მართლმადიდებლობის ისტორიული გზა
– The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
(გაგრძელება)

ვაგრძელებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი; დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ წიგნის მთარგმნელებს წიგნის უფასოდ მოწოდებისათვის.

(ნაწილი 1 იხილეთ ბმულზე)

(ნაწილი 2 იხილეთ ბმულზე)

 

 თავი 1
ნაწილი 3

ამ თემს, როგორც ერთგვარ არამკაცრად ორგანიზებულ, ექსტატიკურ *23 საძმოს,  რომელიც ცხოვრობდა აღმაფრენითა და  ექსტაზით და რომელსაც არ ჰყავდა სხვა ავტორიტეტი, გარდა ერთისა – და ეს იყო `სული სიცოცხლისაი~24, ხშირად უპირისპირებდნენ გვიანდელ ორგანიზებულ~ ეკლესიას, იერარქიისა და ავტორიტეტის ეკლესიას. სულის რელიგია და ავტორიტეტის რელიგია – ამ მცდარი დილემის (რომელიც შექმნა მეცხრამეტე საუკუნის იდეალისტურმა ისტორიოსოფიამ) ჩარჩოში სურდათ ჩაეტიათ ადრინდელი ეკლესიის ისტორია. რეალურად კი თვით ცნება ეკლესია~ (ამჟამად ამას აღიარებენ თვით ყველაზე ლიბერალური ისტორიკოსები) უკვე მოიცავდა ორგანიზებული საზოგადოების იდეას და არაფერია უფრო უცხო ადრინდელი ეკლესიის ცნობიერებისათვის, ვიდრე სულის ნებისმიერი სახით დაპირისპირება ფორმასთან, თუ თავისუფლებისა – ორგანიზაციასთან. პირიქით, ახალი აღთქმის წერილის მიხედვით ეკლესიის საზრისი სწორედ ისაა, რომ სული ღმრთისა აღავსებს ადამიანთა საზოგადოებას და აქცევს მას ღმრთაებრივი სიცოცხლის მქონედ; ასე რომ ყოველი ადამიანური ხდება ღმრთაებრივის გამტარი, და ყოველი სულიერი ხორციელდება ადამიანურში. ადამიანთა საზოგადოება ხდება სულიერი ორგანიზმი. როცა მოციქულმა პავლემ ეკლესიას ქრისტეს სხეული უწოდა, ამით მან მხოლოდ ჩამოაყალიბა დასაბამიერი ქრისტიანული გამოცდილება, რომელშიც ეკლესია განცდილია როგორც მრავალთა ერთობა, შეერთებული ახალი – მოგვიანებით იტყვიან – `მადლისმიერი~ სიცოცხლით: `რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ- ვიღეთ~ (1 კორინთ. 12:13). მაგრამ სწორედ ორგანიზმის ეს იდეა განაპირობებს ეკლესიის მოწყობის დასაბამიერ იერარქიულობას, მასში წევრებისა და მსახურობის მიმართებას – `ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?~25 და მართლაც, ეკლესიის პირველივე აღწერებიდან ეკლესიაში ვხედავთ, უწინარესად, განსაზღვრულ მეთაურობას, რომელიც აღჭურვილია ძალაუფლებითა და ავტორიტეტით. ესაა თორმეტი მოციქული, თავდაპირველ მოწაფეთა ის ჯგუფი, რომელიც აირჩია თვით უფალმა. àრა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ~26: არა ადამიანთა მიერ, არამედ მაცხოვრის მიერ მოწაფეთა ამ არჩევაში არის მათი ერთადერთი, შეუდარებელი ავტორიტეტის საწყისი. მათი მეშვეობით ხორციელდება ეკლესიაში თვით უფლის ძალაუფლება. ისინი არიან მოწმენი უფლის მიწიერი ცხოვრებისა, სასწაულებისა, სიკვდილისა და აღდგომისა, და როცა ქადაგებენ მასზე, იუწყებიან იმას, რომ თვითონ მოისმინეს, თვითონ იხილეს და თვითონ მსახურებდნენ უფალს. სულთმოფენობისას მათი მოწმობა აღვსებულია სულიწმინდით – ამ მოწმობის ჭეშმარიტი განმარტებისა და ამქვეყნად აღსრულების ნიჭით. მათ მიეცათ ძალაუფლება შეკვრისა და მიტევებისა, ძალაუფლება სწავლებისა – სულიწმინდა უძღვის მათ `ჭეშმარიტებასა ყოველსა~27, ძალაუფლება ეკლესიის აღშენებისა და მისი `განგებისა.