თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში,
მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი.
1. ეპარქიაში არსებული მდგომარეობა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგ ოთხას ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი და მათთან ერთად სამღვდელოებაც განდევნილ იქნა მშობლიური მხარიდან. აფხაზეთში დარჩა მხოლოდ ოთხი ეთნიკურად არაქართველი სასულიერო პირი: მღვდელი ბესარიონ აპლია (ეთნიკური აფხაზი), მღვდელი პავლე ხარჩენკო (უკრაინელი), დეკანოზი პეტრე სამსონოვი (რუსი) და მღვდელი ვიტალი გოლუბი (ასევე რუსი). ასეთ პირობებში რელიგიური მდგომარეობა საქართველოს ამ მხარეში ძალზე გართულდა, ხოლო კანონიკური მართვა-გამგეობის მხრივ, შეიძლება ითქვას, სრული ქაოსი ჩამოყალიბდა. დე იურედ აფხაზეთის ეპარქია დღემდე რჩება საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ, ხოლო დე ფაქტოდ – ის ნაწილობრივ თვითმართველობს, ნაწილობრივ კი რუსეთის საპატრიარქოს მაიკოპისა და ადიღეის ეპარქიის მიერ იმართება.
1993 წლის ბოლოს, ხსენებულმა ოთხმა სასულიერო პირმა აირჩია მღვდელი ბესარიონ აპლია სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წარმომადგენლად დე ფაქტო ხელისუფლებასთან და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობებში. 1998 წელს იმავე პირებმა შექმნეს ე.წ. “ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საბჭო”, მიიღეს ეპარქიის წესდება და მმართველად აირჩიეს მღვდელი ბესარიონი აპლია.
2008 წლის ომისა და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ცნობის შემდეგ იქ მოღვაწე სამღვდელოება გააქტიურდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისთვის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად, მაგრამ სასულიერო პირებში გაჩნდა განხეთქილება დამოუკიდებლობის გზების მოპოვების საკითხის გამო. ძველი თაობის სამღვდელოება, რომელსაც მღვდელი ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს, პრო-რუსული ორიენტაციისაა, ხოლო ახალგაზრდები, მღვდელმონაზონ დოროთე დბარის მეთაურობით, პრო-ბერძნული, კერძოდ კონსტანტინეპოლთან დაახლოების მომხრენი არიან. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს ორი ბანაკი სპეციალურადაა შექმნილი აფხაზი სეპარატისტების მიერ იმ მიზნით, რომ ორივე საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებით, გამოიყენონ გარკვეული დაძაბულობა, რომელიც არსებობს მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს შორის და ან ერთისგან, ან მეორისგან მიიღონ ნაწილობრივი აღიარება მაინც. მოვლენათა ქრონოლოგია იყო შემდეგი:
2011 წლის 15 მაისს, აფხაზეთის ეპარქიის მომავლის განსაზღვრის მიზნით, ახალ ათონში სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში მღვდელმონაზონ დოროთე დბარისა და მღვდელმონაზონ ანდრეი ამპარის ორგანიზებით მოეწყო ე.წ. “საეკლესიო-სახალხო კრება”, რომელსაც 1500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ, როგორც თავად აფხაზური მხარე იუწყება, შეკრების მონაწილე 1500 ადამიანიდან ნახევარი საერთოდ მოუნათლავი იყო! შეკრების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ “საეკლესიო-სახალხო კრებას მიენიჭოს აფხაზეთის ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოს სტატუსი.” “მოყოლებული 2011 წლის 15 მაისიდან, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” ტაძრებში, მონასტრებსა და სათაყვანმომლოცველო ადგილებში მსახურებებთან, განიხილავს მხოლოდ საეკლესიო-სახალხო კრება.” შეიქმნა ახალი საეკლესიო ინსტიტუტი – “აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტო.” კრების მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს “აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს” მმართველი საბჭო 12 ადამიანის შემადგენლობით, აქედან 4 სასულიერო პირი, 6 საერო პირი და 2 ადგილი დაუთმეს მღვდელ ბესარიონ აპლიას მომხრე სასულიერო პირებს. კრების მონაწილეებმა, ასევე, აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და საეპისკოპოსო კანდიდატი, მღვდელმონაზონი (არქიმანდრიტი) დოროთე დბარი.
