თავის ქმრებს და ქმრები – ცოლებს. (…) უცხო სამოსლით მოსილნი ჩვეულებრივი შესამოსლის წინააღმდეგნი არიან ისინი. (…) მათი ჩაგონებით მონები ბატონებს ტოვებენ და უცხო სამოსლით შემოსილები ბატონებს შეურაცხყოფენ. დედაკაცები ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო სამოსლით იმოსებიან და ჰგონიათ, რომ ამით გამართლებას ჰპოვებენ. მრავალი მათგანი ღმრთის მსახურების მომიზეზებით იკრეჭს თმას, დედობრივი ბუნების სამკაულს. (…) დაქორწინებულთა სახლებში ლოცვა არ სურთ და იქ შესრულებულ ლოცვებს შეურაცხყოფენ. ხშირად დაქორწინებულთა სახლებში შესაწირავს არ ეზიარებიან. ქორწინებულ მღვდლებს შეურაცხყოფენ და მათ მიერ აღსრულებულ ჟამისწირვებს არ ესწრებიან.“
მოყვანილი განსაზღვრებიდან ნათელია, რომ ღანგრის კრების მიმდინარე კანონი (და მთლიანად კრება) კრძალავს არ უბრალოდ ქალის მიერ მამაკაცის სამოსით შემოსვას, არამედ გაცილებით უფრო სიღრმისეული ერეტიკული მოძღვრებების წინააღმდეგაა მიმართული. არსებითად იგივეს ვხვდებით ამ ერესის შესახებ სხვა წყაროებშიც.
იოანე დამასკელი საკუთარ ნაშრომში „მწვალებლობათა შესახებ“ საკმაოდ ვრცლად საუბრობს მესალიანთა (მასალიანთა) ერესის სიცოფეთა შესახებ და სხვა უამრავთან ერთად აღნიშნავს: „გარდა ზემოხსენებულისა, მასალიელნი სხვა მრავალსაც უკეთურყოფენ და ცრუიან, კერძოდ კი ყოვლად აუღელვებლად დაარღვევენ ხოლმე სჯულიერ ქორწინებებს; ქორწინებაზე უარისმთქმელთ შეიწყნარებენ და პატივს-სცემენ, როგოც ასკეტებს.“
მესალინელთა ერესის ცრუ-ასკეტიზმზე საუბრობს ასევე ნეტ. თეოდორიტე კვირელი საკუთარ ნაშრომში – „საეკლესიო ისტორია“ (IV წიგნის X თავი).
მოყვანილი წყაროები ცხადყოფს, რომ ამ კონკრეტული ერესის არსი ცრუ-ასკეტიზმში მდგომარეობდა. ერესის სახელწოდებაც „მესალიელები“ ან „მასალიელები“ (ასევე ბერძ. „ევქიტები“) სირიული წარმოშობისაა და მლოცველ ერს ნიშნავს. სწორედ მოჩვენებითი ასკეტური ცხოვრების მიზნით შორდებოდნენ დაქორწინებული დედაკაცები და მამაკაცები, დედაკაცები იკვეცდნენ თმას და მამაკაცთა სამოსს იცვამდნენ, ასევე მამაკაცებიც და მონებიც საკუთარი ასკეტური მოღვაწეობის ხაზგასასმელად განსაკუთრებულად იმოსებოდნენ. შესაბამისად ამ ერესს სამოსელის მიმართ განსაკუთრებული, უნიკალური დამოკიდებულება ჰქონდა. ამის კვალდაკვალ ღანგრის კრებამ თავისი კანონით (მე-13) დედაკაცებს მამაკაცთა სამოსით შემოსვა სწორედ მოჩვენებითი ასკეტური მოღვაწეობის გამო აუკრძალა.
