წარმოგიდგენთ ფრიად საყურადღებო ამონარიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმ. ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ნაშრომიდან ”მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. იგი ეხება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას გვიანდელ საუკუნეებში, განათლების აუცილებლობას სამღვდელოებაში და ეკლესიის მართვაში კრებითობის პრინციპის დაცვის აუცილებლობას. ამონარიდი იბეჭდება შემდეგი გაამოცემიდან: მწიგნობრობა ქართული, ტ.12, ტომის შემდგენელ-რედაქტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია, გამომცემლობა ”ციცინათელა”, თბილისი, 2011, ,გვ. 509-515.

ავტორი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმ. ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)

სტატია გამოსაქვეყნებლად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო მღვდელმა ილია ჭიღლაძემ.

XVII-XVIII საუკუნეების  სამღვდელოება რუსეთში მეტად გაუნათლებელი იყო. ბევრმა წერა-კითხვა არც კი იცოდა.როდესაც XVIIIსაუკუნეში აღსარებით სიების წერა შემოიღეს და ეს დაავალეს სამღვდელოებას, მღვდელები ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. ეკლესიები დაცარიელდნენ, წირვა-ლოცვა შეწყდა, რადგან მღვდლები, რომელთაც ვერ შესძლეს აღსარებით სიების წერა, დატუსაღებულ იქნენ, (მღვდ. პოპოვი, ”Арсений Масиевич и его дело”, 1912 წ. პეტროგრადი, გვ. 120). ”არ ვიცი ვინ უფრო საჭიროებს სწავლას, ერი თუ სამღვდელოება – ამბობდა დიმიტრი როსტოველი – მთესველი, თუ ის ნიადაგი, რომელზეც ითესება, რადგანაც ერთნაირად გაუნათლებელია ერთი და მეორეც.ორივე მხრით ცუდად არის საქმე: მღვდლები რეგვენნი და უჭკუონი არიან, ხოლო ხალხი კი – უგულისხმო” (დიმიტრი როსტოველი, თხზულებანი, მოსკოვი, 1857 წ., ტ.II, გვ.576).

გაუნათლებლობას თან ერთვოდა უკიდურესობამდე გავრცელებული სიმთვრალე და ზნედაცემულობა. დე-ველკური (de Belcuor) მეთვრამეტე საუკუნის სამოციან წლებში ამბობდა, რუსეთის სამღვდელოება ”თითქმის მთლად გაუნათლებელია, ყველანი სიმთვრალეს მისდევენ და თითქმის არა აქვთ გრძნობა პატიოსნებისა” (ბილბასოვი, Историа Имп. Екатерины II, ტ. XII, 217 და მღვდ. პოპოვი, მოხსენებული თხზულება, გვ.61). ამნაირათვე ახასიათებს სამღვდელოებას პოსოშკოვი. ის მოგვითხრობს, რომ მის დროს (XVIII საუკუნის პირველი ნახევარი) წარმომადგენლები ყველანი გაუნათლებელნი და ლოთები იყვნენ ( მღვ. პოპოვი, ხსნებული თხზულება, 144) დიმიტრი როსტოველის, ტიხონ ვორონეჟელის თქმით, მათ დროს მღვდლად მიდიოდნენ არა იმისათვის, რომ ხალხის ინტერესებისათვის ემსახურნათ, არამედ ლუკმა პურისათვის (Ibid.146). მიტროპოლიტი არსენი (მაციევიჩი) ბრძანებას სცემს, იღუმენობის კანდიდატი გამოსცადონ, იცის თუ არა წიგნის კითხვა და სიმბოლო სარწმუნოებისა (Ibid. 194). იმდენად დაცემული იყო სამრვდელოებაში განათლება, რომ მთავრობა იძულებული ხდებოდა გამოეცა ბრძანება ესწავლებიათ სასინოდო უწყების მღვდელ-მონაზონთათვის საყოველდღეო უბრალო და მოკლე ლოცვები (Ibid. 379).ამის შემდეგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მაშინდელი სამღვდელოება წინააღმდეგი იყო ხალხი განათლებისა (პროფ. სმირნოვი, Древне-русский духовник, მოსკოვი, 1913 წ., გვ.240). რეგლამენტი იძულებულია იზრუნოს იმაზე , რომ სამღვდელოებამ მღვდელმოქმედების დროს, სიმთვრალის გამო, არ დაარღვიოს წესრიგი ეკლესიაში, რადგან მთვრალი მღვდლები წირვის შესრულებას არ ერიდებოდნენ. აგრეთვე თვალყური ედევნებინათ, რომ მღვდლები საჯარო კრივში (Кулачныи бой) არ გამოდიოდნენ, დუქნებში არ ექეიფნათ  და მთვრალნი ქუჩაზე არ გდებულიყვნენ (მღვ. პოპოვი, იქვე,194-195 და პ. ზნამენსკი, Руководство к Русс. церковной истории, Казань, გვ.118 ) .