2011 წლის 26 მაისს “საეკლესიო-სახალხო კრების” მოწვევს გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეის მიტროპოლიტმა ტიხონმა, რომლის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან მღვდელმონაზონი დოროთე დბარი და მღვდელმონაზონი ანდრეი ამპარი, ხსენებულ ორ სასულიერო პირს ერთი წლის ვადით შეუჩერა მღვდელმოქმედების უფლება. თავის დადგენილებაში მეუფე ტიხონმა კრება “ბრბოთა თავყრილობად” მოიხსენია.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს მიწვევით, 2012 წლის 9 იანვარს სტამბულში, საპატრიარქოს შენობაში მოხდა შეხვედრა მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის ე.წ. “აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს” წევრებთან, რომელთა შორის იყვნენ: მღვდელმონაზონი დოროთე დბარი, მღვდელმონაზონი ანდრეი ამპარი, ბერდიაკონი დავით სარსანია და საერო პირები: თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია. შეხვედრისას მღვდელმონაზონმა დოროთემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის საეკლესიო პრობლემის მოგვარება შეუძლებელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ორმხრივი დიალოგის მეშვეობით და აუცილებელია ამ საქმეში მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომემ დასძინა, რომ მსოფლიო საპატრიარქო, როგორც დედა ეკლესია, ყველაფერს გააკეთებს, რომ აფხაზეთის საეკლესიო მდგომარეობამ მიაღწიოს კანონიკურ მოგვარებას.
2012 წლის 3 თებერვალს სოხუმის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შედგა ე.წ. ’’სახალხო კრება’’, რომლის მიზანიც იყო აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მხარდაჭერა. კრების მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა მსოფლიოს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ კრება მხარს უჭერს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოყოფას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. კრებამ ასევე დადებითად შეაფასა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესი მისი დედა ეკლესიის _ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შუამავლობით.
2. აფხაზი სეპარატისტ-ავტიკეფალისტების მიერ გადადგმული ნაბიჯების კანონიკური შეფასება
აქვე აღვნიშნავთ, რომ აფხაზი სეპარატისტ-ავტოკეფალისტების ყველა ზემოდ ჩამოთვლილი ქმედება არის არაკანონიკური და არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის ყველა ძირითად პრინციპს:
ა) დიდი სჯულის-კანონის მოციქულთა 34-ე, 39-ე; ანტიოქიის მე-9, მე-20; IV მსოფლიო კრების მე-8, მე-19; VI მსოფლიო კრების მე-8; ლაოდიკიის 57-ე და სხვა კანონების შესაბამისად, მმართველი ეპისკოპოსის გარეშე რაიმე საეპარქიო კრების ორგანიზება და ჩატარება არაკანონიკურია და ასეთი კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ბათილად ითვლება;
ბ) მოციქულთა მე-15; I მსოფლიო კრების მე-15, მე-16; IV მსოფლიო კრების მე-5, მე-13, მე-20, 23-ე; ანტიოქიის მე-9, VI მსოფლიო კრების მე-17, VII მსოფლიო კრების მე-10 და სხვა კანონების შესაბამისად, სასულიერო პირს ეკრძალება, მონაწილეობა მიიღოს უცხო ადგილობრივი ეკლესიისა თუ ეპარქიის მართვა-გამგეობაში: მღვდელმონაზონი დორეთე დბარი და მღვდელმონაზონი ანდრეი ამპარი არიან რუსეთის საპატრიარქოს, ადიგენისა და მაიკოპის ეპარქიის, მღვდელმსახურნი, ხოლო ბერდიაკონი დავით სარსანია – საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მსახურებიდან დაყენებული სასულიერო პირი. შესაბამისად, აფხაზეთში მათ მიერ შესრულებული ნებისმიერი საეკლესიო საქმიანობა არაკანონიკურია და მოკლებულია ძალას;
გ) მართლმადიდებლური კანონიკური პრაქტიკა საერო დასის წარმომადგენლებს აძლევს ხოლმე უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ეკლესიის მართვის სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის, კრებებშიც. მაგალითად, პრაქტიკულად ყველა ადგილობრივ ეკლესიაში არსებობს გაფართოებული საეკლესიო კრების ინსტიტუტები, სადაც სათათბირო ხმის, ან საარჩევნო ხმის უფლებით, მონაწილეობას იღებენ საერო პირებიც. მაგრამ მათი მონაწილეობა შესაძლებელია რამდენიმე პირობის დაცვით: კრებაზე მონაწილე საერო პირი უნდა იყოს მონათლული და აქტიური მართლმადიდებელი, რომელიც გამოირჩევა სამაგალითო ზნეობითა და საღვთისმეტყველო ცოდნით. ასევე, კრებაზე დასასწრებად, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა.
