მართლმადიდებლობის ისტორიული გზა
– The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
(გაგრძელება)
ვაგრძელებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი; დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ წიგნის მთარგმნელებს წიგნის უფასოდ მოწოდებისათვის.
(ნაწილი 1 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 2 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 3 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 4 იხილეთ ბმულზე)
(ნაწილი 5 იხილეთ ბმულზე)
ნაწილი 6.
მოციქულთაგან არავისზე მოუღწევია ჩვენამდე იმდენ ცნობას, როგორც პავლეს შესახებ. მისი მოქცევა, მოგზაურობა, ქადაგება, ტანჯვა დეტალურადაა აღწერილი მოციქულთა საქმეში, რომლის ავტორი იყო მოციქულის თანამოგზაური და `მკურნალი საყუარელი~44. ხოლო თავისი სულიერი გამოცდილება, თავისი სწავლება და დამოკიდებულება ეკლესიის ცხოვრების დიდი და მცირე საკითხების მიმართ პავლემ თავადვე ჩამოაყალიბა სხვადასხვა ქრისტიანული თემისადმი გაგზავნილ თავის ეპისტოლეებში. მოგვიანებით ეს ეპისტოლეები გახდება ახალი აღთქმის წიგნის შემადგენელი ნაწილი. და იმდენად განუმეორებლად მკვეთრია ამ ადამიანის სახე, რომ `პავლეს საკითხი~ სამუდამოდ დარჩება მთელი ქრისტიანული ისტორიის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, ყველას შთაგონების წყაროდ, ბევრისათვის `ლოდად შებრკოლებისა… კლდედ დაცემულებისასა~45.
მართლმორწმუნე ებრაელი, მაგრამ კილიკიის ტარსუსში, ესე იგი დევნილობაში, `ემიგრაციაში~ დაბადებული, თავის თავში აერთიანებს თავისი ხალხისა და მისი რელიგიისადმი მძაფრ ერთგულებას, შერწყმულს ჭეშმარიტად მსოფლიო მასშტაბის აზროვნებასთან. მისი რელიგიური ცნობიერება სრულად განპირობებულია იუდეველობით, ამ
ძველი აღთქმისეული `ცოცხალი ღმრთის~ დაუოკებელი წყურვილით, მაგრამ იგი უკვე თავისუფლად სუნთქავს ბერძნულ-რომაული სამყაროს ჰაერითაც, იგი რომაელი მოქალაქეა არა მხოლოდ `ქაღალდებით~, არამედ მსოფლაღქმითა და სინდისითაც. მან რელიგიური განათლება მიიღო იერუსალიმში, ფარისევლობის წინამძღოლისა და იდეოლოგის – `გამალიელის ფერხთით~.
იუდეველობის ამგვარი უკიდურესი კონსერვატიული სულისკვეთებით აღზრდას შეუძლებელია არ ექცია იგი ქრისტიანობის ბუნებრივ მტრად. უკვე ამ მტრობაში გამოვლინდა მისი პიროვნების მნიშვნელოვანი თვისებებები: მთლიანობა და მაქსიმალიზმი თავისი რელიგიური იდეალის ცხოვრებაში გამოვლენისას. პავლეს პირველად ვხვდებით მოციქულთა საქმის თხრობაში, როცა იგი იწონებს სტეფანეს მკვლელობას. ვხედავთ შემდეგში, `განრისხებულს~, `სავსეს გულისწყრომითა და კლვითა~46, რომელიც `… ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ~47. იგი არ დაკმაყოფილდა იერუსალიმში დევნით და სინედრიონისაგან გამოითხოვა სირიაში ქრისტიანთა დევნის განსაკუთრებული უფლებამოსილებანი. და აქ, გზად დამასკოსაკენ, მასში ხდება ის გარდატეხა, რომლის შესახებაც იგი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს იყო მისი უშუალო გამორჩევა და მისი მოწოდება `არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ,~48 არამედ თვით ქრისტეს მიერ. იგი გააცისკროვნა ნათელმა, მან გაიგონა ქრისტეს ხმა და იგი მოექცა ქრისტესკენ ისეთი სისავსით, ისეთი განუყოფლობით, როგორც, ალბათ, არავინ არც მანამდე და არც შემდეგ მოქცეულა. პავლეს მოქცევაზე დაწერილია ასობით წიგნი, მის ახსნას ცდილობდნენ `მეცნიერულად~: ფსიქოლოგიით, ნევროლოგიით, ლამის გულყრით, რომლითაც თითქოს იგი იტანჯებოდა… მაგრამ არის რაღაც პრიმიტიულობა და საცოდაობა ამ მცდელობებში. ყოველი მოქცევა საიდუმლოა, რომლის ბოლომდე ახსნის უნარი მეცნიერებას არ მიმადლებია, თავისი ყველაზე ნატიფი საშუალებებითაც კი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პავლეს ყოველი სიტყვა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მიუთითებს ქრისტეს პიროვნებაში პავლეს მთელი პიროვნების, მთელი მისი ცნობიერების ისეთ ფესვგადგმულობას, ისეთ მართლაც პირად კავშირს ქრისტესთან და ისეთ რწმენას ქრისტეს განსაკუთრებული გამოცხადების შესახებ, რომ ეკლესია, მიუხედავად იმ ვერგაგებისა და წინააღმდეგობისა, რასაც პავლე უხვად შეხვდება თავის ცხოვრებაში, არ დაეჭვდება და მას აღიარებს მოციქულად, თორმეტი მოციქულის თანასწორად, ჩართავს მას იმ `თვითმხილველთა~ რიცხვში, რომელთა მოწმობაზეც აგებულია ეკლესიის სწავლება.
მონათვლისა და დამასკოში სამი წლით ყოფნის შემდეგ პავლე გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც იგი პეტრემ და იაკობმა მიიღეს. იერუსალიმის თემში იგი ყოველთვის დაინახავს უფროს ეკლესიას, ქრისტიანობის შესაკრებელს და თავის ეპისტოლეებში მუდმივად მოუწოდებს `იერუსალიმელ წმინდანებს~ დახმარებისაკენ. იერუსალიმიდან, ებრაელების სიძულვილით დევნილი, პავლე მიდის თავის მშობლიურ ქალაქ ტარსუსში, საიდანაც მას მიიწვევენ ანტიოქიაში. აქ, იერუსალიმის შემდეგ ქრისტიანობის მეორე ცენტრში, სადაც, მოციქულთა საქმის სიტყვებით, იყო `…წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანედ~49, პავლე, როგორც `წინასწარმეტყველი~, ე.ი. ქრისტიანულ კრებულში მქადაგებელი, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.
ქადაგებებს, `სიტყვისადმი მსახურებას~ პავლემ მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა; იგი მათში ხედავს თავის მთავარ, თითქმის განსაკუთრებულ მოწოდებას, ხოლო ქადაგებებისა და სიტყვისადმი მსახურების ნაყოფში – თავისი მოციქულობის ბეჭედს, რომელსაც ზოგიერთი სადავოდ ხდიდა. ამგვარი ნაყოფი იყო მთელი ქსელი იმ ეკლესიებისა, რაც პავლემ დააფუძნა მცირე აზიაში, საბერძნეთსა და, შესაძლოა, რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილშიც. მოციქულთა საქმეში განსაკუთრებითაა აღნიშნული პავლესა (რომელიც თავდაპირველად სახელდებულია მისი სახელის ებრაული ფორმით – `სავლედ~) და მისი თანამგზავრის ბარნაბას არჩევა სულიწმინდის მიერ სამისიონერო მოგზაურობისათვის, რომელსაც ეძღვნება წიგნის მოციქულთა საქმის) მთელი დარჩენილი თავები. და ამ სამისიონერო მსახურების დასაწყისშივე პავლეს წინაშე მთელი თავისი სისრულით დადგა საკითხი ეკლესიაში მოქცეული წარმართების ადგილის შესახებ – ფუძემდებლური საკითხი ქრისტიანობის შემდგომი ბედისათვის.
ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ პავლეს ქადაგებამდე ქრისტიანობა განმტკიცდა რომის იმპერიის მთავარ ქალაქებში –
ანტიოქიაში, ალექსანდრიაში, რომში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ მაინც იუდეოქრისტიანობა იყო: მას ავრცელებდნენ დევნილობაში მყოფი ის ებრაელები, რომლებიც იერუსალიმში ტრადიციულად მოსალოცად და ტაძარში მსხვერპლის შესაწირად მიდიოდნენ. ამგვარი მომლოცველები ჩვენ უკვე ვნახეთ სულთმოფენობის დღეს პეტრეს
პირველი ქადაგების მსმენელთა შორის. ქრისტიანობის მიღების შემდეგ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებისას დიდი ქალაქების ებრაულ კოლონიებში ისინი აფუძნებდნენ თემებს. მაგრამ ეს არ იყო იუდეველობის ფარგლებს გარეთ გასვლა, ქრისტიანობისშესახებ დავა იყო შიდაებრაული კამათი. ასე, მაგალითად, რომაელი ისტორიკოსის სვეტონიუსის სიტყვებით, 49 წელს იმპერატორმა კლავდიუსმა რომიდან გაასახლა ყველა ებრაელი ვიღაც ქრისტეს საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი უწესრიგობების გამო.
პავლემაც მცირე აზიაში თავისი ქადაგება ებრაელებით დაიწყო. მოციქულთა საქმეში არაერთხელ მეორდება შემდეგი სქემა: ქალაქში მისვლისას პავლე შედის ადგილობრივ სინაგოგაში და, წმინდა წერილზე (რომელიც სინაგოგაში ყოველ შაბათს იკითხებოდა) დაყრდნობით იწყებს ქადაგებას ქრისტეზე. ებრაელები, მცირე გამონაკლისის გარდა, უარყოფენ მას და მაშინ პავლე მიმართავს წარმართებს. პავლე არასდროს დაეჭვებულა იმაში, რომ `ჯერ იყო პირველად რქუმად სიტყუაი ესე ღმრთისაი~ (საქმე, 13:46) ებრაელებისათვის. მათგან ქრისტეს უარყოფა პავლესათვის იყო `მოუკლებელი სალმობაი~, `რამეთუ ვილოცევდ მე, – თქვა მან, – შეჩუენებულ- ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის დანათესავთა ჩემთა ხორციელად~ (ჰრომ. 9:2-3). მაგრამ მისთვის ახლა ასევე უეჭველია ის, რომ სახარება მიმართულია მთელი ქვეყნიერების მიმართ – `მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა“50. ებრაელებისაგან უარყოფილმა პავლემ ბოლომდე გააცნობიერა თავისი მოწოდება –იყოს წარმართთა მოციქული და ამიერიდან პავლე თავის ბედს წარმართებს უკავშირებს. მაგრამ ახლა უკვე ეს არის წარმართთა არა ერთეული მოქცევა, არა გამონაკლისი, არამედ წარმართთა მთელი თემების მოქცევა. ვრცელდება თუ არა მათზე ძველი აღთქმის რიტუალური წესები, რომელმაც, როგორც უკვე ვნახეთ, შეინარჩუნა თავისი ძალმოსილება იერუსალიმელი იუდეოქრისტიანებისათვის? ამ კითხვას პავლე გადაჭრით პასუხობს: არა! და მისთვის ეს არ არის `ტაქტიკის~, ესე იგი წარმართთა მოქცევის უკეთესი ხერხის შერჩევის საკითხი. პავლესათვის ამ საკითხთან დაკავშირებულია მთელი ქრისტიანული ხარების არსი, მთელი არსი ხსნისა, რაც აღასრულა ქრისტემ.
