ავტორი: ბექა ებრალიძე
I
დიაკონი (ბერძ. – მსახური) ეკლესიის მღვდელმსახურთა პირველი საფეხურია, პრესვიტერობისა (მღვდლობის, ანუ ხუცესობის) და ეპისკოპოსობის წინ.
დიაკონთა მსახურება მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს. როდესაც საუბარი ეხება დიაკვნობის მსახურების წარმომავლობას, პირველ რიგში მიგვითითებენ ხოლმე საქმე მოციქულთას მე-6 თავზე, სადაც შვიდეულის გამორჩევა და ხელდასხმაა მოთხრობილი: „ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ“ (საქ.6.1-6).
გვსურს რამდენიმე დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება: როგორც ვხედავთ შვიდეულთან მიმართებაში „საქმე მოციქულთას“ ავტორი ტექსტში არ იყენებს ტერმინს – დიაკონი. ეს ტერმინი წმინდა წერილის მოცემულ მონაკვეთში არ გვხდება არც ლათინურ და არც ბერძნულ რედაქცებში. პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი წერს: „საერთოდ მიღებულია, რომ დიაკონატი იწყება „საქმე მოციქულთას“ მეექვსე თავში გადმოცემული ისტორიიდან, მაგრამ ტექსტში „დიაკონი“ არ ფიგურირებს, ეს იყო ინტერპრეტაცია, მიღებული დასავლეთში წმ. ირინეოსის დროიდან.“ (ПРОБЛЕМА ДИАКОНАТА В ПРАВОСЛАВНОЙ ЦЕРКВИ –Протоиерей Георгий Флоровский) საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ერთის მხრივ ტრადიცია შვიდეულს დიაკვნებად მიიჩნევს, მეორეს მხრივ კი საქმე მოციქულთა მათი დიაკვნობის შესახებ დუმს. თუმცა ერთი რამის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია – შვიდეულის საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენდა ლიტურგიკული მსახურება, რის შესახებაც ტრულის კრების დადგენილებებშიც ვკითხულობთ: „ვფიქრობთ, რომ არც დიაკონს და არც მღვდლის სახელი არ იყო მაშინ ცნობილი და არც იხმარებოდა. ამის საფუძველზე ჩვენ ვქადაგებთ, რომ ზემოხსენებული შვიდი დიაკონი არ უნდა იქნენ მიღებულნი როგორც საიდუმლოთა მსახურები. გადმოცემული სწავლების თანახმად მათ დავალებული ჰქონდათ სახლთგაძღოლა საერთო საჭიროებისათვის და, ამ შემთხვევაში, ისინი ჩვენთვის არიან მისაბაძნი კაცთმოყვარეობასა და შეჭირვებულთათვის მზრუნველობაში“(ტრულის კრების მე-16 კანონი). თავად ეს კანონი შვიდეულს დიაკვნებად მოიხსენიებს, მაგრამ აქვე ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ „ვფიქრობთ, რომ არც დიაკონის და არც მღვდლის სახელი არ იყო მაშინ ცნობილი“ – ანუ ტრულის კრების დამოწმებული კანონიც ადასტურებს რომ შვიდეულის დიაკვნად წოდება მართლაც ინტერპრეტაციაა, მითუმეტეს რომ შვიდეულის ლიტურგიკული მსახურებას თავად ეს კანონი გამორიცხავს. უფრო მეტიც – წმ. იოანე ოქროპირი „საქმე მოციქულთას“ განმარტებისას კატეგორიულად გამორიცხავს შვიდეულის „დიაკვნებად ხელდასხმის“ შესაძლებლობას, იმ მარტივი მიზეზით, რომ იმ დროს საერთოდ არ იყო იერარქიული გარჩევა. როგორც მოხმობილი ციტატებიდან ვხედავთ შვიდეული წარმოადგენდა ეკლესიის სოციალური მსახურების იარაღს: „პირველი დიაკვნები დადგენილ იქნენ იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ ეკლესიის მოწყალე სიყვარულის გამომხატველნი. ეკლესია – ეს გულმოწყალებაა, ეკლესია – ეს სიყვარულია…და პირველივე საუკუნეში, როდესაც მთელი ეკლესია ხარობდა სიყვარულით, ის ირჩევს დიდი, ცოცხალი გულის მქონე ადამიანებს… რათა ისინი აქციოს თავისი სიყვარულის იარაღად, მათ მიმართ ვინც უპოვარია.“ (МитрополитАнтоний (Блум) Сборник проповедей, М.,1993).
ზემოთ ვთქვით რომ დიაკონთა მსახურება მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს და ამის შესახებ მოწმობას თავად წმინდა წერილშიც ვხვდებით. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეს იწყებს მისალმებით, სადაც დიაკვნებსა და ეპისკოპოსებსაც ახსენებს: „პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ“ (ფილიპ.1.1). ხოლო ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში დიაკვნობისთვის კრიტერიუმებსაც კი აწესებს: „დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი, რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინდისით. ესენიც ჯეროვნად გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ მიენდოთ მსახურება…დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილების და თავის სახლის კეთილად განმგებელი.“ (1ტიმ.3.8-12) მოციქული პავლე აქ უკვე ხმარობს ზუსტ ტერმინს – διάκονος.