რაც შეეხება ახალ ათონში შეკრებილ „სახალხო-საეკლესიო კრების” მონაწილეებს, თავად კრების ორგანიზატორები აღიარებენ, რომ მათგან ნახევარი საერთოდ მოუნათლავი იყო. ხოლო, რაც შეეხება მონათლულებს, საკითხავია, მათგან რამდენი იქნებოდა აქტიური მრევლი, მაღალი ზნეობისა და საღვთისმეტყველო განათლების მქონე პირი. ერთია ცხადი, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა არცერთს ჰქონდა.
დ) როგორც უკვე ითქვა, მართლმადიდებლური კანონიკური პრაქტიკა საერო დასის წარმომადგენლებს უფლებას აძლევს ხოლმე, მონაწილეობა მიიღონ საეკლესიო კრებებში, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის იერარქიული პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია, დაცული იქნას სასულიერო პირებსა და საერო დასის წარმომადგენლებს შორის გარკვეული პროპორცია. რადგან ღვთის მიერ დაწესებული სამ საფეხურიანი სამღვდელო იერარქია ეკლესიის მაკურთხეველი და სწავლა-მოძღვრებითი მადლის მატარებელია და შესაბამისად, ეკლესიის მართვა-გამგეობის ღერძს წარმოადგენს, ნებისმიერ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე რაოდენობრივად სასულიერო პირები გაცილებით მეტი უნდა იყვნენ, ვიდრე საეროები.
ხოლო ე.წ. “სახალხო-საეკლესიო კრების” შემთხვევაში, 1500 მონაწილიდან 10 სასულიერო პირიც კი არ იყო და, როგორც უკვე ითქვა, მათგან – არცერთი მღვდელმთავარი. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ახალ ათონში შეკრებილ კრებას, მაქსიმუმ, სახალხოდ თუ აღიარებ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში – საეკლესიოდ.
3. აფხაზი ავტოკეფალისტების ისტორიულ-კანონიკური არგუმენტები და მათი შეფასება
2011 წლის 15 მაისს ე.წ. “სახალხო-საეკლესიო კრების” მიერ მიღებულ დოკუმენტში, 2011 წლის 14 ივლისს ე.წ. “აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს” მიერ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის სახელზე გაგზავნილ # 8 წერილში, 2012 წლის 3 თებერვალს სოხუმში ორგანიზებულ “სახალხო კრების” მიერ მიღებულ მიმართვასა და სხვა დოკუმენტებსა თუ სტატიებში ჩამოყალიბებულია ის “ისტორიულ-კანონიკური არგუმენტები”, რომელთა საფუძველზეც აფხაზი სეპარატისტები ითხოვენ მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრაში და კონკრეტულად, ავტოკეფალიის აღიარებას:
ა) სეპარატისტების თქმით, VI-VII საუკუნეებში აფხაზეთის ეპარქია შედიოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ, აქედან გამომდინარე, მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთისთვის “დედა ეკლესიას” წარმოადგენს და ამიტომ მას აქვს კანონიკური უფლება, მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის ეპარქიის აწმყოსა და მომავლის განსაზღვრაში.
საეკლესიო სამართლის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს ავტოკეფალური ეკლესიების სტატუსსა და უფლებებს (მოციქულთა 34, 35; I მსოფ. 6; II მსოფ. 2; III მსოფ. 8; IV მსოფ. 28; VI მსოფ. 20; ანტიოქია 9, 13, 22; სარდიკა 3.), ის ფაქტი, რომ რომელიმე ეპარქია ან ადგილობრივი ეკლესია ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ექვემდებარებოდა სხვა ადგილობრივ ეკლესიას, არ ნიშნავს, რომ ე.წ. “დედა ეკლესია” ინარჩუნებდეს რაღაც იურისდიქციონალურ, კანონიკურ, ან, თუნდაც, მორალურ უფლებებს, ერეოდეს ამჟამად უკვე ავტოკეფალური ეკლესიის, ან მისი ნაწილის შიდა საქმეებში.
მაგალითად, დაარსებიდან 1219 წლამდე სერბეთის ეკლესია ჯერ რომის, შემდეგ კი კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ბულგარეთის ეკლესიამ, ასევე, კონსტანტინოპოლისგან 927 წელს მიიღო ავტოკეფალია, შემდეგ მან საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე დაკარგა და ისევ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1589 წელს იქნა აღიარებული კონსტანტინოპოლის მიერ. რუმინეთის ეკლესიის – კიდევ უფრო გვიან, მხოლოდ 1885 წელს და მანაც ასევე მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო ავტოკეფალია; მაგრამ ამჟამად ოთხივე ჩამოთვლილი ადგილობრივი ეკლესია სრულიად დამოუკიდებელია და გამორიცხულია, რომ კონსტანტინოპოლი, ან სხვა რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ჩაერიოს მათ შიდა მართვა-გამგეობაში.