თავდაპირველად გალატელთა მიმართ ეპისტოლეში (რომელიც გახურებული დავის ჟამსაა დაწერილი), მოგვიანებით უფრო `აკადემიურად~ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ავითარებს თავის სწავლებას სჯულისა და მადლის ურთიერთიმიმართებისა და სჯულისაგან ქრისტიანთა თავისუფლების შესახებ. პავლე ნაკლებად არის მიდრეკილი სჯულის მნიშვნელობისა და ღირებულების უარყოფისაკენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი აღთქმის მნიშვნელობის უარყოფისაკენ. `…სჯული წმიდა არს და მცნებაი იგი წმიდა და მართალ და კეთილ“51. მაგრამ სჯულის მნიშვნელობა სწორედაც ისაა, რომ იგი აუცილებელს ხდის თვით სჯულის დაძლევას: `ვინაიცა სჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაითა სარწმუნოებითა განვმართლდეთ,~52 რადგან სჯული მხოლოდ ადგენს, რა არის ბოროტება და ცოდვა, მაგრამ არ იძლევა ცოდვისაგან ხსნის ძალას. ადამიანი, თუნდაც იცოდეს მან, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, უძლურია მოსპოს ბოროტება: `რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ რომელი იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაი~ (ჰრომ. 7:19-20). ადამიანი დაემონა ცოდვას, იგი მონაა – და მას უკვე აღარ შეუძლია საკუთარი ძალებით გათავისუფლდეს ამ მონობისაგან. და თუ სჯული, ესე იგი სჯულის ნორმის ცოდნა, საკმარისი იქნებოდა ცოდვის დასაძლევად, საჭირო აღარ იქნებოდა ხსნა ქრისტეში. მაგრამ მისცა რა სჯული, ღმერთმა, ერთი მხრივ, ადამიანს გამოუცხადა, რომ ბოროტება `არანორმალურობაა~ – არის ცოდვა, ადამიანისა და სამყაროს შესახებ ღმრთის ნების დარღვევა, მეორე მხრივ, მსჯავრი დასდო ადამიანს, რამდენადაც არის რა ცოდვილი, მაგრამ არ აქვს ცოდვის დაძლევის ძალმოსილება, ადამიანი უიმედოდ განწირულია. მაგრამ მაშინ რჩება ხსნა მხოლოდ თვით ღმრთის მიერ და ეს ხსნა აღესრულა ქრისტეში. ძე ღმრთისა გახდა ადამიანი, და მან, იყო რა უცოდველი, იტვირთა მთელი სიმძიმე ცოდვებისა, ყოველი სასჯელი სჯულისა და თავისი სიკვდილით გამოგვისყიდა ამ სასჯელისაგან. მაგრამ, ამასთანავე, მასში მოკვდა სჯული და დადგა მეუფება მადლისა: ქრისტეში რწმენით, ნათლისღებაში შთაფლვით ქრისტეს სიკვდილთან მიმსგავსების მეშვეობით ქრისტესთან შეერთებით, ადამიანმა მიიღო ქრისტეს სიცოცხლე, დაძლია მონადმყოფობა, რათა გახდეს ძე ღმრთისა. და ეს ხსნა მიეცა არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ ყველა ადამიანს. რადგან წარმართებს, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან ძველი აღთქმის ღმრთივგანცხადებული და სრულყოფილი სჯული, თავიანთ თავში აქვთ სინდისის სჯული, რომელიც გმობს ბოროტებას. და ამიტომ მათზე ისევე ვრცელდება სჯულის სასჯელი, როგორც იუდეველებზე.
პავლესათვის იუდეველების აღმატებულობა ან რჩეულობა, რასაც იგი არასოდეს უარყოფს, იმაში კი არაა, რომ იუდეველებს აქვთ სიკეთისა და ბოროტების სჯული, არამედ იმაშია, რომ მათ `ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი~53, ესე იგი იუდეველების მეშვეობით მზადდება ქრისტეს მოსვლა. მაგრამ ქრისტე მოდის, რათა იხსნას ყველა, რადგან იუდეველებიცა და წარმართებიც `ცოდვასა ქუეშე~ იმყოფებიან (ჰრომ. 3:9). მოსეს სჯულითა თუ სინდისის სჯულით, `შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაითა ყოველნი შეიწყალნეს~ (ჰრომ. 11:32). `… რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუის მიერ~ (გალატ. 3:27–28). ვინც ირწმუნა ქრისტე, ემსგავსა მას სიკვდილით, აქვს ქრისტეს სიცოცხლე, და მაინც ანიჭებს მნიშვნელობას ზემოთ მითითებულ განსხვავებებს, და ჯერ კიდევ მაინცფიქრობს გამართლების მიღებას სჯულის გარეგანი წესების აღსრულებით, მას არ აქვს რაიმე სარგებელი: `განქარვებულ ხართ ქრისტესგან, რომელნი ეგე სჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ~54. რადგან სჯულის მთელი არსი მხოლოდ ერთადერთში – სიყვარულშია, სჯულს კი ამ სიყვარულის მიცემის ძალა საკუთარ თავში სწორედაც რომ არ აქვს. სიყვარული მოცემულია, ძღვნად მოცემულია ქრისტეში და ამიტომ ქრისტეში და ქრისტეთი სჯული ზედმეტი (არასაჭირო) ხდება, `რამეთუ ქრისტე იესუის მიერ არცა წინადაცუეთილებაი რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთილებაი, არამედ სარწმუნოებაი, სიყუარულისაგან შეწევნული~55. `პირველი-იგი წარხდა, აჰა ესერა იქმნა ყოველი ახალი~ (2 კორინთ. 5:17).