ხალხის განათლებით რუსეთი იმ დროს მეტად ჩამოქვეითებული იყო. თუ XIX საუკუნის დასაწყისში სწავლა-ცოდნის გავრცელება ხალხში საშიშარ საქმედ მიაჩნდათ, რა უნდა ითქვას XVII-XVIII საუკუნეებზე. კაცის კვლა, ეკლესიების ძარცვა, კრეხელობა,ქრისტიანული წესების აუსრულებლობა, წირვა-ლოცვის დროს ეკლესიაში უდიერი საქციელი,ლაყბობა და გინება ხშირი მოვლენა იყო (მღვდ. პოპოვი, მოხსენებული თხზულება, გვ.169 და 192). ხალხი ზნეობრივად დაცემული იყო, არ ესმოდა ის სარწმუნოება, რომელსაც აღიარებდა. ეპისკოპოს ათანასე როსტოველის თქმით, ” იქაც ( როსტოვის ეპარქიაში), როგორც მთელ რუსეთში, გლეხის შვილები იზრდებოდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი, არ მცოდნენი არც ლოცვებისა და არც იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებდნენ. იშვიათად გლეხს აქვს ნამდვილი  წარმოდგენა ღმერთზე, უწესო საქმეები ცოდვათ არ მიაჩნიათ”(იქვე, 169-170). ალფრედ რამბო თავის რუსეთის ისტორიაში, მოსკოვის პერიოდის აღწერის დროს, მოგვითხრობს, რომ რუსი გლეხი თავის მართლმადიდებლობის ქერქ ქვეშ უწინდებურად წარმართი იყო (ზოსიმოვსკი, ”Есть ли у русских религия”, ნაწ. II, გვ.155).” მე მახსოვს -ამბობს პოსოშკოვი, რომელიც თვით გლეხთაგანი იყო და ცხოვრობდა XVIII საუკუნის დასაწყისში,  – მოსკოვში ერთმა მეასედმა ხალხისამ თუ იცის, რა არის ქრისტიანობრივი სარწმუნოება, ან ვინ არის ღმერთი, რა არის მისი ნება, როგორ უნდა ილოცოს, როგორ უნდა თაყვანისცეს ღვთისმშობელს, ანგელოზებს, წმინდანებს და ხატებს” ( დეკ. მარკოვი, Чем объяснить отношение ко св. прав. церкви формално.). საიდუმლო აღსარებას და ზიარებას ძალიან იშვიათად ასრულებდნენ, რადგან არ იცოდნენ მათი მნიშვნელობა. გერბშტეინი ამბობს, რომ დაბალი ხალხი თავის თავს ვალდებულად არ თვლიდა აესრულებინა ეს ქრისტიანული მოვალეობა, რადგან მათის აზრით, ეს შეეფერება მხოლოდ მარალ წოდების და ხარისხის კაცებს….