ისეთი უძველესი ეკლესიაც, როგორც იერუსალიმის საპატრიარქოა, IV მსოფლიო კრებამდე, ანუ 451 წლამდე, არ იყო ავტოკეფალური, ის ექვემდებარებოდა კესარია-პალესტინის მიტროპოლიას, რომელიც თავის მხრივ, ანტიოქიის ეკლესიას ემორჩილებოდა. ამ ისტორიული ფაქტიდან გამომდინარე, განა შეიძლება ვიღაცამ დაუშვას, რომ დღეს ანტიოქიის საპატრიარქო იერუსალიმს თვითნებურად “უგვარებდეს” შიდა პრობლემებს?!
თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიამაც ავტოკეფალია მოიპოვა მხოლოდ II მსოფლიო კრებაზე, ანუ 381 წელს, მანამადე ამ ქალაქის ეპისკოპოსები ჰერაკლიის მიტროპოლიტებისგან იღებდნენ ხელდასხმას. ჰერაკლიის მიტროპოლია, თავის დროზე, მოიცავდა დღევანდელი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ბულგარეთისა და სერბეთის ტერიტორიებს. აფხაზი “ავტოკეფალისტების” ლოგიკით, სერბეთის, ბულგარეთისა და ელადის ეკლესიები კონსტანტინეპოლისთვის “დედა ეკლესიას” უნდა წარმოადგენდნენ და შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ უფლება, მართონ მსოფლიო საპატრიარქო.
მაშასადამე, იმის ძიება, რომელი ადგილობრივი ეკლესია რომლისთვის წარმოადგენს “დედა ეკლესიას” და აქედან გამომდინარე, რაღაცა იურისდიქციონალური თუ მორალური უფლებების (პრეტენზიების) წამოყენება უხეშად არღვევს კანონიკური სამართლის ძირითად პრინციპებს, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში ორი ათასი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ წესრიგს და შეიძლება დიდი ქაოსი, დაპირისპირება და განხეთქილება შემოიტანოს.
ბ) აფხაზები ეთნიკურად ქართველებისგან განსხვავებულ ერს წარმოადგენენ, აფხაზეთი ოდითგანვე მათ მიწა-წყალს წარმოადგენდა და შესაბამისად, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს საპატრიარქოსაგან გამოყოფილ ავტოკეფალურ ეკლესიას უნდა წარმოადგენდეს.
სეპარატისტების ამ არგუმენტის გაბათილებისას, შეგნებულად უნდა მოვერიდოთ ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა დღევანდელი აფსუების (აფხაზების) წარმომავლობა და ამ მიწა-წყალზე მათი დასახლება. პრობლემის ასეთ ჭრილში განხილვა ერთგვარ სოფისტურ მახეს წარმოადგენს, რადგან კამათი იმის თაობაზე, ვინ არიან აფხაზები და აფხაზეთი რეალურად ვისი სამშობლოა, შეიძლება დაუსრულებელ და არაფრის მომცემ კინკლაობაში გადაიზარდოს. ყველაზე მთავარი ფაქტი არის ის, რომ ზოგადად, კანონიკისთვისა და კონკრეტულად, საეკლესიო ავტოკეფალიის განსაზღვრისათვის ამ საკითხებს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ რომც შევთანხმდეთ იმ გარემოებაზე, რომ აფსუები ძველი აბაზგების შთამომავლები და შესაბამისად, ისტორიულად ამ კუთხის შვილები არიან, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის რომაელი ისტორიკოსები, სტრაბონი და კლაუდიუს პტოლომეოსი, ასევე, VII საუკუნის დოკუმენტი – სომხეთის გეოგრაფია, დღევანდელი აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობაში უმთავრესად ქართულ ტომებს ასახელებენ. შეგნებულად არ შევიჭრებით ისტორიკოსების კომპეტენციაში და არ დავიწყებთ სხვა მრავალრიცხოვანი წერილობითი თუ არქეოლოგიური წყაროების ჩამოთვლას, საიდანაც მტკიცდება, რომ აფხაზეთი ყოველთვის ეთნიკურად, კულტურულად და პოლიტიკურადაც ქართული სამყაროს შემადგენელი ნაწილი იყო. ცხადი ერთია: რომც დავუშვათ, რომ აფსუები ოდითგანვე აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ეს კუთხე არასდროს ყოფილა ექსკლუზიურად მხოლოდ აფსუების სამშობლო, ის ყოველთვის უმთავრესად ქართველებით იყო დასახლებული.