პავლე არასოდეს იღლება ახალი სიცოცხლის, თავისუფლების ძღვენის, მადლთან თანაზიარების უწყებით და თავისუფლების ამ ხარებას უპირისპირებს ყველა იმას, ვისაც ჯერ კიდევ სურს დაუბრუნდეს მერჯულეობის მონობას. წარმართებისაგან იგი არაფერს ითხოვდა ქრისტეს რწმენის, ესე იგი ქრისტეს მიმართ შეგნებული და სრული მოქცევისა და `ქრისტეში~ ახალი სიცოცხლის გარდა. მაგრამ როცა იგი და მისი თანამგზავრი ბარნაბა დაბრუნდნენ ანტიოქიაში და მოუთხრეს თავიანთი მოგზაურობის შესახებ, ისინი შეხვდნენ წინააღმდეგობასა და გმობას იუდეოქრისტიანთა იმ ნაწილისაგან, რომელიც ჯერ კიდევ თვლიდა, რომ მოსეს სჯულის დაცვა სავალდებულოა ეკლესიის ყველა წევრისათვის. დაიწყო ხანგრძლივი და მტანჯველი კონფლიქტი, რომელმაც პავლეს ბევრი ტანჯვა და მწუხარება მოუტანა.
არაფერს განიცდიდა იგი ისე მტკივნეულად და მძაფრად, როგორც მის `ძმათამტყუართაგან~ 56 არგაგებასა და დევნას… ხოლო მისი ეპისტოლეებიდან ჩანს, რომ მას ყოველთვის უხდებოდა თავისი ქადაგების, თავისი მოციქულობის, თავისი სწავლების დაცვა იმ მტრების ცილისწამებისა და შხამისაგან, რომლებიც ცდილობდნენ პავლესაგან პავლეს მიერვე დაფუძნებული ეკლესიების მოწყვეტას. მოციქულთა საქმეში ეს კონფლიქტი ამ წიგნის ავტორის ჩვეულების შესაბამისად დაყვანილია ძირითად სქემამდე: კითხვა და კითხვაზე ეკლესიის პასუხი. ამ კითხვას პასუხი გასცეს მოციქულებმა და იერუსალიმის ეკლესიამ, რადგან გადაწყდა, რომ ანტიოქიის დავა განსახილველად გადასცემოდა მოციქულებსა და იერუსალიმის ეკლესიას.
`მოციქულთა კრება~ იერუსალიმში (საქმე, თავი 15) საეკლესიო გარდამოცემაში დარჩა როგორც ნიმუში შემდგომი კრებებისა, როგორც საზომი ეკლესიის საყოველთაობისა.57 კრებაში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ მოციქულები, არამედ პრესვიტერებიც, ესე იგი ადგილობრივი თემის იერარქებიც, ხოლო მათი მეშვეობით – იერუსალიმის მთელი ეკლესიაც; ამასთან, სწორედ ამ ეკლესიის მეთაური, იაკობი, აჯამებს მსჯელობის შედეგებს და სთავაზობს საკითხის გადაწყვეტას. ეს გადაწყვეტილება ახლა უკვე `ოფიციალურად~ ათავისუფლებს არაებრაელ ქრისტიანებს სჯულის უღლისაგან. მათ განუწესეს მხოლოდ განშორება `…ნაკერპავისაგან და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა~58, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – დაუდგინეს წარმართული სარიტუალო ტრაპეზებისაგან თავშეკავება. ამავე სულისკვეთებით შედგა ეპისტოლე ანტიოქიის, სირიისა და კილიკიის ქრისტიანების მიმართ. მართალია, როგორც ჩანს, ყველგან არ ცნეს ამ დადგენილების ძალმოსილება. პავლე კიდევ ბევრჯერ დაიტანჯა იუდეოქრისტიანებისაგან. მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა:გაქრისტიანებული წარმართების იუდეური სჯულისაგან – ებრაელი ერის შემადგენლობაში ჩართვისაგან – გათავისუფლებით ეკლესიამ აჩვენა, რომ მას უკვე სრულად აქვს გაცნობიერებული ეკლესიის საყოველთაომასშტაბის მოწოდება და დანიშნულება, და რომ მისი ისტორიის მოსამზადებელი – იუდეოქრისტიანული პერიოდი დასრულებულია.