ვინ იყო ამის მიზეზი, თუ არა სამღვდელოება, მისი უმწეო და  უუფლებო მდგომარეობა, მისი გაუნათლებლობა? რა შეეძლო იმ სამღვდელოებას, რომელსაც თვისი ცოლ-შვილიც ვერ დაურიგებია? … ხშირი იყო ხალხში მონასტრების და საზოგადოდ, სასულიერო წოდების წინააღმდეგ ამბოხება. არა თუ არ აძლევდნენ სასულიერო მტავრობას სამამულო გადასახადებს, არამედ ცეცხლითაც ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრების ქონებას (”Арсений Масиевич  и его дело”, გვ.319). რისი მაგალითი საქართველოში არასოდეს ყოფილა. არას ვიტყვით ხალხის სარწმუნოების ფარისევლურ ხასიათზე, გარეგან კეთილმორწმუნეობაზე (გოლუბინსკი, ”О реформе в быте русской церкви”, მოსკოვი,1913 წ.,გვ.14), წვალებლობა – ურჯუკობა (изуверство)  და მათ დევნულობაზე და მრავალ სხვაზე, რითაც მდიდარია რუსეთის XVII-XVIII საუკუნეების საეკლესიო ისტორია.

რუსეთის ეკლესიის მდგომარეობა იმ ხანებში აუტანელი იყო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესია როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გაუქმებულ იქმნა, ეკლესიურ საქმეების მართვა საერო მთავრობის ხელში იყო გადასული. საქმე იქამდის მივიდა, რომ სამღვდელმსახურო წიგნების ბეჭვდაც კი არ შეეძლო სინოდის კაბინეტ-მინისტრის ნებადართველათ. თვით დაბეჭდილი წიგნებიც ისე უნდა შეესწორებინათ, როგორც ამას მოისურვებდა საერო მთავრობა(მღვ. პოპოვი, ხსენ. თხზ., გვ.,47-48). ეპისკოპოსების დევნა, მათი დასჯა, დამცირება, ღირსების ახდა და ციმბირში გადასახლება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამისთანა ბედი ეწვია ბევრ მღვდელმთავრებს (მიტროპოლიტნი: ეგნატე სმოლა, არსენი მაციევიჩი; არქიეპისკოპოზნი: გიორგი დაშკოვი, თეოფილაკტე, აარონი, თეოდოსი და სხვანი. Ibid. გვ., 48,54,502,521,591 და სხ.). სამღვდელოების წარმომადგენლებს, განურჩევლად ხარისხისა, საჯაროთ ტანჯავდნენ, არა თუ ყოველნაირ წამებას აყენებდნენ,( გაწკეპლვა (розги ) , გამათრახება და სხვა, იხ.Ibid.52,129,157, 197-198 და 201),  არამედ საჯაროთ ანძაზედაც აგებდნენ (Ibid.48) . …

ეპისკოპოსები იმ დროს რუსეთში არ ირჩეოდნენ, არამედ პირდაპირ უმაღლესი მთავრობა ნიშნავდა, რაც ამას შემდეგშიაც ვხედავთ.

ორასი წლის განმავლობაში (იგულისხმება XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის ეკლესია – მღ. ი. ჭ.) არასოდეს ყოფილა არც ერთი საეკლესიო კრება, რომელშიც ისტორიკოს გოლუბინსკის თქმით, კრებითი მართვა და კრებათა მოწვევის შესახებ საეკლესიო კანონები არასდროს ყოფილა რიგიანათ შესრულებული (გოლუბინსკი, ”О реформе…”, გვ. 87)

აი, ამნაირი ეკლესიის წარმომადგენელნი კიცხავდენ  იბერიის ეკლესიის წეს-რიგს, მის მდგომარეობას საქართველოს რუსეთთან შეერთების წინა ხანებში და განა არ უნდა გვეთქვა: ”მოძღვარ, განიკურნე თავი შენიო”?!