რომც დავუშვათ, როგორც აბსურდი, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის მონოეთნიკური იყო და შედგებოდა ექსკლუზიურად მხოლოდ აფსუებისგან, არც ეს იქნებოდა კანონიკურად საკმარისი არგუმენტი ავტოკეფალიის მოსათხოვად. Mმართალია, მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის ერთ-ერთ ძირითად კანონიკურ პრინციპს ე.წ. ეროვნულ-ნაციონალური პრინციპი წარმოადგენს, რაც იმაში გამოიხატება, რომ საეკლესიო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს (სამრევლოებს, ეპარქიებს, მიტროპოლიებს), როგორც წესი, გააჩნია გარკვეული ეროვნულ-ნაციონალური ნიშან-თვისება – ლიტურგიკული ენა, არქიტექტურის ფორმა, ხატწერის სტილი, გალობის კილო, კანონიკური ტრადიციები და ა.შ., მაგრამ ეს პრინციპი არ გულისხმობს აუცილებლად ავტოკეფალიის ქონას. მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ თხუთმეტი ავტოკეფალური ეკლესიაა, აქედან ერცერთი არ არის მონოეთნიკური. ყველა ადგილობრივი ეკლესია მოიცავს მრავალეთნიკურ მრევლს, რომელიც ხშირად ორგანიზებულია სამრევლოებში, ეპარქიებში, მიტროპოლიებში, საეგზარქოსოებში და ხან ავტონომიებშიც კი. მათ ჰყავთ შესაბამისი ეროვნების იერარქია და მსახურობენ შესაბამის მშობლიურ ლიტურგიკულ ენაზე.
მაგალითად, რუსეთის საპატრიარქოში არსებობენ უკრაინული, ბელორუსული, მოლდავური, ესტონური მიტროპოლიები და იაპონიის ავტონომია. რუმინეთის ეკლესიაში ფუნქციონირებენ უკრაინული, ბულგარული, ბერძნული და სერბული სამრევლოები. ალექსანდრიის ეკლესიის მრევლში არიან ბერძნები, არაბები, ეთიოპელები, კენიელები და ა.შ. ადგილობრივ ეკლესიებში შემავალი ეროვნებების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ კონკრეტულად საქართველოს საპატრიარქოს მაგალითზე ვიტყვით, რომ ქართულენოვან სამრევლოებთან ერთად, აქ ფუნქციონირებენ რუსული, ბერძნული, ასურული სამრევლოები, საკითხი დგას სომხურენოვანი მართლმადიდებელი სამრევლოების გახსნისაც და ა.შ.
დასკვნაში ვიტყვით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის მიხედვით, გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად რომელიმე ეთნოსის დასახლების შემთხვევაში, სულაც არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად ავტოკეფალური ეკლესია უნდა დაარსდეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები, დღესდღეობით, რეალურად ცალკე ეთნოსს წარმოადგენენ, ეს არ ნიშნავს, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია აუცილებლად ავტოკეფალურ ეკლესიად უნდა ჩამოყალიბდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: აფხაზი ერი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის უმცირესობას, მაქსიმუმ ერთ მეხუთედს თუ წარმოადგენს, დანარჩენი ეთნიკური ქართველები არიან (სამწუხაროდ მათი უმრავლესობა – ოთხასი ათასი – დევნილია). ამიტომ, თუ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ეთნიკურ შემადგენლობაზე ვილაპარაკებთ, ის გაცილებით უფრო მეტად ქართულია, ვიდრე აფხაზური.
გ) აფხაზი სეპარატისტების ავტოკეფალიის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ, თითქოსდა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ავიწროებდა აფხაზებს, ეწეოდა მათ დენაციონალიზაციას, ანუ “გაქართველებას”, არ აკურთხებდა აფხაზი ეროვნების სასულიერო პირებს და ა.შ.
ეს „ბრალდებაც” იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც მას არ გააჩნია არანაირი რეალური საფუძველი. თავად მღვდელმონაზონი დოროთე დბარი 2005 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რომ კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მთელი XX საუკუნის განმავლობაში, „სასულიერო პირების რაოდენობა აფხაზეთში არ აღემატებოდა ათ კაცს. აქედან უმრავლესობა რუსი ეროვნებისა იყო. მხოლოდ მიტროპოლიტ დავით ჭკადუას დროს, 80-იანი წლების ბოლოს, ქართველი ეროვნების სასულიერო პირების რაოდენობა გაიზარდა. ნიკიტა ხრუშოვის დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისას აფხაზეთის მთები იფარავდნენ მთელი სსრკ-ს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ბერებს. (…) 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდნენ პირველი აფხაზი ეროვნების სასულიერო პირები: მღვდელი ზაქარია შაქაია (…) და მღვდელი ბესარიონ აპლია.”