როგორ გავიგოთ „ილოცეს და ხელი დაადეს მათ“ როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი გამორიცხავდა შვიდეულზე სადიაკვნო ხელდასხმის აღსრულების შესაძლებლობას? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, იმ დროისათვის ხელდასხმა არ ნიშნავდა თანამედროვე ლიტურგიკული გაგებით „ქიროტონიას,“ რასაც მოწმობს კიდევაც წმინდა წერილი: „იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სულიწმიდა. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არცერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით. მაშინ დაადეს მათ ხელი და მათაც მიიღეს სული წმიდა“ (საქ.8.14-17) – მოცემულ მონაკვეთში მოციქულები ხელს ასხამენ და ახალნათელღებულებს და გარდამოიწვევენ სულიწმინდას მათ რწმენაში განსამტკიცებლად, რა თქმა უნდა აქ ხელდასხმაში სამღვდელო ქიროტონია არ იგულისხმება. „წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმინდით“ (საქ.917) – ამ მონაკვეთში კი მოწაფე ანანია ხელს ასხამს მოციქულ პავლეს, რაათა აეხილოს თვალი და ამასთანავე მიიღოს სულიწმინდა – არც აქ გვაქვს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ხელდასხმა სამღვდელო ქიროტონიას უდრიდა, ამდენად შვიდეულზე ხელისდადებით სულიწმინდის მოხმობაც ქიროტონირებას არ უნდა ნიშნავდეს – ეს იყო სულიწმინდის მადლის გამოთხოვა ეკლესიის ახალ საჭიროებაზე გამწესებულთათვის, მსახურების უბიწოდ შესასრულებლად. თავად ბერძნულ ტექსტში χειροτονηα-ს არ ვხვდებით, არამედ οὓς καταστήσομεν ἐπὶ τῆς χρείας ταύτης:
„დიდაქეში“ ვკითხულობთ: „დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები“ – (ბერძნულ ორიგინალში: “χειροτονησατε ουν εαυτοις τοις επισκοπους και διακονους“ გამოყენებული სიტყვა χειροτονησατε – არა დადგენაზე, არამედ არჩევაზე მიგვანიშნებს, საქმე მოციქულთაში გადმოცემული არჩევის მსგავსად – „მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი“. რაზეც მიგვითითებს კიდეც პროტოპრესვიტერი ნიკოლაი აფანასევი: „შინაარსით დადგინების საიდუმლოს პირველ მომენტს წარმოადგენდა χειροτονησατε (ბერძ.χειρο – ხელი , τεινω – გაჭიმვა, გაწვდენა) – ანუ მსახურებაზე დადგინებადი პირის არჩევა“ (Протопресвитер Николай Афанасьев. Экклезиология. вступления в клир. Ч.1. Г.1) საყურადღებოა, რომ დიდაქეს ავტორი ახსენებს მხოლოდ დიაკვნებსა და ეპისკოპოსებს, არ ახსენებს პრესვიტერებს, ასევე საუბრობს წინასწარმეტყველთა მიერ სამადლობელის (ევქარისტიის) აღვლენის შესახებ, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიაკვნებს უკვე ჰქონდათ მინდობილი ლიტურგიკული მსახურებაც – „დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის“ (დიდაქე. XV. 1).
დაახლოებით ამავე შინაარსს ეხმიანება წმინდა კლიმენტი რომაელის კორინთელთა მიმართ ეპისტოლის შემდეგი ციტატაც: „სოფლებსა და ქალაქებში ქადაგებისას დაადგინეს მათი სათავეები, რომლებიც გამოსცადეს სულით, რომ რწმუნებული ყოფილიყვნენ ისინი სამომავლო მრევლის ეპისკოპოსებად და დიაკვნებად“ (1 კორინთელთა. თავი XLII). ტექსტის ქართულად მთარგმნელი და გამომცემელი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე 49-ე კომენტარში აღნიშნავს: „როგორც მიიჩნევენ, სახეობრივად, ალეგორიულად გულისხმობს მოციქულთა მიერ დადგენილ ეპისკოპოსებს და დიაკვნებს.“ (ჟურნალ “გზა სამეუფოს” დანართი N3. 1997 წ.) ციტატა „დიდაქედან“ და წმინდა კლიმენტი რომაელის „კორინთელთა მიმართ ეპისტოლიდან“ ზნეობრივ კატეგორიებში ეხმიანება პავლე მოციქულის პირველ ეპისტოლეს ტიმოთეს მიმართ, მეტად საყურადღებოა, რომ მოციქულის დარად ამ ორი წყაროს ავტორიც მხოლოდ ეპისკოპოსებსა და დიაკვნებზე საუბრობს. თუმცა სამწუხაროდ კლიმენტი რომაელის აღნიშნული ეპისტოლე დიაკვანთა მსახურების რაობაზე მინიშნებას არ გვაძლევს, ასევე მეტად ბუნდოვანია „დიდაქეს“ ქართულ თარგმანში მოცემული ციტატა „წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ“ – გაუგებარია „ამსახურონ“ ეპისკოპოსებსა და დიაკვნებს მიემართებათ თუ წინასწარმეტყველებსა და მოძღვრებს.