~ ამიტომ ეკლესიაში წევრად შესვლა ნიშნავს მოციქულთა მოწმობის რწმენას, მათი სწავლების მიღებას: თვით თემი იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა~ (საქმე, 2:42). და ეს მნიშვნელობა თორმეტი მოციქულისა, როგორც ეკლესიის საძირკვლისა და ცენტრისა, იმდენად უდავოა, იმდენად აშკარაა პირველი თემისათვის, რომ ჯერ კიდევ სულთმოფენობამდე მისი პირველი საქმე მოციქულთა რაოდენობის შევსება იქნება: შეცვლა იუდასი, რომელიც გამცემი აღმოჩნდა. `ჯერ არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაი ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდ
ა უფალი იესუ, და იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი~ (საქმე, 1:21-22) – ამბობს მოციქული პეტრე. და კვლავ არჩევა მოიაზრება, როგორც არჩევა უფლისაგან: `და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, და მიღებად წილი მსახურებისა¡ ამის და მოციქულებისა¡, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუხდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა~ (საქმე მოციქულთა, 1:24-26).
მოციქულთა შორის საქმე მოციქულთას ავტორი გამოჰყოფს პეტრეს, როგორც მათი თანხმობის გამომხატველს, როგორც პირველს მოციქულთა კავშირში. პეტრე სთავაზობს ეკლესიას მოციქულთა რიცხოვნების შევსებას, პირველ ქადაგებაში გაოცებულ ბრბოს უხსნის სულთმოფენობის არსს, პასუხობს იუდეველ მმართველებს ბრალდებებზე, წარმოთქვამს მსჯავრს ანანიასა და საპფირაზე, რომლებმაც თავიანთი ცბიერებით დაარღვიეს ეკლესიური ცხოვრების ერთიანობა.28 ადრინდელ თემსა და მოციქულთა შორის პეტრეს ადგილიმოგვიანებით დავის საგანი გახდება და საბოლოოდ ეს დავა ქრისტიანულ დასავლეთს განყოფს აღმოსავლური მართლმადიდებლობისაგან. რაც შეეხება მოციქულთა საქმეს, მასში პეტრე ყოველთვის მოქმედებს მოციქულთა სახელით, გამოხატავს მათ საერთო შეთანხმებულ მოწმობას. აღმოსავლურ ტრადიაციაში იგი ყოველთვის დარჩება `მოციქულთა თავად“, მაგრამ ეს `თავად მყოფობა~ (პირველობა) არ იქნება გაგებული მოციქულებისა და ეკლესიის მიმართ განსაკუთრებული ძალაუფლების გამომხატველად – `მოციქულთა თავად~ ყოფნა არის მოციქულთა ერთსულოვნების გამოხატვის, ან ღაღადების ნიჭი, თორმეტი მოციქულისა და ეკლესიის `ბაგეებად~ ყოფნის ნიჭი.
მოციქულები ხელმძღვანელობენ ეკლესიას და მართავენ მას. მაგრამ მათი პირველი, ძირითადი მსახურება არის `სიტყვის მსახურება~29, ქადაგება ქრისტეს შესახებ. ამიტომ, როცა მოწაფეთა რიცხვი მრავლდება და იზრდება თემის მართვის საზრუნავი, მოციქულები სთავაზობენ ამ მიზნით განსაკუთრებული ადამიანების არჩევას, რათა თორმეტ მოციქულს შეძლებოდა მუდმივად ყოფილიყო `ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა~ (საქმე, 6:4). `და სათნო უჩნდა სიტყუაი ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა~30 და აირჩიეს შვიდი პირი `და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი~31. შვიდი პირის (მათ საეკლესიო გარდამოცემა დიაკვნებს უწოდებს)