მოყვანილი ციტატიდან ნათლად ჩანს ფაქტი, რომ აფხაზი სეპარატისტები თვითონვე ამხელენ საკუთარ თავს სიცრუეში. როგორ შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა „აფხაზების გაქართველების” პოლიტიკას, თუ ადგილობრივი ან ჩამოსული დევნილი სასულიერო პირების აბსოლუტური უმრავლესობა იყო არა ქართველი, არამედ რუსი ეროვნების; შესაბამისად, საღვთისმსახურო ენა იქნებოდა ძირითადად არა ქართული, არამედ სლავური. აქედან ჩანს, რომ აფხაზეთში არა აფხაზების გაქართველების, არამედ მთელი მოსახლეობის გარუსების პროცესს ჰქონდა ადგილი. თავად დოროთე დბარი აღნიშნავს, რომ მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს ქართველი სასულიერო პირების რაოდენობა შედარებით გაიზარდა, სამაგიეროდ, ასევე, იკურთხა აფხაზი ეროვნების მღვდელმსახურებიც.
აფხაზი ეროვნების ბერდიაკონი დავით სარსანია 2004 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში, საქართველოს ეკლესიის შოვინისტური სულისკვეთების დასამტკიცებლად, წერს, რომ „1943 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე. ამ დროს აღინიშნება აფხაზების გაციება ეკლესიის მიმართ, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო ქართული ზეგავლენა. ტაძრებში ძირითადად რუსები და ბერძნები რჩებოდნენ, რომლებმაც გადაიტანეს 50-იანი წლების მძიმე რეპრესიები. XX საუკუნეში ზუსტად ამ მორწმუნეების წყალობით მართლმადიდებლობა შენარჩუნდა აფზაზეთში.”
ბერდიაკონ დავით სარსანიას ციტატაში, ასევე, ჩანს ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თვითონვე წერს, რომ ტაძრებში ძირითადად რჩებოდნენ რუსები და ბერძნები. საქართველოს ეკლესია რომ შოვინისტური ან ეთნოფილისტური ყოფილიყო, ის იქნებოდა ასეთი ყველა ეროვნების მიმართ და არა მხოლოდ აფხაზებისადმი. რადგან საქართველოს საპატრიარქოსა და ქართველი მღვდელმთავრების იურისდიქციის ქვეშ, რუსებმა და ბერძნებმა შეინარჩუნეს რწმენა და ეკლესიურობა, ეს იმის დასტურია, რომ ეკლესიის მიერ არანაირ შოვინისტურ პოლიტიკას ადგილი არ ჰქონია.
უფრო მეტიც, მოყვანილი ციტატიდან ისიც ჩანს, რომ კომუნისტურ პერიოდში აფხაზეთის ტაძრებში არ დადიოდნენ არა მხოლოდ აფხაზები, არამედ ქართველებიც: „ტაძრებში, ძირითადად, რუსები და ბერძნები რჩებოდნენო.” მამა დავითის ლოგიკას რომ ვენდოთ, საქართველოს ეკლესია შოვინისტურ პოლიტიკას ეწეოდა არა მხოლოდ აფხაზების, არამედ ქართველების მიმართაც კი.
დ) საქართველოს ეკლესიის შოვინიზმში დადანაშაულებისას, აფხაზური მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მათ არ ჰყავთ აფხაზი ეროვნების ეპისკოპოსი. 2011 წლის 15 მაისს ახალ ათონში ჩატარებულმა ეგრეთწოდებულმა „საეკლესიო-სახალხო კრებამ” აირჩია კიდევაც ეპისკოპოსობის კანდიდატი მღვდელმონაზონი დოროთე დბარი, ალბათ, იმის იმედით, რომ კონსტანტინოპოლის, ან სხვა რომელიმე ადგილობრივი ეკლესია აღიარებს მათ ავტოკეფალიას და უკურთხებთ მღვდელმთავარს.