პავლე კიდევ დიდხანს აგრძელებდა თავის სამქადაგებლო მსახურებას. მოციქულთა საქმეში აღწერილია მისი სამი დიდი მოგზაურობა, მაგრამ ამით არ ამოიწურება მისი სამოციქულო მოღვაწეობა. მცირე აზიის შემდეგ ჩვენ მას ვხედავთ საბერძნეთში: თესალონიკში, კორინთოში, ათენში, შემდეგ კვლავ ეფესოში, იერუსალიმში, ბოლოს, რომში. თითოეულ ადგილზე ქადაგებასრულდება ეკლესიის შექმნით, ეპისკოპოსთა და პრესვიტერთა ხელდასხმით, ქრისტიანული თემის ჩამოყალიბებით. მქადაგებელი არის მოძღვარი, მწყემსი, მამა. პავლეს ეპისტოლენი მოწმობს პავლეს მუდმივ და ცოცხალ კავშირზე მის მიერ დაფუძნებულ თემებთან. იგი იტანჯება ქრისტიანთა განწყობებითა და ერთმანეთს შორის განყოფით, იძლევა რჩევებსა და მითითებებს, წყვეტს გაუგებარ საკითხებს, ემუქრება, იწყნარებს, უბრძანებს. იგი სრული სისავსით ახერხებს მის მიერვე ჩამოყალიბებული მოძღვრის იდეალის ხორცშესხმას: `ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნნე~59. ყველაზე ნაკლებად იგი აბსტრაქტული მოაზროვნეა; მისი დაწერილი თითოეული წინადადება აჩვენებს, რა ძალით გრძნობდა იგი პასუხისმგებლობას სულისათვის, ეკლესიისათვის, იმ თითოეული ადამიანისათვის, რომელთაც ასე მიმართავს: `შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის“60.
ეკლესიის დასაწყისი კი არ იყო ადვილი. სახარებას ბევრი იღებდა აღფრთოვანებით, მაგრამ იგი არ ესმოდა ყველას. ახალ ცხოვრებას, ქრისტეში თავისუფლებას, სიყვარულში სიხარულით სავსე ერთობას, რასაც ახარებდა პავლე, ფრიად ხშირად იღებდნენ ჯერ კიდევ წარმართულ პერსპექტივაში, იმ დროის წარმართული კულტებისათვის დამახასიათებელი ემოციური მგზნებარებით. იუდეური მერჯულეობის ხიფათს, მეორემხრივ, პასუხობდა ხიფათი წარმართული `მისტერიული~ რელიგიურობისა, რომელიც მეტისმეტად ადვილად ივიწყებდა ქრისტეში ბოძებული
თავისუფლების ზნეობრივ შინაარსს. და საჭირო იყო პავლეს უსასრულო მოთმინება, სიყვარული, დაუღლელი ზრუნვა, რათა ახალ ქრისტიანებს მთელი თავისი სისავსით შეეთვისებინათ სახარების სწავლება, რათა ახლიდან ამოძირკვულიყო `ძველი~, რათა ქრისტეზე მოქცეულში `გამოხატულიყო ქრისტე~.