დიაკონთა მსახურებაზე მინიშნება უფრო ცხადად იკითხება ერმის „მწყემსში“ – „მეცხრე გაუდაბურებული მთა, მასზე მყოფი ადამიანთა მომაკვდინებელი გველებითა და მხეცებით, ასეთი მორწმუნეები არიან: ბიწის (σπίλους) მქონე დიაკვნები, ბოროტად მომუშაკენი, ქვრივთა და ობოლთა საკუთრების მძარცველნი და მსახურებისგან, რაც აღსასრულებლად მიიღეს, საკუთარი თავის გამამდიდრებელნი“(ერმა.103.1-2) – თუ დავუკვირდებით აქცენტი კეთდება დიაკონთა მიერ ქვრივ-ობოლთა კუთვნილების მიტაცებაზე, რაც ეხმიანება კიდეც „საქმე მოციქულთას“. აქ დიაკვანთა ცოდვად არა ევქარისტიის უწმინდურად მსახურება, არამედ სოციალური მსახურებისას უწმინდურობაა მხილებული, იმ მსახურებისა, რაზედაც დადგენილ იქნა შვიდეული – რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთ ადგილობრივ თემში დიაკვნებს პოსტაპოსტოლურ ეპოქაშიც არ ჰქონდათ მინდობილი ლიტურგიკული მსახურება.
უფრო მეტი სიცხადით იკითხება დიაკვანთა შესახებ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილთან, რომელიც დიაკვანთა ლიტურგიკულ მსახურებაზე ეჭვს აღარ ტოვებს: „საჭიროა ქრისტეს საიდუმლოთა მსახურთა, დიაკვანთა პატივისცემაც, რადგან არათუ ხორციელ საჭმელს და სასმელს ემსახურებიან, არამეღ ღვთის ეკლესიასა“ (ტრალელთა მიმართ მე-2 ეპისტოლიდან). წმინდა მამა დიაკვნებს სახელსდებს როგორც ქრისტეს საიდუმლოთა მსახურთ, რომელნიც ხორციელი სასმელისა და საჭმელის მსახურნი კი არა, ეკლესიის მსახურნი არიან. ეკლესია – კრება, ხომ ევქარისტიასთან ასოცირდებოდა ადრეულ ეკლესიაში, შესაბამისად ხორციელ სასმელ-საჭმელის მსახურებასთან ეკლესიის მსახურების შეპირისპირება უნდა გულისხმობდეს კიდეც სულიერო საზრდოს (ევქარისტიული ძღვენის) მსახურებას. აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ აქამდე გაურკვეველი მსახურებათა იერარქია წმინდა მამის ეპისტოლეებში მკაცრ სუბორდინაციულ ხასიათს ღებულობს: „ხუცესნი დაემორჩილენით ეპისკოპოსსა და დიაკონნი – ხუცესთა და ერისკაცნი – მღდელთა და დიაკონთა“ (ტარსელთა) – მსგავსი ციტატების ხილვა მრავლად შეიძლება ფილიპელთა, ფილადელფიელთა, სმირნელთა, მაგნეზიელთა მიმართ ეპისტოლეებშიც, რომლებსაც სიმრავლისა და ერთგვარი შინაარსის გამო აღარ მოვიხმობთ, მხოლოდ დავძენთ, რომ ეს სუბორდინაცია არა მხოლოდ ადმინისტრაციული ხასიათის, არამედ საკრამენტალური ხასიათისაც იყო და ლიტურგიკულ ცხოვრებაში ისახებოდა: „ნურაფერს გააკეთებ ეპისკოპოსის გარეშე, რადგანაც იგი მღვდელმთავარია, ხოლო შენ მღვდლისა და მღვდელმოძღვრის დიაკონი. ისინი ნათელს სცემენ, მსხვერპლს სწირავენ, ხელს ასხავენ, აკურთხევენ – ხოლო შენ მსახურობ მათ“ (წმ. ეგნატე ანტიოქიელი. ეპისტოლე ანტიოქიელ დიაკვან ირონის მიმართ). მკვეთრი ზღვარია გავლებული ეპისკოპოსის, ხუცესისა და დიაკვნის საკრამენტალურ ხელმწიფებას შორის. ზოგადად წმინდა ეგნატე ანტიოქიელი ხშირად ახსენებს დიაკვნებს, სახელობითადაც და ზოგადადაც, მასვე ეკუთვნის ფრაზა „დიაკონნი – სიტკბოებანი იგი ჩემნი“ (მაგნეზიელთა მიმართ ეპისტოლე).
წმ. ეგნატე ანტიოქიელის შემდეგ, ფასეულ ცნობებს ვხდებით წმ.იუსტინე ფილოსოფოსთან: „წინამძღვრის სამადლობელისა და ერის მოწოდების შემდეგ, ჩვენთან დიაკვნებად წოდებულნი ყოველ დამსწრეს აძლევენ პურს, რომელზედაც აღსრულდა სამადლობელი, ღვინოს და წყალს, და მიემართებიან მათთან, ვინც ვერ ესწრება.“ (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი. პირველი აპოლოგია).