სეპარატისტების ეს პრეტენზია და ბრალდება ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც ყველა მანამდელი. უპირველეს ყოვლისა, 1995 წელს მიღებული საქართველოს ეკლესიის მართვა-გამდეობის დებულება მღვდელმთავრობის კანდიდატებზე არ მოითხოვს აუცილებელ პირობად ეროვნებით ქართველობას. შესაბამისად, არაა გამორიცხული თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდში არსებობდნენ არაქართველი ეროვნების ეპისკოპოსები. უფრო მეტიც, ამისი პრეცედენტი არსებობს: 1956-1985 წლებში თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი, ეროვნებით უკრაინელი, საქართველოში სასულიერო პირად ნაკურთხი თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეისთვის საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებიდან სამი წარმოშობით სოხუმელია: მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა და მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, რომლებიც, მართალია, ეთნიკური ქართველები არიან, მაგრამ აფხაზეთის მკვიდრნი და აფხაზური კულტურის, ტრადიციებისა და ცნობიერების მატარებლები. ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ტენდენციურად განწყობილი საქართველოს რომელიმე კონკრეტული კუთხის წარმომადგენლებისა თუ სხვადასხვა ეროვნებების მიმართ.
როგორც უკვე ითქვა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება იძლევა იმის თეორიულ და პრაქტიკულ საშუალებას, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდში იყვნენ აფხაზი ეროვნების მღვდელმთავრები, მაგრამ საეკლესიო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს კანონიკურ პრინციპს წარმოადგენს იერარქიული მორჩილება, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პიროვნებებს შორის მორჩილებას, არამედ მორჩილებას შიდა საეკლესიო ერთეულებს, ინსტიტუტებსა და დაწესებულებებს შორის. მოციქულთა 34-ე, ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9 და დიდი სჯულის-კანონის სხვა მრავალრიცხოვანი კანონების მიხედვით, ყველა მღვდელმთავარს მოეთხოვება მორჩილება საეკლესიო ცენტრალური ხელისუფლებისადმი – წმინდა სინოდისა და პატრიარქისადმი. ამიტომ არცერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია და მათ შორის, საქართველოს ეკლესიაც, არ დაუშვებს მღვდელმთავრად ისეთი პირის კურთხევას, განურჩევლად მისი ეროვნებისა, რომელიც თავიდანვე სეპარატისტული მიზნებითა და მეამბოხური სულიკვეთებითაა განმსჭვალული.
ე) აფხაზი ავტოკეფალისტების კიდევ ერთი არგუმენტი არის ის გარემოება, რომ ამჟამად აფხაზეთი დამოუკიდელ რესპუბლიკას წარმოადგენს და შესაბამისად, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ავტოკეფალური ეკლესია უნდა არსებობდეს.
ეს არგუმენტი იმდენად უსუსურია, რომ სადღაც უხერხულიცაა მასზე პასუხის გაცემა. თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში იშვიათია ისეთი ადგილობრივი ეკლესია, რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდეს მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე. მაგალიტად, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება შვიდ ქვეყანაზე, იერუსალიმის ეკლესიისა – ოთხ ქვეყანაზე, რუსეთის საპატრიარქოსი – თხუთმეტ ქვეყანაზე, ალექსანდრიის ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მთელ აფრიკულ კონტინენტზე, ანუ ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაზე და ა.შ. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის კანონიკური პრინციპები არ გულისხმობენ, რომ თუ არსებობს რომელიმე დამოუკიდებელი ქვეყანა, შედეგად მის საზღვრებში აუცილებლად უნდა ყალიბდებოდეს ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიაც. ამიტომ, რომც წარმოვიდგინოთ, როგორც აბსურდი, რომ აფხაზეთი ოდესღაც გახდება მთელი მსოფლიოსა და მათ შორის, თვით საქართველოს მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავად ეს ფაქტიც კანონიკურად არ იგულისხმებს აფხაზეთის ავტოკეფალური ან თუნდაც, ავტონომიური ეკლესიის დაარსებას.
ვ) კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსადმი მიწერილ წერილში ე.წ. „აფხაზეთის წმიდა სამიტროპოლიტოს” წევრები, მღვდელმონაზონი დორეთე დბარი, მღვდელმონაზონი ადნდრეი ამპარი და ბერდიაკონი დავით სარსანია აფხაზეთის ეპარქიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ბოლო არგუმენტად ასახელებენ შემდეგ გარემოებას: „დღეისთვის იმ სიძულვილისა და შუღლის გამო, რომელიც დასადგურებულია ქართველებსა და აფხაზებს შორის, შეუძლებელია ვიყოლიოთ ქართველი ეპისკოპოსი.”