არჩევაში ლუკა მახარებელმა მოგვცა საეკლესიო იერარქიისა და მისი მომავალი განვითარების ძირითადი პრინციპი. თუ მოციქულები აირჩია თვით უფალმა, ამ ახალ მსახურებს ირჩევს ეკლესია, მაგრამ მოციქულთა ინიციატივითა და მათი ნებართვით: არჩევის შემდეგ აღესრულება განსაკუთრებული ხელდასხმა მოციქულთა ხელის დადებით. ასევე მოციქულები განსაზღვრავენ არჩევის პირობებს; საჭიროა, რომ არჩეულები იყვნენ `სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა~32. ასე დაეფუძნა ეკლესიაში ყველა მსახურება, ყველა იერარქიული მოწყობა მოციქულებრიობაში, როგორც თავის საწყისში, ხოლო ეკლესიისათვის ეს ნიშნავს დაფუძნებას თვით ქრისტეში, რადგან თვით მოციქულები ქრისტეს მოწმენი და მისი სულით აღვსილნი არიან. ეკლესია ირჩევს თავის მსახურებს, მაგრამ თვით უფალი მოციქულთა ხელით აკურთხებს მათ, ესე იგი აძლევს მათ სულიწმინდის განსაკუთრებულ ნიჭს თავიანთი მსახურების აღსასრულებლად.
მოციქულთა მისია არ შემოიზღუდება მხოლოდ იერუსალიმის თემით, რადგან მათ ქადაგებასა და სწავლებაში არის ყოველი თემის, ყოველ ადგილზე ეკლესიის საფუძველი. ძალიან მალე ქრისტიანობა გასცდება იერუსალიმის საზღვრებს და ჩვენ დავინახავთ მოციქულებს, რომლებიც რეგულარულად მოგზაურობენ ყველა ხელახლა შექმნილ თემში მათ დასამტკიცებლად. მტკიცება, უპირველესად, ხდება სულიწმინდის გარდამოსვლით – მომავალში მირონცხების საიდუმლოთი, რომლითაც ნათელღებული ხდება საეკლესიო ცხოვრების ერთობის წევრი. ასე მაგალითად, როცა ქრისტიანულმა ქადაგებამ სამარიაში ნაყოფი გამოიღო, მოციქულები იქ გზავნიან პეტრესა და იოანეს, `რომელნი-იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა-ყვეს მათთვის, რა¡თა მიიღონ სული წმინდაი. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდა¡, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუ¡სათა. მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი~ (საქმე, 8:15–17).
მაგრამ თუკი მოციქულთა მსახურება დაკავშირებულია ყველა ეკლესიასთან, ყველა მათგანს აერთიანებს რწმენისა და სულის ერთობა, თითოეული ეკლესია თავისი ადგილობრივი, მუდმივი იერარქიის სახით იღებს მოციქულთა ნიჭისა და სწავლების სისრულეს. ძალიან ადრე თვით იერუსალიმის ეკლესიაში, ყველა სხვა ეკლესიის სახესა და საფუძველში, მოციქულებთან ერთად ვხედავთ ავტორიტეტსა და ძალაუფლებას იაკობისა და პრესვიტერებისა, რომელთა მსახურება უკვე მთლიანად დაკავშირებულია ამ თემთან, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ეს თემი და აღაშენოს იგი სამოციქულო სწავლებაში. მოციქულები წავლენ, ხოლო ადგილობრივი იერარქია დარჩება ყოველ ადგილზე, რათა გაგრძელოს მოციქულთა საქმე, შეინარჩუნოს მოციქულთა მოწმობა, გადასცეს მათი ნიჭი და სხვა ყველა თემთან თანხმობით  აღასრულოს ერთობა ეკლესიისა, როგორც ერთიანი `ღვთის ერისა,~ რომელიც შეკრებილია ყველგან ახალი ცხოვრების ხარებისათვის. ასე დასაბამიდანვე – მოციქულთა საქმეებში – მოგვეცა მაგალითი და განსაზღვრება იმისა, რაც მომავალში წოდებულ იქნება როგორც `მოციქულთა მემკვიდრეობა~.

____
23
ექსტატიკური – ექსტაზური, ექსტაზის გამომხატველი
24
დაბადება, 6.22
25
1 კორინთ. 12:19
26
იოვანე, 15:16
27
იოვანე, 16:13
28
იხ. საქმე, 5:1-11.
29
შდრ.: `ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ~
(საქმე, 6:4). `სიტყვა~ აქ გულისხმოს ლოგოსს, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირს –
ძე ღმერთს.
30
საქმე, 6:5
31
საქმე, 6:6
32
საქმე, 6:3