სწორედ ამას (მოჩვენებით ასკეტიზმს) რომ ითვალისწინებდა კანონმდებელი (ღანგრის კრება) ამ აკრძალვის დადგენისას, ამის შესახებ წერს დიდი კანონისტი თ. ბალსამონი საკუთარ კომენტარებში: „კანონი ანათემას განუწესებს (შეაჩვენებს) იმ დედაკაცებს, რომლებიც მოღვაწეობის მიზნით მამაკაცთა შესამოსელით იმოსებიან და დედაკაცის ბუნებრივ სამოსელს კი უკუაგდებენ. წმინდა მამებმა ზედმიწევნით სწორად გაუსვეს ხაზი დათქმას „მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის“, რადგან ის ვინც მოღვაწეობს არა სიცრუითა და ფარისევლობით, არამედ ჭეშმარიტებითა და სიწმინდით, არა თუ ანათემას არ უნდა გადაეცეს (შეჩვენებულ იქნეს), არამედ ასეთი ქებას იმსახურებს. რადგან მრავალმა, ვინც მამაკაცურად გადაცმული ჭეშმარიტად მოღვაწეობდა, ხსნა მოიპოვა, როგორც წმ. მელანიამ, წმ. ევგენიამ და სხვებმა.“
განხილულიდან ნათლად ჩანს, რომ ღანგრის კრების წმ. მამებმა მოცემული (მე-13) კანონის წინაპირობად განსაზღვრეს არათუ დედაკაცის მიერ მამაკაცის სამოსის უბრალოდ (განსაკუთრებული მიზნის გარეშე) შემოსვა, არც ჭეშმარიტი მოღვაწეობის მიზნით მამაკაცად გადაცმა, არამედ ასეთი ქმედება მოჩვენებითი მოღვაწეობის მიზნით. სწორედ ეს კერძო შემთხვევა წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებისათვის სავალდებულო გარემოებას და კანონის მისგან დამოუკიდებლად განზოგადება დაუშვებელია, რადგან არც მისი შინაარსი და არც კრების სულისკვეთება (მესალინელთა ერესის დაგმობა) არ იძლევა დედაკაცის მიერ მამაკაცის სამოსით შემოსვასთან დაკავშირებით ზოგადი მსჯელობის საშუალებას.
მესამე და უკანასკნელი კანონიკური აკრძალვა ქალისათვის მამაკაცის, მამაკაცისთვის კი ქალის სამოსის ჩაცმის შესახებ გვხვდება VI მსოფლიო საეკლესიო კრების (სხვაგვარად „ტრულის“ ან V-VI კრების) 62-ე კანონში, რომელიც ძველი ელინური დღესასწაულების და მათ აღნიშვნასთან დაკავშირებული ტრადიციების დაგმობას ეძღვნება: „კალანდის, ვოტას, ვრუმალის და მარტის პირველ დღეს აღსრულებული დღესასწაულის მორწმუნეთა ცხოვრებიდან სრულიად ამოღება გვნებავს. ამასთანავე, დედაკაცთა სახალხო ცეკვას, რომელსაც დიდი ზიანის მოტანა და ზნეობის შერყვნა შეუძლია, აგრეთვე დედაკაცთა და მამაკაცთა მიერ ელინური ცრუ ღმერთებისადმი საწარმართო ჩვეულების მიხედვით შესრულებულ ცეკვას უკუვაგდებთ, როგორც საქრისტიანო ცხოვრებისათვის უცხოს, და ვადგენთ, რომ არც ერთმა მამაკაცმა სადედაკაცო სამოსელი არ შეიმოსოს, არც დედაკაცმა – სამამაკაცო.
ატიკური, ჯამბაზური, ან თამაშით გასართობი სამსახიობო ნიღაბი არავინ უნდა აიფაროს. ნურც საწნახელში ყურძნის წურვის დროს უხმობენ საძაგელი დიონისეს სახელს, ნურც ჭურში ღვინის ჩასხმის დროს იცინიან უწესოდ, როგორც უვიცობითა და ამაოების ტრფიალით ეშმაკის საცთურის მოქმედნი.