ეკლესიაში ასევე იჭრება ადამიანური ვნებებიც: განყოფა, შური, კამათი ცალკეულ პირთა შესახებ. მუდმივად ჩნდება ახალი კითხვები, ახალი სიძნელეები. პავლე პასუხობს ყველაფერზე, ეხება ყველა წვრილმანს. მაგრამ მისი ყველა პასუხი, ყველა სიტყვა საბოლოოდ დაიყვანება ერთ, ფუძემდებლურ, დაუღლელად განმეორებად მტკიცებამდე და მოწოდებამდე: `ქრისტეში.~ ამ სიტყვაში გამოხატულია მთელი ქრისტიანობის არსი, მოცემულია ქრისტიანული ცხოვრების განსაზღვრება. რწმენამ და ნათლობამ შეგვაერთა ქრისტესთან და ახლა ვცხოვრობთ მასში, მისთვის, მისი სიცოცხლით. ეს ნიშნავს, რომ ვცხოვრობთ მასთან ისეთი ერთობით, მისდამი ისეთი სიყვარულით, მისი მსახურებისაკენ და მისი გამოვლენისაკენ ისეთი მისწრაფებით, რომ მთელი ეკლესია, ყველა ქრისტიანი სხვა არაფერია, თუ არა თვით ქრისტე, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ადამიანებში და აგრძელებს ადამიანების ხსნას. ეკლესია და ქრისტიანები ქრისტეს სხეულია, ქრისტეს მიერვე სულიწმინდით შექმნილი. ჩვენ უკვე ვართ `ქრისტეში~, და ამიტომაც უნდა ვიცხოვროთ ამ მოწოდებითა და კურთხევით. და ყველაფერი ეკლესიაში – მისი მოწყობა, შეკრება, მსახურებათა განსხვავება, თვით სამეურნეო საზრუნავი – ყველაფერი არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ გავიზარდოთ ქრისტეში, განვვითარდეთ და ქრისტეს დავუბრუნოთ ის მადლი, რაც მისგან მივიღეთ. ასე მაგალითად, თუ მოციქულთა საქმის პირველ თავებში ეკლესია წარმოჩენილია როგორც დადგომა აღთქმული ღმრთის სასუფევლისა, პავლეს ეპისტოლეებში ეს სასუფეველი ცხადდება როგორც თვით ქრისტეს ცხოვრება, რაც ებოძა ადამიანებს და რაც მათ სულიწმინდით აერთიანებს ღმერთთან დაურღვეველ ერთობასა და
ერთმანეთთან ერთობაში.
დიდმა მოციქულმა თავისი ცხოვრება მოწამეობრივად დაასრულა. იერუსალიმში, სადაც მუდმივად ისწრაფოდა ყოველი ახალი მოგზაურობის შემდეგ, პავლე ებრაელებმა შეიპყრეს და ბრბოს ანგარიშსწორების ასაცილებელად მან იმპერატორის სასამართლო მოითხოვა, რისი უფლებაც მას ჰქონდა როგორც რომის მოქალაქეს. დაპატიმრებული პავლეს რომში ჩასვლასა და იმპერიის დედაქალაქში ორწლიან ქადაგებაზე წყდება მოციქულთა საქმის თხრობა. და ეს არაა შემთხვევითი. წიგნის თემა სწორედ ეკლესიის ეს გზა იყო – გზა იერუსალიმიდან რომამდე, ისრაელის ცენტრიდან მსოფლიოს ცენტრამდე. მოციქულთა მსახურება სრულდება არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სისხლის მოწმობითაც. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს ეკლესიის გარდამოცემა. რა რჩება მოციქულთა შემდეგ? ადამიანთა უმცირესი ჯგუფები, მომოფანტული ქვეყნიერებაზე, არავისთვის ცნობილი, თავდაპირველად თითქმის
შეუმჩნეველი ყველასაგან. და მაინც, პირველი გამარჯვება მოპოვებულია, `… კიდით კიდედმდე ქუეყანისა“61 გაისმა ხარება ქრისტეს შესახებ.
მოციქულთა სისხლს გადავყავართ შემდეგ თავზე – დევნილობის ეპოქაზე. მაგრამ ეკლესიის ამ მეორე ნათლობის – სისხლით ნათლობის დასაწყისშივე გაისმა მოციქულის სიტყვები: `… ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი (…) ვითარცა უცნაურნი, და საცნაურნი, ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლულნი და არა სიკუდილდნი; ვითარცა მწუხარენი, და მარადის გვიხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გუაქუს, და ყოველივე გუაქუს…“62. ასეთი ცნობიერებით გადადის ეკლესია თავისი ისტორიის მეორე პერიოდში.
_______________________________________________________________________
44 კოლას. 4:14
45 ისაია, 8:14
46 შდრ.: საქმე, 9:1: `ხოლო სავლე უფროისად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის
წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა…~
47. საქმე, 8:3
48. გალატ. 1:1
49. საქმე, 11:26
50. საქმე, 13:47
51. ჰრომ. 7:12
52. გალატ. 3:24
53. ჰრომ. 3:2
54. გალატ. 5:4
55. გალატ. 5:6
56. გალატ. 2:4
57. დედანშია `соборность~
58. საქმე, 15:29
59. 1 კორინთ. 9:22
60. გალატ. 4:19
61. საქმე, 13:47
62. 2 კორინთ. 6:4-10