ამრიგად „ეს სიყვარული, რომელიცაა დიაკვნის საქმე ეკლესიამ მოგვიანებით განსაკუთრებულად გამოიყენა: მან დაუკავშირა დიაკვნობა თავის საიდუმლოთა აღსრულებას. აქ ის ხდება მღვდელმსახურის ლოცვის მცველი და ასევე მორწმუნეთა ლოცვის წარმმართველი.“ (Митрополит Антоний (Блум) Сборник проповедей, М.,1993).
II
ეკლესიის ცხოვრებაში დიაკვანთა ადგილი მკვეთრადაა განსაზღვრული საეკლესიო კანონმდებლობით. პირველ რიგში განვიხილოთ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ხელდასხმადი დიაკონი. „ამრიგად კლიროსში შემავალ კანდიდატთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: 1) ფიზიკური პირობები. 2) სულიერი პირობები 3) მორალური პირობები. 4) ქორწინებასთან დაკავშირებული პირობები, რომელნიც თავის მხრივ კავშირშია მორალურთან. 5) თავისუფალი საზოგადოებრივი მდგომარეობა“ ((Протопресвитер Николай Афанасьев. Экклезиология. вступления в клир. Ч.2. Г.1)
წმინდა კრებათა მიერ განსაზღვრულია ხელდასხმადი დიაკვნის ასაკის ქვედა ზღვარი: „ოცდახუთი წლის ასაკამდე დიაკვანი არ შეიძლება ხელდასხმულ იქნეს“ (კართაგენის კრების მე-16 კანონი). გარდა ასაკობრივი ზღვარისა, ფიზიკურ პირობებს მიეკუთვნებიან მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, ხელდასხმადის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ იგი თავისუფლად მიიღებს მონაწილეობას ღვთისმსახურებაში და მისი ფიზიკური ნაკლულევანება არ იქნება საიდუმლოთა აღსრულებისას დამაბრკოლებელი. ეკლესიისთვის ფიზიკური ნაკლი არ წარმოადგენს ზოგადად ნაკლულევანებას, არამედ ის მსგავს აკრძალვებს აწესებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ხელდასხმულს საეკლესიო და საზოგადოებრივი მსახურებისას დაბრკოლებები არ შეექმნეს: „თუ ვინმე ყრუ იყოს ან ბრმა იყოს, ეპისკოპოსი ნუ გახდება, არა იმიტომ, რომ ამით ის თითქოსდა წაბილწულია, არამედ იმიტომ, რომ საეკლესიო საქმეების წარმოებას წინააღმდეგობა არ შეექმნას“ (მოციქულთა 78-ე კანონი). „მოციქულთა კანონში მითითებულ ნაკლულევანებებს ასევე მიეწერა ყველა ის ფიზიკური ნაკლულევანება, რომელიც შესაძლოა იქცეს ღვთისმსახურებაში ხელისშმეშლელად ან მორწმუნე ერის დაბრკოლებად. ასე მაგალითად, ბალსამონის თანახმად ჯერ კიდევ ბიზანტიაში ხელს არ ასხამდნენ ეპილეპტიკებს“ ((Протопресвитер Николай Афанасьев. Экклезиология. вступления в клир. Ч.2. Г.2).
რა თქმა უნდა, ფიზიკურ პირობებზე მნიშვნელოვანია სულიერი პირობები და დიაკვნობის კანდიდატს მოეთხოვება რწმენა, ისეთი, რომ სხვისთვისაც მაგალითად იქცეს. როგორც ამას პეტრე მოციქული ბრძანებს: „ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს“ (1პეტრ.5.3). ასევე, პავლე მოციქულის შეგონებისაებრ (1ტიმ.3.6). ნიკეის მსოფლიო კრების მე-2 კანონი კრძალავს წარმართობიდან მოქცეულის ხელდასხმასაც, რადგანაც ღვთისმსახურება საჭიროებს სულიერ გამოცდილებას, აღნიშნულ კანონს უფრო აზუსტებს ლაოდოკიის მე-3 კანონი: „არ შეიძლება ახლადნათელღებულის დადგენა მღვდელმსახურად.“ თუმცა ბალსამონი ამ კანონის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ნეოფიტების ხელდასხმის აკრძალვის კანონს მკაცრად არ იცავდნენ. რა თქმა უნდა თუ ეკლესიამ გაითვალისწინა ფიზიკური ავადმყოფობები, იგი ითვალისწინებს სულიერ ავადმყოფობებსაც. მოციქულთა 79-ე კანონი კრძალავს ეშმაკეულის ხელდასხმას. ასევე საჭიროა ვისაუბროთ ხელდასხმადი კანდიდატის განათლებაზე. ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე წერს: „ეპისკოპოსი უნდა იყოს… განმსწავლელი… დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ“ (1ტიმ.3.2 და 3.8). ანუ ხელდასხმად პირს უნდა ჰქონდეს უნარი სხვისი განსწავლისა (διδακτος), რაც თავისთავად მოითხოვს რწმენის საფუძვლების კარგ ცოდნას. იმპერატორი იუსტინიანე საერთოდ კრძალავს გაუნათლებელი ადამიანის ხელდასხმას (ნოველა123,12). შემდეგ პერიოდებში ადგილობრივ ეკლესიათა სინოდალური დადგენილებებით იკრძალებოდა საღვთისმეტყველო განათლების გარეშე ღვთისმსახურის ხელდასხმა. ეს პირობა დღესაც მოქმედებს სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში, როგორც ძირითადი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა შეუვალი კანონი.