ვინც ზემოთქმულთაგან რომელიმე საქციელს ჩაიდენს, უკვე იცის და ისე სცოდავს, თუ სასულიერო პირი იყოს, მათ განკვეთას ვბრძანებთ, თუ ერისკაცი – უზიარებელ იყოს.“
ეს კანონი ალბათ ყველაზე ნაკლებ განმარტებას საჭიროებს, რადგან მასში უამრავი ინფორმაციაა გადმოცემული, რომელიც აკრძალული ქმედების შინაარსის ზედმიწევნით ზუსტი გაგების საშუალებას იძლევა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რამდენიმე დამატებითი ინფორმაცია კიდევ უფრო ცხადყოფს კანონის არსს.
კანონთა განმმარტებლები (მაგ: ეპისკოპოსი ნიკოდიმი (მილაში)) მიმდინარე კანონს აწყვილებენ ამავე, „ტრულის“ კრების 24-ე კანონთან, რომელიც ასევე ელინურ დღესასწაულებს და მათი აღნიშვნის ელინურ-წარმართული ტრადიციების აკრძალვას უკავშირდება: „აქ, როგორც ქრისტიანთათვის შეუფერებელი, განიკითხება წარმართული დღესასწაულები, თამაშები და მოკაზმულობა – წარმართული დროიდან შემორჩენილი.“ ამ განმარტებიდან და კანონის ტექსტიდან ცხადად ჩანს, რომ ქალისა და მამაკაცის შესამოსელი და მათი ჩაცმის წესი (ქალები მამაკაცების შესამოსელით და პირიქით) სხვა მოკაზმულობასთან ერთად (სამსახიობო ნიღბები) განიხილება, როგორც წარმართული (ელინური) დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი, ისევე, როგორც მსახიობობა და თეატრალიზებული დადგმები.
ამ კანონის განმარტებისას თ. ბალსამონი რამდენადმე უღრმავდება სამოსლის თემას და წერს: „მარტის თვეში აღინიშნებოდა დიდი ელინური დღესასწაული, რომლის დროსაც გამოხატავდნენ მადლიერებას ჰაერის კეთილშეზავებისათვის და კარგი ამინდებისათვის, როდესაც სრულდებოდა მამაკაცთა და დედაკაცთა ავხორცი სახალხო ცეკვები. ამ ყოველივეს აკრძალვასთან ერთად, წმ. მამებმა დაამატეს, რომ მამაკაცებმა არ უნდა ჩაიცვან დედაკაცთა სამოსი და პირიქით, არ გაიკეთონ კომიკური, ტრაგიკული ან სატირული თეატრალური ნიღბები.“ თ. ბალსამონი იშველიებს რა წმ. იმპერატორი იუსტინიანეს ნოველებს, საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის წარმართული დღესასწაულების ხასიათისა და მათი აღნიშვნისას ჩაცმულობის (სამოსის) მნიშვნელობისა და თავისებურებების შესახებ: „ყველას, ვინც ერში ცხოვრობს, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც სასცენო წარმოდგენებში იღებენ მონაწილეობას, მამაკაცებსა და დედაკაცებს ვუკრძალავთ ბერ-მონაზონთა სამოსით შემოსვას და მათ წაბაძვას (დაცინვას). ყველამ, ვინც გაბედავს ამ სამოსით შემოსვას, ბერ-მონაზონთა წაბაძვას ან რაიმე ეკლესიურის დაცინვას, დაე იცოდნენ, რომ დაექვემდებარებიან ფიზიკურ სასჯელს და იქნებიან გადასახლებულები.“ მოცემული ნოველის ტექსტი კიდევ უფრო მკაფიოდ ადასტურებს თუ როგორი ცენტრალური ადგილი ეკავა სამოსელს და შემოსვის ფორმებს (მათ შორის დედაკაცთა მიერ სამამაკაცო სამოსელის და პირიქით) წარმართული ღმერთებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების აღნიშვნაში, რომელიც მართლმადიდებელისთვის ეშმაკის მსახურებას გულისხმობს და რიტუალურ დადგმებში, რომელიც უმეტესად აღვირახსნილ და ავხორც (ორგიების) ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, ამ კანონის გამოყენების, მისი საშუალებით მამაკაცთათვის სადედაკაცო სამოსელით შემოსვის, ხოლო დედაკაცთათვის – სამამაკაცოთი, აკრძალვის წინაპირობაა – მხოლოდ ისეთი შემოსვა, რომელიც ერთდროულად უკავშირდება სექსუალურ აღვირახსნილობას და წარმართული ღმერთების საკულტო მსახურებას. სხვა მხრივ, ანუ ამ წინაპირობის გარეშე, მოცემული კანონის განზოგადება კანონიკურად დაუშვებელია.
განხილულიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ის წინაპირობები ანუ ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობაც იწვევს მოცემული კანონების ამოქმედებას. კერძოდ, დედაკაცს ეკრძალება მამაკაცის სამოსით შემოსვა, თუკი ამის მიზანია:
1. წარმართული (ელინური) დღესასწაულების აღნიშვნა და მათ კულტ-მსახურებაში მონაწილეობის მიღება (II რჯ. 22:5; „ტრულის“ კრების 62-ე კანონი);
2. სექსუალური სიამოვნების განცდა (ტრანსვისტიზმი) და ავხორცული (ორგიები) ხასიათის თეატრალურ დადგმებში მონაწილეობის მიღება (II რჯ. 22:5; „ტრულის“ კრების 62-ე კანონი);
3. მოჩვენებითი ასკეტური მოღვაწეობა (ღანგრის კრების 13-ე კანონი).
მხოლოდ და მხოლოდ მოცემული მიზნები და მიზეზები წარმოადგენს მითითებული კანონების გამოყენების წინაპირობებს, სხვა შემთხვევებს ეს კანონები არ ითვალისწინებს და შესაბამისად, მათი განზოგადება ნებისმიერი სახის შემთხვევაზე დაუშვებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გავცდეთ საკითხის კანონიკურ-სამართლებრივ ჩარჩოებს და რაიმე, უფრო სიღრმისეული ანალიზი განვახორციელოთ, განვითარებული მსჯელობის მეტი სრულყოფისათვის საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე მომენტს მოკლედ შევეხოთ:
პირველი – აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი რაც ზემოთ ითქვა, ძირითად ნაწილში, ერთნაირად სავალდებულოა, როგორც მანდილოსნებისათვის, ასევე მამაკაცთათვის;
მეორე – შარვალი არ წარმოადგენს ექსკლუზიურად მამაკაცის სამოსს, არც ისტორიული და არც დიზაინერული განვითარების გათვალისწინებით, ისევე, როგორც ვერც ერთ სქესს ვერ მივაკუთვნებთ ექსკლუზივს პიჯაკზე, ხალათზე, წინდებზე და ა.შ;
მესამე – ხშირად შარვლის ჩაცმა იკრძალება იმ მოტივით, რომ ასეთი ჩაცმულობა მოწინააღმდეგე სქესში ხორციელ აღგზნებას და ცდუნებას იწვევს, რაც ცალკე აღებული, როგორც აღმოჩნდა არც ერთი კანონის წინაპირობას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ხორციელი ვნებები, როგორც უზომოდ ინდივიდუალური და მრავალფეროვანი კატეგორია, შეუძლებელია ასე იმპერატიულად შემოვსაზღვროთ, რადგან გამორიცხული არ არის, რომ მეტში თუ არა, არა ნაკლები რაოდენობის მამაკაცში იწვევდეს მსგავს ხორციელ აღგზნებას კაბით შემოსილი მანდილოსანი (კაბის დიზაინის მრავალფეროვნების გათვალისწინებით).
და ბოლოს ამ პრობლემასთან მიმართებით მნიშვნელოვანია არა ის თუ რა აცვია მანდილოსანს (კაბა თუ შარვალი), არამედ ის თუ რამდენად ესთეტიურად გამოიყურება ის მთლიანობაში და რამდენად შეესაბამება მისი გარეგნობა, მისსავე შინაგან ქრისტიანულ მრწამსსა და სულისკვეთებას.