უცნაურია ასეთი არგუმენტის მოსმენა სასულიერო პირებისგან, რადგან კაცობრიობის ისტორიაში, სამწუხაროდ, ომი ძალზე ხშირი მოვლენაა, რაც ცხადია, ადამიანების ცოდვილი ბუნების შედეგია. ომი, რა თქმა უნდა, ყოველთვის შუღლის, მტრობისა და ადამიანებს შორის დაცილების მომტანია. ზუსტად ამიტომ, მაცხოვარი იესო ქრისტეს მიერ ეკლესიის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ სიყვარულზე დაფუძნებული საერთო რწმენის მეშვეობით, ადამიანებმა დაამარცხონ ყველანაირი მტრობა და სიძულვილი. იმის მაგიერ, რომ ეკლესია განიხილებოდეს შემრიგებელ საშუალებად, რომელიც აღადგენს საუკუნოვან ძმურ ურთიერთობებს ქართველებსა და აფხაზებს შორის, ზემოთხსენებული სასულიერო პირები ლაპარაკობენ მტრობაზე, როგორც ერთგვარ მონაპოვარზე, რომელსაც შენახვა და გაფრთხილება სჭირდება მათი სეპარატისტული მიზნების განხორციელებისთვის.
მღვდელმონაზონი დოროთე დბარი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს – შეუძლებელია ძალით გვაიძულონ, გვიყვარდეს ქართველები. იმ დროს, როდესაც მაცხოვარი იესო ქრისტე ქადაგებდა და მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე ასწავლის საყოველთაო სიყვარულს მტრებისადმიც კი, საწყენია, რომ ჩვენს დროში აფხაზეთის ეპარქიის ბედის გადაწყვეტას ცდილობენ სასულიერო პირები, რომლებისთვისაც სიყვარული შეუძლებელი გრძნობაა.
_________________
Иеродиакон Давид Сарсания, Размышления о современном состоянии православой церкви в Абхазии, Май 2004 г. წყარო : www.apsny.ru
Иеромонах Дорофей Дбар, Краткий очерк истории Абхазской Православой Церкви, Новый Афон, 2005 г. წყარო : www.abkhazia.ru
წყარო : АПСНЫПРЕСС
წყარო : აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს ოფიციალური წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახელზე, # 8, ივლისი 14. 2011.
წყარო : АПСНЫПРЕСС
წყარო : აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს ოფიციალური წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახელზე, # 8, ივლისი 14. 2011.
წყარო : www.anyha.org
წყარო : АПСНЫПРЕСС
Floca, I. N., Arhidiacon Prof. Dr., Drept Canonic Ortodox, Legisle şi Administraţie Bisericească, Vol. I, Editura Institutului Biblic şi de Misiune al Bisericii Ortodoxe Române, Bucureşti, 1990, p. 195
წყარო : АПСНЫПРЕСС; www.anyha.org
К. Е. Скуат, История Поместных Православных Церквей, შკურატი, თ. 1, Москва, 1994, ст. 101-102, 197, 249, 251, 268.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტომი I, გამ. “ალილო”, თბილისი, 2007, გვ.180.
მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტომი I, გამ. “ალილო”, თბილისი, 2007, გვ.225.
წყარო : აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს ოფიციალური წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახელზე, # 8, ივლისი 14. 2011.
მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, აფხაზეთი (ქართველთა „გააფხაზება”), საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-წალკის ეპარქია, 2001, გვ. 14, 15.
Иеродиакон Давид Сарсания, Размышления о современном состоянии православой церкви в Абхазии, Май 2004 г. წყარო : www.apsny.ru
Иеромонах Дорофей Дбар, Краткий очерк истории Абхазской Православой Церкви, Новый Афон, 2005 г. წყარო : www.abkhazia.ru;
Иеродиакон Давид Сарсания, Размышления о современном состоянии православой церкви в Абхазии, Май 2004 г. წყარო : www.apsny.ru
Иеродиакон Давид Сарсания, Размышления о современном состоянии православой церкви в Абхазии, Май 2004 г. წყარო : www.apsny.ru
Иеромонах Дорофей Дбар, Краткий очерк истории Абхазской Православой Церкви, Новый Афон, 2005 г. www.abkhazia.ru; ;
აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს ოფიციალური წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახელზე, # 8, ივლისი 14. 2011.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, თავი VII, $ 4. გამოცემულია წიგნში : საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2011.
აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს ოფიციალური წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახელზე, # 8, ივლისი 14. 2011.
აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს ოფიციალური წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახელზე, # 8, ივლისი 14. 2011.
Иеромонах Дорофей Дбар, « Мы сделали свой выбор », интервю брал Владимир Григорян. წყარო : ჰტტპ://http://www.rusvera.mrezha.ru/510/5.htm