მორალური პირობების ქვეშ იგულისხმება ადამიანის მორალური უფლება იყოს ღვთისმსახური: თუ ადამიანი ეპიტიმირებულია, რა თქმა უნდა, მისი ხელდასხმა არ შეიძლება, რადგან თუ ის მონანულთა რიგებში დგას, მას მორწმუნეთა რიგებში არ ექნება ავტორიტეტი. მორალური პრინციპებიდან გამომდინარე იკრძალება მემთვრალეების ხელდასხმა, ხელდასხმა იმ ადამიანებისა რომელთაც თავი დაისაჭურისეს, მკვლელების ხელდასხმა (ღვთისმეტყველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ომში მკვლელობაც დამაბრკოლებელია სამღვდელო ხარისხის მისაღებად). აქვე დავძენთ რომ ხელდასხმადი (თუ ცელებატობასთან, ან მონოზვნობასთან არ გვაქვს საქმე), მოციქულის განწესებისაებრ საჭიროა იყოს „ერთი ცოლის ქმარი“ (1ტიმ.3.12). რაც ცხადია დიაკვნობაში ქორწინებასაც გამორიცხავს.
თავისუფალი საზოგადოებრივი მდგომარეობა დღეს უკვე გულისხმობს სასულიერო პირის თავისუფლებას ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობებისაგან, რომელიც მას ხელს შეუშლის თავისი უპირველესი მოვალეობის – ღვთისმსახურების აღსრულებაში. ასევე საეკლესიო ტრადიციისთვის ხშირად მიუღებელია პატიმრობაში მყოფი ან სახელმწიფოს მხრიდან სამართალგებაში მიცემული პირის ხელდასხმა.
რამდენადაც ჩვენი მიზანი დიაკვნობის კანონიკური საფუძვლების მიმოხლივა არ არის, შემოვიფარგლებით ზემოთთქმულით და დავძენთ, რომ გარდა ეკლესიის მიერ დადგენილი კანონებისა საქართველოს საპატრიარქოს მართვა-გამგეობის დებულება დიაკვნად ხელდასხმადებს არავითარ დამატებით პირობებს არ უყენებს.
III
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოციქულთა მიერ გამორჩეული შვიდეული, რომელსაც საეკლესიო ტრადცია დიაკვნებს უწოდებს, არ ყოფილან დადგენილნი ლიტურგიკული მსახურებისთვის, მაგრამ ზემოთმოხმობილი ციტატებიდანვე ცხადია, რომ დიაკვნობის ინსტიტუტმა სოციალური მსახურების შენარჩუნებასთან ერთად შეიძინა ლიტურგიკული მსახურების ფუნქციებიც და საჭირო გახდა მათი ხელდასხმა, მოციქულთა მიერ შვიდეულზე აღსრულებული ლოცვის დარად, რაც თავის მხრივ განსაკუთრებული განგების შემუშავებასთანაა კავშირში. რამდენადაც „საქმე მოციქულთაში“არ არის გადმოცემული რაიმე ლიტურგიკული ფორმულა, და როგორც უკვე ვთქვით წმ. იოანე ოქროპირის თანახმად ასეთი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსები ხელდასხმის ფორმებში, ლოცვათა ინტერპრეტირებაში შეუზღუდავნი იყვნენ.
პირველ წყაროს რომელიც დიაკვნის ხელდასხმის ფორმულას გვაძლევს წარმოადგენს III-IV საუკუნის ძეგლი“მოციქულთა დადგენილებანი“ სადაც ვკითხულობთ: „დიაკონი დაადგინოს ეპისკოპოსმა, დასხას ხელი… ილოცოს და თქვას: უფალო ყოვლისა მპყრობელო, ჭეშმარიტო და მართალო, გულუხვო ყველა შენი ჭეშმარიტებაში მხმობელისადმი, საშინელო განგებითა და ბრძენო გონებითა, ძლიერო და დიდებულო. იაჰვე შეისმინე ლოცვა ჩვენი და მოხედე ჩვენს ვედრებას და გამოაჩინე პირი შენი მონასა ამას შენსა ზედა, გამორჩეულსა დიაკვნად და აღავსე ესე სულითა წმიდითა და ძალითა, როგორც აღავსე სტეფანე, მოწამე და მიმბაძველი ტანჯვათა ქრისტეს შენისათა და ღირსყავი ესე კეთილად აღსრულებად რწმუნებულისა მსახურებისა…“ (Апостольские Постановления VIII. 17–18.)
„ყველაზე ადრეული დეტალები დიაკვნად ხელდასხმისა ასევე გვხდება ფსევდო-დიონისეს VI საუკუნის „საეკლესიო იერარქიაში“. ხელდასხმადი მოიყვანება „საღმრთო სამსხვერპლოსთან“ (საკურთხეველთან) და იჩოქებდა ერთ მუხლზე. ეპისკოპოსი ჯვრის სახით ლოცავდა, ადებდა მარჯვენა ხელს და კითხულობდა ლოცვას…. ფსევდო-დიონისესთან აღწერილი ყველა მოქმედება გვხდება ბარბერინის ევქოლოგიონში (ბარბერინის ევქოლოგიონი – უძველესი ბიზანტიური ხელნაწრია, რომელიც თარიღდება VIII-IX საუკუნეებით – ბ.ე. ) , სადაც ჩანს, რომ ხელდასხმადი მოიყვანებოდა მღვდელმთავართან საკურთხეველში და მღვდელმთავრის ლოცვის შემდეგ: „საღმრთო მადლი…“ (ეს ლოცვა დღესაც გამოიყენება – ბ.ე.) ტრაპეზთან იჩოქებდა ერთ მუხლზე და მღვდელმთავარი სამგზის დალოცვის შემდეგ კითხულობდა ლოცვას: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი წინასწარ ცნობითა შენითა…“ (ეს ლოცვა დღესაც გამოიყენება – ბ.ე.) მას მოსდევდა მშვიდობიანი კვერექსი სპეციალური თხოვნებით, რომლის დროსაც მღვდელმთავარი კითხულობდა მეორე ლოცვას: „ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, რომელმან უხრწნელებითა ხმითა შენითა…“ (ეს ლოცვაც გამოიყენება თანამედროვე განგებაში – ბ.ე.). ახალხელდასხმულს ხდიდნენ მკითხველის ფილონს და აცმევდნენ ორარს (გინგილას), გადასცემდნენ რიპიდს… მღვდელმსახურთა ზიარების შემდეგ მას ეძლეოდა ბარძიმი, რომელიც გამოჰქონდა მორწმუნეთა საზიარებლად (ეს წესები დღესაც შენარჩუნებულია).
ჩანს, რომ V საუკუნის რედაქცებთან შედარებით განგება გართულებულია: იკითხება ორი ლოცვა და კვერექსი, ასევე დიაკონს აცმევენ ორარს და გადასცემენ რიპიდს.
XI საუკუნის კრიპტოფერატის ევქოლოგიონში განგება უცვლელი სახითაა წარმოდგენილი, მხოლოდ კონკრეტდება ერთი დეტალი: ტრაპეზთან ხელდასხმადი იყრის მარჯვენა მუხლს, რაც არცერთ მანამდელ რედაქციაში მითითებული არ ყოფილა.” (ИСТОРИЯ ЧИНОПОСЛЕДОВАНИЯ ХИРОТОНИИ ВО ДИАКОНА Иеродиакон Николай Летуновский)
ხელდასხმის სტრუქტურის განვითარების შემდეგ საფეხურებს წარმოადგენს XI–XIII საუკუნეებში გაჩენილი მითითებები იმის შესახებ, რომ ხელდასხმადი მიიყვანება ეპისკოპოსთან სხვა დიაკვნების მიერ, რომ ლოცვის: “საღმრთო მადლი” კითხვის შემდეგ სამგზის იგალობება “კირიე ელეისონ”.
XVII საუკუნიდან დიაკვნად ხელდასხმის განგება დაზუსტებისა და შესწორებების შემდეგ საბოლოო სახეს იღებს.
აქვე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ლოცვის “საღმრთო მადლი სულისა წმინდიას” – ს წარმომავლობაზე, რადგანაც მრავალნი მას საიდუმლო აღსრულებით ფორმულად მიიჩნევენ, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საიდუმლო აღსრულებითი არის მღვდელმთავრის მიერ წაკითხული საიდუმლო ლოცვები: „ეს ლოცვა XVIII-XIX საუკუნეში თვლებოდა საიდუმლოს აღსრულებით ფორმულად, მიიჩნევდნენ, რომ სწორედ მათი წარმოთქმის შემდეგ ენიჭებოდა პირს სამღვდელო ხარისხი, თუმცა ამ სიტყვების წარმომავლობა განსხვავებულია: ეპისკოპოსის ხელდასხმისას ანალოგიური სიტყვები იწერებოდა ქარტიაში, რომელსაც ქარტოფილაქსი გადასცემდა უფროს ეპისკოპოსს და მხოლოდ მისი საჯაროდ წაკითხვის შემდეგ ხდებოდა ახალი ეპისკოპოსის კურთხევა. ამდენად არა სიტყვების “საღმრთო მადლი…” კითხვაა ეპისკოპოსის ხელდასხმის საიდუმლოს აღმასრულებელი, არამედ მისი მომდევნო ლოცვები. იგივე ითქმის დიაკვნისა და პრესვიტერის ხელდასხმაზე” (Митрополит Илларион Алфеев. Православие. Том 2)
IV
იმის საჩვენებლად თუ როგორ ხდებოდა დიაკვნის ხელდასხმა საქართველოში, სანამ პრაქტიკაში თანამედროვე განგება შემოვიდოდა ქვემოთ მოვიყვანთ ამონარიდს წიგნიდან, რომელიც დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ 1912 წელს გამოსცა: „древне-грузинский архиератиконъ” საეკლესიო მუზეუმის ორი ხელნაწერის მიხედვით ძირითადად N86 ისა ვარიანტების ჩვენებით N81-დან. იგი მიიჩნევს, რომ ხელნაწერი მე-11 საუკუნისაა და აქვე აღნიშნავს, რომ ხელნაწერში შემავალი ჟამისწირვის ტექსტი გაცილებით ადრევე უნდა არსებულიყო ქართულ ენაზე. მისი აზრით ხელნაწერის უნიკალურობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ მღვდელმთავართათვის, ანუ მას შეიძლება ეწოდოს Άρχιερατικόν და არა „κοντακιον.“ ხელნაწერი შეცავს ქიროტონიის, ქიროტესიისა და ოდიკის კურთხევის განგებებს. ბუნებრივია ჩვენი ყურადღება მიიპყრო დიაკვნად ხელდასხმის წესმა, როგოც ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში გამოყენებულმა უძველესმა განგებამ, რომელსაც შემოგთავაზებთ საკუთარი მხედრული ტრანსლიტერაციით, აღნიშნული გამოცემიდან:
„მთავარდიაკვნად რომელი დადგებოდის წამებულმცა არს მის ეკლესიისა მღდელთაგან, რომლისათვის ჩინებულ იყოს მსახურებად ზედა წმიდისა საკურთხევლისა, არსმცა ერთისა ცოლისა ქმარ, წმიდა, უბიწო და შეუსმინელ, ღვაწლთასა სნეულთასა გამოცდილ, არს ობოლთა და ქვურივთა მოღვაწემცა, არს ღამისთევასა მღვიძარე, ლოცვასა და მარხვასა მხნედ მომთმინე, მოძღუართა სწავლასა კრძალულად მოსწავლე, ეკლესიის წესთა სრულებით განმგებელი და ოდეს ესე ყოველი აღასრულოს, მაშინღა ღირს იქმნების დადგომად წესსა მას მთავარდიაკონობისასა.
კურთხევა მთავარდიაკონობისა ა
შენ მიერ უფალო, მრავალი სახემადლისა ყოველსა სახმარსა ეკლესიისასა მიენიჭების. შენ დიაკონობისაცა აჩუენე მსახურება შემსგავსებითა ასო-ასოთა მოძღვართა, დიაკონთა, მღდელთა, მსახურთა. შენ მოეც დიაკონებისა მადლი [სახელ სდვას] მონასა შენსა, ღირს ყავ ესე მსახურებად საკურთხეველსა შენსა, თანა ჭეშმარიტით სარწმუნოებით და სრულითა სიყუარულითა, წადიერებით ურცხვენელად აღსრულებად შენ-მიერი ბრძანებული და წარდგომად უდიდესსა წესსა განძლიერებული, მარადის სრულებასა მას ქრისტეს მიერსა: რამეთუ კურთხეულ, წმიდა და დიდებულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
კურთხევა მთავარდიაკონობისა ბ
უფალო, რომელმან დაჰბადე და სიტყუითა შეამკვე ყოველი, რომელი უხრწნელთა შინა საუკუნეთა განსვენებულ ხარ, რომელმან მსახურება მოგვეც წინასწარმეტყველთა შენთა მიერ საუკუნისა ცხოვრებისა, რომელმან განგვანათლენ ჩუენ ნათლითა მეცნიერებისათა, ღმერთო დიდებულთა შემოქმედო და ყოველისა დამბადებელო, მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელმან მოავლინე იგი მსახურებად ნებისა შენისა, რათა ყოველთა კაცთა ნათესავი აცხოვნოს და გამოგვიცხადე შენი ზრახვა, შენი ძალი, შენი სიბრძნე, შენი მოხედვა – საყვარელი ძე შენი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი უფალი ნათლისა, მთავარი მთავართა, უფალი უფლებათა და ღმერთი ღმერთთა. უფალო, მოეც სული მადლისა და მოსწრაფებისა მონასა ამას შენსა, რათა მოეცეს ამას მოსწრაფება, სახიერება,სიმხნე, ძალი სათნოყოფად შენდა: უფალო, მოეც ამას საქმე შჯულიერებისა, ურცხვენელი სიტკბოება, ობოლთა მოყვარება, კეთილისა მსახურებისა სიყუარული, ქვრივთ-მოწყალება, გულითა მხურვალებისათა კეთილის მოყვარება და განანათლე ესე რომელი სათნო იყავ მსახურებად ეკლესიისა, შეწირვად სიწმიდესა შინა სიწმიდისა შენისა, შენდა შეწირულისა ნაწილისაგან მოღებისა შენისა შენისა, რათა უბიწოდ და სიწმიდით და ღირსებით, გონებითა წმიდითა ჰმსახურებდეს და პატივსა უდიდესსა მიიწიოს ძისა შენისა იესო ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა მიერ შენდა დიდება შვენის სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
კურთხევა მთავარდიაკონობისა მესამე
უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან დაუმარხე წყალობა შენი მოშიშთა სახელისა შენისათა, რომელმან მოჰმადლე კაცთა მეცნიერება ჭეშმარიტებისა შენისა, მოსვლითა და ხორცთ-შესხმითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა და გამოაჩინენ მოციქულნი დასამტკიცებელად წმიდათა შენთა და დიაკონნი გამოაჩინენ მსახურებად სიწმიდისა შენისა ზრახვითა: პირველად სტეფანე და მისთანანი აკურთხენ და დაადგინენ მსახურებასა ამას და აწცა გამოირჩიე და გამოაჩინე მონა შენი მადლითა სულისა წმიდისათა, მსახურებასა სიწმიდისა შენისასა, რათა მსახურებდეს საკურთხეველსა შენსა წმიდითა ზრახვითა, რათა წარჩინებულ იყოს საქმეთა შინა კეთილთა, დიდებად სახელისა შენისა წმიდისა, რათა პოოს კეთილი შენი ზეგარდამო დღესა მას მისაგებელისასა მოწყალებითა და შეწყნარებითა ქრისტეს შენისათა, მისთანა შენდა დიდება შვენის წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“
როგორც ვხედავთ მოცემულ ფრაგმენტში წარმოდგენილია შესავალი, რომელშიც ჩამოწერილია ის კატეგორიები რასაც ხელდასხმადი უნდა აკმაყოფილებდეს და სამი ლოცვა, ზედწერილით „კურთხევა მთავარდიაკონობისა“ – მთავარდიაკონობა არ უნდა გავიგოთ როგორც დიაკვნის დადგინება მთავარდიაკვნად, რადგან პრეფიქსი „მთავარ“ გამოყებებულია კერძო-დიაკვნის „კერძო“ პრეფიქსის საწინააღმდეგოდ, რომლის ქიროტესირების წესიც დასახელებულ კურთხევანშივეა მოცემული, გარდა ამისა თავად ლოცვათა შინაარსიც ცხადყოფს, რომ სუბარია არა ხელდასხმული დიაკვნის მთავარდიაკვნად დადგინებაზე, არამედ დიაკვნად ხელდასხმაზე, მაგ: „შენ მოეც დიაკონებისა მადლი [სახელ სდვას] მონასა შენსა, ღირს ყავ ესე მსახურებად საკურთხეველსა შენსა.“ ასევე ჩნდება კითხვა, მოცემული სამი ლოცვის ნუმერაციიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ ერთი მღვდელმოქმედების შესრულების სამ სხვადასხვა ვარიანტს თუ მთლიანობაში ქმნიან ერთ მღვდელმოქმედებას? რა თქმა უნდა სამივე ლოცვა ეკითხებოდა ხელდასხმადს, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ დიაკვნის „სახელდება“ ხდება მხოლოდ პირველივე ლოცვაში და შემდეგ ლოცვებში იგი აღარ მეორდება. კორნელი კეკელიძე მიიჩნევს, რომ მოცემული რედაქცია უძველესი იერუსალიმური განგებიდანაა გადმოღებული მანამ, სანამ საქართველოში ფეხს მოიკიდებდა კონსტანტინეპოლის საღვთისმსახურო განგებები. თავად ლოცათა შინაარსი ძირითადად ეხმიანება ახალაღთქმისეულ ტექსტებს (1ტიმ. 3; საქმ. 6), ასევე ყურადსაღებია ერთი დეტალიც, რაც ისევ და ისევ რედაქციის სიძველეზე მეტყველებს: მეორე ლოცვაში მოცემული ციტატა „რომელმან მსახურება მოგვეც წინასწარმეტყველთა შენთა მიერ“ შეიძლება არის გამოძახილი დიდაქესეული მითითებისა „წინასწარმეტყველებს ნება დართეთ აღასრულონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ“, თუმცა ეს მოსაზრება ცალკე კვლევის საგანია. თანამედროვე განგება ხელდასხმისა კი შემდეგ სქემაში თავსდება:
ხელდასხმის აღსრულების სქემა:
მოწოდება „ბრძანე… ბრძანე… ბრძანე, უსამღვდელოესო მეუფეო“;
სამღვდელმთავრო დალოცვა;
ტრაპეზის გარშემო სამგზის შემოვლა;
ტროპართა გალობა („წმინდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ…“ „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, მოციქულთა…“ „ისაია მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად იღო…“);
მარჯვენა მუხლის მოყრა წმინდა ტრაპეზის წინ;
ხელდასხმადის თავზე ომოფორის კალთის დაფარება;
სამღვდელმთავრო დალოცვა;
ხელდასხმადის თავზე მღვდელმთავრის ხელის დასხმა.
ლოცვა „საღმრთო მადლი…“
ორი ლოცვა („უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი წინასწარ ცნობითა შენითა… „ „ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, რომელმან უხრწნელებითა ხმითა შენითა…“);
მშვიდობიანი კვერექსი;
შემორტყმული გინგილის მოხსნა;
ამაღლება: „აქსიოს“;
გინგილისა და სამკალურების გაკეთება;
რიპიდის გადაცემა;
წმინდა საიდუმლოთა ზიარება;
კვერექსი: „აღემართენით მიმღებელნი…“;
წმინდა ძვენის მიღება.










